Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფრანგეთის ვენახები მეორე მსოფლიო ომის დროს

ნეგოციანტები ფარაჯებში

საფრანგეთის საუკეთესო ღვინის მისაღებად ნაცისტ ლიდერებს ისეთი ხალხი ესაჭიროებოდათ, რომლებიც არა მხოლოდ ერკვეოდნენ ღვინოში, არამედ პირადად იცნობდნენ მეღვინეების უმრავლესობას. ამიტომ რაიხის ეკონომისტებმა უშუალოდ გერმანელ ღვინით მოვაჭრეებს მიმართეს და მათზე დაყრდნობით შექმნეს კორპუსი, რომლის წარმომადგენლებსაც "ღვინის ფიურერებს" (weinfurers) უწოდებდნენ.
თუმცა, გერმანიის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა. ღვინის ფიურერები საფრანგეთის არაერთი მწარმოებლისა და კომერსანტის ძველი მეგობრები იყვნენ. ერთობლივი ბიზნესით მათი კავშირი თაობებით იყო განმტკიცებული, ისინი ფირმებში ერთმანეთისგან სწავლობდნენ და ფრანგულად თავისუფლად ლაპარაკობდნენ... როგორც ფრანგები, ისე გერმანელები ხშირად იყვნენ ბიზნესში თავიანთი პარტნიორების შვილების ნათლიები.
მათ დევიზად იქცა მორის დრუენის ცნობილი ფრაზა: "ბოლოს და ბოლოს ომი დამთავრდება, რაც შესაძლოა მოხდეს ხუთი თვის ან ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ საფრანგეთი ყოველთვის გერმანიის მეზობლად დარჩება. ჩვენ ისევ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრება მოგვიწევს".
ღვინის ფიურერების მუშაობა საუკეთესო ფრანგული ღვინოების შესყიდვასა და გერმანიაში გაგზავნაში მდგომარეობდა, რათა შემდგომ ისინი საერთაშორისო ბაზრებზე გაეყიდათ. მათ შორის ყველაზე ცნობილი გახდა ჰაინც ბიომერსი (Bëmers), რომელიც სათავეში ედგა ფირმას Reidemeister & Ulrichs-ი. 1940 წლის მაისში იგი ბორდოში რაიხის ნდობით აღჭურვილ პირად დაინიშნა. Bბიომერსი დასთანხმდა ამ სამუშაოს, მაგრამ საკუთარი პირობები წამოაყენა. შესყიდვების საფასურს თვითონ გადაიხდიდა, თავადვე გადაწყვეტდა, რამდენი მარკა გაეცვალა ფრანკზე, არ ივლიდა სამხედრო ფორმით, და საჭიროების შემთხვევაში, გერმანელი სამხედროების არაადეკვატური ქმედებებისას, ექნებოდა ვითარებაში "ჩარევის" უფლებამოსილება.
ბიომერსის ოჯახს საფრანგეთთან ძველი კავშირები ჰქონდა. პირველი მსოფლიო ომის წინ მას ეკუთვნოდა Chateau Smith-Haut-Lafitte ბორდოში, რომლის კონფისკაციაც საფრანგეთის მთავრობამ ვერსალის ზავის შემდეგ მოახდინა, და რომელიც სახელმწიფოს ხელში გადავიდა. ომის შემდგომ წლებში, ბრემენში მუშაობისას, ბიომერსი დაკავებული იყო ფრანგული ღვინოების იმპორტით და მჭიდროდ თანამშრომლობდა რეგიონის წამყვან მწარმოებლებთან.
1940 წელს, მისი ჩამოსვლის შედეგ, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ბევრი ბორდოელი რთული არჩევანის წინაშე: მათი ძველი მეგობარი და ბიზნეს-კოლეგა ახლა მტრის ინტერესებს წარმოადგენდა. შიშის გასაქარწყლებლად ბიომერსმა შეკრიბა ღვინის მწარმოებლები და დაამშვიდა, რომ შეცვლილი გარემოებების მიუხედავად, ის კვალვინდებურად მათ მეგობრად რჩებოდა. "მოდი უწინდებურად გავაგრძელოთ ერთობლივი ბიზნესი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, - თქვა მან, - და ვიმედოვნებ, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მე ბორდოდან წავალ, თქვენი ღვინის მარაგი ახლანდელთან შედარებით გაიზრდება".
ახალ თანამდებობაზე ბიომერსის პირველი ნაბიჯი იყო ბორდოს საწყობების გაწმენდა დაბალხარისხიანი ღვინის უზარმაზარი მარაგისგან, რომელიც 1930-იანი წლების მოსავლების შემდეგ დაგროვდა. მან უზარმაზარი ოდენობით - მილიონი ბოთლი ასეთი ღვინო შეისყიდა.
ბიომერსი ორმაგ თამაშს აწარმოებდა: ცდილობდა არ გაებრაზებინა გერმანელები და იმავდროულად ეზრუნა ფრანგებზეც. ამაში მას ეხმარებოდა ვინმე კომერსანტი როჯერ დესკასი (Descas), პარიზში არსებული გერმანული ჯარების შტაბის ეკონომიკურ-სასერვისო განყოფილებაში ვიშის მთავრობის წარმომადგენელი. დესკასი ბიომერსის ძველი მეგობარი იყო და თანდათანობით მის ნდობით აღჭურვილ პირად იქცა, რომელთან ერთადაც ბიომერსი პირდაპირ გერმანული ოკუპაციური ხელისუფლების თვალწინ დგამდა სპექტაკლებს. ერთხელ მან დაურეკა დესკასს და უთხრა: "ერთი იდეა მაქვს. ჩემთან ერთად ხომ არ ისადილებდით? თან განვიხილავდით მას".
საღამოს ისინი La Cremaillere-ში, პარიზის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში შეხვდნენ, სადაც ბიომერსმა თავისი გეგმა გაანდო. "ეს არც ისე რთულია, - არწმუნებდა ის დესკასს. - ჩვენ შევხვდებით ხოლმე ეკონომიკური განყოფილების სხდომის ჩატარებამდე, რაც შეიძლება, მაგალითად, ამავე რესტორანში მოხდეს. წინასწარ შევათანხმებთ ყველა დეტალს - რამდენი ღვინის ყიდვა შემიძლია და რა ფასად. ხოლო მომდევნო დღეს, სხდომაზე, ჩვენ ვიკამათებთ ერთმანეთში, რათა დანარჩენებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებულები ვართ." დესკასი დაუფიქრებლად დასთანხმდა.
სასტუმრო Majestic-ში შეხვდრისას, სადაც განთავსებული იყო გერმანიის საოკუპაციო ეკონომიკური განყოფილება, შეთქმულები ყველა აუცილებელ ფორმალობას იცავდნენ. თითოეული მათგანი მოკლე სიტყვით გამოდიოდა, რომელშიც აყალიბებდა თავის ხედვას მორიგი სავაჭრო გარიგების შესახებ. ამის შემდგომ იწყებოდა ნამდვილი წარმოდგენა. დესკასი ამტკიცებდა, რომ ფასები სამართლიანი იყო, ხოლო ბიომერსი ისეთ სახეს იღებდა, თითქოს მის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა, და კამათი ახალი ძალით ჩაღდებოდა. ბოლოს და ბოლოს, დღის მიწურულს ისინი აღწევდნენ კონსენსუსს ფასებისა და მიწოდების მოცულობის თაობაზე. მაგრამ ეს სწორედ ის ციფრები იყო, რომელზედაც მეგობრები წინა დღეს შეთანხმდნენ.
 
 
გასეირნებები ღვინის მოედანზე
 
1940 წლის ოქტომბრის მიწურულს, ბონში ჩამოსვლიდან სულ მოკლე ხანში, ხელახლა დანიშნულმა ბურგუნდიის ღვინის ფიურერმა ადოლფ ზეგნიცმა (Segnitz) ანონიმური ბარათი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო: "ფრთხილად იყავით, ზოგიერთი ღვინით მოვაჭრე და მეღვინე თქვენს მოტყუებას ცდილობს. ისინი მალავენ თავიანთ საუკეთესო ღვინოებს, ხოლო თქვენ დაბალი ხარისხისას გასყიდებენ". რამდენიმე დღის შემდეგ მან ეს წერილი მეღვინეების სერთო კრებაზე წაიკითხა და იქვე ნაკუწებად აქცია. ყველა იქ მყოფმა შვებით ამოისუნთქა. მევენახეები, რომლებიც ზეგნიცს უსმენდნენ, მიხვდნენ, რომ იგი ნამუსიანი კაცი იყო და მასთან შეიძლებოდა ბიზნესის წარმოება.
ზეგნიცი კარგად ლაპარაკობდა ფრანგულად და, რა თქმა უნდა, იცოდა, თუ როგორ სძულდათ ფრანგებს გერმანელები. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მის ოჯახს ბორდოში ეკუთვნოდა ორი მამული: Chateau Chasse-Spleen-ი და Chateau Malescot-Saint-Exupery. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, Chateau Chasse-Spleen-ის ღვინის სარდაფები გაიძარცვა, ხოლო შემდგომ, საფრანგეთის მთავრობამ მოახდინა ორივე მამულის, როგორც მტრის საკუთრების კონფისკაცია. მაგრამ ადოლფი, მიუხედავად ძველი წყენისა, ყოველთვის ზედმეტად თავაზიანი იყო და საჯაროდ არასოდეს ატარებდა სამხედრო ფორმას.
ზეგნიცის ოჯახი ბრემენში ფლობდა ფირმას, რომელიც დღიდან დაარსებისა, 1859 წლიდან, საუკეთესო ფრანგული ღვინოების იმპორტით იყო დაკავებული. მეორე მსოფლიო ოამამდე რამდენიმე წლით ადრე ზეგნიცმა მემკვიდრეობით მიიღო A. Segnitz and Company და ბურგუნდიულ ღვინოებზე დასპეციალიზდა.
როდესაც ნაცისტურმა მთავრობამ შესთავაზა ზეგნიცს მისი ნდობით აღჭურვილი პირი ყოფილიყო, ის უკვე სამოცი წლის იყო. ისევე როგორც ბორდოში მისი მეგობარი ბიომერსი, იგი დასთანხმდა, მაგრამ იმ პირობით, რომ სრული თავისუფლება ექნებოდა და ბერლინი მის საქმეებში არ ჩაერეოდა.
თავისი მოღვაწეობის დასაწყისიდანვე ზეგნიცი შეეცადა დაერწმუნებინა ღვინის საზოგადოება, რომ მას კარგად ესმის ის პრობლემები და სირთულეები, რომლებიც ოკუპაციამ გამოიწვია. ზეგნიცმა ასევე პირობა დადო, რომ არ მიმართდავდა "ძლიერი ხელის" ტაქტიკას და მეღვინეებს საშუალება ექნებოდათ თავად გადაეწყვიტათ, ეწარმოებინათ თუ არა მასთან ბიზნესი.
მისი ხელშეწყობით გადარჩა Hospices de Beaune-ს კუთვნილი ცნობილი ვენახები. ორგანიზაცია როგორც საქველმოქმედო ჰოსპიტალი, 1443 წელს ბურგუნდიის კანცლერმა, ნიკოლოს როლენმა (Rolin) დააარსა, რომელმაც მთელი თავისი ქონება, მათ შორის ამ რეგიონის რამდენიმე საუკეთესო ვენახი Hospices-ს გადასცა. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში სხვა მორწმუნეებმა Hospices-ს ფუნქციონირებისთვის მხარდასაჭერად, მას თავიანთი ვენახები უანდერძეს. ზეგნიცმა მიაღწია ორგანიზაციის ფაქტობრივი დირექტორის, მორის დრუენის გათავისუფლებას, რომელიც 1942 წელს გესტაპომ დააპატიმრა.
1943 წელი Hospices de Beaune-თვის განსაკუთრებული იყო, მას 500 წელი შეუსრულდა. მაგრამ იუბილეზე არავის უნდოდა გერმანელების დაპატიჟება. მართალია ზეგნიცს ამ საკითხის გადაწყვეტა ძალის გამოყენებით შეეძლო, მაგრამ იგი მეგობართან დათმობაზე წავიდა. საპასუხოდ მორის დრუენმა ის ერთი პირობით დაპატიჟა წვეულებაზე - იქ სამხედრო ფორმით არ უნდა მისულიყო. Hospices de Beaune-ს მე-500 წლისთავი წარმატებით აღინიშნა. დღესასწაულიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ მორის დრუენმა ზეგნიცისგან მადლობის წერილი და 100 000 ფრანკის ჩეკი მიიღო.
 
შამპანურის შერისხვა
 
ძარცვითა და მაროდიორობით არც ერთი რეგიონი არ იყო ისე გაჩანაგებული, როგორც შამპანი. ოკუპაციის მარტო პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა დაახლოებით ორი მილიონი ღვინის ბოთლის კონფისკაცია. შამპანური ღვინოების სხვა სახლებთან შედარებით, ძარცვისგან ყველაზე მეტად დაზარალდა Moet & Chandon-ი. ნაცარტუტად იქცა Dom Perignon-ის სააბატოს მიწებზე მდებარე Chateau Chandon-ი. Moet-ის კუთვნილი სხვა შენობები გერმანელი ჯარისკაცების ყაზარმებად აქციეს. ყველა უბედურებასთან ერთად მიწოდებაზე დაწესდა მკაცრი კვოტა: კომპანიას რაიხისთვის კვირაში 50 000 ათასი შამპანური უნდა ჩაეტვირთა. ამიტომ, შამპანის მცხოვრებლებმა შვებით ამოისუნთქეს, როდესაც გაიგეს, რომ გერმანულმა ხელისუფლებამ ღვინის შესასყიდად თავისი წარმომადგენლების გაგზავნა გადაწყვიტა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს ძარცვა შეწყდებოდა და წესრიგი დამყარდებოდა. მეღვინეებმა კიდევ უფრო გაიხარეს, როდესაც გაიგეს, თუ ვინ გამოგზავნეს გერმანელებმა შამპანში. ეს იყო ოტო კლიაიბიში (Klaebisch), ფრანგული წარმოშობის მეწარმე ფირმიდან Matteus-Muller-ი, რომელიც ცქრიალა ღვინოების იმპორტითა და წარმოებით იყო დაკავებული.
მაგრამ ფრანგების იმედები არ გამართლდა. კლიაიბიში ითხოვდა უზარმაზარი რაოდენობით შამპანურს, მაგალითად, შამპანური ღვინოების სახლს Pol Roger-ი ნაბრძანები ჰქონდა 1928 წლის მთელი ვინტაჟის ბერლინისთვის მიწოდება.
მევენახეთა ძალისხმევის გასაერთიანებლად 1941 წლის 13 აპრილს შეიქმნა შამპანის ღვინოების პროფესიათაშორისი კომიტეტი (Comite Interprofessional de Vin de Champagne, ანუ CIVC-ი), რომელიც დღესაც შამპანური ღვინოების მწარმოებლებს წარმოადგენს. Aამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა ჟან დე ვოგი (de Vogue).
კლიაიბიშს არ მოეწონა CIVC-ის შექმნის ფაქტი, და არ უნდოდა ამ ორგანიზაციასთან საქმის დაჭერა. მას მუშაობა თავისი ომამდელი კავშირების გამოყენებით ერჩივნა. კლიაიბიშმა იცოდა, თუ რა პოლიტიკას ატარებდა ბიომერსი ბორდოში, და შამპანურის გაყიდვაზე სრული კონტროლის ხელში აღებით უნდოდა ყველაფერში ეჯობნა მისთვის. დე ვოგი ცდილობდა ფრანგი მევენახეების ინტერესების დაცვას, რაც იოლი საქმე არ იყო. ნორმის შესასრულებლად შამპანურის მწარმოებლებს მეტი მუშაობა უწევდათ. კლიაიბიშსა და დე ვოგს შორის ურთიერთობა თანდათანობით უარესდებოდა. კლიაიბიში და სხვა გერმანელი ჩინოვნიკები სულ უფრო ეჭვობდნენ, რომ დე ვოგი და მისი კოლეგები Moet & Chandon-ში აქტიურად ეხმარებოდნენ წინააღმდეგობას. და ამ ეჭვებს ჰქონდა საფუძველი. ომის შემდეგ დე ვოგმა ლეგიონის საპატიო ორდენი მიიღო იმის გამო, რომ საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონში სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის პოლიტიკურ ფრთას.
 
კუპაჟი ყელზე მარყუჟით
 
1943 წლის 24 ნოემბერს, კლიაიბიშთან შესახვედრად მისული დე ვოგი დააპატიმრეს. დაპატიმრება მოხდა გესტაპოდან დარეკვის შემდეგ. ჟან დე ვოგს ბრალად წარედგინა გერმანიის საქონლით მომარაგებისთვის ხელის შეშლა.
დე ვოგს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამ განაჩენმა მთელი შამპანი შეძრა. პირველად ოკუპირებული საფრანგეთის ისტორიაში მთელმა მრეწველობამ - მევენახეებმა და მეღვინეებმა, მუშებმა და მოსამსახურეებმა, მათ შორის ხელმძღვანელობამ გაფიცვა გამოაცხადა. ასეთი უპრეცედენტო აქციის წინაშე კლიაიბიში უძლური აღმოჩნდა. მას ეშინოდა, რომ გერმანული ჯარების მოხმობა კიდევ უფრო მეტ არეულობას გამოიწვევდა და აიძულებდა გერმანელებს, შამპანურის წარმოება თავიანთ ხელში აეღოთ, რაზეც მავანნი დიდი ხანი ოცნებობდნენ ბერლინში. მაგრამ კიდევ ერთი რამ, რისიც კლიაიბიშს ეშინოდა, ეს იყო ხალხის ერთიანობა.
შამპანის მცხოვრებლებისადმი რამდენიმე წარუმატებელი მოწოდების შემდეგ, შეეჩერებინათ საპროტესტო აქციები, გერმანელები დათმომაზე წავიდნენ. ისინი დასთანხმდნენ "დროებით შეეჩერებინათ" დე ვოგისთვის გამოტანილი განაჩენის აღსრულება, მაგრამ განაცხადეს, რომ ამაზე მხოლოდ ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე წავიდნენ - არ უნდოდათ დაეობლებინათ მისი შვილები. ჟან დე ვოგი ციხეში ჩასვეს.
მაგრამ შამპანის ღვინის მრეწველობის დასჯა მხოლოდ ახლაღა იწყებოდა. შამპანური ღვინოების სახლების მეთაურები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაფიცვას, სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგნენ. მათ უნდა გაეკეთებინათ არჩევანი: ან გადაეხადათ უზარმაზარი ჯარიმა 600 000 ფრანკი (თანამედროვე კურსით დაახლოებით ერთნახევარი მილიონი ფრანკი), ან ორმოცი დღე ციხეში გაეტარებინათ. თითქმის ყველამ ჯარიმა გადაიხადა.
ყველაზე მეტად Moet & Chandon-ი დაზარალდა. თითქმის მთელი ხელმძღვანელობა ჩასვეს ციხეში ან საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს.
იმის იმედით, რომ კიდევ უფრო მეტად მოეხდინათ კომპანიის დისკრედიტაცია და გაემართლებინათ Moet-ის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები, კლიაიბიშმა და სხვა გერმანელმა ჩინოვნიკებმა შეუკვეთეს პროპაგანდისტული ფილმი. მასში იყო კადრები, სადაც თავს ხდიდნენ Moet & Chandon-ის წარწერის მქონე ყუთებს, რომლებშიც თოფებსა და ტყვია-წამალს პოულობდნენ. ამ ფილმს საფრანგეთისა და გერმანიის ყველა კინოთეატრში "ატრიალებდნენ" სეანსების დაწყებამდე. გერმანელებმა ასევე აიძულეს ფრანგული გაზეთების უმრავლესობა, გამოექვეყნებინათ მასალები, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ დე ვოგი "ტერორისტებს ეხმარებოდა".
რამდენიმე თვეში გერმანიის ოკუპაციურმა ხელისუფლებამ მთლიანად ჩაიგდო ხელში Moet-ის მართვა. კომპანიის ხელმძღვანელად კი ოტო კლიაიბიში დანიშნეს.
 
მოამზადა გიორგი გვასალიამ

© "მარანი"

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.