Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტალახშია ჭეშმარიტება!

ქეთო ნინიძე

დღეს 15 ივნისია, მსოფლიოს ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენის გახსნის მეორე დღე. მალხაზს, რომელიც ბორდოშია, წასვლამდე შევპირდი, რომ ორშაბათს ვინექპოს შესახებ დავწერ, თუმცა, არ გამოდის, ინფორმაცია - ადგილები, თარიღები, რიცხვები, მოქმედების აღმნიშვნელი ცნებები - სინტაქსურ სტრუქტურებად ვერ ლაგდება. და რადგან ისიც ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი მეგობრები ღვინის კლუბში ყოველთვის ადეკვატურები იყვნენ სამოქალაქო პრობლემების წინაშე, სტატიის წერით თავს არ ვიკლავ. მახო გამიგებს. ის ვერეს პრობლემებზე დიდი ხნით ადრე, ამ ტრაგედიამდე, წერდა.

ტექსტს მექანიკურად შევაკოწიწებ და ბლოგზე ვაქვეყნებ. შემდეგ ვეხმიანები ახალ მეგობრებს ჯგუფიდან „13 ივნისი, მოხალისეთა გაერთიანება. 13 june volunteers“. პარალელურად ვფიქრობ, სად იშოვება ბარი, რეზინის ხელთათმანები, პარკები ნაგვისთვის და მეუღლესთან ერთად მივემართები ქუჩისკენ, რომელსაც გუშინ დილით უბედურების ტალღებმა გადაუარა.

საქართველოში, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საკმაოდ რთულია ხოლმე მოქალაქეების გაერთიანება ღირებულებების (და არა - პოლიტიკური მოძრაობების) გარშემო. ისინი არ არიან, მაინცდამაინც, აქტიურები, თუნდაც, ძალიან მიუღებელი ანტიეკოლოგიური გადაწყვეტილებების გაპროტესტების საქმეში. უფროსი თაობის დიდ ნაწილს ახასიათებს საინფორმაციოებიდან მიღებულ სიახლეებთან დაკავშირებით ვიშვიში, ახალგაზარდები კი თავს არ ვზოგავთ სოციალურ ქსელში აქტივობით, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჰიპერრეალობას შეხიზნული ხალხი არ ვქმნით ძლიერი ნების საზოგადოებას.

თუმცა, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად აეწყო. საოცარია! თამარაშვილის გამზირზე არ წყდება დაზარალებული ოჯახების დახმარების მსურველთა ნაკადები. ასეთი სოლიდარობა მხოლოდ 1989 წლის აპრილში მახსოვს (5 წლის ვიყავი). ჩავიარეთ მოასფალტებული დაღმართი, რომელიც, ფაქტობრივად, ხეობაა (უცნაურია, რატომ გადაწყვიტეს აქ ადამიანებმა დასახლება, ან ვინ გასცა ჭალებსა და ხეობებში განაშებიანების ნებართვა) და შევედით ერთ-ერთ ეზოში. ეს სახლი მდინარის დონესთან, თითქმის, გათანაბრებულია. ყველაზე ბევრი ხალხი აქ იმიტომ ტრიალებს, რომ ზარალი, როგორც ჩანს, ყველაზე დიდია. ირკვევა, რომ საბედნიეროდ, ზუმბულიძეების ოჯახი მსხვერპლს გადაურჩა.

სახლი ორსართულიანია, ეზო, ყველა თბილისური ეზოიანი სახლის მსგავსად, ტალავერითაა გადახურული. ტალახიანია მკვახე მტევნებიანი ტალავერი, რადგან ამ ადგილზე მდინარის მაქსიმალურმა სიმაღლემ, დაახლოებით, 5 მეტრს მიაღწია. ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი, ქალბატონი ლამარა იხსენებს, რომ 1960 წელს ვერეს წინა ადიდების დროს ის ამ ადგილის ახალმოსახლე იყო. მაშინაც დიდი ზარალი მიადგათ, თუმცა, ქვიშიანი შლამი ადვილად გამოირეცხა ოთახებიდან. ახლა კი ნაშალი მიწისგან, რაც ვერემ მთის ფერდობიდან ჩამოიყოლა, სახლი გაცილებით რთულად გასაწმენდი იქნება.

მეორე სართულის ვერანდაზე ასეთი სურათი დამხვდა. წინა დღეს ოჯახის წევრებსა და მოხალისეებს ლექით გავსებული სახლიდან გამოეწყოთ წლობით ნაგროვები, თიხისა და ვერცხლის ფიალები, დიდი ზომის ყანწები, პატარა სათითურები, ბროლის თასები, რომლებიდანაც, ალბათ, ბევრი „განსხვავებული“ ისმეოდა. ახლა კი, თითქოს, თავიანთი სალხინო სახის გამოჩენას ერიდებიან, მიწით და ლაფით შებურულან, და ეს მარადისობის ძალიან შემზარავი გზავნილია. ერთადერთი, ამ ბინდისფერ გარემოში ტალახით მოსვრილ სავარძელზე ღია ფერის გიტარა ანათებს - ნათელი ოჯახური ნადიმების თბილისური მეხსიერების უხერხული ფრაგმენტი.  

მთელი დღის მანძილზე ხალხის ნაკადები არ წყდება. ახალგაზრდები, მათი მშობლების თაობა, უფრო ხნიერები, ცნობილი ადამიანები და ჩემსავით უცნობები, არასამთავრობო და სახელისუფლებო პირები, ჰალსტუხიანები, მაღალქუსლიანები და კედებიანები, ყველანი ამ ტალახიან ეზოში ვიკრიბებით, ვიქნევთ ბარს და ნიჩაბს, სანამ დგომა შეგვიძლია, იმიტომ, რომ ძალიან გვტკივა და ამ განცდის მოთვინიერების ერთადერთი საშუალება შრომაა. ვიხდით ბოტებს და რეზინის ხელთათმანებს - გვინდა, ხელით და ფეხით მოვსინჯოთ მიწა, რომელთან ურთიერთობის ენაც დაგვავიწყდა და უფრო და უფრო ვისვრებით ამ მიწით, გვსიამოვნებს ეს შეხება. თუკი ლხინში ღვინოში ვყვარობთ ერთმანეთს, ახლა ტალახი გვაერთიანებს.

მეწყერმა და წყალმოვარდნამ 16 ადამიანი და ზოოპარკის ძალიან ბევრი ბინადარი იმსხვერპლა, ყველაზე უდანაშაულო არსებები. და ამ ამოუცნობი ტრაგედიის ერთადერთი ადამიანური ინტერპრეტაცია, ჩემი აზრით, შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ  ყველაზე უმანკო მსხვერპლი და ტკივილიანი განწმენდა მხოლოდ სასიკეთო ცვლილებებს უდევს ხოლმე საფუძვლად. ტკივილი, რომელიც ფიზიკურ ან ინტელექტუალურ შრომად გარდაიქმნება.

ეს  ჩემი ფოტოა, რომელიც მობილური ტელეფონით გადავიღე. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 
თემა:


კაი ბლოგია. ყოველთვის აქტუალური, შემეცნებითი, სერიოზული .... გრამატიკულადაც ყველა სტატია გამართულია... ქართველები ასე სერიოზულად და ყურადღებით არც ერთ საიტს და ბლოგს არ აწარმოებენ... რა გჭირთ? ქართველები არ ხართ? :)) ერთი მძიმე ან წერტილი მაინც გამოტოვეთ ხოლმე ხანდახან :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.