Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გვალვით ჩამწარებული რთვლის მოლოდინი

ჯიმშერ რეხვიაშვილი

ორიოდე დღის წინ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ გურჯაანში გახსნა რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და ჩაბარებულ ყურძენს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ბაზაში აღრიცხავს. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ფიზიკური პირები კვლავ მიიღებენ სუბსიდიას, თუმცა შემცირებული მოცულობით - ყოველ კილოგრამ რქაწითელსა და მწვანეზე 35 თეთრს, ხოლო საფერავზე - 15 თეთრს, თუმცა რთვლის მოახლოებით გამოწვეულ საზეიმო განწყობას მნიშვნელოვნად ანელებს ძლიერი გვალვა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ორ თვეზე მეტია გრძელდება. რა გეგმებითა და განწყობით ხვდებიან რთველს ქართველი მეღვინეები და მევენახეები?

73 წლის გიორგი კალმახელიძეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში ერთი ჰექტარი ვენახი აქვს გაშენებული. ყურძნის ჩაბარება-გაყიდვა მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუმცა, ვენახის მოვლაზე გაწეული ხარჯებისა და უამინდობის გამო, გიორგი კალმახელიძე წლევანდელ რთველს ენთუზიაზმის გარეშე ხვდება:

„გაზაფხულიდან მოყოლებული, ნალექის ნაკლებობა იყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში კი საერთოდ არ მოსულა ნალექი. არადა, ვაზს ხომ სჭირდება ნესტი? რომ ვერ იღებს, ზოგი ხმება, ზოგი კი ვერ ამსხვილებს მტევნებს... მოსავალი შემცირდება საგრძნობლად. 1 ჰექტარზე თუ უნდა მოსულიყო, მაგალითად, 6 ტონა, მოვა, ალბათ, 3 ტონა ან ნაკლები“.

თუმცა გიორგი კალმახელიძე მაინც იმედოვნებს, რომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი ისეთი იქნება, რომ გაწეული ხარჯის - 1500-მდე ლარის - ანაზღაურებას მაინც შეძლებს:

„1 ლარზე ნაკლები თუ იქნა ჩაბარება, არაფერი არ დამრჩება. თან, არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება ეს გვალვები“.

უამინდობის მიუხედავად, ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ 2014 წელს ყურძნის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 126 ათასი ტონას მიაღწევს.  ამასთან, 96 ათას ტონამდე რქაწითელი იქნება, ხოლო 30 ათასამდე ტონა - საფერავი. ცნობისთვის: 2013 წელს საქართველოში 90 ათასამდე ტონა ყურძენი მოიკრიფა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის თქმით, წელს სუბსიდიის მოცულობა შედარებით ნაკლები იქნება:

„ეს არის 35 თეთრი რქაწითელსა და მწვანეზე, საფერავზე კი 15 თეთრი. ეს არის ის კომპენსაცია, რომელსაც სახელმწიფო გაიღებს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ყურძენს ჩააბარებენ ღვინის ქარხნებში. ანუ ღვინის კომპანია რომ მიიღებს ყურძენს ფიზიკური პირისგან, წარმოადგენს გადახდის დამადასტურებელ საბუთს და ამის სანაცვლოდ ჩვენ მივცემთ თანხას, რომელიც ის დანამატი და კომპენსაციაა, რომელიც შედარებით მაღალ ფასს უზრუნველყოფს“, უთხრა ლევან დავითაშვილმა რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება ქარხნებში ჩასაბარებელი ყურძნის ფასს, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ამ საკითხზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. როგორც ერთ-ერთი მსხვილი ღვინის ქარხნის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ფასის განსაზღვრისთვის საჭიროა რეალური ბალანსის დადგენა მოთხოვნა-მიწოდებას შორის, რაც რთვლის დაწყებამდე ვერ მოხერხდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის კომპანიების მიერ წარდგენილი წინასწარი განაცხადების თანახმად, რქაწითელზე მოთხოვნა 60 ათასი ტონა, ხოლო საფერავზე 50 ათასი ტონაა. ამასთან, დაახლოებით 10 ათასი ტონა რქაწითლის გადამუშავებას აპირებენ სახელმწიფო კომპანიები, მათ  შორის, „გრუზვინპრომი“, რომლის წარმომადგენელი დავით თოფურიძე ამბობს, რომ „კომპანია მზად არის წუნდებული ყურძენი ჩაიბაროს 10-მდე არენდირებულ ქარხანაში, ყურძნისგან კი გაკეთდება კონცენტრატად ან ბრენდის სპირტად“.

თუმცა, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო კომპანიების მიერ ჩაბარებული ყურძნის მოცულობაც ამინდზე იქნება დამოკიდებული - მით უფრო, რომ ლაგოდეხის მსგავსად, უამინდობისა და ვენახის მდგომარეობის გამო ჩივიან მეზობელ გურჯაანის რაიონშიც, სადაც კომპანია „ჩვენ ღვინოს“ კარდენახსა და ბაკურციხეში 5 ჰექტარზე საფერავი, რქაწითელი, მანავის მწვანე და ხიხვი აქვს გაშენებული. კომპანიის დამფუძნებლის სოლიკო ცაიშვილის თქმით, ბუნებრივია, რომ გვალვამ განსაკუთრებით დააზიანა ურწყავი ტერიტორიები.

„ვენახი გაფუჭდა საშინელი გვალვის, სიცხისა და ღამის ცხელი ქარების შედეგად. ჯერ დამწიფებული არ იყო, რომ ყურძენი მოიხარშა და მჟავე ჩამიჩები ჰკიდია ვენახს. რა უნდა გაკეთდეს? სარწყავი სისტემა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც. გლეხები, რომლებიც ორიენტირებული არიან დიდ მოსავალზე, დაიწყებენ ამ ტერიტორიების ინტენსიურ მორწყვას, რაც ამ ადგილებს მთელ ხიბლს დაუკარგავს და ხარისხიანი ღვინის დაყენება გახდება შეუძლებელი“, უთხრა სოლიკო ცაიშვილმა რადიო თავისუფლებას.

სოლოკო ცაიშვილის თქმით, შექმნილი ვითარებიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა დაზღვევის ეფექტიანი სისტემის შექმნა, მაგრამ სადაზღვევო კომპანიები თავს იკავებენ გვალვისგან მოსავლის დაზღვევაზე. რაც შეეხება სუბსიდიების შემცირებას, სოლიკო ცაიშვილი ამბობს, რომ სუბსიდიის მოცულობა მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ გლეხებისთვის, რომლებიც ღვინის დაყენებას ყურძნის ჩაბარებას ამჯობინებენ:

„თუმცა ეს აფერხებს გლეხის გადასვლას (როგორც იყო კიდეც ისტორიულად) ღვინის დაყენებაზე და თავისი ღვინის კეთებაზე. ეს ბევრად უკეთესია, მით უმეტეს ისეთ ადგილებში, როგორიც არის კარდენახი, ანაგა, ვარდისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და ა.შ. რა თქმა უნდა, ჯობია, რომ გლეხმა აღადგინოს  ღვინის დაყენების ეს ტრადიცია და არა ყურძნის გაყიდვის, რომელიც მუდმივად მონის მდგომარეობაში ამყოფებს ამ ადამიანებს, რომლებიც სულ მუდამ შიშის ქვეშ არიან, რამდენად ჩაიბარებენ, ჩაიბარებენ თუ არ ჩაიბარებენ და ა.შ.“.

სუბსიდიის მოცულობის თანდათანობით შემცირებას უჭერს მხარს ღვინის ეროვნული სააგენტოც, რომლის თავმჯდომარის ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო სუბსიდია წლიდან წლამდე შემცირდება და, ბოლოს, საერთოდაც გაუქმდება. ცნობისთვის: შარშან რქაწითელზე სახელმწიფო სუბსიდია 40 თეთრი, ხოლო საფერავზე 25 თეთრი იყო, წელს კი მისი მოცულობა, შესაბამისად, 35 და 15 თეთრამდე შემცირდა.

© radiotavisupleba.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული