Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის სოფელი“ სრულდება, მაგრამ არ მთავრდება

გიორგი მერაბიშვილი

ცოტა ხნის წინ დასრულდა პროქეტი „ღვინის სოფელი მეორე ეტაპი, რომელიც „ღვინის კლუბმა“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. ეს საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის შეიქმნა და ამჯერად სამეგრელოსა და გურიაში განხორციელდა (2020-2021 წლებში პროექტი „ღვინის სოფელი“ იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმს მოიცავდა).

აღნიშნული ინიციატივა გულისხმობდა ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას. კონსულტაციები გურიისა და სამეგრელოს მცირე და საშუალო მარნებს დაეხმარა მათი მეურნეობები აქციონ ტურისტებისთვის მიმზიდველ საწარმოებად, შექმნან ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის მიმზიდველი პროდუქტები/სერვისები და ჩაერთონ ამ რეგიონებში არსებულ ღვინის მარშრუტებში.

პროექტის პარტნიორები იყვნენ ღვინის მარანი „ტალერის ტერასები“ და სასტუმრო „მარტვილი პალასი“ - სამეგრელოში. ხოლო გურიაში პარტნიორობა „მენაბდის მარანმა“ და „ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრმა", გასწიეს. ასევე პროექტის პარტნიორი იყო ღვინის მაღაზია-ბარების ქსელი „8000 მოსავალი“.

პროექტის ფარგლებში არსებობდა მობილური სამუშაო ჯგუფი (ექსპერტები მევენახეობის, მეღვინეობის, მარკეტინგის, ტურიზმის დარგში), რომელმაც სამეგრელოსა და გურიაში თვეების მანძილზე ადგილობრივ მცირე მარნებთან და დამწყებ მევენახე-მეღვინეებთან იმუშავეს. გამოავლინდა ბენეფიციარი მარნები, რომლებიც „ღვინის სოფელში“ გაწევრიანდნენ და პროექტის დასრულების შემდეგ, მათთვის „ღვინის კლუბმა“ თბილისში მცირე ფესტივალიც კი გამართა 22 ივლისს.

გარდა ამისა პროექტის ფარგლებში გამოვიდა წიგნი, „ვაზი და ღვინო გურიასა და სამეგრელოში - ისტორია, ტურიზმი, დეგუსტაცია“ (ავტორები: მალხაზ ხარბედია, გიორგი ბარისაშვილი, ლევან სეფისკვერაძე), რომელიც 8000 მოსავლის მაღაზიათა ქსელში გაიყიდება.

უკვე დასრულებული პროექტის შეფასება და ერთგვარი შეჯამება ვთხოვეთ „ღვინის სოფლის“ ხელმძღვანელს და „ღვინის კლუბის“ დამფუძნებელს, მალხაზ ხარბედიას.

- უკვე დასრულდება „ღვინის კლუბისა“ და USAID-ის თანამშრომლობით შექმნილი პროექტის - „ღვინის სოფლის“კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც სამეგრელოსა და გურიის რეგიონებს მოიცავდა. საინტერესოა თქვენი, როგორც პროექტის ხელმძღვანელის შეფასება. მოკლედ რომ გვითხრათ - მიიღეთ ის შედეგები რასაც ელოდით?

- რა თქმა უნდა ყოველთვის მეტს ველით, თუმცა პროექტით გათვალისწინებული შედეგი სახეზეა, ანუ იმ მცირე მარნების რაოდენობა, ხარისხი და პერსპექტივა, რომელიც უკვე მუშაობს ან უახლოეს მომავალში იმუშავებს ღვინის ტურიზმის მიმართულებით, იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ბოლო ერთი წლის მანძილზე გამოვლინდა 10-ზე მეტი მევენახე-მეღვინე, რომელიც ღვინის წარმოების გარდა ტურიზმის ინდუსტრიაშიც აქტიურად ჩაერთვება. თანაც პროექტის დასრულება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვწყვეტთ ბენეფიციარებთან ურთიერთობას. პირიქით, ყველაზე აქტიური ურთიერთობა შემდეგ იწყება, რადგან მათ უკვე აქვთ თავიანთი პროდუქტი, რომელიც ჩვენც უნდა წარვადგინოთ, ფესტივალები და დეგუსტაციები იქნება ეს თუ სხვადასხვა მედია ან საგანმანათლებლო ღონისძიება. გარდა ამისა, თითოეულ მონაწილის შესახებ მომზადდა სპეციალური პუბლიკაციები და საინფორმაციო ბარათები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ უკეთ გააცნონ თავიანთი ღვინო, მხარე, სოფელი სტუმარს თუ დაინტერესებულ პირებს.

- აქვე რომ გვითხრათ, რატომ წამოიწყეთ პროექტი „ღვინის სოფელი“ და ქართული მეღვინეობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი საგანმანათლებლო პროექტის საჭიროება?

- პროექტის მიზანი პირველ რიგში იყო „ღვინის კლუბის“ რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონებთან. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების რეგიონებში გადატანა და სხვ. ჩვენ წელიწადში რამდენიმეჯერ გვაქვს სხვადასხვა რეგიონის მარნებთან ურთიერთობა, მათ შორის ყველაზე მასშტაბური, რა თქმა უნდა „ახალი ღვინის ფესტივალია“, სადაც ოჯახური მარნების ხაზით 200-ზე მეტი დამწყები მარანი იღებს ხოლმე შესარჩევ ტურებში მონაწილეობას, თუმცა ადგილზე, რეგიონში ვითარების გაცნობას სულ სხვა შედეგი მოჰყვება. როგორც იცით, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვატარებთ ტრენინგებს, 2012 წლიდან მოყოლებული, 10 სხვადასხვა მოდულს, მევენახეობიდან - ღვინით მომსახურებამდე (ღვინის დაავადებები, მარნის მშენებლობა, მარკეტინგი, ღვინისა და კერძის შეხამება და ა.შ.) და სულ იყო თხოვნა და სურვილი, რომ მსგავსი ტრენინგები ჩატარებულიყო რეგიონებშიც. სწორედ ამ გარემოში დაიბადა „ღვინის სოფლის“ იდეაც, რომელიც გულისხმობდა დამწყები მევენახე-მეღვინეებისთვის მხარდაჭერას, მევენახეობაში, მეღვინეობაში, მარნის მშენებლობაში და ა.შ. კონსულტაციებს, ხარისხიანი პროდიუქტის შექმნას და ამ პროდუქტის ბაზარზე წარმატებით წარდგენას. 2020 წელს USAID-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა, მაშინ „ღვინის სოფელი“ იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში მუშაობდა, გასულ წელს კი გადაწყდა იგივე პროექტი განხორციელებულიყო გურიასა და სამეგრელოშიც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტრენინგებს არ ესწრებოდნენ მხოლოდ ბენეფიციარები, არამედ  ყველა დაინტერესებული პირიც, ისინი, ვინც მომავალში აპირებენ დაკავდნენ ამ საქმიანობით, აპირებენ გააშენონ ვენახი, დააყენონ ღვინო, გაყიდონ ეს ღვინო, მიიღონ ტურისტი და ა.შ.

- რა განსაკუთრებული სპეციფიკა ახასიათებთ მევენახეობა-მეღვინეობის მხრივ სამეგრელოს და გურიას და რატომ აირჩიეთ სამიზნედ ეს რეგიონები?

- ეს ორი რეგიონი ყველა დანარჩენი ღვინის რეგიონისგან განსხვავდება საქართველოში, პირველ რიგში რა თქმაუნდა კლიმატითა და ნიადაგებით, თუმცა უმნიშვნელოვანი აქ მაინც ადამიანური ფაქტორია, მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციები და წესები, უნიკალური ჯიშები და ის მიდგომები, რომელიც განსაკუთრებულია. სამიზნედ კი იმიტომ ავარჩიეთ, რომ ბოლო წლებში საკმაოდ მომწიფდა გურიასა და სამეგრელოში სიტუაცია ამ თვალსაზრისით. 5-7 წლის წინ მაგ. ძალიან გაგვიჭირდებოდა „ღვინის სოფლის“ განხორციელება ამ რეგიონებში, 2022-2023 წლებში კი ვენახების ფართობით დაწყებული, ახალი თუ მშენებარე მარნებით დამთავრებული, საკმაოდ სახარბიელო პირობები შეიქმნა, რათა რეგიონებმა ღვინის ტურიზმის განვითარებაში კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანონ. სამომავლოდ, მაგ. აჭარასა და მესხეთ-ჯავახეთში გვინდა „ღვინის სოფელმა“ გადაინაცვლოს და ვფიქრობთ, რომ 2024-2025 წლებში იქაც ნაყოფიერი ნიადაგი დაგვხვდება, მითუმეტეს, თუკი აჭარის გამოცდილებას და მესხეთ-ჯავახეთის დაფარულ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ.

- რა პრინციპით შეირჩა პროექტის გუნდი და ღვინის ექსპერტები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ლექცია-სემინარებს ატარებდნენ?

- პროექტის გუნდი თითქმის იგივე იყო, რაც წინა წლებში. მეღვინე ვანო შიუკაშვილი ჩაანაცვლა მევენახე-მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა, ხოლო ღვინის მარკეტინგის სპეციალისტი მამუკა მაისურაძე (ჯივინო) ირაკლი ჩხაიძემ (8000 მოსავალი). სხვა წევრები იყვნენ: ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ კურტანიძე, მევენახე და ღვინის ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი, პროექტის მენეჯერი ნათია გაჩეჩილაძე, დიზაინი: მამუკა ტყეშელაშვილი,  ღვინის ჟურნალისტი და ჟამთააღმწერელი ლევან სეფისკვერაძე და მე. მათი შერჩევის მთავარი პრინციპი იყო მათი პრაქტიკული და თეორიეული გამოცდილება, პროფესიონალიზმი და კომუნიკაციის უნარები. ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივი გუნდია, რომელიც ყოველთვის ცდილობს კონკრეტული რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე იმუშაოს.

- პროქტის მიმდინარეობისას რამდენად დიდი იყო აღნიშნულ ორ რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებების ჩართულობა და რაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან „ღვინის სოფელთან“ თანამშრომლობა?

- თავიდან იყო დაინტერესება, პროექტის დაწყებამდე შევხვდით ჩოხატაურისა და მარტვილის მერებს, გვქონდა ოზურგეთის მერთან ურთიერთობის მცდელობებიც, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი წარუმატებლად დასრულდა. ადგილობრივმა ხელისუფლებებმა არანაირი ფორმით არ მიიღეს პროექტში მონაწილეობა.

- თუ იგეგმება „ღვინის სოფლის“ ახალი ეტაპის დაწყება და ამჯერად სამიზნედ რომელი რეგიონები გაქვთ შერჩეული?

- რა თქმა უნდა იგეგმება და როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჩვენი სამიზნე ამჯერად სამხეთ საქართველო და აჭარაა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის, მათი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე რთული იქნება ამ პროექტის სრულყოფილად განხორციელება. ამიტომ სანამ პროექტის მესამე ეტაპს წამოვიწყებთ, აუცილებლად ვეცდებით წინასწარ მოვაგვაროთ ეს საკითხი.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.