Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Кто там? - თაკო ჟურულის ბლოგი

რა უცნაურია, ჩვენც ხომ იგივე გამოვიარეთ, რასაც ახლა უკრაინა გადის, ხომ ვიცით, რა სიმწარეა, რუსი რომ მოდის. მაგრამ ახლა, ამ დღეებში რუსების ისეთ მდევნელად ვიქეცი, ასეთი ჩემი თავი არ მახსოვს, 2008 წელსაც კი.

იმ დილით, 24 თებერვალს, სარეცხს ვფენდი და პირსახოცი მეორე სართულზე, უცნობ მეზობელთან, ჩამივარდა. ჩემს ქმარს დავუძახე, მეზობელთან ჩავდივარ, სარეცხი გადამივარდა-მეთქი. სანამ კარს გავიხურავდი, მომაძახა, რუსები უკრაინაში შევიდნენო. მეოთხე სართულიდან მეორეზე თითქოს პირდაპირ უკრაინიდან, ტანკების გრუხუნიდან და ცეცხლის ალიდან აღმოვჩნდი, თითქოს ომის სუნი მიმყვა და დავაკაკუნე. "Кто там?" წარმოიდგინეთ, ჰო? არაფერი, ავუხსენი, რა მინდოდა, მაგრამ კარი არ გამიღო და იქიდან გამომძახა, - ქართული არ მესმისო. ჰოდა, ორი დღის შემდეგ, დილით მის კარზე რუისპირიდან ჩამოტანილ, ჩემს საყვარელ ანტისაოკუპაციო სტიკერს რომ ვაკრავდი, თან მივაძახე, ინგლისური ხომ გესმის-მეთქი.

„Russia occupier“ - რამდენიმე წლის წინ ჩვენმა "ანდერგრაუნდელმა" და მეღვინემ, ნათია ჩეკურიშვილმა მაჩუქა და ერთიღა მქონდა დარჩენილი.

წლების წინ , სტიკერებისა და ზოგადად, ამ ფორმით წინააღმდეგობის ამბავი სწორედ მეღვინეებისგან გავიგე. თავის დროზე, მარტვილში ქეთო ნინიძის და ზაზა გაგუას ჭიშკარი მთელი საქართველოსთვის ერთგვარი წინააღმდეგობის, ბრძოლის თუ პოზიციის დაფიქსირების მაგალითად იქცა. საქართველოს გარეთ კი, უამრავ საიტსა თუ ტელეარხზე ამ ჭიშკარმა ჩვენი ამბავი დანარჩენი მსოფლიოსთვისაც კიდევ ერთხელ მოყვა. წლებია ართანაში კახა ბერიშვილის ჭიშკარი ახსენებს ყველა იქ მისულ სტუმარს, რომ პუტინი хуйло-ა. ახლახან კი იაგოს სტატუსს გადავაწყდი, მისი სოფლის ზღაპრულ ფოტოზე უკრაინის დროშის ფერებმა რუსი გამომწერების დიდი ნაწილი როგორ გააღიზიანა. ძალიან მაგარია ალბათ, როცა შინაგანადაც, აზროვნებითაც, საქმითაც თუ ბიზნესითაც თავისუფალი ხარ ოკუპანტისგან.

ბევრი მევენახე-მეღვინე ასე დგას. ისინი არ მასპინძლობენ რუს ტურისტებს - არა როგორც ღვინის უცოდინარ, რაღაცნაირი დისკომფორტის შემქმნელ ხალხს, არამედ როგორც დამპყრობლებს. შენს სახლში რანაირად შემოუშვებ ან შენს ჭირნახულ ღვინოს რანაირად შესთავაზებ ადამიანს, რომელიც 1783 წლიდან მოყოლებული გკლავს და გაქრობს? წარმოუდგენელია.

ვიცი ბევრს ვაღიზიანებ, ტურისტს მტერს რომ ვეძახი, რადგან არის ხალხი, ვისთვისაც ტურისტი, განსაკუთრებით რუსი ეროვნების, ბიზნესთან, "ორი კაპიკის შოვნასთან" ასოცირდება, ვინც დამტვრეული რუსულით გამოაღებს ჭიშკარს და „დაბრო პოჟალავატ გენაცვალეო“, გაიკრიჭება ბოლომდე. ახლა, ამას რომ ვწერდი, ვიფიქრე, შევჩერებულიყავი, არ მინდა ამ ხალხზე წერა-მეთქი. ამაზე ლაპარაკს მოვრჩებოდი და  დღევანდელ ანტირუსულ, ანტიიმპერიულ მსოფლიო მოძრაობაზე, იმ სანქციებზე მოვყვებოდი, კერძო მესაკუთრეები ევროპასა თუ ამერიკაში რუსულ პროდუქციას რომ უწესებენ. ჩვენთვის საინტერესო კი ისაა, რომ ღვინის მაღაზიები რუსულ ალკოჰოლურ სასმელს კრძალავენ.

ალბათ უკვე იცით, ამერიკის ერთ-ერთი შტატის გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება, კი არ მოუწოდა, არამედ პირდაპირ უბრძანა, რომ ღვინის მაღაზიებმა ჩამოიღონ თაროებიდიან რუსული წარმოების ალკოჰოლური სასმელი. ვიდეოები ვრცელდება, სადაც "ვოდკას" ღვინის მაღაზიების მფლობელები ღვრიან, ამ შემთხვევაში არა ბრძანების გამო, არამედ თავისი სურვილით. აგერ, უკრაინულმა ტელეარხმა დაწერა: „Русские фильмы идите на хуй“, ჰარვარდმა სწავლება შეუჩერა რუს სტუდენტებს... სრული საგიჟეთია! აი, ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდი, უფრო სწორედ, ვერც ვიოცნებებდი, ისეთი საგიჟეთი. ჰოდა, ამაზე დავწერ-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მალევე გადავიფიქრე! იმიტომ, რომ ჩვენი ამბავი უფრო საინტერესოა.

დარწმუნებული ვარ, ოკუპანტებისგან მეღვინეობის გათავისუფლება, მათგან დამოუკიდებლობის მოპოვება, თითოეულ ჩვენგანს ძალიან წაადგება, გადამდები აღმოჩნდება და ნელ-ნელა სხვანაირები გავხდებით.  წერია, „კეთილს არს ბაძვაი კეთილისათვის მარადისო“, - ჰოდა, ეს ამბავიც გადამდებია. ამის მჯერა. სულ მცირე, რუსოფილია სირცხვილად უნდა მიიჩნეოდეს. თუმცა, ასე ფიქრს, მოქცევას და ცხოვრებას ვის აიძულებ? ბრძანებას კი დაემორჩილებოდნენ, მაგრამ ასეთი გუბერნატორი არ გვყავს.

ხომ არ ჯობია, "ორი კაპიკი" დაკარგო და უფრო მეტი შეიძინო? საკუთარი თავი, მაგალითად.

ახლა, როცა ამას ვწერ, ზელენსკი რუსეთთან მოსალაპარაკებლად მიდის, გზაშია. რა აზრი აქვს ველურთან მოლაპარაკებას, არ მესმის, მაგრამ მან უკვე გამცა პასუხი, - ჩემი ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი გავაკეთე მათი მშვიდობისთვისო.

იმ დღეს დათო ტურაშვილი  საშინელი ანდაზის წარმომავლობაზე ლაპარაკობდა - „დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“, ოსმალეთის დროინდელი ყოფილა. ამ ფრაზით თავს ოსმალებისთვის ბავშვების მიყიდვაში ჩართული ქართველები იმართლებდნენ - აბა, რა ვქნათ, სულთანს ხომ არ გავაღიზიანებთო. ვერცხლის სიყვარულმა აქამდეც კი შეიძლება მიგიყვანოს.

მოკლედ, არჩევანში თავისუფლები ვართ, თუმცა ყველამ ვიცით, რა არის ცუდი და რა - კარგი.

უბრალოდ არ მინდა, ისინი ჩვენს სახლებში, ჩვენს მარნებში ისე შემოვუშვათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს კარი აღარ გაგვიღონ. არადა, შეუძლიათ ეს, საუკუნეებმა დაამტკიცა, რომ ჩვენი სახლის ბატონ-პატრონებად თავს ძალიან იოლად იგრძნობენ. მაშინ, როდესაც  საკუთარ კართან სტუმრებივით ავიტუზებით,  იქიდან უკმაყოფილოები გამოგვძახებენ: "Ну кто там?"

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული