ღვინის სამყარო სტატისტიკის სარკეში
მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV(International Organisation of Vine and Wine)წელიწადში ერთხელ ღვინისა და ვაზის მსოფლიო კონგრესს მართავს, სადაც თავს იყრიან ავტორიტეტული სპეციალისტები მევენახეობის, მეღვინეობის, ენოლოგიისა და ეკონომიკის სფეროდან და ღვინის სექტორში მიმდინარე ცინცხალ სიახლეებზე მსჯელობენ. 2010 წელს კონგრესის მასპინძელი ქვეყანა მეორედ გახდა საქართველო (პირველად ეს ღონისძიება თბილისში 1962 წელს გაიმართა), წელს კი დარგის სპეციალისტებმა რუმინეთის მთავრობის მიწვევით ბუქარესტში მოიყარეს თავი. "ვაზი და ღვინო. ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის" - ასეთი იყო თემა, რომელიც რიგით 36-ე ფორუმის ძირითად ღონისძიებებს აერთიანებდა.
ფორუმის ერთ-ერთ საკვანძო მომენტად OIV-ის გენერალური დირექტორის, ფედერიკო კასტელუჩის მოხსენება იქცა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ 400-ზე მეტ ექსპერტს ღვინის ინდუსტრიაში არსებული ვითარება გააცნო, ტენდენციებზე (ყურძნისა და ღვინის წარმოება, ექსპორტი) ესაუბრა და მსოფლიოში სასმელის მოხმარების ასპექტებსაც შეეხო. დღევანდელ წერილში სწორედ ამ მოხსენებაში ასახულ ფაქტებს წარმოგიდგენთ.
ძირითადი ტენდენციები
OIV-ის მონაცემებით, 2012 წელს მსოფლიოში ვენახების ფართობი 7,528 მლნ ჰა-მდე შემცირდა. ღვინის წარმოებამ 252 ჰლ შეადგინა, რაც 2011 წლის მაჩვენებელზე (267 მლნ, ჰლ) 6%-ით ნაკლებია. ვენახების ფართობის კლების გარდა ამ ფაქტზე ცალკეული მეღვინეობის რეგიონში არახელსაყრელმა მეტეოროლოგიურმა პირობებმაც იმოქმედა.
მეორე მხრივ, 2010 წლის შემდეგ მსოფლიოში ღვინის მოხმარება გაიზარდა (244 მლნ ჰლ 2011 წელს და 243 მლნ ჰლ - 2012 წელს), განსაკუთრებით, ევროპის გარეთ, თუმცა ეს მაჩვენებელი კრიზისამდელ 2008 წლის ნიშნულს ვერ მიუახლოვდა. ყოველივე ზემოთქმულმა განაპირობა ის, რომ 2012 წელს მსოფლიოში ნაკლები რაოდენობის ღვინო გაიყიდა, თუმცა შედარებით მაღალ ფასად. იკლო ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვებმაც, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი ევროპაში იყო.
"ღვინის ნაკლებობამ შედარებით დაბალფასიანი სასმელის გაძვირება გამოიწვია, რის გამოც ჩამოსასხმელ ღვინოთა ექსპორტი შემცირდა" - აღნიშნა თავის მოხსენებაში ფედერიკო კასტელუჩიმ.
ვენახები
2012 წელს ვენახების საერთო ფართობმა 7,528 მლნ შეადგინა (აქ ის ვენახებიც შედის, რომელთა მოსავლიდან ჯერ ღვინო არ უწარმოებიათ). 2011-2012 წლებში, ძირითადად ევროპის ქვეყნების ხარჯზე, ეს ციფრი 1%-ით შემცირდა (-20 მლნ ჰა). OIV-ის სპეციალისტთა თქმით, 2012 წელს პირველად 3 წლიანი პერიოდის (208-2011) შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობა მევენახეებს ფულს უხდიდა, რათა ვაზი არ მოეშენებინათ.
სამაგიეროდ, ვენახების ფართობმა აზიის ქვეყნებში იმატა და მსოფლიო ვაზის ნარგავების 22,7% შეადგინა. მთავარი "დამნაშავე" ჩინეთია, სადაც გასული ათწლეულის განმავლობაში ვენახები ფაქტობრივად, გაორმაგდა (+90%). რაც შეეხება აშშ-სა და სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს, ეს რიცხვი უმნიშვნელოდ გაიზარდა და 2011 წელთან შედარებით 0,3% შეადგინა.
ყურძნისა და ღვინის წარმოება
გასულ წელთან შედარებით 2012 წელს ყურძნის წარმოებამ იკლო (-23 მლნ ცენტნერი) და 691 მლნ ცენტნერი შეადგინა. თუმცა თუ 2000 წლის შედეგებს შევადარებთ (648 მლნ ცენტნერი), 7%-იანი ზრდა შეინიშნება. OIV-ის სპეციალისტები ამას ხელსაყრელი კლიმატური პირობებითა და ვაზის კულტივირების მეთოდების გაუმჯობესებით ხსნიან. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს პროცესი ქვეყნებში, სადაც სუფრის ყურძენი მოჰყავთ: მათი მოსავლიანობა უფრო მაღალია, ვიდრე ღვინის წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძნისა.
2012 წელს ყურძნის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 91,7 ცენტნერს შეადგენდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩრდილო და ლათინური ამერიკის ქვეყნებში დაფიქსირდა (120 ც/ჰა), ყველაზე დაბალი - ევროპაში (60ც/ჰა).
მოხმარება და ვაჭრობა
დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მზარდი შიდა სამომხმარებლო ბაზარი ამერიკას აქვს: 2012 წელს ღვინის მოხმარებამ 29 მლნ. ჰლ-ს მიაღწია (+37% 2000 წელთან მიმართებაში).
მკვეთრადაა გაზრდილი ეს მაჩვენებელი აზიის ქვეყნებში. მაგალითად, ჩინეთში 2000 წელთან შედარებით 67%-ით მოიმატა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი ციფრია რუსეთში, სადაც ბოლო 12 წლის მანძილზე 120%-იანი ზრდა ფიქსირდება. ევროპაში, რომელიც ღვინის ძირძველი მწარმოებელია, ღვინოზე მოთხოვნა განუხრელად მცირდება: 2000 წლის შემდეგ საფრანგეთში 12%-ით იკლო, თუმცა ეს ქვეყანა კვლავაც რეიტინგის ლიდერია.
იტალიასა და ესპანეთში ღვინის მოხმარების მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდა: 27% და 34%-ით. ყველაზე მასშტაბური კლება მაინც რუმინეთში ფიქსირდება – 50%.
საინტერესოა, რომ OIV-ის მონაცემებით მსოფლიო ღვინით ვაჭრობაში დადებითი ტენდენციები იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელთან შედარებით 2012-ში გაყიდვების მოცულობამ 1,7%-ით იკლო (102,2 მლნ. ჰლ), ღირებულების მაჩვენებელში ეს ციფრი 8,3%-ით გაიზარდა და 25 290 მლნ. ევრო შეადგინა. 10,2%-ით გაიზარდა ლიტრი ღვინის საშუალო ფასიც და 2,55 ევრო გახდა. მოიმატა ჩამოსასხმელი ღვინის წილმაც და 2000 წლის შემდეგ 33,6%-იდან 37,5%-მდე გაიზარდა.
ყველაფრის მიუხედავად, ღვინის ძირითად მსოფლიო იმპორტიორად მაინც საფრანგეთი რჩება: 2012 წელს ფრანგებმა ბაზარზე 1499,2 მლნ ლიტრი გაიტანეს, რომლის ღირებულება 7836,6 მლნ ევროს უტოლდებოდა.
ზოგადად, 2012 წელს მსოფლიო ღვინის იმპორტის წილი 26 ქვეყანაზე მოდიოდა. მათ მიერ წარმოებული ღვინო ბაზარზე წარმოდგენილი სასმელის 93%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგს, აქ დიდი ბრიტანეთი (3943,74 მლნ. ევრო) და აშშ (3938,96 მლნ ევრო) ლიდერობენ.
36-ე მსოფლიო კონგრესის ფარგლებში 21 რეზოლუცია მიიღეს. შემდგომი 37-ე კონგრესი, ასევე OIV-ის მე-12-ე გენერალური ასამბლეა 2014 წლის ივნისში მენდოზაში (არგენტინა) გაიმართება.
ძირითადი ქვეყნების ტოპ-15 ვენახების ფართობისა და ღვინის წარმოების მიხედვით
| ფართობი 2011წ. | ფართობი 2012წ. პროგნოზი | დინამიკა 2008/2012 | ღვინის წარმოება 2012წ. პროგნოზი | დინამიკა 2008/2012 |
| 1000 ჰა | 1000 ჰა | % | ათასი ჰლ. | % |
ესპანეთი | 1032 | 1018 | -13% | 30 392 | -15% |
საფრანგეთი | 806 | 800 | -7% | 41 422 | -3% |
იტალია | 776 | 769 | -7% | 40 060 | -15% |
ჩინეთი | 560 | 570 | +19% | 14 880 | +18% |
თურქეთი | 515 | 517 | +1% |
|
|
აშშ | 407 | 407 | +1% | 20 150 | -1% |
პორტუგალია | 240 | 239 | -3% | 6 141 | +8% |
არგენტინა | 218 | 221 | -2% | 11 778 | -20% |
რუმინეთი | 204 | 205 | -1% | 3 311 | -36% |
ჩილე | 200 | 205 | +4% | 12 554 | +45% |
ავსტრალია | 174 | 169 | -2% | 12 660 | +2% |
სამხრეთ აფრიკა | 131 | 131 | -1% | 10 037 | -1% |
საბერძნეთი | 110 | 110 | -4% | 3 150 | -19% |
გერმანია | 102 | 102 | -1% | 9 012 | -10% |
ბრაზილია | 90 | 91 | -1% | 2 917 | -21% |
ვენახების ფართობი, ყურძნის წარმოება, ღვინის წარმოება და მოხმარება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 2000-2011 წლების დინამიკა,%
| ვენახების ფართობი |
|
| ყურძნის წარმოება |
|
| ღვინის წარმოება |
|
| ღვინის მოხმარება |
|
| 2000წ. | 2012წ. |
| 2000წ. | 2012წ. |
| 2000წ. | 2012წ. |
| 2000წ. | 2012წ. |
ევროპა | 62,5% | 56% |
| 62,5% | 31% |
| 72,70% | 62% |
| 69,3% | 62% |
აზია | 19,4% | 22,7% |
| 19,4% | 22,7% |
| 4,50% | 6,9% |
| 19,8% | 22% |
ამერიკა | 12% | 13% |
| 12% | 21% |
| 17% | 20% |
| 6% | 10% |
აფრიკა | 4,3% | 5,2% |
| 4,3% | 6,3% |
| 4,30% | 5,1% |
| 3% | 3% |
ოკეანია | 2% | 2,7% |
| 2% | 2,7% |
| 3% | 5,9% |
| 2% | 3% |
ღვინის მსოფლიო იმპორტიორთა ტოპ-10
| იმპორტის მოცულობა, მლნ ევრო | % საერთო მსოფლიო იმპორტიდან | დინამიკა 2011-2012 % |
დიდი ბრიტანეთი | 3 943,74 | 15,8% | +13,6% |
აშშ | 3 938,96 | 15,8% | +13,8% |
გერმანია | 2 393,55 | 9,6% | +0,6% |
კანადა | 1 540,16 | 6,2% | +12,1% |
ჩინეთი | 1 229,98 | 4,9% | +18,5% |
იაპონია | 1 225,15 | 4,9% | +27,5% |
ბელგია | 964,18 | 3,9% | +4,4% |
შვეიცარია | 926,98 | 3,7% | +8,3% |
რუსეთი | 817,51 | 3,3% | +18,4% |
ჰონკონგი | 806,97 | 3,2% | -10,9% |
სულ | 24 995,2 | 100% | 9,80% |
მოამზადა ნანა კობაიძემ
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი