Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში - მოკლე მიმოხილვა

ჩხავერის ვენახი ბახვის მეურნეობაში (1940-იანი წლების ფოტო)

გიორგი ბარისაშვილი

ამჯერად გვინდა, კიდევ ერთი საინტერესო რეგიონის, გურიის შესახებ მოგაწოდოთ მცირეოდენი ცნობები. როგორც წინა სტატიების შემთხვევაში, ისე ამჟამადაც ჩვენს ძირითად საყრდენ წყაროს წარმოადგენს წიგნები: "საქართველოს ამპელოგრაფია". თბილისი, 1960 წ. (ნიკო კეცხოველის რედაქცია), და "გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები". მ. რამიშვილი. თბილისი, 1948 წ. თავშივე გვინდა აღვნიშნოდ, რომ ადგილობრივ ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნების მხრივ გურია მეტად საინტერესო რეგიონია. თავდაპირველად შემოგთავაზებთ აქაურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალსა და მათ შეფერილობებს:

ათინაური (თეთრი), აკიდო (წითელი), ალადსტური (წ), ბადაგი (მუქი ვარდისფერი), ბახვის ყურძენი (წ), ბერძულა (წ), დონდღო (თ), ვაციწვერა (თ), ვორონა (წ), ზენათური (თ), თეთრი ყურძენი (თ), თქვლაფა (თ), კაკნატელა (თ), კამური შავი (წ), კამური თეთრი (თ), კაპისტონი წიწილიანი (თ), კატური (თ), კეშელავას თეთრი (თ), კიკაჩა შავი (წ), კორძალა (წ), კოცხანა (წ), კუმუშა (წ), მაგანაკური (წ), მაისა (თ), მანდიკოური (წ), მაური თეთრი (თ), მახათური (წ), მტევანდიდი (წ), მტრედისფეხა (წ), მცვივანი გურული (წ), ნაშენება (წ), ოფოურა (წ), ოჯალეში გურიის (წ), რცხილი (წ), საკმიელა (თ), საკნატურა (თ), სამარხი (თ), სამჩხავერა (წ), საფერავი გურიის (წ), სხილათუბანი (წ), ქაქუთურა (თ), შავჩხავერა (წ), ჩეპეში (წ), ჩხავერი (წ), ჩხინკილოური (თ), ცანაფითა (წ), ცივჩხავერა (წ), ცივჩხავერა ვარდისფერი (ვარდ.), ცისფერულა (რუხი), წითლანი (ვარდ.), ჭაჭიეთის თეთრა (თ), ჭუმუტა (წ), ხემხუ (წ), ხუშია თეთრი (თ), ხუშია შავი (წ), ჯანი (წ), ჯანი ნაკაშიძის (წ), ჯანი ციხური (წ).

 ამ მონაცემთა მიხედვით ვიგებთ, რომ გურიაში 58 ვაზის ადგილობრივი ჯიში ყოფილა, საიდანაც ერთი - "კორძალა" გურია-აჭარის საერო ჯიშადაა დასახელებული. ჩამოთვლილთაგან 20 ჯიში თეთრყურძნიანია; 34 ჯიში წითელყურძნიანია; 3 ვარდისფერყურძნიანი და კი 1 რუხი შეფერილობისა. რაც შეეხება ყურძნის დანიშნულებებს, უნდა ითქვას, რომ გურიის ვაზის ჯიშთა აბსოლუტური უმრავლესობა საღვინე მიმართულებისაა. სასუფრე მიმართულების ჯიში, მ. რამიშვილის ზემოდხსენებული წიგნის მიხედვით მხოლოდ თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში - სამარხია, რომლიდანაც ამავდროულად მაღალხარისხიანი ღვინოც ყენდება. ხოლო ჯიშები: ალადასტური და მტრედისფეხა კი ერთდროულად სასუფრე და საღვინე მიმართულების ჯიშებად ითვლება. გურიის ვაზის ჯიშებში ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები მხოლოდ ორ ჯიშს აქვს, ესენია - მაური თეთრი და ოფოურა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მ. რამიშვილის წიგნში - "გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები", (თბილისი, 1948 წ.) აჭარის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში - "კლარჯული" გურულ ჯიშადაა მიჩნეული, ხოლო ამავე წიგნში გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ვორონა მოიხსენიება, როგორც ორონა. აქვე გვხვდება ჯიში "ხუშია", არადა გურულ ვაზის ჯიშთა სრულ ჩამონათვალში ვხვდებით ჯიშებს: ხუშია თეთრი და ხუშია შავი...

 როგორც ვნახეთ გურია ვაზის ჯიშების თვალსაზრისით საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სადაც ახლო წარსულში მევენახეობა-მეღვინეობა ძლიერად იყო ფესვგადგმული. მიზეზთა გამო დღეს-დღეობით გურიაში ვაზისა და ღვინის კულტურა საკმაოდ დაბალ დონეზე დგას. არადა კუთხე, რომელიც სხვა უნიკალურ ვაზის ჯიშებთან ერთად ჩხავერის პატრონია "ადესის" ანაბარა ნამდვილად არ უნდა იყოს დარჩენილი. ამ საკითხს აქვს კიდევაც თავისი მიზეზი, შესაძლოა არაერთიც. თუმცა ეს ყოველივე ადგილობრივების სურვილზეც დიდადაა დამოკიდებული. სამწუხაროდ გურიაში ასევე თითქმის შეწყვეტილია ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების საქმეც, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს. ხოლო ახლო წარსულში ეს მხარე და კონკრეტულად კი სოფლები -აცანა და აკეთი განთქმული იყო მექვევრეობის დარგითა და თავად მექვევრეების სიმრავლითაც. ამ სოფლებში დამზადებული ქვევრები ცნობილი იყო თავისი მაღალი ხარისხით. გურულ ქვევრებს ვხვდებოდით ასევე მეზობელ აჭარაშიც. ამ დროისათვის კი მთელს გურიაში მხოლოდ ერთი მექვევრეღა შემორჩა...

გურული ქვევრი აცანადან

 აღსანიშნავია, რომ ამ მხარეში მისაბაძ მაგალითებსაც შევხვდებით, როგორიცაა, მაგალითად ზურაბ თოფურიძის მარანი. ამ მარანში, გურიაში ორი თუ სამი ათეული წლის პაუზის შემდეგ პირველად ჩამოისხა ჩხავერის ღვინო ბოთლებში, რომელიც "იბერიელის" სახელითაა ცნობილი. ზურაბ თოფურიძის მარანი და ვენახები მდებარეობს ჩოხატაურის სოფელ საყვავისტყეში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ზურაბმა ამავე სოფელში ძალზე დიდი შრომა გასწია და ტერასებად დაბაქნებულ ფერდობებზე გააშენა ჩხავერი და ასევე გადაშენების პირას მყოფი გურული ვაზის სხვა ჯიშებიც. იგი ღვინოს ნატურალური მეღვინეობის პრინციპებზე დაყრდნობით, ქვევრებში აყენებს, რომელ ღვინოსაც არაერთხელ უსახელებია ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენებზე.

ზურაბ თოფურიძის მიერ გაშენებული ვენახი ტერასებზე

ძალზე სამწუხაროა, რომ კონკრეტულად გურიის მევენახეობა-მეღვინეობაზე რაიმე პოპულარული გამოცემა ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება და ამ ხრივ ძალზე დიდი ხანია, რაც არაფერი გაკეთებულა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დიდი პრობლემა ახლო მომავალში გადაიჭრება. ეს კი დიდადაა დამოკიდებული რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებაზეც. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ამ ულამაზესი მხარის, გურიის მკვიდრთ და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ზურაბ თოფურიძის მსგავსი ადამიანები კიდევ გამოჩნდებიან და გურიაც ერთხელ და სამუდამოდ დააღწევს თავს იმ "შავ ჭირს", რასაც ეწოდება "ადესა". ჩვენს მცირე მიმოხილვას მეცხრაეტე საუკუნეში მოღვაწე გურული მღვდლის ღვინის სასმისზე გაკეთებული წარწერით დავასრულებთ, რომელიც, მეორე მხრივ ერთგვარი შეგონებაცაა:

"ღმერთო ყურძნისა ნაყოფი

დღე ყოველ მოგვეც საყოფი,

ზომიერ მსმელო იხარებ

უზომო მსმელო ინანებ".

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული