Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინე ჟაკ ლურტონის ცხოვრებისეული გაკვეთილები

პრესტიჟული ინტერნეტ გამოცემა  Club Oenologique ფრანგ მეღვინე ჟაკ ლურტონთან ინტერვიუს აქვეყნებს. იგი მკითხველს თავის გამოცდილებასა და საყვარელ საქმიანობაზე, ასევე მამასთან, ანდრე ლურტონთან ურთიერთობასა და მუშაობის პროცესზე უყვება. ანდრე ლურტონმა ბორდოში ის მეღვინეობა დააარსა, სადაც ახლა მისი ვაჟები განაგრძობენ მუშაობას. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მსხვილი მეღვინეობაა ბორდოში, რომელმაც თავად ამ რეგიონის ღვინის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ჟაკ ლურტონი მეღვინეობას 2019 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, ჩაუდგა სათავეში. ოჯახურ ბიზნესთან ერთად, მას მემკვიდრეობით „დიდი მოლოდინებიც“ ერგო, რომელიც  ცნობილ გვართანაა დაკავშირებული - „თუ ლურტონი ლაპარაკობს, ხალხი უსმენს. ამიტომ, ყველა ელოდება ჩემს აზრს. მაგრამ ეს არ არის ჩემი გზა: მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია ბორდოსთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ ანდრე ლურტონის შვილი ვარ, ჩემს აზრს გავლენა აქვს. მაინტერესებს ცხოვრება უფრო ადვილი იქნებოდა თუ არა, სხვა გვარი რომ მქონოდა.“

მისი საიდუმლო ძალა და მთავარი უნარი, როგორც ინტერვიუში ამბობს, სხვების მოსმენაა - „არ შეიძლება შეხვიდე ღვინის საწარმოში და უბრალოდ შენი მოსაზრება დააფიქსირო. ყველას უნდა მოუსმინო და გაიგო რას რატომ აკეთებენ. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ცვლილებების შეტანა, საკუთარი აზრის სხვებისთვის თავზე მოხვევის გარეშე“. ლურტონს ღვინის კონსულტანტად ათეულობით რეგიონში უმუშავია.

ლურტონმა, რომელიც 62 წლისაა, ბორდო ახალგაზრდობაშივე დატოვა და ავსტრალიაში ღვინის კონსულტანტად სამუშაოდ გადავიდა. 1985 წელს მამასთან დაბრუნდა, კომპანიის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე. ამ დროისთვის უამრავი ინოვაციური იდეა ჰქონდა, მაგრამ მამის ყველაფერში დარწმუნებას ვერ ახერხებდა. „ეს პარადოქსული ჩანდა. მამაჩემი ძალიან თანამედროვე იყო, კომპანია ახალი ტექნოლოგიების სააზროვნო ცენტრად აქცია,  ამავე დროს ტრადიციის საოცარი დამცველი იყო.“

ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს მშვიდად ყოფნა არ ახასიათებთ. 1990-იანი წლებში ჟაკმა და მისმა ძმა ფრანსუაზმა შექმნეს მათი სახელობის JFL ბრენდი, ყიდულობდნენ მამულებს საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და სამხრეთ ამერიკაში. ჟაკმა თავისი აქციები კომპანიაში 2006 წელს გაყიდა, რათა კონსულტაციებზე კონცენტრირებულიყო. ახლა  დაკავებულია ინოვაციური წამოწყებებით, დაწყებული აქვს სემიიონისა და კაბერნეს ფრანის მოშენება, რომელიც განსაკუთრებით შეუყვარდა ლუარაში კონსულტანტად მუშაობის დროს.

 როგორც თავად ამბობს, ფრანგული სისტემის მიერ შეთავაზებული შეზღუდვები ძალიან არ უყვარს. მას, რა თქმა უნდა, სჯერა ტერუარის მნიშვნელობის, რომ საფრანგეთის რეგიონებისთვის, ღვინის კონკრეტული ჯიშები უფრო შესაფერისია, თუმცა ასევე ამბობს -  „ამაში ძალიან ბევრი წესი გვაქვს, ჩვენ არ შეგვიძლია ვაზის ჯიშების ერთმანეთში შერევა, ერთი რეგიონიდან მეორეში გადასვლა, შაქრის დამატება... ეს ძალიან მიუღებელია, რადგან ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს, კონკურენცია გავუწიოთ დანარჩენ მსოფლიოს.“

ყველაფრის შეცვლის სურვილის მიუხედავად, აშკარაა, რომ ლურტონი თავის ფესვებს დაუბრუნდა, ჯერ კიდევ ფლობს ქონებას ავსტრალიაში, თუმცა მაინც ბორდოში რჩება. ასევე, აქვს ჰობი - დრამზე დაკვრა.

ბავშვობაში რა მიზნები გქონდათ?

12 წლამდე მინდოდა მღვდელი ვყოფილიყავი, საკმაოდ რელიგიური ვიყავი, თუმცა შემდეგ გადავიფიქრე. ძალიან მინდოდა ფერმერობა, ყოველთვის მიზიდავდა სოფელი, მიწა, ცხოველები და მცენარეები, თავს ყოველთვის ფერმერად მივიჩნევდი.

ვარჯიშობთ?

ველოსიპედი მყავს და ჩოგბურთს ვთამაშობ.

რა არის ხასიათის თვისება, რომლის საკუთარ თავში შეცვლასაც ისურვებდით?

ხანდახან მინდა ნაკლებად ხისტი ვიყო.

სადმე რომ შეგეძლოთ ცხოვრება, სად იქნებოდით და რატომ?

ვიცხოვრებდი კენგურუს კუნძულზე, სამხრეთ ავსტრალიაში. განმარტოება და თავისუფლება მიყვარს, რომელსაც ეს ადგილი მთავაზობს. ჩვეულებრივ, იქ წელიწადში ერთხელ ჩავდივარ, 2020 წლის მარტის შემდეგ არ ვყოფილვარ და წელს დაბრუნებას ვგეგმავ.

სხვა საქმის კეთება რომ შეგეძლოთ, რა იქნებოდა?

პროფესიონალი დრამერი ვიქნებოდი. ჯგუფში როკ-ენ-როლს ვუკრავ - არ ვარ შესანიშნავი დრამერი, თუმცა ყოველ ოთხშაბათს ვიკრიბებით. Turnover-ს გვეძახიან, იმიტომ კი არა, რომ ამდენ ფულს ვშოულობთ [იცინის], შემადგენლობას სულ ვიცვლით, ჩამოყალიბება გვიჭირს.

რა არის ისეთი, რისი მიღწევაც გსურთ და ჯერ არ მიგიღწევიათ?

ავსტრალიაში გასტროლები მინდა.

რა არის თქვენი საიდუმლო ნიჭი?

მოსმენა. როგორც კონსულტანტმა უნდა მოუსმინო ყველას და გაიგო, რატომ არის ყველაფერი ისე, როგორც არის და რატომ ვერ შეცვლი მათ ერთ დღეში; შემდეგ შეგიძლია წარმოიდგინო ის, რისი გაკეთებაც გსურს, საკუთარი იდეების თავზე მოხვევის გარეშე. მე მომწონს ფსიქოლოგია,  ადამიანების გონებაში შეღწევა. საქმის კეთებისას სიმარტივეს ვაფასებ. რაც შეეხება ადამიანებს, ცოტა სირთულე მიზიდავს.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

40 წლით უმცროსი რომ არ ვარ.

რომელია თქვენი საყვარელი გადაცემა, სატელევიზიო პროგრამა ან პოდკასტი?

გვირგვინი (Netflix).

რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი ქონება?

ჩემი ძველი ფოტოები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული