Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯერ გლეხი უნდა გავხდე - თაკო ჟურულის ბლოგი

თან რომ გიყვარს და თან რომ გძულს - ნეტა ეს რას ნიშავს? როგორ ბრძანდებით-მეთქი, დილით მეზობელს რომ ვკითხავ კახეთში, მიპასუხებს: - უი, ნეტა გადაიწვებოდეს ყველა ვენახი. მეჯავრება, შვილო, სოფელი მეჯავრება. ღმერთმა ყველას დაუფაროს! წამებაა, წამება!

საღამოს კი, იგივე ქალი მოვა და: - ახლები რო გადმოვიდნენ, იცნობ მაგათ? მიდი, შვილო, უთხარი, ცოდოა ის ვენახი, სულ ნუ გაავერანეს, კაცო, მიხედონ!
ხოდა, ვიბნევი, რა ჰქვია ამას? ერთისგან რომ მომესმინა მხოლოდ, არ დავწერდი, ცხადია. მაგრამ სულ ასეთი წინააღმდეგობებია ჩვენსკენ.
ძალიან მწყდება გული. "ნუთუ ვერ ხედავენ რა სიმდიდრის პატრონები არიან?" - ვეკითხები თავს.

თვეში ერთხელ შეესევა ჩალისქუდიანი, დაქირავებული ქალების გუნდი სოფლის ვენახებს, "ჩაუტარებენ მწვანე ოპერაციას" და ასე, ერთი შეხედვით, მოვლილსა და დავარცხნილს დიდი ხნით დატოვებენ მარტო. არადა ოდესღაც მათივე წინაპრებმა თქვეს, შეხვალ ვენახში შემოგყვება, გამოხვალ გამოგყვებაო, და მათ წიაღში ითქვა ეს: "ვაზო შვილივით ნაზარდო, ულვაშებ გადგიგრეხია". ახლა კი პლასტმასის თოჯინასავით ვაზებს რაღაც საშინელებადასხმული ბალახი სპილენძისფერი ხალიჩასავით უგია ფეხქვეშ, ბალახი არც კვდება და არც რჩება, სოფელივით.
ქვევრები? უმეტეს ოჯახებში უქმადაა. დაქვრივებულია. ვერ უვლიან ქვევრებს, გული არ მოსდევთ, რომ რეცხონ და აცოცხლონ ეს ჭურჭელი. არც აინტერესებთ, ახლა იაფი ლუდია პრიორიტეტი ჩვენკენ. თან აუცილებლად 2-ლიტრიანებს ეზიდებიან, ნაკლებს არა. ღვინო კი, ძირითადად, დგება პლასტმასის კასრებში და ბეტონის ავზებში.არიან, ასე ვთქვათ, ყოჩაღი ოჯახებიც, ინტერესითა და სითამამით გამორჩეულები, ძლიერები, ასეთებს ხასიათი აქვთ, იმედი და სიჯიუტე. თუმცა საერთო ფონზე, გამონაკლისად ჩანან.

არ ვიცი, რანაირად ხდება, რომ ათწლეულები გადის, ცხოვრება გავიდა, მაგრამ ქართულ სოფელში, კერძოდ, კახურ სოფელში დრო არ იძვრის, საერთოდ არ იძვრის, ყველაფერი გაჩერებულია, გაყინულია აქ, არასწორად გავლილი გზებია, თითქოს ვიღაც, ვიღაც კი არა, საერთოდაც ყველა გლეხის წინსვლის წინააღმდეგია, თითქოს არასდროს არავინ არ მოისურვა ამ ხალხის დახმარება და ჩვენი გლეხი მსოფლიო პროცესების მიღმა განგებ დატოვეს. მსოფლიო წინ მიდის, სოფლები დროს მიჰყვებიან, ვითარდებიან, ჩვენ კი ვდგავართ ლუდით ხელში, მცხუნვარე მზის ქვეშ, მოტყუებულები და ყველა და ყველაფერი ნერვებს გვიშლის, ყველას დამნაშავედ ვთვლით ჩვენ წინაშე. და იქნებ არიან კიდეც დანაშავეები? არ ვიცი. მხოლოდ იმას ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა-მეთქი ასეთი სურათი მიგვეღო, როგორ შეიძლებოდა ასეთ მდიდარ მიწებზე, სავსე მიწებზე მოსახლე ხალხი, რომელსაც ცოდნაც ჰქონდა და გონიერებაც, ვერ მორეოდა ცხოვრებას?

გგონიათ არ იციან საქმე? 

ერთ არაჩვეულებრივ წიგნში აი, რა წავიკითხე იტალიელ ოჯახზე: "ასეთი ჯიშისანი იყვნენ, სისხლში მიწა და სიმაძღრის სურვილი ჰქონდათ, ბარაქა და სიუხვე უყვარდათ. ზოგს, - ღვინის, ხორბლის, ხორცის, ზოგს – ქალებისა და ფულის. პაპა თუ თოხნიდა და მიწაზე ოფლს ღვრიდა, შვილებმა გვერდი იცვალეს და არხეინი ცხოვრება არჩიეს. მაგრამ სორ მატეოს ახლაც თვალის ერთი შევლებით შეეძლო ეთქვა, რა გამოსავლიანობის იყო ვენახი, რამდენ ტომარა ხორბალს მოიწევდა ყანა და რამდენი ნაკელი უნდოდა მინდორს..." ჩვენებიც ასე არიან. ეს საერთო ამბავი, საყოველთაო გამოცდილებაა ალბათ, მსოფლიოში უამრავ სოფელს გამოუვლია, გამოუცდია დროის გაჩერება. ჩვენშიც ასეა - სხეულიდან სხეულს და სიცოცხლიდან სიცოცხლეს გადაეცემა საუკუნეების გამოცდილება, მიწის, მზის და ამინდის ცოდნა. ალბათ ეს არის პასუხი ჩემს გაკვირვებაზე, მეზობლის ქალი ერთდოულად რატომ ლანძღავს და თან რად უყვავებს თავის ვენახს-მეთქი... ალბათ იმასავითაა, დედები ყველაზე დაუნდობლად შვილებს რომ ამუნათებენ და იმავე დროს სოცოცხლესაც დათმობენ მათთვის.

მოკლედ არ ვიცი, დავიწყე და ვეღარ ვამთავრებ, ჩვენი სოფლის ცხოვრებასავით მოუწესრიგებლად მოვყევი ამბავს. ძალიან განვიცდი გლეხების უმრავლესობის ჰაერში გამოკიდებულობას, მათ უსასოობას, გაღიზიანებას, ვიტყოდი, ბოღმას. მაგრამ როგორც იმავე იტალიურ წიგნში, ზემოთ რომ ვახსენე, ერთი სოფლის მცხოვრები ამბობს: სანამ გლეხობაზე ილაპარაკებ, "ჯერ გლეხი უნდა გახდე".

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული