Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაიცანით მეღვინე პაატა ლაშხია სოფელ სალხინოდან

ლევან სეფისკვერაძე
ვაგრძელებთ პროექტ „ღვინის სოფლის“ ბენეფიციარების საზოგადოებისთვის გაცნობას. როგორც იცით, ამ პროექტში ძირითადად დამწყები მევენახე-მეღვინეები არიან ჩართული. პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ლექცია-სემინარები სამიზნე ორ რეგიონში (სამეგრელო და გურია) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.
პროექტის პარტნიორია სასტუმრო „მარტვილი პალასი“ - სამეგრელოში და „მენაბდის მარანი“ - გურიაში, ასევე ღვინის მაღაზია-ბარების ქსელი „8000 მოსავალი“.

7 დეკემბერს პროექტის სამუშაო ჯგუფი პაატა ლაშხიას ვენახს და მარანს ეწვია. პაატა ლაშხიამ მევენახეობით ცნობილ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ოჯალეშის ვენახები სულ 3-4 წელია რაც გააშენა. „ლაშხიების მარანში“ ძირითადად მშრალი ოჯალეში დგება. ვენახებს ბუნებრივი მევენახეობის წესების დაცვით უვლიან. ლაშხიები  წელს ღვინის ტურიზმშიც ჩაებნენ და მარანში როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს იღებენ, რომლებსაც ღვინის გარდა ცნობილი მეგრული კერძებითაც უმასპინძლდებიან.

პაატა ლაშხია, „ლაშხიების მარანი“: „ეს სოფელი სალხინოა, რომელიც ისტორიულად ცნობილი იყო ოჯალეშის ვენახებით. ჩემს კარ-მიდამოშიც, შესაბამისად, რაც თავი მახსოვს, ოჯალეში ყოველთვის იყო გაშენებული. თუმცა შემდეგ იყო წყვეტა და 3-4 წელია რაც განვაახლე ეს საქმე, ახალი ვენახი ჩავყარე და მევენახეობა-მეღვინეობას მივყავი ხელი. ოჯალეშისგან წითელ მშრალ ღვინოს ვაწარმოებ და აქვე მარანში მოსულ სტუმრებს ვთავაზობ.

უახლოეს მომავალში ძალიან მინდა გავაშენო ორი თეთრი ადგილობრივი ვაზის ჯიში - ეგუძგური და მაჭყვადინა. სამწუხაროდ ეს ჯიშები მივიწყებულია და მათი განახლება არც ისე ადვილია. სასიხარულოა, რომ სამეგრელოში დაიწყო ძველი ვაზის ჯიშების მოძიება და გამრავლება. მეც მინდა ამ სასიხარულო ტენდენციას ავუწყო ფეხი.

- 2022 წლის რთველმა როგორ ჩაიარა?
- წელს რთველი საკმაოდ გვიან, 1 დეკემბერს ჩატარდა. შაქრიანობა 24% მდე იყო და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა. 2022 წელი სალხინოსთვის ზოგადად ნორმალური იყო. გვალვამ ცოტა დაგვაზარალა, თუმცა ჩვენ ბიო მეურნეობას ვეწევით, ვენახში ბალახი გვაქვს გაშვებული და ამან ვენახი გადაარჩინა. ვენახს მხოლოდ ბორდოს ხსნარით და გოგირდით ვწამლავ, რაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩემი ვენახი მთლიანად „ბიოა“.

- რამხელა ვენახი გაქვთ და რა რაოდენობის ღვინოს აყენებთ?

- ახლა გაშენებული მაქვს 1200 ძირი ოჯალეში, რომლის მოსავლიანობა დაახლოებით 1.5 ტონაა. ყურძენი იკრიფება და იწურება უჟანგავი ფოლადის ავზებში. აქედან საბოლოო ჯამში დაახლოებით 800 ლიტრამდე მშრალი ოჯალეში გამოდის. ეს ცხადია არაა დიდი რაოდენობა, მაგრამ თუკი მთელი სამეგრელოს მასშტაბით ბუნებრივად მოვლილი და დაყენებული ოჯალეშის სიმცირეს გავითვალისწინებთ, დასაწყისისთვის არ უნდა იყოს ცუდი. უახლოეს მომავალში არა, თუმცა სამომავლოდ ვაპირებ ქვევრების შეძენასაც. ახლა ვსწავლობ ამ უნიკალური და უძველესი ქართული საღვინე ჭურჭლის შესაძლებლობებს, რაშიც „ღვინის სოფლის“ ლექციები ძალიან მეხმარება.

- სოფელ სალხინოს მევენახეობა-მეღვინეობაზე რა გვეტყვით?

- სალხინოში დღეს ვენახი და მარანი სულ 3-4 ადამიანს ექნება. ადგილობრივები ყურძენს ძირითადად დიდ კომპანიებს აბარებენ ხოლმე. კილოგრამი ოჯალეშის ფასი ბოლო წლებში სტაბილურად 10 ლარამდეა. ეს ნორმალური ფასია საიმისოდ, რომ თანდათან უფრო და უფრო მეტი ადგილობრივი დაინტერესდეს ვაზით და მეღვინეობით.

- როგორც ვიცით ტურიზმითაც ხართ დაინტერესებული და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებსაც მასპინძლობთ...

- ასე გამოვიდა, რომ მეღვინეობას მიება ღვინის ტურიზმიც. ვიღებთ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ჩვენს მარანში სინჯავენ ღვინოს და ეცნობიან მეგრულ ტრადიციულ სამზარეულოს. სპეციალურად სტუმრებისთვის ავაშენე ვერანდა, საიდანაც სამეგრელოს ლამაზი ხედები იშლება და იმედი მაქვს, რომ ესეც დამატებით მოიზიდავს ხალხს.
სტუმრებს ასევე ვთავაზობთ ყურძნის ჭაჭას, რომელიც სხვათაშორის ბევრს მოსწონს. წელს არსებულმა გარემოებამ მოითხოვა, რომ მეგრული კერძებიც შეგვეთავაზებინა ტურისტებისთვის. მანამდე ისე ხდებოდა, რომ  ხალხი ჩვენთან ღვინის გასასინჯად მოდიოდა და სადილად სხვაგან უწევდათ წასვლა. ეს სიტუაციას ართულებდა და არ გამოდიოდა კარგად. ამიტომ გადავწყვიტეთ სტუმრებისთვის ცნობილი მეგრული კერძებიც შეგვეთავაზებინა.

- ამ ყველაფერს მხოლოდ თქვენ უძღვებით?

- საქმეს ძირითადად მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებთ. შვილები ჯერ პატარები მყავს, თუმცა ვცდილობ ისინიც დავაინტერესო მევენახეობა-მეღვინეობით, რადგან იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს სწორედ ისინი გააგრძელებენ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.