გამოქვეყნებულია: 16 ნოემბერი, 2012 - 01:32
ემა ტუხიაშვილი
ყურძნის მცირე მოსავალმა შესაძლოა მსოფლიოში ღვინის დეფიციტი გამოიწვიოს. ყურძნისა და ღვინის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, წელს მსოფლიოში ღვინის წარმოების მაჩვენებელმა 1975 წლის შემდეგ, შესაძლოა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწიოს. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მცირე მოსავლის გამო ყველაზე მეტად იზარალებენ ღვინის არგენტინელი მწარმოებლები, სადაც ნავარაუდევია წარმოების შემცირება 24%-ით. ზარალს ვერც მსოფლიოში ღვინის მთავარი მიმწოდებლები - იტალია და საფრანგეთი ასცდება.
ყურძნისა და ღვინის საერთაშორისო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ღვინის წარმოების მოცულობის შემცირება ღვინოზე ფასების ზრდას გამოიწვევს. და ეს მაშინ, როცა მსოფლიოში ღვინოზე მოთხოვნა იზრდება, უმეტესად კი განვითარებად ქვეყნებში. ასოციაციაშია ფიქრობენ, რომ წელს შესაძლოა ღვინოზე მოთხოვნამ მიწოდებასაც გადააჭარბოს. ყურძნისა და ღვინის საერთაშორისო ასოციაციის წევრ კომპანიებში არ მალავენ, რომ მიწოდების უზრუნველყოფა მათ უკვე არსებული მარაგების ხარჯზე უწევთ. ასოციაციის პროგნოზით, საერთო ჯამში მსოფლიო მასშტაბით ღვინის წარმოება მიმდინარე წელს 250 მილიონი ჰექტალიტრით შემცირდება, რაც დაახლოებით 33 მილიარდი ბოთლია. ამასთან ერთად საინტერესოა, რომ ღვინის მსხვილი მწარმოებლებიდან ერთ-ერთი - ამერიკის შეერთებული შტატები, საწინააღმდეგო ტენდენციის დემონსტრირებას ახდენს და აცხადებს, რომ წელს ღვინის წარმოების ზრდას 7%-ით გაზრდის.
მალხაზ ხარბედია, "ღვინის კლუბის" პრეზიდენტი: "წინასწარი შეფასებით, ღვინის წარმოება მსოფლიოში 6,1%-ით შემცირდება წლევანდელი მოსავლიდან გამომდინარე. ძალიან ბევრ, მეღვინეობის წამყვან ქვეყანაში საგრძნობლად მცირე მოსავალი მოვიდა და ეს, პირველ რიგში კლიმატური პრობლემებით იყო განპირობებული. წლის სხვადასხვა პერიოდში ძალიან დაზარალდა ვაზი და შესაბამისად მოსავალიც მცირე მოვიდა. საქართველოშიც საკმაოდ მცირემოსავლიანი წელი იყო, რაც პირველ რიგში ზაფხულში, ივლისის თვეში კახეთში მომხდარმა ბუნებრივმა სტიქიურმა მოვლენებმა განაპირობა. როცა მსოფლიო მასშტაბებით ისეთ მცირე რეგიონში, როგორიც კახეთია, 5000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 100%-ით ნადგურდება მოსავალი და ზოგან ვენახიც, ეს კატასტროფაა და იგი არამხოლოდ წლევანდელ მოსავალზე, არამედ სამწუხაროდ მომავალი წლის მოსავალზეც აისახება, ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც.
- ღვინის მწარმოებელი ქვეყნები აცხადებენ, რომ ბაზარზე მიწოდების უზრუნველსაყოფად უკვე უწევთ მარაგების გამოყენება, რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა ტენდენციამ? გაიზრდება ღვინის ფასი?
- არ ვიცი, რომელი მარაგები იგულისხმება - ახალი ღვინის თუ ძველი ღვინის, ხარისხიანი, მაღალი საფასო კატეგორიის ღვინის თუ იაფფასიანის.. არ მგონია, მნიშვნელოვნად გაიზარდოს ძვირად ღირებული ღვინოების ფასი, თუმცა შესაძლებელია, უბრალო ღვინის ფასმა მცირედით მოიმატოს, როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზრებზე.
- უკვე წლებია საქართველოში მწვავედ დგას ღვინის რეალიზაციის პრობლემა, განსაკუთრებით რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ, რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენ ეს ვითარება სასიკეთოდ გამოვიყენოთ, გვაქვს პოტენციალი, რომ სწორედ ახლა გავიდეთ ჩვენი ღვინით იმ ბაზრებზე, სადაც მაღალი კონკურენციის გამო ადგილის დამკვიდრება გვიჭირდა, თუ ისევ რუსეთის ბაზრის გახსნას უნდა დაველოდოთ?
- არის ამის შანსი, განსაკუთრებით თუ იაფფასიან ღვინოებზე მოთხოვნა გაიზრდება უცხოეთში. საქართველოდან დიდი რაოდენობით ჩამოსასხმელი ღვინო შეიძლება გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც. თუმცა, წელს საქართველოშიც შემცირდა ღვინის წარმოება. ამ სიმცირის გამო, ჩვენთვის უფრო მომგებიანი ვითარება შეიძლება შეიქმნას მომავალი წლიდან. ვინ იცის, იქნებ ეს წელი გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ქართველი მეღვინეებისთვის, რადგან ოჯახებში ძალიან ცოტამ მოახერხა ბაზარში ნაყიდი ყურძნით ღვინის დაყენება და შესაბამისად, მოთხოვნა ჩამოსასხმელ და ბოთლის ღვინოზე ძალიან გაიზრდება. ცხადია, ამას დიდი რისკებიც ახლავს თან. იმედი მაქვს, ამ ზამთარს და მომავალ წელს ფალსიფიცირებული ღვინო არ წალეკავს საქართველოს".
© kvirispalitra.ge
თქვენი კომენტარი