სტატია გამოქვეყნდა: ქვარიანი, ს. ფილოქსერა და ამერიკული ვაზების სანაშენონი // კვალი. – 1897. – N 40. – გვ. 718–721.
„უსათუოდ ყველას მოგეხსენებათ თუ რა დიდი ზარალი ვაზისა მოახდინა, მეტადრე იმერეთში, პაწაწა მწერმა ფილოქსერამ. სადაც კი იჩინა თავი ამ საშიშმა მწერმა, ყველგან მოსპო და გაახმო ვენახები და ზვრები, ყველგან შეასუსტა, ან დასცა კიდეც სრულიად, სოფლის მეოჯახეობა. ეს ოცდა ათი წელიწადია გაჩნდა ევროპაში ეს სენი, ოცდა ათი წელია ებრძვის განათლებული ევროპა ამ პაწია მწერს, იგონებს ათას გვარ საშვალებას, ხარჯავს ათობით მილიონ ფრანკებს; მაგრამ ყველამ ამაოთ ჩაიარა: ფილოქსერის წინააღმდეგ ჭეშმარიტი წამლობა ჯერ არაა მოგონილი. თუმც არსებობს ეგრეთ წოდებული გოგირდიანი ნახშირ-თავა (Сернистый углеродъ). გოგირდ-ნახშირ-თავა კალი და სხვ. (серо угле-родистый кали). მაგრამ ამაებით წამლობა ფრიად ძვირათ ჯდება და ხშირათ არაფერ კარგ შედეგს არ იძლევა; ჩვენში თითქმის მავნებლობაც მოიტანა, როგორც დაამტკიცა ექსპერტ ვლ. სტაროსელსკის 3-4 წლის ცდამ იმერეთში. ფილოქსერა კი ვრცელდება საოცარი სისწრაფით და მის მძვინვარებას არა აქვს საზღვარი. მარტო საფრანგეთში მოსპო ხუთ მილიონამდე ქცევა ვენახი და მისცა ხალს 15 000 მილიონი ფრანკი ზარალი. თუმცა ეს 7-8 წელიწადია, რაც ეს მწერი გაჩნდა იმერეთში (პირველათ იგი აღმოაჩინეს 1889 წელს ს. ალისუბანში), მაგრამ ამ ცოტა ხანშიც მოედვა თითქმის მთელ ქუთაისის გუბერნიას, მიუხედავათ „სასტიკი“ კარანტინის და საფილოქსერო დასებისა გადვიდა რაჭა-ლეჩხუმში და ამ ორ-სამ წელში იჩინა თავი გორის მაზრაშიაც.
თუმცა ამ თავითვე დაარსდა ჩვენში საფილოქსერო დასთა მთელი ლაშქარი, მათი ეკსპერტებით, მაძიებლებით, ლებჩიკებით, მუშებით და სხ., თუმცა რვა წელიწადია ეს ვაჟბატონები იწურებიან ოფლში, ეძებენ და ებრძვიან ფილოქსერას, თუმც იმათზე ასი ათასი მანეთი იხარჯება ყოველ წლობით, მაგრამ ეს პაწია მწერი თითქო დასცინის მათ, იბრძვის გალეღებით, ვრცელდება ირგვლივ და იძენს ახალ ზვრებს, ახალ სამფლობელოებს. მარტო იმერეთში ჯერ ხანათ მოახდინა 3-4 მილიონი მანეთის ზარალი, ვინ მოთვლის რამდენ გლეხის ოჯახს უღვრია ცრემლები, რამდენი მუშა დაუტოვებია გულმდუღარე!
მაშ რა ვუშველოთ ამ საშიშ ფილოქსერას, რითი ვიხსნათ მისგან ვენახები? იკითხავს მკითხველი. შველა შესაძლებელია, ოღონდ მხნეობაა საჭირო. ჩვენ უნდა გადავხედოთ ისევ ევროპას, მეტადრე კი საფრანგეთს და ავიღოთ მისგან მაგალითი. რითი იხსნა მან თავი, რითი განაახლა კვლავ და ააძიძინა შვენიერი ზვრები? მხოლოთ ამერიკული ვაზებით. რა კი დარწმუნდა საფრანგეთი წამლობის სიძვირეში და უვარგისობაში, მაშინვე შეუდგა სხვა გზას. ამ გზამ დაანახა ამერიკა, სადაც უხსოვარ დროიდან არსებობენ ვაზი და მასთან ფილოქსერა. ადვილათ მისახვედრია, რომ უსათუოთ იქ უნდა ყოფილიყო ვაზები, რომლებიც უძლებდენ ფილოქსერას, წანააღმდეგ შემთხვევაში მოისპობოდა მთელი ვენახები. მართლაც აღმოჩნდა იქ რამდენიმე ჯიში ვაზისა, რომელსაც ვერას აკლებს გაუმაძღარი ფილოქსერა. წამოიღეს ამ ვაზების ლერწები ამერიკიდან და დაუწყეს საფრანგეთში საოცარი სისწრაფით მოშენება, ეს ოცი წელიწადია, მაგრამ მალე დარწმუნდენ, რომ მოქცეულან წინდაუხედავათ. ჯერ ერთი ემერიკული ვაზები თხოულობენ თურმე განსაკუთრებით თავისებურ მიწას, და თუ შეუფერებელ მიწაზე დაირგო მალე სნეულებიან და ხმებიან, რაიცა მოხდა ბევრ ალაგს საფრანგეთში და დაღუპა ისეთაც განადგურებული მუშა მემამულენი. ის თავის-თავათ თითქმის არ იძლევიან ნაყოფს და რასაც ისხმენ, მისგანაც ფრიად მდარე, მყრალი ღვინო დგება. ამის ასაცილებლათ ერთათ ერთი საშვალებაა: ამერიკულ ვაზებზე ადგილობრივი ვაზების დამყვნა.
საფრანგეთის განათლებულმა ერმა ადვილათ სძლია ამ დაბრკოლებას. ამ ათი წლის წინათ საფრანგეთის გამოჩენილი სპეციალისტები და მეცნიერნი, მაგ. ვიალა, რავაზ, φოექს, ბილარდე, განზენი, კროლა, პიულია, მარტინო და სხ. შეუდგენ ამ საქმეს. ბევრი მათგანი წავიდა ამერიკაში, შეისწავლა ამერიკული ვაზების ბუნება, მათი ფილოქსერის საწინააღმდეგო თვისებანი, შეიგნო თუ რა და რა მიწაზე ვარგობს სხვა-და-სხვა ჯიში, შეისწავლეს მათზე ფრანგული ვაზების ადვილი დამყვნა, ადვილათ გახარება და მოშენება, დააქორწინეს ადგილობრივი ვაზები ანუ ჰიბრიდები, გამოსცეს ამის შესახებ აურაცხელი წიგნები, მეტადრე კი საფილოქსერო შკოლებით და აურაცხელი სანამყენო-სანაშენოებით. ხალხს აჩვენეს ცოცხალი მაგალითები, აუხსნეს და შეაგნებინეს ამერიკული ვაზების დამყვნა-მოშენება და ამ გვარათ აღადგინეს დაცემული მევენახეობა. დღეს საუკეთესო გამძლე ამერიკულ ვაზებათ ითვლებიან ჯიშნი: როპარია, რუპესტრის, სოლონისა, ბერლანდიერი, ვიალა და მრავალი ჰიბრიდები. აი, ამ ჯიშებზე დამყვნილია ადგილობრივი ვაზები და მოშენებულია საფრანგეთში ამ 7-8 წელიწადში ორ მილიონ-ნახევარი ქცევა ვენახი. ყოველ წლობით 120-150,000 ქცევა ვენახი შენდება. ამ გვარათ დამყნილი და მოშენებული ვაზები შვენივრათ უძლებენ ფილოქსერას, ისხმენ კარგათ, მწიფდებიან თანაბრათ და იძლევიან უფრო უკეთეს, მაგარ, ფერადოვან და სურნელოვან ღვინოს, ვინემ პირდაპირ დაუმყვნელი, ევროპული ვაზები, როგორც დაამტკიცეს პიულიამ, გიეიომ, ვიალამ და სხ. საფრანგეთს წაბაძეს სხვა ევროპის ერებმა და დღეს ყველგან მხოლოთ ამერიკული ვაზებია ცნობილი ერთათ ერთ საშუალებათ ფილოქსერის წინააღმდეგ. მხოლოთ მათ აშენებენ ყველგან, ადგენენ დაცემულ მევენახეობას და პატიობენ თავს საზარელ მწერისაგან.
ამას შემდეგ რაღა დაგვრჩენია ჩვენ? ჩვენც დროა განვფანტოთ უმეცრების ბურუსი, გავახილოთ თვალი და ვისარგებლოთ საფრანგეთის საოცარ მაგალითებით და გამოცდილებით. ჩვენც ვცნოთ ამერიკული ვაზები ერთათ-ერთ საშვალებათ, და დავიწყოთ მათი მოშენება, მათზე ჩვენი ვაზების დამყვნა და მით ვებრძოლოთ, მით გადვირჩინოთ თავი ფილოქსერისაგან. სამწუხაროთ ჩვენი საფილოქსერო კომიტეტი თავის დასებითურთ იმ თავითვე დაადგა მცდარ გზას, ვერა სცნო თავიდანვე ამერიკული ვაზების დიდი მნიშვნელობა, ამიტომ თითქმის ერთი მილიონი მანათი (რომელიც მთავრობამ გამოიღო ფილოქსერის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, ე. ი. წელიწადში, თითქმის ასი ათასი მანათი) დაიხარჯა, თითქმის ტყუილ-უბრალოთ, მაშინ როდესაც ამოდენა ფულით ბევრი რამ გაკეთდებოდა ჩვენში და არ დაიღუპებოდა ასე მთელი იმერეთი. იმ ფულით შეიძლებოდა გაგვეგზავნა მომზადებული ყმაწვილ-კაცობა საფრანგეთში, სადაც პრაკტიკულათ გაეცნობოდენ ვაზის კულტურას და დამყნას, ჩვენშიაც გაავრცელებდენ ამაებს და შეასწავლიდენ ხალხს, თან შეიძლებოდა ამერიკული ვაზების მეტად ბევრი ლერწის გამოწერა და უფასოთ დარიგება ხალხში. ამით ჩვენი საქმე ერთი ათათ წინ იდგომებოდა, მაგრამ ჩვენი ბატონი ფილოქსერისტები მაშინ მარიონის და ჰორვატის თაყვანის ცემაში იყვენ, რომლებიც მობრძანდენ კიდეც ჩვენში და გვიქადაგებს: მოსპეთ ვენახები (ე. ი. მიანებეთ ვენახები ფილოქსერას) და კაპერცა და გვირილა ბალახი მოაშენეთ, კარგია, ბაღლინჯოებს კლავსო.
თვით ამ სტრიქონების დამწერმა კიდევ 1892 წელში რამდენჯერმე წარმოთქვა ბეჭდვით და აღიარა ამერიკული ვაზები ერთათ–ერთ საშვალებათ ფილოქსერის წინააღმდეგ. მაგრამ ესეც დარჩა ხმათ მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ეს ვაჟბატონები თავისუფლათ ფლანგავდენ ფულს და მოქმედებდენ 1884–95 წლამდე, სანამ სამეურნეო საქმეთა მინისტრმა ბ. ერმოლოვმა კავკასიაში მობრძანების დროს არ დადვა მათ მოქმედებას მართალი და სასტიკი მსჯავრი და არ დაუმტკიცა, რომ: თავის ათი წლის მოქმედებით საფილოქსერო კომიტეტს და დასებს დაუღუპავთ მთელი ქუთაისის გუბერნიაო. მინისტრმა მთელი მათი მოქმედება სცნო უვარგისათ, მოახდინა კრება ტფილისში და შემდეგ პეტერბურგში, რითაც ძირითად შეცვლილ იქმნა მთელი მოქმედება კომიტეტისა და უმთავრესი ყურადღება ექმნა მიქცეული სწორეთ იმ გზას, რომელიც ნაჩვენები იყო 1892 წელს ჟურ. «Труды»-ში NN 1–2, 11, 12.
დღეს თუმცა მოქმედობს შემთხვევით დაარსებული საქარის სანამყენო, ანუ სანაშენო, ეგრეთვე დაარსდა ორი სხვაც, მაგრამ ეს მხოლოთ წვეთია. საჭიროა ორი–სამი კი არა, არამედ ასი–ორასი სანაშენონი მთელ საქართველოში. აქ მთავრობამ და მეტადრე საფილოქსერო კომიტეტმა უნდა მიაქციოს ყურადღება, უნდა შეისყიდოს კომიტეტმა თავის დანაშაული და ეცადოს გაავრცელოს ბლომათ ამერიკული ვაზების სანაშენონი. მაგრამ ეს მარტო არ კმარა; აქ მეტათ საჭიროა ჩვენი სიფხიზლეც. საჭიროა ამ გარემოებას მიაქციონ ჯეროვანი ყურადღება ჩვენმა ტფილისის და ქუთაისის სამეურნეო საზოგადოებამ, ჩვენმა ინტელიგენციამ, ჩვენმა შეგნებულმა საზოგადოებამ, სათავად აზნაურო ბანკებმა და ჩვენმა სოფლის ფხიზელმა მემამულე-მეურნეებმა; სამარცხვინოა და საზიანო ჩვენთვის გულგრილი გარე მაყურებლის როლი, მეტადრე იმ დროს, როცა გვეღუპება უმთავრესი დარგი სოფლის მეოჯახობის - ვენახი და ღვინო, როცა იფუშება მით გლეხის ღარიბი ოჯახი და ეკონომიური წყობილება, როცა გვესმის მუშის უნეგუშო კვნესა-ცრემლები. ამისთანა დროს ფრიად საჭიროა შეგნებულმა და შეძლებულმა პირებმა ითავონ და დაარსონ თავიანთ მამულში სანაშენოები, მეტადრე საჭიროა დაარსდეს მრავლათ სოფლის მეოჯახეთა ამხანაგობანი, რომლებმაც უნდა დააარსონ ამერიკული ვაზების სანაშენონი და მიანდონ მცოდნე პირთ ანუ სპეციალისტებს, რაიმე სასყიდელით მათი მოვლა, დამყვნა, მოშენება, ხალხში გავრცელება ამ ცოდნისა და მაგალითების ჩვენებისა.
ჩვენში საკმაოთ არიან ახლა რუსეთის და ევროპის სამეურნეო სწავლა დამთავრებული ყმაწვილები, მეტადრე ტფილისის საბაღოსნო, წინამძღვრიანთ კარის და ყირიმის (იალტის) სამეურნეო შკოლებში ნასწავლი ახალ-აზდობა. აი, იმათ ადვილათ შეუძლიათ შეასრულონ ეს ფრიად სასარგებლო მისსია; შეუძლიათ რამდენიმე თვით წავიდენ საქარის სანაშენოში, იქ თვალ-და-თვალ გაეცნონ ამერიკული ვაზების კულტურას, ადაპტაციას, დამყვნას, დაქორწინებას ანუ ჰიბრიდაციას, მოვლას და ამგვარი ცოდნით აღჭურვილი დაბრუნდენ სოფლებში, და იქ უკვე ამხანაგობის მიერ გახსნილ სანაშენოში მოაშენონ ამერიკული ვაზები და შეუდგენ საქმეს. გლეხს არ კმარა მისცე მარტო ამერიკული ვაზი და უთხრა, აჰა, წაიღე და მოაშენეო. მან არ იცის, თუ რა მიწაზე ვარგობს ის ვაზი, ან როგორი ჯიში შეფერის მის მიწას. არ იცის, როგორ უნდა დამყნას ჩვენი ვაზი იმ ვაზზე, ან როგორ მოაშენოს იგი, როგორ შეამუშავოს მისათვის მიწა და სხ. ყველა ამაებს ჩვენება, ახსნა და დარიგება უნდა. ამიტომ მას გვერდში უნდა ჰყავდეს სპეციალისტი მეურნე და აჩვენებდეს ყველაფერს, მხოლოთ მაშინ იქნება სასარგებლო ამერიკული ვაზების მოშენება, მხოლოდ მაშინ აღვადგენთ და განვაახლებთ დამხმარ ზვრებს, შევცვლით მევენახეობას და ვიხსნით თავს მძვინვარე ფილოქსერისაგან“.
მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა
თქვენი კომენტარი