Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გელა ჩქვანავა – იავნანამ რა ჰქმნა

ბაგი დარასელიამ, წმინდად წვერგაპარსულმა პენსიონერმა, სრული პიჯაკის სახელოები ხელების ზურგს მთლიანად რომ უფარავდა, ახალგაზრდა გამომძიებელს თაბაშირში ჩასმული, კისერზე ჩამოკიდებული ბინდისავე კოხტა მარყუჟში გაყრილი დაბინდული ხელი შეუთვალიერა, შემდეგ მზერა საფერფლეში ჩაჭყლეტილ სიგარეტის ნამწვებზე გადაიტანა.
- ძალიან ბევრს ეწევით, პატივცემულო, - შენიშნა ბაგიმ. - ჩემი ბიჭებიც ეწევიან, ორივე. ვერაფრით გადავაჩვიე.
- თემას ნუ გადავუხვევთ! - მკაცრად შენიშნა ახალგაზრდა გამომძიებელმა.
- რასაც ვლაპარაკობთ, ყველაფერს იწერს ეს გოგო? - ოციოდ წლის სტენოგრაფისტზე მიანიშნა ბაგიმ გამომძიებელს.
- ყველაფერს, რაც საჭიროა! - დაუმოწმა გამომძიებელმა და ყვითელი სანთებელა, აქამადე ხელში რომ ათამაშებდა ნერვიულად, სიგარეტის წითელ კოლოფს დაადო ზემოდან კოხტად და პროპორციულად.
- ასწრებს მერე? - გაოცება და თანაგრძნობა ერთდროულად გაუკრთა ხმაში ბაგის.
- ასწრებს! - ცივად მოუჭრა გამომძიებელმა და ისევ სანთებელასკენ წაღებული ხელი შუა გზიდან მოაბრუნა.
- ყოჩაღი გოგოა, ეტყობა! - დაასკვნა ბაგიმ. - ყოჩაღები არიან იურისტები საერთოდ!
- ეს გოგო იურისტი არ არის, სტენოგრაფისტია!
- ნეტავი იმ ოჯახს, რომელშიც ეს გოგო შევა... თქვენ დაოჯახებული იქნებით, რა თქმა უნდა! - თვალები მოწიწებით მიაპყრო ბაგიმ გამომძიებელს.
- არა, ვინ გითხრათ! - რატომღაც საწყენად მიიღო ეს უწყინარი კითხვა გამომძიებელმა. - საქმეს დავუბრუნდეთ. ასეთი არხეინი არ ვიქნებოდი თქვენს ადგილას!
- როგორ მინდოდა ჩემი ბიჭები იურისტები გამოსულიყვნენ! - თავისას განაგრძნობდა ბაგი. - იურისტები რომ ყოფილიყვნენ ჩემი ბიჭები, რძლები ექიმები მეყოლებოდა და როცა დამჭირდებოდა, თუ არ მომარჩენდნენ, სწორ დიაგნოზს მაინც დამისვამდნენ. სწორი დიაგნოზის დასმაა მთავარი. თუ დიაგნოზი სწორია, დანიშნულებაც სწორია. აი, ღვიძლი რომ ამტკივდა, სულ სვადასხვა დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა...
გამომძიებელმა სანთებელა აიღო და ბაგიც მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო.
- თუ ხვდებით, დასაჭერად რომ გაქვთ საქმე? - შინაურულად ჰკითხა გამომძიებელმა.
- გამომიშვებენ! - გლეხური თავდაჯერებით მიუგო ბაგიმ. - გადაურეკავენ ჩემს ბიჭებს რუსეთში და როგორ ფიქრობთ, ისინი მამას ციხეში დატოვებენ?... თქვენც მიიღებთ თქვენსას, თუ არ გამაწვალებთ და მთავარ გამომძიებელთან მიმიყვანთ პირდაპირ.
- დააფიქსირეთ ოქმში!.. ქრთამის შეძლევა! - სტენოგრაფისტს უკანმოუხედავად ესროლა გამომძიებელმა.
- ეხ-ხ!.. ახალგაზრდა ხარ შვილო და შენი გგონია ქვეყანა! - გულწრფელად შეიცოდა ბაგიმ გამომძიებელი.
- აბა შენი და შენი ბიჭებისაა, რომლებიც ვინ იცის რა გზით შოულობენ ფულს მოსკოვში?!
- ჩემი ბიჭები, ჩემი, ბაგი დარასელიას გაზრდილია და ცუდს არასოდეს იკადრებენ! - თქვა ბაგიმ. - ჩემს სიძეს რომ გაუჭირდა, მაშინვე გამოიყვანეს ციხიდან - ერთადერთი დის ქმარს როგორ მივატოვებთ გასაჭირშიო...
- ის თუ არის დაფიქსირებული ოქმში, სიძე გაფლანგვისთვის რომ იჯდა? - ჰკითხა გამომძიებელმა სტენოგრაფისტს.
- თქვენ ხომ მანიშნეთ არ გინდათო? - მიუგო სტენოგრაფისტმა. - შეგეცოდათ მაშინ გულუბრყვილობისათვის...
- ახლა დააფიქსირეთ რასაც სიძეზე იტყვის, იყოს მაინც ოქმში ყოველი შემთხვევისათვის!
- სიძეზე არაფერს ვიტყვი! - გაბრაზდა ბაგი. - მე თქვენ მართლა სულელი ხომ არ გგონივართ?!.. თქვენ რა, რახან იურისტი ხართ, სხვებზე ჭკვიანი გგონიათ თავი?.. ჩემი სიძის მამა, თუ გინდათ იცოდეთ, ვეტექიმი იყო თავის დროზე, მთელს რაიონში დაფასებული...
- ...და თქვენ რატომ ესროლეთ თორმეტკილოიანი ბრინზა ყველი მოქალაქე პარმენ გოგიას? - საქმეზე გადავიდა გამომძიებელი.
- ერთხელ უკვე ვთქვი რატომაც, მეორეჯერ არ გავიმეორებ! - ამაყად განაცხადა ბაგიმ და სტენოგრაფისტ გოგოს მიუბრუნდა. - ცეცხლივით ბიჭები მყავს და ყველას შურს ჩემი. ხმას უვრცელებენ სოფელში, იქ, რუსეთში ცუდ წრეში არიან გარეულებიო. მიმოზასაგან მოდის ეს ყველაფერი, ძალიან უმაქნისი ბიჭი ყავს... იცით რა რემონტი გავაკეთე სახლში? ვანა-ტუალეტი შიგნით მაქვს, გარეთ გასვლა არაფერზე დაგჭირდებათ...
- ესე იგი, მოქალაქე პარმენ გოგიას იმიტომ ესროლეთ ყველი, რომ უშნოდ გაგიღიმათ, ასე არ არის? - ჰკითხა ბაგის გამომძიებელმა.
- მაგისთანა ღიმილი არვისთვის არ უპატიებია ჩემს გვარსა და ჯიშს! - მაგიდაზე გაშლილი ხელი დადო ბაგიმ.
- ესე იგი, პარმენ გოგიას თქვენი ბიძაშვილი ყავდა ცოლად და მიატოვა. მას მერე პარმენ გოგია არ გინახავთ დღევანდელ დღემდე. დღეს კი ბაზარში ნახეთ და მან "უშნოდ" გაგიღიმათ. რას გულისხმობთ მაინც უშნო ღიმილში - დაცინვას, გამოწვევას თუ კიდევ სხვა რამეს?
- ვთქვი მე, გადავიხდი იმ ყველის ფულს-მეთქი. პარმენ გოგიას კიდევ, თუ საჩივარი არ გამოიტანა მილიციიდან, მოკლავენ ჩემი ბიჭები. აი, ნახავთ თუ არა. ჩემი ბიჭები ისე გავზარდე, რომ მამის შეურაცყოფას არავის აპატიებენ. ჩემი დაჭერის ამბავი რომ გაიგონ, მაშინვე აქ გაჩნდებიან!
- თუ ასეა და თუ მართლა მაშინვე აქ გაჩნდებიან, გაიგონ, თქვენთვის უკეთესი არ არის? - გაეღიმა გამომძიებელეს. - თქვენ არ ამბობდით, ოთხი წელია არ მინახავს, ჩამოსასვლელად ვერ იცლიანო? დაარეკინეთ დაჭერილია მამათქვენი-თქო და ჩამოვლენ და შვილებსაც ნახავთ!
- გავიდეს ეს გოგო ხუთი წუთით, საქმე მაქვს თქვენთან! - საქმიანი გამომეტყველება მიიღო ბაგიმ.
- ქრთამი უნდა შემაძლიოთ? - დამცინავი ღიმილისაგან თავი ვერ შეიკავა გამომძიებელმა.
- რას მეთამაშება ეს ბიჭი, რომ მეთამაშება?! - თავისი აღშფოთება სტენოგრაფისტს გოგოს გაუზიარა ბაგიმ. - ბაგი დარასელიასთვის არავის დაუცინია ჯერ ამქვეყნად!.. იცით თუ არა თქვენ, როგორ ეხვეწებოდა პარმენი ბიძაჩემს, შვილი გამომატანეო?!.. იცით თუ არა-მეთქი, გეკითხებით! მე თვითონ იქ ვიყავი მაშინ. ძმაკაციც მოყვა ერთი, ქალის სახელი ერქვა იმ კაცს. პოეტი ვარო, ამბობდა და თურმე ჟესტიანშიკი ყოფილა. ნაქირავები "პობედით" ამოვიდნენ ბიძაჩემთან სოფელში ის და მაგის ძმაკაცი. მიგრძნობს გული, ან სულ მთლად ამაშენებს, ან სულ მთლად დამაქცევს ეს კაციო, თქვა მაშინ ბიძაჩემმა და აუხდა კიდეც ნათქვამი მეტი რომ არ შეიძლება ისე ცუდად - ქალიშვილის გამოთხოვებამ მოუღო ბოლო, ერთ წელიწადში გულით მოკვდა ჯანმრთელი კაცი. ამ დილით კიდევ, სოფლიდან რომ მოვდიოდი, სასაფლაოს რომ ჩავუარეთ ავტობუსით, ბიძაჩემი გამახსენდა, თითქოს გულმა მიგრძნო მაგის მკვლელი და მისი ოჯახის დამაქცევარი რომ უნდა მენახა. მთელი გზა ბიძაჩემზე ვფიქრობდი, ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს... აი, თქვენ, პატივცემულო გამომძიებელო და თქვენც...
- ლია მქვია, - წაეშველა სტენოგრაფისტი გოგო.
- ბიძები ხომ გყავს ლია, შვილო, მამის მხრიდან?
- საქმეზე ვილაპარაკოთ! - მკაცრად გააფრთხილა გამომძიებელმა ბაგი.
- აბა მე რაზე ვლაპარაკობ? - გაოცდა ბაგი. - შენ თუ გყავს ბიძა, პატივცემულო გამომძიებელო?
გამომძიებელმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. მაგიდიდან სიგარეტი აიღო, ფანჯარასთან მივიდა და რაფაზე ჩამოჯდა მოხერხებულად.
- რატომ ესროლეთ ყველიო, რომ მსაყვედურობთ თქვენ, რაც ხელში მომხვდა ის ვესროლე. თოფი რომ მქონოდა, თოფს ვესროდი, ზარბაზანი რომ მქონოდა - ზარბაზანს!
- ჩავწერო? - მცირე პაუზის შემდეგ იკითხა სტენოგრაფისტმა.
გამომძიებელი რაფიდან ჩამოძვრა, ფანჯრისკენ შეტრიალდა, თითები რაფაზე აათამაშა, თან ხელის ზურგზე დაიხედა, თითქოს იმის წარმოდგენას ცდილობდა, როგორი შესახედავი იქნება, მასაც ბაგივით სრული პიჯაკი რომ ცმოდა, რომლის სახელოები ლამის თითების სახსრებამდე ექნებოდა ჩამოშვებული.
- არ ჩაწეროთ, - თქვა გამომძიებელმა.
- ქვევრი აჩუქა იმ უხსენებელმა ბიძაჩემს, როცა ახალი სიძე იყო. ამოთხარეთ ის ქვევრი და ხევში გადააგდეთო, დაიბარა ბიძაჩემმა სიკვდილის წინ, - თქვა ბაგიმ.
- ამოთხარეთ? - იკითხა გამომძიებელმა.
- არა. თავიდან მაგისთვის ვის ეცალა, მიცვალებული უნდა დაგვეტირა. მერე დარჩა და დარჩა!
- რას წერ? - ჰკითხა გამომძიებელმა სტენოგრაფისტს.
- არაფერს არ ვწერ, ჯვრებს ვხატავ საშრობზე, - გამოეპასუხა სტენოგრაფისტი.
- ჩემი გოგოც წერდა, ოღონდ დღიურებს, სანამ გათხოვდებოდა. რამდენი არ ვთხოვე, დამიტოვე, წავიკითხავ როცა მომენატრები-მეთქი, მაგრამ არ ქნა, - თქვა ბაგიმ და სტენოგრაფისტს გაუღიმა. - თქვენც ხომ წერთ დღიურებს?
კითხვამ სტენოგრაფისტი გააწითლა.
- სხვისი დღიურების წაკითხვა არ შეიძლება, - მორიდებით შენიშნა მან და ისევ გაწითლდა.
- არც საკუთარი შვილის? - გაოცდა ბაგი.
- რა დღიურებზეა ლაპარაკი, თუ ღმერთი გწამთ, მთელი დღე აქ წერს ოქმებს და სახლში მისული პასტის და ფურცელის დანახვაზე ალბათ ცუდად ხდება! - შენიშნა გამომძიებელმა და სტენოგრაფისტი კეთილი ღიმილით დაასაჩუქრა.
- ღვინო ასხია იმ ქვევრში, - თქვა ბაგიმ. - ჯერ კიდევ იმ დროიდან დარჩენილი, როცა ის უხსენებელი ბიძაჩემის სიძე იყო. გავსინჯე ამ ოთხი წლის წინ. დამაინტერესა უბრალოდ. არაფერი დამილევია ჩემს ცხოვრებაში უკეთესი. სხვა სამი ქვევრი მსხლის ხის ფესვებს გაუბზარავს, იმ უხსენებელის ნაჩუქარი კიდევ მთელი დარჩენილა. შევავსე ნაკლული, ზევიდან ორნახადი არაყი დავასხი და ფიჭით ამოვუგლისე ისევ თავი. დალევით მაინც ვერ დავლევდი, ღვინოს დაქცევა კიდევ არ შეიძლება. ამ დილით ავტობუსში, ბიძაჩემი რომ მომაგონდა რატომღაც-მეთქი, რომ გითხარით, იმ ღვინოზეც ვიფიქრე ბევრი, ნეტავ ვინ უნდა დალიოს-მეთქი. თქვენ როგორ გგონიათ, ვინ უნდა დალიოს ის ღვინო?
- მაინც რამდენი წლის იქნება? - მეტი კონკრტიკა მოითხოვა გამომძიებელმა ხმაგამკაცრებულად. სტენოგრაფისტმა ნაცნობი, ნათქვამის დაფიქსირების მომწოდებელ ნაცნობ ნოტებს მიამგვანა გამომძიებლის ხმაში გარეული მოჩვენებითი ფოლადი და საწერად მოემზადა, მაგრამ თვითონ გამომძიებელს რომ შეხედა, ისევ ჯვრების ხატვა განაგრძო.
- ოცდარვისაზე მეტის! - თქვა ბაგიმ. - ჩვენ, დარასელიები, მაგ ღვინოს ვერ დავლევთ, არ შეგვერგება! დაე, იმათ დალიონ, ვისაც შეხვდება, თუნდაც ღვინის ქურდებმა-მეთქი, ვიფიქრე ამ დილით. არ იცის სოფელმა, თორემ არ გააჩერებდნენ ამდენი ხანი.
- სხვა ქვევრში გადაასხით და ისე დალიეთ, - შესთავაზა გამომძიებელმა.
- მტერს სხვა ტანსაცმელი რომ ჩააცვა, იქცევა მოყვრად? - საკუთარი ექსპრომტად გამოთქმული აფორიზმი პირველმა თვითონ დააფასა თავმომწონე ღიმილით ბაგიმ.
- ღვინო ხომ ბიძაშენის დაყენებულია? - თავმომწონე ღიმილი ბოლომდე არ შეარგო გამომძიებელმა. - ადექით და დალიეთ თქვე დალოცვილებო!
- იმ უხსენებელის ქვევრში ხომ არის დაღვინებული?! - წინადადება დაუფიქრებლად უარყო ბაგიმ. - ბიჭი არ მყავს და ბიჭი შემეძინაო, ამბობდა ბიძაჩემი იმ უხსენებელზე... უყვარდა გულწრფელად.
- უიარაღო ხომ გაქვთ წაკითხული, ხვიჩაზე და გოჩაზე რომაა?.. კინოცაა, "მამლუქი".
- ძალიან კარგი კინოა. ჩემს უფროს ბიჭსაც ხვიჩა ქვია. ცეცხლივით ბიჭია, რომ იცოდეთ!
- ჰოდა, ვთქვათ და, ხვიჩა და გოჩა არ მოკვდნენ, როგორც კინოშია ან წიგნშია, გადარჩნენ და მივიდნენ ხელიხელჩაკიდებულები თავიანთ მშობლებთან. როგორ ფიქრობთ, არ უნდა მიიღონ მშობლებმა ისინი ღვიძლ შვილებად, იმიტომ რომ მტრის ქვეყანაში არიან გაზრდილები? - კუთხეში მიიმწყვდია გამომძიებელმა ბაგი და ახლა თვითონ გაიღიმა თავმომწონედ. - ქვევრს, ანუ გამზრდელს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ღვინის დამყენებელი, ანუ მისი შემქმნელი თქვენიანია!
ბაგი დარასელია ასეთმა მტკიცე არგუმენტმა დააბნია და დააფიქრა.
- "იავნანამ რა ქმნაშიც" ხომ იბრუნებენ შვილს? - მორიდებულად შენიშნა სტენოგრაფისტმა.
- ქეთოზე რომაა, ხომ?.. ეგეც ნანახი მაქვს, - მოწურული მხრები ისევ გაშალა ბაგიმ. - ქეთო დაარქვა თავის პირველ გოგოს ჩემმა სიძემ, ჩემი გოგოს ქმარმა...
- აი ხომ ხედავთ! - უთხრა გამომძიებელმა.
- თქვენს ბიძაშვილს ხომ ყავს შვილი დაზარალებულისგან? - მორიდებულად ჰკითხა ბაგის სტენოგრაფისტმა.
- არა, არ ყავს!
- აბა, მარტოხელა დედააო, რომ თქვით? - პირზე დაადგა სტენოგრაფისტი.
- რომ გამოთხოვდა მერე აიყვანა შვილი გასაზრდელად. ერთადერთი შვილი ვარ, თანაც გოგო, ბიჭი არ რჩება მამაჩემს მემკვიდრედ და ვიშვილებ ბიჭსო. მამამისის სახელი დაარქვა. სინდისის ქენჯნის ამბავიც იყო, რა თქმა უნდა. რატომ მკითხეთ?
- შვილიშვილის ქორწილში შეიძლება გაიხსნას ქვევრი-მეთქი, ვიფიქრე, - მიუგო სტენოგრაფისტმა.
- გამორიცხულია! - თქვა ბაგიმ. - ჩვენი გვარისთვის არ შეიძლება იმ ღვინის დალევა!.. ბავშვს ვერ აჩენო, ეს მოსდო შარად ჩემს ბიძაშვილს იმ, რა ქვია მაგას... დაზარალებულმა. არადა, პირიქით იყო, როგორც მერე გამოირკვა!
- იქნებ გაფუჭდა ის ღვინო. ქვევრი რომ გაიხსნება, თუ მაშინათვე არ გადაისხა სხვა ჭურჭელში, ფუჭდება ღვინოო, გამიგია! - თქვა გამომძიებელმა.
- არ არის ღვინო გაფუჭებული. ძროხის შპრიცით ამოვიღე და გავსინჯე! - გამოტყდა ბაგი. - რამდენ გრამი ღვინო ამოვიღე ზუსტად იმდენი არაყი შევუშვი ისევ იმავე შპრიცით. არაყი ღვინოზე მსუბუქია და ზევიდან ტივტივებს! არ არის ღვინო გაფუჭებული, თავს დავდებ თუ გინდათ!
- რომელი შპრიცით ამოიღეთ, თქვენი ვეტექიმი მძახალის შპირცით? - დაინტერესდა გამომძიებელი.
- არა, სხვა შპრიცით. რა ხართ მაინც ეს გამომძიებლები, არაფერი გავიწყდებათ!
- არ გვაქვს უფლება რომ დაგვავიწყდეს. ჩვენ რომ რამე დაგვავიწყდეს და ოქმებში დაფიქსიერებული ფაქტებიდან გამომდინარე არ გავაკეთეთ დასკვნები, ხომ დავიღუპებით! ცოტაოდენი გადახრა და მაშინვე მიკერძოებაში ჩაგვეთვლება და ეჭვის თვალით შემოგვხედავენ, ქრთამი აიღოო, იფიქრებენ. - თქვა გამომძიებელმა. - თქვენ რა იცით, დაზარალებული უნაყოფო იყო თუ არა?
- მეორე ცოლისაგანაც არ ყოლია შვილი და იქიდან! - თქვა ბაგიმ.
გამომძიებელმა ყვითელი სანთებელა კისერზე მარყუჟით ჩამოკიდებული დაბინდული ხელის თაბაშირზე დააკაკუნა.
- ბანდიტების ტყვიაა? - დაბინდულ ხელზე ჩაეკითხა ბაგი. - "ბანდიტსკაია პულიაო", რომ იტყვიან, ის არის?
- სამსახურებრივი ტრავმაა! - მოკლედ მოუჭრა გამომძიებელმა და მაგიდას მიუჯდა. - რამდენი ღვინო ასხია იმ ქვევრში?
- ათკოკიანი ქვევრია. კოკაში ოცდაოთხი ლიტრაა. ორასორმოცი ლიტრა გამოდის, - თქვა ბაგიმ.
- ჩავჯდებით ახლა მე და შენ ჩემს მანქანაში, წავალთ შენს სოფელში, მივადგებით ბიძაშენის სახლს, ვნახავთ იმ ქვევრს და თუ ის, რაც შენ ილაპარაკე, მართალი გამოდგა, ხომ კარგი, თუ არადა, გახეხინებ ციხეს! - ძალიან მშვიდად უთხრა გამომძიებელმა ბაგის და სიგარეტს მოუკიდა. - თუ ღვინოს შევატყვე რომ მართლა ძველია, ორას მანეთს მოგცემ ნაღდ ფულად!
- ისედაც გაჩუქებთ, ბატონო! - შეაგება ბაგიმ.
- არავითარ შემთხვევაში! - ძალიან მკაცრად დააკაკუნა მაგიდაზე სანთებელა გამომძიებელმა. - მე ქრთამს არ ვიღებ!
- არც მიკადრებია, ქრთამი აიღეთ-მეთქი! - დაიბნა ბაგი.
- ჩვემ იურისტებს არაფერი გამოგვეპარება! - ღრმა ნაფაზი დაარტყა გამომძიებელმა. - თქვენ ჩემზე იფიქრეთ, ეს ცალხელა კაცი საჭეს ვერ მიუჯდება, სოფელში წასვლა გამოსაცდელად მითხრა - იმაში დასარწმუნებლად, მართლა არსებობს ის ღვინო თუ არა, მერე ადგება და მეტყვის, აქეთ მომართვი ღვინოოო, ასე არ არის? სხვა ღვინოს შემოპარებაც შეიძლება ამ შემთხვევაში, ტყუილს ვამბობ?
- როგორ გეკადრებათ, ბატონო! - აღშფოთების გამოსახატავად სრული პიჯაკის ზედიზედ ორჯერ გასწორება არ ეყო ბაგის. - არასოდეს უთქვამს ბაგი დარასელიას ტყუილი და ამ სიბერეში რა ათქმევინებდა!.. ახლავე წავიდეთ, მაგრამ ფულს ნუ შემომთავაზებთ ღვინოში, არ ავიღებ მაინც! ოცდარვა წელზე მეტია იმ ღვინოს არ გავკარებივართ დარასელიები და ფულს ავიღებ, როგორ გგონიათ?
გამომძიებელი თაბაშირში ჩასმულ საკუთარ ხელს დააცქერდა.
- აბა, მართლა არსებობს ოცდარვა წლის ღვინო? - იკითხა მან და სტენოგრაფისტ გოგოს შეხედა.
- შვილებს გეფიცებით, ხვიჩას და კაჯის და, შვილიშვილებსაც, ქეთის და უმცროს ხვიჩას! - ფიცი მაგიდაზე ხელის დატყაპუნებით წარმოთქვა ბაგიმ.
გამომძიებელი ისევ სტენოგრაფისტ გოგოს მიაჩერდა, სტენოგრაფისტმა კი დაკითხვის ოქმში ჩაიხედა, თითქოს იქ უნდა ამოიკითხოს პასუხიო.
- შეიძლება ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი, რომ თქვენ მოგცეთ ის ღვინო! - თქვა ბაგიმ. - რომც არ გამიშვათ მაინც გაჩუქებთ იმ ღვინოს. სულ ერთია, ჩემი ბიჭები მაინც გამომიყვანენ აქედან, აგერ ნახავთ თუ არა!.. ოღონდ ამ ღვინოს ამბავი ჩვენ სამს შორის უნდა მოკვდეს. არც ჩემმა ბიჭებმა და არც ჩემმა სიძემ არ იციან მაგ ღვინის ამბავი. ახალგაზრდები არიან, რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ცდუნებისთვის ვერ გაეძლოთ და ბიძაჩემის წყევლა არ ასცდებოდათ მაშინ!
- აბა მე დაწყევლილ ღვინოს მტენი?! - აღშფოთდა გამომძიებელი.
- სიტყვას მოჰყვა, თორემ ღვინო კი არ დაუწყევლია ბიძაჩემს, ქვევრზე თქვა, გადაუძახეთ ხევშიო. კაცი სიკვდილის წინ რომ დაიბარებს, გადაუძახეთ ქვევრს ხევშიო, ასე გამოდის, რომ იმ ქვევრიდან ღვინო ჩვენი გვარის კაცს არ დაელევა. აი თქვენთვის კი ნამდვილად ალალი იქნება. ხომ გითხარით, ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი-მეთქი?
- დაზარალებულისაც? - გესლიანად იკითხა გამომძიებელმა.
- შეიძლება!.. იმიტომ რომ, ის უხსენებელი დაზარალებული რომ არ ყოფილიყო, ვერც თქვენ შეგხვდებოდით...
- ორას მანეთს მოგცემ ნაღდ ფულს იმ ღვინოში, თუ არ აიღებ ჩაგალპობ ციხეში! - თქვა გამომძიებელმა. - თუ მატყუებ, მაშინაც ჩაგალპობ!
- ვერ ავიღებ მე ფულს! რა სინდისით დავუნთო მერე ბიძაჩემს სანთელი საკურთხზე, ან როგორი თვალით შევხედო, როცა იმქვეყნად შევხვდებით ერთმანეთს?!
- აი ამ ხელებით მოგახრჩობ, თუ არ აიღებ! - კბილებიდან გამოსცრა გამომძიებელმა და ბაგი დარასელიას ჯერ საღი ხელი აჩვენა, შემდეგ თაბაშირში ჩასმულიც.
- არ ავიღებ! - თქვა ბაგიმ. - ბიძაჩემის სული არ მაპატიებს!
- მე კიდევ გჭირდებით, თუ შემიძლია წავიდე? - გაუბედავად იკითხა სტენოგრაფისტმა გოგომ.
- წადი, მაგრამ არ გაინტერესებს მაინც, როგორ დამთავრდება ეს ამბავი? - გაოცება ვერ დამალა გამომძიებელმა.
- ის ფული, ღვინოში რომ სთავაზობთ ეჭვმიტანილს, აიღეთ და დაზარალებულს მიეცით კომპენსაციად ეჭვმიტანილის სახელით, ისიც ადგება და საჩივარს გამოიტანს. მერე თქვენც ადექით და იჩუქეთ ის ღვინო და მერე მეორე ოცდარვა წელი მაინც დაგრჩებათ მოსაგონრად და სატრაბახოდაც მისი გემო! - უპასუხა სტენოგრაფისტმა გოგომ და მისი კდემისთვის შეუფერებელი თავდაჯერებულობით გაიღიმა.
 
© „ლიტერატურაცხელიშოკოლადი
 


იფ რა იქნებოდა?


ყოჩაღ, სტენოგრაფისტი გოგო, გამომძიებელზე ჭკვიანი ყოფილა


ქალი მაინც ქალია! უცებ მონახა გამოსავალი :))


გელა,ეს ნაწარმოები ძალიან მომეწონა,ყოჩაღ .წარმატებებს გისურვებ.დამიკავშირდი "ოდნოზე" ან ფეისბუქზე.გული მასწავლებელი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.