Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ომის მტევნები

მალხაზ ხარბედია

ვუძღვნი ქართლელ გლეხსა და ქართლის ვენახებს

მთავარი მოკავშირე

პოეტები ვენახს ხშირად მეომრებს, ჯარებს ადარებდნენ ხოლმე. ანტიკურობიდან მოყოლებული ეს შედარება საკმაოდ გავრცელებულია ლიტერატურის ისტორიაში და იგი არასდროს ისეთი ზუსტი არ ყოფილა, როგორც დღეს, აგვისტოს ამ ცხელ დღეებში. ქართლის ვენახებიც ჩვენი მეომრების მხარდამხარ იდგნენ, იფარავდნენ მათ, იფარავდნენ მშვიდობიან მოსახლეობასაც, ბევრი რეზერვისტიც შეიფარეს უკვე შეთვალულმა ჩინურმა და გორულმა მწვანემ, თავკვერმა და შავკაპიტომ. სამწუხაროდ ყველა ვერ დაიფარა ქართველების მთავარმა მოკავშირემ, ჩვენმა მარადიულმა თანამოსაგრემ, ვაზმა. ბევრი ჩვენიანი გახდა ჩვენივე შეცდომებისა და სხვისი უხეში აგრესიის მსხვერპლი. გარდა ამისა, ათეულობით ათასი ადამიანი გამოდევნეს თავისი სახლიდან, წაართვეს საქონელი, მოსწყვიტეს ვენახს და გაუქრეს მომავლის იმედი. ეს ჰუმანიტარული კატასტროფა აუცილებლად მოითხოვს შეფასებას, რომლის დროც იმედია მალე დადგება უცნაური ეიფორიით შეპყრობილ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოება ზუსტ პასუხს მიიღებს ყველაფერზე. მანამდე კი ერთი რამ დაგვრჩენია, გავიხსენოთ ის, რაც იყო და გავარკვიოთ, თუ რა დავკარგეთ.

ეს სტატია ერთი კონკრეტული თემის გარშემო ტრიალებს, იგი ქართლის მევენახეობას და მეღვინეობას შეეხება და შევეცდები ჩვენს გამოცემაში პირველივე ნომრიდან ჩემზე დაკისრებულ თემატურ ფარგლებს არ გავცდე.

ზუსტად ჯერ არაფერი არ ვიცით, არც განადგურებული ვენახებისა და არც გაქურდული მარნების შესახებ, ვიცით მხოლოდ დევნილებისა და მეომრების მონათხრობი, ჰექტრობით ალმოდებული ვაზის ამბავი, რომელიც ლეგენდასავით გადადის ხალხში, თუმცა არსებობს კონკრეტული ფაქტებიც (ინტერვიუები ჩაიწერა ლევან სეფისკვერაძემ):

კახა ჩოჩიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: "ზოგიერთ სოფელში ერთი სახლიც კი არ არის გადარჩენილი. ყველაფერი ბოროტულადაა განადგურებული და გადამწვარი. რუსებმა საქონელიც კი დახოცეს და განა ჭამეს, უბრალოდ გართობის მიზნით ესროლეს ტყვიები და ქუჩებში დაყარეს. არ მეგონა, თათრების გარდა, ვენახს ცეცხლს ქრისტიანი კაციც თუ მოუკიდებდა. მტერი ქართულ სოფლებში შედიოდა თუ არა, სახლების გადაწვის მერე, ბაღებსა და ვენახებს წვავდა. ასეთი ღორობა არათუ მინახავს, არც კი გამიგია".

როგორც თვითმხილველნი ამბობენ, ძალზე დაზარალდა ამ მხრივ სოფელი ერედვი. გიორგი ქრისტესიაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის მკვიდრი, სოფელი ერედვი: "ჩვენს სოფელში ძირითადად ჩინური და გორული მწვანეს ჯიშის ყურძენია ჩაყრილი. ჯერ კიდევ 90-იანი წლების ომების დროს, მდინარე ლიახვის გასწვრივ მდებარე ძალიან ბევრი ვენახი განადგურდა, მაგრამ რაც ამ დღეებში მოხდა, ამის აღწერაც კი ძნელია. 8 აგვისტოს, როცა რუსები შეტევაზე გადმოვიდნენ, ბრძოლების დიდი ნაწილი ჩვენს ვენახებში გაჩაღდა. ძნელი სანახავია, შვილივით მოვლილ ვაზებს როგორ აცვივა ყუმბარები და შენ ვერაფერს შვრები. როდესაც სოფლიდან გამოვრბოდი, მახსოვს, რომ მთელს სოფელს ცეცხლი ეკიდა. ჩემი მეზობლის თავკვერის ვენახის ადგილზე კი ნახშირიღა იყო. რუსები და ოსები ქრისტიანი ხალხია და რას წარმოვიდგენდით, ვაზისადმი ასეთი სიძულვილი თუ ექნებოდათ. ზნაურის რაიონის ქართულ სოფელ ავლევში, რუსებსა და ოსებს შესვლისთანავე ვენახებისათვის წაუკიდებიათ ცეცხლი, თითქოს თურქები და მონღოლები ყოფილიყვნენ. ესენი თათრებზე უარესები ყოფილან".

ძნელია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ზოგიერთმა ქართლელმა მოწამლული ღვინოც კი დაუტოვა დამპყრობლებს. როგორც დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი, ერმილე ლალიაშვილი ამბობს: "დიდი ლიახვის ზემო წელის რვა სოფელი, სადაც ქართველები უმძიმეს დროსაც კი არ გამოქცეულან, ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. როდესაც მტერი წამოვიდა, ხალხი დაპანიკდა და სახლებიდან ისე გარბოდა, ზოგმა ფეხსაცმლის ჩაცმაც კი ვერ მოასწრო. მე და ჩემი ბიძაშვილი, მამუკა სოფლებიდან ყველაზე ბოლოს გამოვედით. მანამდე მოვასწარით და ღვინოში თაგვის წამალი ჩავყარეთ. ისეთი გორული მწვანე მქონდა, მაგაზე კარგი კაცს რა უნდა დაელია... ლოთი რუსი ჯარისკაცი დარწმუნებული ვარ, იმ ღვინოს პირის უკან არ წაიღებდა და ეგრევე დაეძგერებოდა. ჰოდა, თავის თავს დააბრალონ, მათი ღორობის გამო რაც მოუვათ".

რუსის თუ სხვა დაქირავებული მებრძოლების “მადაზე” ბევრი რამ იცოდნენ ქართლელებმა, თუმცა ისეთს არავინ მოელოდა, რაც ფრონის ხეობის მკვიდრმა, კობა ქარიაშვილმა ნახა: "ჩვენს დროში სასმელზე ხალხი ასე თუ ფეთდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. როდესაც კაზაკები და რუსები ქართულ სოფლებში შედიოდნენ, უნდა გენახათ რა დღეში იყვნენ. სახლებში იჭრებოდნენ და მარნებში ვირთხებივით დაეძებდნენ სასმელს. სოფელ ნიქოზში შუა გზაზე გამოიტანეს სასმელი. ზოგს ღვინო ჰქონდა ნაშოვნი, ზოგს არაყი და ზოგს კიდევ მთხლე. მაგათთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა? გაიტანეს შუა გზაზე და ეგრევე, მისაყოლებლის გარეშე დალიეს. ნიქოზელები გადარეულები იყვნენ, ეგეთი რამის მნახველი არა ვართო. ზოგ ჯარისკაცს, თურმე გზაზე ეძინა, ზოგი "ბეტეერზე" იწვა. დალევა ქართველებსაც გვიყვარს, მაგრამ ასეთი სასმლის უნახავობა პირველად გავიგე. სასმელი ამ რუსებს კი უყვართ, მაგრამ ამ ვაზის მოვლა და პატივის ცემა მაგათმა არ იციან. მთელს ქართლში, სადაც კი ესენი შევიდნენ, ყველგან ვენახების გადაწვა დაიწყეს. ამათ ალბათ ჰგონიათ, რომ ის ღვინო და არაყი თავისით კეთდება".

იყო ტიპიური ქართული შემთხვევებიც. აი, მაგალითად ერთი, რომელიცქალაქ გორის მკვიდრმა, ნანა კოკორაშვილმა მოუყვა ლევან სეფისკვერაძეს: "როდესაც რუსები ქალაქს იკავებდნენ, მაშინ ჩემი ქმარი და მისი ქარელელი ძმაკაცი მამაჩემის მიერ სოფელ ფხვენისიდან დამოტანებულ არაყს სვამდნენ. ჩემს ქმარს ვეხვეწებოდი, ჩვენც სადმე გავიქცეთ, რუსები მოდიან და დაგვხოცევენ მეთქი, მაგრამ ყურიც კი არ შეუბერტყავს, მითხრა, სანამ მე ამ არაყს ძირს არ გამოვუჩენ, მანამდე აქედან ფეხის გამდგმელები არც მე და არც ჩემი სტუმარი არა ვართო. აბა 3 ლიტრი არაყის დალევას ეხუმრებით თქვენ? რა უნდა მექნა, დავჯექი და დაველოდე, როდის მორჩებოდნენ სმას. როდესაც იმათმა სმა დაასრულეს, გორში უკვე რუსული ტანკები დაგრიხინობდნენ და ქალაქის გასასვლელები გადაკეტილი იყო. მესამე დღეს ძლივს გამოვაღწიეთ თბილისისაკენ. მამაჩემი ახლა ისევ ფხვენისშია და როდესაც ყველაფერი დამთავრდება, უნდა ვუთხრა, რომ ჩემს ქმარს არაყი აღარასოდეს გამოატანოს".

გარდა ამისა ბევრი რამ გადმოცემით ვიცით, კერძოდ კი ის, რომ ოსებმა და რუსებმა ახლაგორში ავტომატის კონდახებით სცემეს ადგილობრივი ოსი მოსახლე, ვინმე გაბოევი, რომელმაც არყის მიცემაზე უარი უთხრა ოკუპანტებს. ხაშურში კი სოფელ ალში ჩამოცვენილმა ბომბებმა მთლიანად გაანადგურა ბლიაძეების ნახევარჰექტრიანი ვენახი და მრ. სხვ.

ეს უბედურება რომ არა, კარგა ხნის მანძილზე ნაგროვები მასალები ქართლის ღვინოზე შესაძლოა კიდევ დიდხანს დარჩენილიყო ჩემს სამუშაო “ფოლდერში”, მაგრამ ახლა სწორედ დროა შედარებით დეტალურად გავეცნოთ იმ მხარის ღვინის კულტურას, რომელსაც უკანასკნელი დროის მანძილზე ყველაზე მეტის გადატანა მოუხდა. ამ წერილში მთლიანად ქართლის რეგიონს ვერ შევეხებით, არაგვისა და ქსნის ხეობას (მუხრანი, ოკამი და ა.შ.), ლეხურის ხეობას, ძეგვის მიკროზონას, ასევე კავთურასა და თეძმის ხეობას, ხვედურეთის, სურამის, ტაშისკარისა და ქვიშხეთის, ასევე ბორჯომის მიკროზონებს სხვა დროს გაგაცნობთ, ამჯერად კი მეჯუდის, დიდი და პატარა ლიახვის, ფრონესა და ოქონეს ფრონეს ხეობებზე, ატენის ხეობაზე და ასევე ერედვის მიკრორაიონზე გვექნება საუბარი. ესაა რაიონები, რომლებიც ძალიან დაზარალდა და რომლის შესახებაც ჩვენ გაცილებით მეტი უნდა ვიცოდეთ.

ისტორიის 5 აბზაცი

ლიახვის ხეობის ისტორია ყოველთვის ქართლის ჩრდილო საზღვრის დაცვასთან იყო დაკავშირებული მომთაბარე ტომებისგან. ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალი იბრძოდა ამ მხარის გასამაგრებლად. თუკი ჯუანშერს დავემოწმებით, ჩრდილოელ ტომთა (ოვსთა) პირველი დიდი შემოსევა ვახტანგის ბავშვობაში მომხდარა: “მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი და მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ ვიდრე ხუნანამდე, და მოაოხრნეს ველნი არამედ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, თვინიერ კასპისა. ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს და ტყუე ყვეს, და წარიყვანეს დაი ვახტანგისი მირანდუხტ, სამის წლის ქალი.” თხუთმეტისა რომ შეიქნა, ვახტანგმა შური იძია ოსებზე, ლაშქრად წასვლის წინ კი ეს უთხრა თავის სარდლობას, “არა დავითმინო კიცხევა ოვსთა... უკეთუ-მცა წარგუკიდებოდა ესე სპარსთა მეფეთაგან, ანუ ბერძენთა მეფისაგან, მო-მცა-ვითმინეთ. არამედ რა მოწევნულ არს ჩუენ ზედა ოვსთა კიცხთაგან, არა ჴამს დათმენა: სიკუდილი სჯობს თავთა ჩუენთათვის“ (ანუ სპარსელებს ან ბერძნებს რომ ჩაედინათ იგივე, შეიძლებოდა მოგვეთმინა, მაგრამ ოსებისაგან ამ შეურაცხყოფის მოთმენას სიკვდილი სჯობსო). ვახტანგი პირველი იყო, ვინც “დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და აღაშენა მას ზედა გოდოლი და დააყენა მას ზედა მცველნი”.

ეს მხარე არაბების დროსაც მოვლენების ეპიცენტრში იყო, ზოგიერთი მეცნიერის აზრით სწორედ ლიახვის ხეობით გაექცნენ არაბებს და დასავლეთ საქართველოში, მაშინდელი სვანეთის მიწა-წყალზე გადავიდნენ ქართლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რისი წყალობითაც 8-9-ე საუკუნეებში რაჭა-ლეჩხუმი გაჩნდა. მოგვიანებით, 11-ე საუკუნეში შიდა ქართლი თურქ-სელჯუკებმა ააოხრეს, სულთან ალფარსლანის მეთაურობით. გიორგი ბრწყინვალეს პერიოდში (14-ე საუკუნე) მონღოლების წაქეზებით ოსებმა კიდევ ერთხელ ააოხრეს ლიახვის ხეობა, გორიც აიღეს და იქ გამაგრდნენ. ხოლო როდესაც გიორგი ბრწყინვალე “მოადგა ოვსთა გორსა მყოფთა”, მას სამ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა, რათა ისინი მთლიანად განედევნა გორიდან, შემდეგ საქართველოდანაც გადაერეკა და ბოლოს საიმედოდ ჩაეკეტა ლიახვის სათავეები (გიორგი ბრწყინვალე მარტოთ ამ გაძევებას არ ასჯერდა, იფიქრა: ვაი თუ კიდევ მერე შემოესიონ ქართველსაო, ამიტომ იგი ქართველის ჯარით შუა გულ ოსეთამდის მიჰყვა, იქ ჩარეკა და მასთან პირობა ჩამოართვა, რომ დღეის შემდეგ თქვენ აღარ გაბედოთ და ქართლს აღარ შემოესიოთ, თორემ მე სასტიკა დაგსჯით. ამის პირობა ოსებმა დიდის სიხარულით მისცეს.” – ზ.ჭიჭინაძე).

სწორედ გიორგი მრწყინვალეს შემდგომი პერიოდიდან, 14-ე საუკუნიდან იხსენიება ამ რეგიონთან დაკავშირებით მაჩაბლის გვარი, რომელსაც ლიახვის ხეობის დაცვა-მეთვალყურეობა ჰქონდა მეფისგან დაკისრებული. მაჩაბელს არც ერისთავის ტიტული ჰქონია მინიჭებული და არც მთავრის, არამედ ხევისთავისა, თუმცა ამის მიუხედავად (ან პირიქით, სწორედ ამიტომაც) ლიახვის ხეობა მომდევნო საუკუნეებში კარგად გამაგრებული ჩანდა. დიდ ლიახვზე მუგუთის, გუფთის, სვერის, კეხვისა და აჩაბეთის ციხე იდგა, პატარა ლიახვზე კი ძირითადი ციხეები იყო ვანათის, ანუ დმენისა, კულბითისა და ერედვის ციხე-გალავანი. აჩაბეთში მეფის რეზიდენციაც იყო მოწყობილი.

მოგვიანებით ლიახვის ხეობა ერეკლე 2-მ იულონ ბატონიშვილს უბოძა, იულონმა კი დედამისს, დარეჯან დედოფალს ცხინვალი მიართვა და იმ დროიდან იგი სადედოფლო ქალაქად იწოდებოდა.

ოსური მოსახლეობა პირველად სიმონ მეფის დროს ჩამოსახლებულა, თუმცა ძირითადი ნაწილი 19-ე საუკუნის დასაწყისში ჩამოსულა ქართლში. მაშინ ჩამოყალიბებულა ჯავის მხარე, ამ პერიოდშივე დასახლებულან ოსები ცხინვალში და ლეკიანობისგან დაცარიელებულ ქართლის სოფლებში. სამაგიეროდ ყოველთვის კარგად იყო დასახლებული ფრონეს ხეობა და 16-ე საუკუნიდან ეს მხარე ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომლის მედროშედაც ამილახვარი ითვლებოდა, ხოლო ამ ხეობის მფლობელები ფალავანდიშვილები და ამირეჯიბები იყვნენ.

“უმჯობესი” ღვინის მხარე

თავდაპირველად ქართლის ტრადიციულ მევენახეობასა და მეღვინეობაზე მინდა ვისაუბრო, ანუ იმაზე, რაც ძველი საუკუნეებიდან ვიცით ამ მხარის ღვინოებზე და ის, რაც 19-ე საუკუნეში დახვდათ აქაურობის პირველ აღმწერებსა და ქომაგებს.

თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვახუშტი ბატონიშვილი უნდა ვახსენოთ, ვისაც ქართლის მეღვინეობის ლამის არცერთი ცნობილი მიკროზონა არ დაუტოვებია აღუნიშნავი. ატენის შესახებ იგი წერდა: “ხეობა ესე არს ვენახოვან-ხილიანი... არს ციხე მაღალს კლდეთა ზედა, ნაშენი დიდი, და ციხის გორის სამხრით არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული... დამჩხერალოდან ტფილისამდე, მტკურის კერძო მთამდე, არს ნაყოფიერი... ხილი და ვენახი მრავალნი; ღვინო აქაური უმჯობესი ყოვლისა ქართლისა, და უმეტეს ატენური ყოველთა საქართველოს ღვინოთა”.

ვახუშტისთან ლიახვის ხეობის შესახებაც ნახავთ აბზაცებს: “ვანათამდე არს ვენახიანი, ხილიანი... მცირე ქალაქი ქცხილვანი, კეთილ ჰაოვანი. მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი. გარემოს წალკოტოვან-ვენახოვანი, საზრდელით მაძღარი... გორიდან სუერამდე არიან ლიახვის იმიერ და ამიერ დაბნები ხილიან-ვენახიანნი. არამედ არს ღვინო თხელი და მომჟავო, სასმელად მშუენი”, “ხეობა დვანისა არს ვენახოვანი, ხილიანი, მარცვლითა ყოვლითა ნაყოფიერი”. ჯარიაშენიდან ვანათამდე მხარეს მაშინ “გუერდის-ძირს” უწოდებდნენ და ეს ადგილიც “ვენახოვანი, ხილიანი” ყოფილა, და აქაური ღვინოც “თხელი და მომჟავო, გარნა საამო სასმელად”. ძალიან ბევრი ვენახი იყო გაშენებული საამილახვროშიც, მეჯუდას ხეობაში: “არს ბიყრამდე მეჯვდა ვენახოვანი, ხილიანი”.

აქაურობის სერიოზული აღწერა მევენახეობისა და მეღვინეობის კუთხით 1830-იან წლებში დაიწყო, გაგრძელდა 1870-იანებში და საუკუნის დასასრულ უკვე დეტალურად იყო აღწერილი მხარე, განსაკუთრებით ყანდურალოვის ამომწურავი “ნარკვევის” შემდეგ, რომელიც 1896 წელს გამოქვეყნდა (ამას დაუმატეთ აუარება სტატია თუ ეთნოგრაფიული ჩანაწერი, რომელიც 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში).

მეღვინეობა გორის მაზრაში

უკვე 19-ე საუკუნეში იყო განსაზღვრული მხარის ნიადაგური, კლიმატური და ყველა სხვა მახასიათებელი. ნიადაგში ძირითად შემადგენლად ლიოსი, ქვიშა, კირი, თიხანარევი კაჟი და თიხიანი ქვიშა დასახელდა. ლიახვის, ლეხურასა და სხვა მდინარეების ხეობებში ნარიყიც შეინიშნება, სადაც ძირითადად მდინარის კაჟი ჭარბობს, თიხასთან და ქვიშასთან ერთად. ერთი სიტყვით, შიდა ქართლის ნიადაგის სტრუქტურაში ძირითად მონაწილეობას თიხა, კირი და ღორღი იღებს. ამას გარდა, ლიახვის ხეობაში (ორივე ლიახვზე) ხშირი წყალდიდობების გამო საკმაოდ დიდ სივრცეზე ლამიანი ნიადაგი ჩამოყალიბდა, რომელიც ძალიან მდიდარია საკვები ნივთიერებებით.

რელიეფის თავისებურების გამო ქართლი მკაცრი კლიმატით ხასიათდება, ამიტომ ვაზი ძირითადად ხეობებშია გავრცელებული. ხშირია ქარები, რომელიც ნიადაგის გაშრობას იწვევს ზაფხულში და ამის გამო მორწყვა ხდება აუცილებელი. ზამთარში ცივი ქარების გამო ქართლის დაბლობში თოვლი დიდხანს არ რჩება ხოლმე, ქარს თოვლი ხევებში მიაქვს და მას არსებითად არანაირი სარგებელი არ მოაქვს ვენახებისთვის, უფრო მეტიც, ვნებს მას, რადგან ყოველთვის ჩნდება ვაზის მოყინვის საშიშროება. ამან გარკვეულ წლებში ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ქართლის ვენახებს, ამიტომაც აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე მხოლოდ ქართლში მიმართავენ ვენახის დამარხვას, ძველად კი ამ ხერხს ხშირად იყენებდნენ (ძალიან ცივი ზამთრები იყო 1888-89 და 1892-93 წლებში და როგორც ამბობენ, მაშინ ძალიან ბევრი ვენახი მოიყინა გორის მაზრაში).

ბარში გაზაფხული საკმაოდ ადრე დგება, მთიან რეგიონებში კი მარტის ბოლოს იწყება თოვლის დნობა. ამ პერიოდში ხშირია წვიმები და თოვლიც, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარები უბერავენ, რომელიც ნიადაგს აშრობენ, ძალზე ცხელ ზაფხულში კი დასავლეთის და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარები აყენებენ ვაზს ზიანს (ყოფილა შემთხვევები, როცა ზაფხულში ერთი წვეთი წვიმაც არ მოსულა გორის რაიონში). ყვავილობის პერიოდში ხშირი და ძლიერი ქარები ვაზის სწორ დამტვერვასაც უშლის ხელს. შემოდგომაზე მალე აცივდება ხოლმე, ხშირია წვიმები, ზოგჯერ თოვლიც კი. წვიმიანი ოქტომბრის გამო რთველის პერიოდის შერჩევა ყოველთვის ჭირს და ხშირად მოსავალი ვერც მწიფდება კარგად. შემოდგომაზე ძალიან ხშირია ე.წ. “რთვილის” შემთხვევები, რომელიც ძალიან ადრე, სექტემბერში იწყებოდა და ძალიან ვნებდა ვაზს. მაგალითისთვის, 1886 წელს “რთვილის” გამო ლამის მთელი ქართლის მოსავალი წახდა.

სპეციალისტების აზრით მხარეში ზღვის დონიდან 750-800 მეტრზეცაა ვენახები გაშენებული, თუმცა საუკეთესო ღვინოები 400-500 მეტრის სიმაღლეზე მოწეული ყურძნიდან მიიღება.

მევენახეობა გორის მაზრაში ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო ლეკიანობისას, თუმცა 19-ე საუკუნის 20-30-იან წლებში დარგის აღორძინება დაიწყო და თუკი 1830-იან წლებში ფლოროვსკის აღწერით მთელს ქართლში (გორისა და დუშეთის მაზრაში ერთად) 1 257 დესეტინაზე (1 დესეტინა – 1 ჰექტარზე ცოტა მეტია) იყო ვენახი გაშენებული, 70-იან წლებისთვის მარტო გორის მაზრაში 1800-მდე გაიზარდა ეს ფართობი, ხოლო 19-ის ბოლოს, გორის მაზრაში უკვე 5 086 დესეტინა ვენახი იყო და ამ მოცულობამ მთელი ქართლის ვენახების 80%-ს მიაღწია.

ძირითადი ნაწილი ვენახებისა გლეხების იყო, განსხვავებით კახეთისგან, სადაც მებატონეები ფლობდნენ დიდ მამულებს. ქართლში 19-ე საუკუნის ბოლოს 20 560 ვენახი იყო, აქედან წარჩინებული კლასის მხოლოდ 2 507, 18 053 კი გლეხებისა გახლდათ. ფართობის მიხედვითაც, 80% გლეხების ნაკვეთებისა გამოდიოდა.

ყველაზე სახელოვანი მემამულეები, რომლებიც ამ მხარეში განთქმულ ღვინოს წურავდნენ, იყვნენ დ. ერისთავი, რომელსაც სოფ. ტეზში და ლამისყანაში 50 დესეტინა კარგი ვენახი ქონდა და თავადი ამილახვარი სოფ. ჭალაში (ახლ. ქვემო ჭალა). თამარაშენში, ცხინვალის ჩრდილოეთით, გამორჩეულ ღვინოს აყენებდა თავადი ვ. მაჩაბელი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა სახელოვან ქართლურებს.

19-ე საუკუნეში მთელს გორის მაზრაში საუკეთესო მიკროზონებად ატენი, მეჯვრისხევი, ჭალა და ლამისყანა ითვლებოდა, ძირითადი თეთრი ჯიშები იყო: რქაწითელი, გორულა, მწვანე (ქართლური), ჩინური, ბუდეშური, შაბა. წითლებში: რკო, თავკვერი, ძველშავი, საფერავი, დანახარული, ხარისთავალა, ბუზის ყურძენი, ანდრეული.

ამ ჩამოთვლილი ჯიშებიდან 19-ე საუკუნეში ქართლში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ქართლური მწვანე (მაშინ ასე უწოდებდნენ გორულ მწვანეს), რომელიც მაგარ ღვინოს იძლეოდა, წითლებში კი თავკვერი და საფერავი იყო ყველაზე მეტი. რაოდენობის მიხედვით თავკვერს უტოლდებოდა თეთრი ბუდეშური, რომელიც საადრიო ჯიშია და შესაბამისად ჩრდილო დასავლეთ ქართლშიაც იყო გავრცელებული, გარდა ძირითადი ზონებისა. ბუდეშურიდან ძალიან სასიამოვნო ღვინო დგებოდა თურმე და იგი დიდი რაოდენობით მოდიოდა ატენის ხეობაში. განხსვავებით ახლანდელი ატენურისგან, ზოგიერთი ავტორის ცნობით 19-ე საუკუნის განთქმული “ატენური” მთლიანად ბუდეშურიდან იწურებოდა. ასევე მაღალი ხარისხის ჯიშად მიიჩნეოდა ჩინური და მისგან საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ ატენში, ხიდისთავსა და მეჯვრისხევში. ძველშავი (ძელშავი) ძირითადად ატოცისწყალისა და აბანოსწყალის ხეობაში იყო გაშენებული და თუკი ყანდურალოვს ვენდობით, ამ რაიონის გარდა საერთოდ უცნობი იყო 19-ე საუკუნეში. ძველი ამპელოგრაფები ძალიან ამგვანებდნენ ძელშავს რკოსა და თავკვერს და მიაჩნდათ, რომ ჯიში დასავლეთის პირობების მიხედვით გადაგვარდა (თანაც, რკო იმერეთიდან შემოტანილ ჯიშად ითვლებოდა და ქართლის უკიდურეს დასავლეთში იყო გავრცელებული). გორულა კი მხოლოდ იმ სოფლებში იყო გავრცელებული, სადაც რკინიგზა გადიოდა და მოსახლეობა ადვილად ახერხებდა ამ სუფრის ყურძნის ტფილისამდე ტრანსპორტირებას. გორულა ზამთარშიც კარგად ინახებოდა და არც გადატანისას ფუჭდებოდა.

ქართლში ხეზე გაშვებულ ვაზს (მაღლარს) ბაბილოს უწოდებდნენ, სარზე გამართულს კი ფეხის ვაზს. ამ მხარეში ძალზე ძნელი იყო ისეთი ვენახის ნახვა, სადაც მხოლოდ ერთი ჯიში იქნებოდა გაშენებული, ძირითად ჯიშთან ერთად ვენახში ბევრი სხვა სახეობის ვაზიც იყო, რომელიც შესაძლოა ბევრით ჩამოუვარდებოდა ძირითადს, მაგრამ ამ შერევის მთავარი მიზანი ერთი გახლდათ, გლეხი უმოსავლოდ არ უნდა დარჩენილიყო, რადგან მან იცოდა, რომ ყველა ჯიში სხვადასხვანაირად რეაგირებდა ამათუიმ დაავადებაზე და ატმოსფერულ პირობებზე.

გლეხები საკმაოდ ადრე იწყებდნენ რთველს, ფაქტობრივად დამწიფებას არ აცლიდნენ ყურძენს, განსხვავებით მემამულეებისგან, რომლებიც მხოლოდ კარგად მოწეულ ყურძენს იღებდნენ. სხვათა შორის, ასე იყო მთელს საქართველოში და ნაწილობრივ დღესაც ასეა. იმ მხარეებში, სადაც აქტიურად მისდევდნენ მევენახეობას, გლეხი პირველ რიგში რაოდენობით იყო დაინტერესებული და არა ხარისხით, იგი ყველანაირად ცდილობდა რაც შეიძლება ადრე გაეყიდა თავისი ტკბილი თუ მაჭარი, თანაც ამას ის ემატებოდა, რომ ყურძნის საჭყლეტს გლეხების უდიდესი უმრავლესობა, როგორც წესი, სხვისგან თხოულობდა ან ქირაობდა და შესაბამისად აქაც მოსწრებაზე იყო საქმე. გარდა ამისა, თუკი ვინმემ დაიწყო რთველი და გაკრიფა თავისი ვენახი, მისი მეზობლებიც იძულებულნი ხდებოდნენ მალევე შედგომოდნენ მოსავლის აღებას. ამას ერთი მიზეზი ჰქონდა, რთველის დამთავრებისთანავე გლეხი მაშინვე საქონელს უშვებდა ვენახში, რომელიც მეზობლის დაუკრეფავ ვენახებშიც გადადიოდა და ბალახის გარდა ყურძენსაც ჭამდა.

ქართლში საუკეთესო ქვევრებად იმერული, ბოსლეველი და შროშელი ოსტატების მიერ დამზადებული ქვევრები ითვლებოდა. უფრო მეტად ძველი ქვევრები ფასდებოდა, რადგან ახალი გემოს აძლევდა ღვინოს, ქვევრის გასაჟღენთად ქონს იყენებდნენ, თუმცა ცხინვალში და ლიახვის ხეობის ზოგიერთ სოფელში 19-ის ბოლოს კუპრის გამოყენებაც დაიწყეს საამისოდ, რომელიც იქაურების აზრით უკეთესად ავსებდა ფორებს. ქვევრთან დაკავშირებული ყველა დეტალის მოყოლა ახლა შორს წაგვიყვანდა, ამიტომ პირდაპირ ღვინის ტექნოლოგიაზე სჯობს გადავიდეთ.

წითელი ღვინის დაყენებაში მთავარი თავისებურება ის გახლდათ, რომ გამოწურვის შემდეგ ტკბილში ჭაჭისა და კლერტის სრულ მოცულობას ამატებდნენ, ამით ღვინო ინტენსიური ფერის გარდა ბევრ სხვა სიკეთესაც იღებდა. თეთრი ღვინოების შემთხვევაში ტკბილში ერთ მესამედ ჭაჭას და კლერტს ამატებდნენ, ანუ ყოველ 10 ვედრო (1 ვედრო = 12,299 ლიტრს) ტკბილზე 30 გირვანქა (დაახლ. ნახევარი კილო) ჭაჭას უმატებდნენ. ქვევრში ცოტა ადგილს ტოვებდნენ, რათა დუღილისას წვენი არ გადმოღვრილიყო ქვევრიდან და 2-3 დღეში აქტიური დუღილიც იწყებოდა, რომელიც მაქსიმუმ 15 დღის მანძილზე გრძელდებოდა. დუღილისას ხდებოდა ე.წ. “ქუდის დარევაც”. “ქუდს” ზედაპირზე ამოსული ჭაჭა ქმნიდა და ქართლში, კახეთისგან განსხვავებით, სადაც სარცხით ურევდნენ დურდოს, სპეციალური ნიჩაბი არსებობდა დარევისთვის, მას “ფარსახოდს” უწოდებდნენ. განსაკუთრებით ხშირი დარევა უნდოდა წითელ ღვინოებს, რათა ჭაჭას კარგად გამოეღო ყველა საფერი და სხვა ნივთიერება და რათა დიდხანს არ ყოფილიყო ჭაჭა ჰაერთან შეხებაში. ზოგჯერ დუღილისას ქვევრს სარქველს ახურავდნენ და მიწასაც აყრიდნენ, ოღონდ დუღილისას წარმოქმნილი გაზის გამოსათავისუფლებლად სარქველის ქვეშ ტოტებს უწყობენ, ქვევრის სასუნთქად.

როცა დუღილი დამთავრდებოდა, “ქუდს” დაძირავდნენ, რის შემდეგაც ქვევრს აუცილებლად იმავე ასაკის ტკბილით აავსებდნენ (ცოტათი ახალგაზრდა ტკბილ-მაჭარმა შესაძლოა ხელახალი დუღილი გამოიწვიოს) და კარგად დალუქავდნენ. ახალგაზრდა წითელი ღვინო არანაკლებ 2 თვისა დახურულ ქვევრში ინახებოდა. დაახლოებით დეკემბერში ღვინოს აუცილებლად გადაიღებდნენ, ანუ ჭაჭიდან მოხსნიდნენ. თეთრ ღვინოს კი უფრო დიდხანს ტოვებდნენ ჭაჭაზე და კლერტზე, რადგან, როგორც ადგილობრივები ფიქრობდნენ, ამით ღვინო უმჯობესდებოდა და უფრო ინტენსიურ შეფერვას იღებდა. ასევე სიმწკლარტესაც. ამიტომაც ჭაჭა-კლერტზე ქართლელები საკმაოდ დიდხანს აყოვნებდნენ ღვინოს, გაზაფხულამდე. და თუკი მაისამდე ღვინო არ გაიყიდებოდა, ჭაჭიდან ხსნიდნენ, წითელს კი ამ დროს მეორედ გადაიღებდნენ ხოლმე.

ღვინის ძირითადი ნაწილის გადაღება თუნგების მეშვეობით ხდებოდა, ხოლო თუნგისთვის მოუხერხებელ დარჩენილ ღვინოს, პატარა ჭურჭლით, გონულათი იღებდნენ, რომელიც თოკზე იყო მიბმული.

ქართლში ამზადებდნენ ე.წ. მეორე ღვინოსაც, ანუ ნაქაჯს, რომელსაც ძირითადად მეორადი გამოწნეხილი წვენისგან აყენებდნენ და სულ რამდენიმე დღეში მზადდებოდა.

19-ე საუკუნის ბოლოს ქართლელ მევენახეთა უმრავლესობა და ღვინის მსყიდველები ხშირად ამბობდნენ, რომ ადრე გაცილებით უკეთესი ხარისხის ღვინო დგებოდა მათ მხარეში და ფასებიც შედარებით მაღალი იყო. ღვინის ხარისხის გაუარესება კი, მათი აზრით, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე აზერბაიჯანიდან შემოტანილმა იაფმა ღვინომ გამოიწვია, რის გამოც დაეცა მოთხოვნილება ქართლის ღვინოზე, დაიწია ფასმა და გლეხმაც დაკარგა ინტერესი ხარისხიანი მოსავალი მიეღო. 1886 წელს “ივერია” წერდა, “ქართლის ღვინო, რომელიც საკმაოდ მდარეა კახეთისაზედ, აქამდე მარტო ადგილობრივ ახმარებდნენ და ეხლა კი ტფილისშიც იყიდება. ტფილისის სირაჯები ქართლის ღვინოში უფრო ბევრს იგებენ, ვიდრე კახეთისაში. ბოთლი ქართლის ღვინოსი ადგილობრივს სირაჯს 5-6 კაპ. უჯდება. ტფილისში ამ ღვინოს აუკეთესებენ, განაკარგებენ ხოლმე და კახეთის ღვინოდა ჰყიდიან, აბაზად ბოთლსაო”. მთავარი ის გახლდათ, რომ მაშინდელი ექსპერტები ქართლურ ღვინოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ადგილობრივ ბაზარზე, რადგან თუკი რკინიგზა შევიდა კახეთში, სულ რუსეთში და ევროპაში გაზიდავენ კახურს, ამიტომ ბურთი და მოედანი ქართლელებს შეიძლება დარჩეთო. ამის გამო 80-იან წლებში ძალიან ბევრი ვენახი გაშენდა ქართლში.

 

ცხინვალი და მაჩაბლის მარანი

20-ე საუკუნის 40-60-იან წლებში შიდა ქართლში რამდენიმე მიკრორაიონი გამოიყო და უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა პერიოდში მხარე ძირითადად საშამპანურე მასალებზე გადაერთო და ძირითადად ცქრიალა ღვინისთვის პერსპექტიურ რეგიონად დასახეს იგი.

ახალგორის მიკრორაიონში ახალგორის, იკოთის, კორინთას, წირქოლის, ქვემობოლის, ზემობოლის, ოძისისა და სხვ. მიკროზონები გამოიყო.

ლეხურის ხეობაში საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინო დგებოდა სოფლებში საკორინთლო, სამთავისი, ჭალა, კასპი. საბჭოთა პერიოდში აქ წლების მანძილზე მზადდებოდა საცდელი ღვინოები და შამპანურები. ჯიშებიდან ძირითადად გავრცელებული იყო რქაწითელი, ალიგოტე, ჩინური და გორული მწვანე.

მეჯუდას ხეობაში გამოყოფდნენ მეჯვრისხევს, ხელთუბანს, ახალუბანს, ფლავისმანს. აქაც ძირითადად ჩინურიდან და გორული მწვანედან ამზადებებნ ღვინოებს.

დიდი და პატარა ლიახვის ხეობებს სამ მიკრორაიონად ყოფდნენ. ა). გორის მიკრორაიონი, სოფლებით – გარეჯვარი, ხელთუბანი, ტინის ხიდი, აშენდა, ტყვიავი, ნიქოზი, შინდისი და სხვ. გავრცელებული იყო ჩინური და გორული მწვანე, რომლებიც საკმაოდ ნაზ, მსუბუქ და ხალისიანი მჟავიანობის ღვინოსა და შამპანურს იძლეოდა. ბ). სტალინირის (ცხინვალის, რომელსაც 1934-1961 წლებში სტალინირი ერქვა) – ცხინვალი, ტამარაშენი, ქურთა, გუჯაბაური, ქართული ფრისი, ოსფრისი და სხვ. ასევე მდინარე ლიახვის მარცხენა ნაპირზე, მთის კალთებზე შეფენილი სოფლები: დიდი და პატარა ძარწემი, ქემერთი, მინდიანთ უბანი, ცალის უბანი. ეს ადგილები ურწყავია და მაღალხარისხოვან ღვინომასალას იძლეოდა შამპანურისთვის. ამ მიკრორაიონში ძირითადად რქაწითელი, ჩინური და გორული მწვანე მოდის, აშევე შავკაპიტო. გ) ერედვის მიკრორაიონში მსუბუქ, მაღალი მჟავიანობის ხალისიან ღვინოებს ამბობენ. 1946 წელს ერედვის ყურძნიდან ენოლოგ ნიკოლოზ გელაშვილს დაუმზადებია შამპანური, რომელსაც დიდი მოწონება დაუმსახურებია.

ცხინვალზე ცოტა დიდხანს უნდა შევჩერდეთ. საქმე ისაა, რომ მთელი ცხინვალი ყველა მხრიდან, ოთხივ კუთხით ვენახებით იყო გარშემორტყმული თურმე. 1872 წელს “დროებაში” “სემინარიელის” ფსევდონიმს ამოფარებული ერთი ავტორი წერდა: “საითკენაც გაიხედავდით ცხინვალის არემარეზედ, ყოველგან ლამაზად გაშენებული ვენახები წარმოგიდგებათ. თითქმის მთელი საცხინვალო მინდორი ვენახებად არის გადაქცეული, ასე რომ სახნავ-სათესი მამული აქაურებს ძალიან ცოტა აქვთ”. ცხინვალი გარკვეული საზღვრის როლსაც თამაშობდა, მისი დასავლეთი რეგიონი დასავლეთ ქართლის მეღვინეობის რეგიონად მოიხსენიებოდა 19-ე საუკუნეში და შესაბამისაც აღმოსავლეთიც, თუმცა ღვინოები მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირების მიხედვითაც განირჩეოდა მაშინ და სხვა მდინარეების ხეობებითაც. დასავლეთ ქართლის ღვინოები კლიმატისა და სხვა პირობების გათავლისწინებით, საკმაოდ სუსტი, მაღალი მჟავიანობისა და შენახვის დაბალი პოტენციალისა იყო. საკუთრივ ცხინვალის მიკროზონას საშუალო ადგილი ეკავა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და მასში ერთი რაოდენობით მოყავდათ წითელი საღვინე ჯიშებიც და თეთრიც. წითლებს ფერის ინტენსივობა და სხეული აკლდა თურმე, ზედმეტად მჟავე იყო და დიდხანს არ ინახებოდა. ღვინით მოვაჭრეები ცხინვალში სასმელის საყიდლად მხოლოდ მას შემდეგ ჩადიოდნენ, რაც სხვა, უფრო კარგ რეგიონებში მთელი ღვინო გაიყიდებოდა და ფასები საბოლოოდ დადგინდებოდა. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხინვალის ღვინოებს ძირითადად გაზაფხულზე ყიდულობდნენ, როცა მისი ვარგისიანობა გაირკვეოდა და მყიდველი დარწმუნდებოდა, რომ ღვინო ტრანსპორტირებასაც გაუძლებდა და კარგადაც შეინახებოდა. თუმცა ამ რეგიონში იყო გამონაკლისებიც, რომელიც ზემოთაც ვახსენე. კერძოდ სოფ. თამარაშენში, თავად ვ. მაჩაბელს ჰქონდა ევროპულად მოწყობილი მარანი, იგი ღვინოს კაპიტალურ, ქვით ნაგებ მარანში ავარგებდა, ზუსტ დროს ხდებოდა ღვინის გადაღება (პომპის მეშვეობით) და მარანში ტემპერატურაც მუდამ კონტროლის ქვეშ იყო და ა.შ.

მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანი რაიონი იყო ფრონეს ხეობაც – ერკეთი, არკნეთი, ხეთაგუროვი, დიდმუხა, ნული, ავნევი, ურბნისი, დვანი, ძლევისჯვარი, ბებნისი, ბრეთი. აქ, სხვა მიკრორაიონებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტადაა გავრცელებული ბუდეშური, ასევე შეხვდებით ხეობაში თავკვერსა და შავკაპიტოს, გორულსა და ჩინურს. ოქონეს ფრონეს ხეობაში შედის სოფლები ზნაურკაუ, ხუნდის უბანი, ზემო ოქონა, ქვემო ოქონა და სუნისი. აქ ძირითადად რქაწითელი, მწვანე და თავკვერი მოჰყავდათ 60-იან წლებში.

სხვათა შორის, მდინარე ფრონეს ხეობაში 1990-იანი წლებში საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი პინო ნუარიც, პინო გრიც და პინო ბლანიც. ენოლოგ გიორგი სამანიშვილის ცნობით, ამ მხარეში 120 ტონაზე მეტი საკმაოდ მაღალი ხარისხის პინო მოდიოდა 90-იან წლებში.

ფრონეს ხეობაში ხარობს ასევე ძველშავი (ძელშავი) და ჰიბრიდებიც, ქიწნურა და დირბულა, საიდანაც დაბალი ხარისხისა და ღირსების ღვინო დგება. ამ ორი ჯიშიდან ძალიან ბევრი წურავს შიდა ქართლში ღვინოს, სურნელითა და გემოთი ღვინო საკმაოდ სასიამოვნოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქმე გვაქვს ჰიბრიდთან, ე.წ. “პირდაპირმწარმოებელ ვაზთან”. ამასთან დაკავშირებით გასულ წელს ფრონის ხეობის მკვიდრი გლეხი ნუგზარ თარაშვილი ჩიოდა: "ჩვენთან, შიდა ქართლში, დირბულასგან ვწურავთ ღვინოს. ეს არის შავი ყურძნის ჯიში, უწამლი და ცივი კლიმატისადმი გამძლე ვაზი. თითქმის მთელს ხეობას ეს ვაზი გვაქვს. ჩვენს სოფლებში ღვინის გაყიდვა გამორიცხულია. ვინ იყიდის? ყველას ისედაც თავზესაყრელი ღვინო აქვს. თბილისში კი, დირბულა არავინ არ იცის და ყველას მაინც კახური ღვინის ყიდვა ურჩევნია. რუსული ბაზარი კარგა ხანია, დაკეტილია და ფაქტობრივად შანსი არა გვაქვს, რომ ჩვენი ღვინო იქ გავყიდოთ. წელს მართლაც კარგი მოსავალი მოგვივიდა, მაგრამ რა აზრი აქვს? წელსაც, შარშანდელივით, მთელი ღვინო, ალბათ, ისევ ჩვენი დასალევი იქნება".

სამწუხაროდ, წელს ფრონელი და ლიახველი გლეხი გაცილებით რთული პრობლემის წინაშე დადგნენ, მათ ძალიან ბევრი დაუნდობელი მოზიარე გამოუჩნდათ და დაცლილ, ეთნიკური ნიშნით “გაწმენდილ” მხარეში ოქტომბერი ალბათ რთველის გარეშე ჩაივლის.

ატენური წარჩინებული

გორის მაზრის აღმოსავლეთ მხარეს დაწურული ღვინოები უფრო მაგარი, სხეულიანი, სასიამოვნო სიმწკლარტისა და გემოსი იყო. აქ ორი ძირითადი ზოლი განირჩეოდა, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირი. მარცხენა სანაპიროზე ლამისყანისა და თეზის ღვინოებს გამოარჩევდნენ, მარჯვენა კი ძირითადად წითელი ღვინოებით იყო განთქმული (ხიდისთავი), თუმცა აქვე, ამავე ნაპირზე აყენებდნენ ქართლის მშვენებას, თეთრ ატენურს.

ყველაზე დაწვრილებითი დახასიათების ღირსი ალბათ ატენურია, რადგან იგი ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში იყო ცნობილი და ამ ტიპის ღვინოს ამ ხეობაში დღემდე წურავენ. სამწუხაროდ ჩვენ დღეს არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას ვენახების საერთო ფართობის შესახებ, სამაგიეროდ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1892 წელს ვენახები 43 დესეტინაზე იყო გაშენებული და მხოლოდ 4 წლის განმავლობაში, 1896 წელს, ამ ციფრმა 63-ს მიაღწია. მეღვინეობის მნიშვნელობა მდ. ტანას ხეობაში იქიდანაც ჩანს, რომ 100 წლის წინ აქ 75% სამეურნეო მიზნებისთვის განკუთვნილი მიწებისა ვენახს ეკავა.

20-ე საუკუნეში ატენის ხეობა ორ ზონად დაიყო. ე.წ. ზედა ზონა: სიონი, დიდი ატენი, პატარა ატენი, გარდატენი, მიხანათ უბანი და სხვ. ქვედა ზონაში: ხიდისთავი, ჯებირი, დეგეულა. თანამედროვე მონაცემებით მიკროზონაში ვენახები 620 მეტრიდან 750 მეტრამდე სიმაღლის ფარგლებშია მოქცეული და მოიცავს სოფლებს: პატარა ატენს, გარდატენს და დიდ ატენს.

ეს ზონა საკმაოდ განსხვავდება შიდა ქართლის სხვა ხეობებისგან, პირველ რიგში კი იმით, რომ მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდ. ტანას ხეობა ქარებისაგან მაქსიმალურადაა დაცული. საქპატენტის მონაცემების მიხედვით, თრიალეთის ქედის განშტოებები საცხენისისა და წერეთის ქედები მდ. ტანას ხეობას აღნიშნული მიმართულებებიდან ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან იცავენ. ქარები უმთავრესად ხეობის გასწვრივ ქრიან, რომლის სიღრმეში მათი სიძლიერე თანდათან მცირდება.

ატენური ე.წ. კლასიკურ მოგუდულ ღვინოდ ითვლება (მას ბუნებრივ ცქრიალა ღვინოსაც უწოდებენ.). ენოლოგ ნიკოლოზ გელაშვილის მიხედვით, ატენურის დასამზადებლად ყურძენს გვიან კრეფდნენ, სიცივის დადგომის გამო დუღილი ბოლომდე არ მიდიოდა, ღვინოში ნარჩუნდებოდა ცოტაოდენი შაქარი და ნახშირორჟანგით ღვინის გაჟღენთვის გამო იგი ცქრიალის თვისებებით ხასიათდებოდა (იყო შემთხვევები, როცა გაზაფხულზე აგრძელებდა ღვინო დუღილს). შაქრისა და ნახშირორჟანგის შენარჩუნების მიზნით ატენის ხეობაში, მაღლობ ადგილას სპეციალურად იყო მოწყობილი ქვევრები, სადაც ბუნებრივ სიცივეს იყენებდნენ (გაიხსენეთ ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვები, “საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული”) და ამ ადგილს დღემდე საცივი ჰქვია.

ყანდურალოვისა და სხვა ავტორების სიტყვით, ატენის ხეობაში ძირითადად მწვანე, თავკვერი და ბუდეშური მოდიოდა და ზოგიერთის თანახმად ძველი ატენური მხოლოდ ბუდეშურიდან დგებოდა. უფრო გავრცელებულ ვარიანტებში ჩინურიდან და გორული მწვანედან, რომელსაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ალიგოტეც ემატებოდა.

საკმაოდ მაღალი ღირსების ღვინო დგებოდა ატენში თავკვერისგანაც (20-ე საუკუნის 30-50-იან წლებში და მერეც), თუმცა 19-ე საუკუნეში თითქმის არ მოიხსენიება ეს ჯიში ატენის ხეობაში.

დღესდღეობით ატენში ყველაზე დიდი რაოდენობით ჩინური მოდის, რასაც გორული მწვანე, ასევე მცირე რაოდენობით ბუდეშური, ალიგოტე და რქაწითელი მოსდევს, გარდა ამისა საფერავიდან და თავკვერიდან დღესაც საკმაოდ მაღალი ხარისხის მსუბუქი წითელი ღვინოები მიიღება.

20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან ატენში ღვინის წარმოებისთვის წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური პროცესის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიდანაც უმნიშვნელოვანესად მიიჩნიეს გ.ბერიძის სქემა, სადაც ჩინურს ცოტაოდენ ბუდეშურს უმატებდნენ, ტკბილი 12 საათიანი დაწრეტის შემდეგ დუღილისთვის ქვევრებში გადაჰქონდათ და ყურძნის წვენში გარეცხილ ჭაჭას ამატებდნენ, ტკბილის წონის 0.1-0.2%-ს. დუღილი 6-7 დღე გრძელდებოდა 15-17 გრ. ტემპერატურაზე და მას სიცივით აჩერებდნენ, როცა დაუდუღარი რჩებოდა 1.5-2% შაქარი. შემდეგ მასალას ფილტრავდნენ და ასხამდნენ სატირაჟე ბუტში, უმატებდნენ “დედოს” (კახურს) და კარგად არევის შემდეგ შამპანურის ბოთლებში ჩამოსხმა ხდებოდა. ეს შამპანური ღვინო 3 წლის მანძილზე სარდაფში ინახებოდა, დანარჩენი პროცესები კი ბოთლური მეთოდის მიხედვით ვითარდებოდა და ბოლოს საექსპედიციო ლიქიორს უმატებდნენ, ისე, რომ ღვინოში შაქრიანობა 2-5%-მდე ასულიყო.

ასევე აყენებდნენ ატენურს რეზერვუარული მეთოდით, ძირითადად ჩინურის ჯიშის ყურძნის გამოყენებით. იგი ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინის ტექნოლოგიის მიხედვით მზადდებოდა. დადუღებული ღვინო კი 60 დღიან დამუშავებას გადიოდა.

“პიარის” ხანა

დღესდღეობით ქართლური ღვინო სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაშია. კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო, ძალიან ბევრი გლეხი მოწყდა მიწას და შეიძლება ითქვას, ასეთი კატასტროფული ვითარება მხარეში 19-ე საუკუნის პირველი ნახევრის შემდეგ არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ძირითადი ქარხანა, ატენისა და ხიდისთავის, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არ დაზარალებულა, მაინც ძნელია რაიმე დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული შიდა ქართლი ფალსიფიკაციის ცენტრად ითვლებოდა, სადაც ქართლური და კახური ღვინოების გაყალბების გარდა, ხვანჭკარის ჩამოსხმითაც იყვნენ დაკავებულნი და წლების მანძილზე ხარისხიანი ღვინო არც გამოსულა რეგიონიდან. გარდა ამისა, არავინ იცის, რა შედეგებს მოიტანს ათეულობით ჰექტარი გადამწვარი ტყე ატენის ხეობაში, რომელმაც შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს მიკროზონის თავისებურებები. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია ადამიანური ფაქტორიც.

მახსოვს, შარშან ამ დროს, ვითარების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაცია "სოკე"-ს წევრი, თორნიკე რეხვიაშვილი, კრიტიკის მიუხედავად იმედიანი თვალით შესცქეროდა მომავალს: "ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო არაფერს აკეთებს. რეგიონში არსებული თითო-ოროლა ღვინის ქარხანა საქმეს ვერ უშველის. უზარმაზარი სამუშაოა გასაწევი, კანონმდებლობიდან და საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან დაწყებული, სტანდარტების შესრულებით გაგრძელებული და ევროსტანდარტებით მიღებული შესაფუთი კომბინატით დამთავრებული. იგულისხმება, რომ ამ საქმეს მძლავრი და დიდი რაოდენობით ჭურჭელ-დანადგარებიც სჭირდება. საჭიროა სახელმწიფო ინვესტიცია მეხილეობის დარგში და შემდეგ ქართლის (კახეთისაც) ხილის 85% მშვენივრად იპოვის თავის ადგილს ევროპისა და დანარჩენი სამყაროს (რუსეთის გარდა) ბაზრებზე. ქართული ღვინო ფრანგულ და ზელანდიურ ღვინოზე ბევრად იაფიც იქნება და მიკროელემენტებითაც არანაკლებ მდიდარი. ეს კი კონკურენტუნარიანობას ნიშნავს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ ყველა ჯიშს ვერ გავიტანთ. არსებობს საერთაშორისო სტანდარტებით მკაცრად განსაზღვრული პირობები და თამაშის წესები ამ ბაზარზე. ამასაც ცოდნა და გათვალისწინება სჭირდება".

სამწუხაროდ, წლევანდელი წელი ცოდნისა და ხარისხზე ზრუნვის გარეშე ჩაივლის, ამისთვის ჩვენთან აღარავის სცალია, ახლა “პიარის” ხანაა, ჩვენმა ამერიკელმა, ლიტველმა, ლატვიელმა, ესტონელმა, პოლონელმა და უკრაინელმა მეგობრებმა საქართველოს და ქართული ღვინის მხარდასაჭერად უკვე მოაწყეს აქციები. 3 კვირის წინ, პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების განთავსების შესახებ შეთანხმების აღსანიშნავად გახსნილმა რამდენიმე ბოთლმა ქართულმა საფერავმაც შეახსენა თავი მსოფლიოს. ამ ამბავზე ყველა წამყვანი საინფორმაციო სააგენტო წერდა და იმ კონკრეტული ღვინის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ მემგონი სწორედ ახალი ამბებიდან შეიტყო, რომ “პრეზენტაციაზე” მათი ღვინო იყო წარმოდგენილი.

ერთი სიტყვით, მთელი საქართველო დღეს ეკრანსაა მიჯაჭვული, თუმცა რთველი კარს მოგვადგა და არც ჩვენი მთავარი მოკავშირე, ვაზი უნდა დავივიწყოთ, მას ისედაც ბევრი დააკლდა ჩვენი თუ სხვების გულგრილობით, უცოდინრობით და უსამართლობით.

 © "მარანი"



ძეგვის მიკროზანა ახსენეთ და თუ შეგიძლიათ ძეგვის მიკროზანაზე რამე რჩევა მომცეთ. მაგალითად რა ვაზის ჯიშები ხარობს, ბიოლოგიური დამზადება თუ შესაძლებელია. ძალიან დამეხმარებით რამოდენიმე რჩევას თუ მომცემთ, რადგან მინდა ნელნელა მეღვინეობის კულტურაში ჩაბმა და არ მინდა რომ ეგრევე მცდარ გზას დავადგე. ძეგვი კი იმიტომ ავირჩიე, რადგან რამოდენიმე ნაკვეთი მაქვს და საცდელად (სანამ ვაზი გაიზრდება) ეგრევე ბევრი ფულის ჩადება არ მომიწევს.


საბჭოთა პერიოდის წიგნებში წერია: 12. ძეგვის მიკრორაიონი. ვენახები განლაგებულია ხეკორძულას ხეობის შემდეგ სოფლებში: ძეგვი, სასხორისი, ნიჩბისი, ხეორი და სხვ. ამ სოფლებში ვაზის ჯიშები: რქაწითელი, გორული მწვანე და ალიგოტე იძლევიან საკმაოდ მაღალი ღირსების ღვინომასალებს შამპანურისათვის და სუფრის თეთრი ღვინოების დასაყენებლად. 

აქ ჩინური არაა ნახსენები, ჩინურიც კარგი იქნება ალბათ. და ცხადია არამხოლოდ "საშამპანურე მასალისთვის" :)



მამაჩემაც ჩინური მითხრა. უბრალოდ ნატურალური წესით მინდა მოუარო და არ ვიცი რომელი ჯიში ამოვირჩიო, რომ კარგად გაიხაროს. ეგ აბზაცი მეც წავიკითხე და სხვა ვერაფერი ვიპოვე საინტერესო. დიდი მადლობა მაინც გამოხმაურებისთვის


ადგილობრივებშიც გაიკითხეთ, კლუბშიც მოდით ჩვენთან, რჩევებსაც მიიღებთ, ქართლელ მევენახე–მეღვინეებსაც გაიცნობთ. ჩინურს და გორულ მწვანეს ნამდვილად აქვს აზრი, ალბათ თავკვერსაც 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.