Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის დაყენების ქართული მეთოდი UNESCO-ს ნუსხაში

ალეკო ცქიტიშვილი

ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი შესაძლოა, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში  მოხვდეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივა თანდათან ხორცს ისხამს. იუნესკო წინადადებას 2013 წლის შემოდგომაზე განიხილავს და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ქვევრი და ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი ოფიციალურად დამკვიდრდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში.

29 თებერვალს სატუმრო „რედისონ ივერიაში“ ამ საკითხზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მწარმოებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით გამართულ ამ ფორუმში მონაწილეობდნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების – გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP), მსოფლიო ბანკის, საქართველოს ევროპის საბჭოს ოფისის, აგრეთვე – GTZ-ისა და აშშ–ის საელჩოს წარმომადგენლები. სიტყვით გამომსვლელებმა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის მსოფლიო მნიშვნელობაზე და UNESCO–ს ნუსხაში მისი მოხვედრის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) სანომინაციო წინადადება წერილობითი სახით 31 მარტამდე უნდა გაეგზავნოს. ამ დროისთვის დოკუმენტები თითქმის მზადაა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ფორმალურ საკითხს, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციებზე რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი იღებს 10–წუთიან დოკუმენტურ ფილმს, რაც ასევე სანომინაციო წინადადებას უნდა ერთვოდეს. წინადადების განხილვის წელიწადნახევრიანი პროცედურის შემდეგ, 2013 წლის შემოდგომაზე, UNESCO თავის გადაწტყვეტილებას გამოაცხადებს.

„ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი ნამდვილად მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობაა. იშვიათად ხდება, რომ დედამიწაზე 8000–წლიანი ტრადიცია ასე უწყვეტად და ცოცხლად იყოს შემორჩენილი და დღესაც ასე ფართო გამოყენება ჰქონდეს. ამ ტრადიციის საშუალებით ჩვენ, ფაქტობრივად, ერთდროულად ვეხებით ღვინის ისტორიის საწყისებსაც და თანამედროვეობასაც. ამდენად, ვფიქრობთ, რომ UNESCO ჩვენს წინადადებას მხარს დაუჭერს“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, კოტე ნაცვლიშვილი.

წინადადების შემუშავების ეტაპზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფში მაქსიმალურად თავი მოუყარა იმ უწყებებს, ვისთვისაც ეს წინადადება მნიშვნელოვანია. უფრო კონკრეტულად, ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოში UNESCO -ს საქმეთა ეროვნული კომისია (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საპატრიარქო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

ეს ვრცელი, მაგრამ შესაძლოა, მაინც არასრული ჩამონათვალიც ადასტურებს, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის UNESCO -ს ნუსხაში მოხვედრით ბევრი მხარეა დაინტერესებული. სანომინაციო წინადადების შემუშავებაში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მწარმოებლები:ღვინის კლუბი, კომპანია „ხოხბის ცრემლები“, ქვევრის ფონდი, ქართული ღვინის კულტურის ცენტრი, ასოციაცია „ქვევრის ღვინო“, ალავერდის მონასტრის მარანი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, ასოციაცია „ქართული ღვინო“, ICOMOS - საქართველო, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.

არამატერიალურიკულტურულიმემკვიდრეობისდაცვისკონვენცია UNESCO-მ 2003 წელს მიიღო. არამატერიალურკულტურულმემკვიდრეობადითვლებაენა და დიალექტები, ფოლკლორი და ზეპირიგადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, რიტუალები, ტრადიციული დღესასწაულები და კარნავალები, ბუნებრივი რესურსების გამოყენების ტრადიციული მეთოდებიდახალხურირეწვა, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგები, ხილისა და ბოსტნეულის ენდემური ჯიშები, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ადგილობრივი ჯიშები და სხვა. საქართველო კონვენციას 2007 წელს შეუერთდა. თუმცა, საინტერესოა, რომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა 2003 წლიდან უკვე მოხვდა UNESCO-ს არამატერიალურიკულტურულიმემკვიდრეობის ნუსხაში, რადგან იგი ჯერ კიდევ კონვენციის მიღებამდე იყო დაცული UNESCO-ს მიერ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი კიდევ ერთი არამატერიალური კულტურული მეკვიდრეობაა, რითაც საქართველო UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იქნება წარმოდგენილი.

ნომინაციის წარდგენაზე მომუშავე ჯგუფი შეთანხმდა, რომ ნომინაციისსახელწოდება იქნება - ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი (ინგლისურად: Georgian traditional method of qvevri wine making). თუმცა, 31 მარტამდე ეს სახელწოდება, შესაძლოა, კიდევ დაზუსტდეს. ამავე დროს, ნომინაციაში ქვევრის ალტერნატიული (არაოფიციალური) სახელწოდება იქნება - ჭური, რადგან დასავლეთ საქართველოში ქვევრს ასე უწოდებენ. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ქვევრის ღვინის დაყენების რეგიონების სიაში შევა. ცნობილია, რომ ქვევრებში ღვინოს არა მარტო ბარში – მევენახეობის ტრადიციულ რეგიონებში, არამედ მთიან რეგიონებშიც აყენებდნენ, სადაც ტკბილი ბარიდან აჰქონდათ. ამდენად, ქვევრის კულტურა თითქმის თანაბრად იყო გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გამორჩეულად კი ქვევრის ღვინოს თითქმის ყველა ოჯახში აყენებდნენ მევენახეობა–მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში: კახეთში, ქართლში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, აფხაზეთში, სამეგრელოში, აჭარაში და სამცხე–ჯავახეთში.   

მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონებში დღესაც ცოცხლად არის შემორჩენილი ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი კულტურა. პრაქტიკულად, ცოცხალია ამ კულტურის ყველა კომპონენტი და საზოგადოება მას აქტიურად იყენებს. ამავე დროს, ქვევრის კულტურა ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდის გარდა, მეთუნეობის მდიდარ ქართულ ტრადიციებსაც გულისხმობს. ხალხური რეწვის ამ დარგის ერთ–ერთი მიმართულება – მექვევრეობა და ქვევრის გამოწვის ძველი ხალხური მეთოდები, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოშია შემორჩენილი. უკანასკნელ წლებში ქვევრის ღვინის დაყენება ევროპის ქვეყნებშიც სცადეს. ევროპელმა მეღვინეებმა თავიანთი მარნებისთვის ქვევრები საქართველოში შეიძინეს.

მეთუნეობის გარდა, ქვევრის კულტურა ასევე მოიცავს ქვევრის რეცხვისა და მოვლის განსაკუთრებულ ტრადიციებს. ძველად საქართველოში ქვევრის მრეცხავის საპატიო პროფესიაც არსებობდა. ქვევრის მოვლის მეთოდები თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

კონსტანტინე ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული ინტერესია, ქვევრი (qvevri) და ქვევრის ღვინო (qvevri wine) კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოს მასშტაბით: „უმთავრესი სარგებელი, რაც შეიძლება ამ გზით ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს, ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაა საერთაშორისო არენაზე. UNESCO თავად ზრუნავს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების პოპულარიზაციაზე. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია საზოგადოების გათვითცნობიერება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და მისი დაცვის პრობლემატიკის შესახებ, რაშიც აღნიშნული ნომინაციის წარმატება დიდად დაგვეხმარება. ეს ნომინაცია ქართულ ოჯახის ღვინოს აძლევს უნიკალურ შანსს, გაიძლიეროს პოზიციები საქართველოს ღვინის ბაზარზე, ხოლო ქართული ღვინის კომპანიებს გაუადვილებს საკუთარი პროდუქტის რეკლამირებას. როგორც ღვინის ექსპერტები აღნიშნავენ, ბოლო წლებში უცხოეთში შეინიშნება მზარდი ინტერესი ქვევრის ირგვლივ და გახშირდა ქვევრების ექსპორტი. სავარაუდოდ ქვევრის მიმართ ამ ნომინაციის წარმატების შემთხვევაში ინტერესი უცხოეთშიც გაიზრდება და ქართველ მექვევრეებს შეეძლებათ განავითარონ თავიანთი წარმოება, ხოლო ბევრ სოფელსა და ოჯახს ექნება შანსი დაიბრუნოს მექვევრეობის ისტორიული სტატუსი“.

UNESCO–ს ნუსხაში მოხვედრა მემკვიდრეობის დაცვასაც გულისხმობს. კონსტანტინე ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამჟამად მთელ მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონკრეტულ საკანონმდებლო და პრაქტიკულ მექანიზმებზე. საკითხი იმდენად ახალი, რთული და კომპლექსურია, რომ რთულდება უნივერსალური დაცვის სისტემის შემუშავება ზოგადად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

თავად UNESCO–ს კონვენცია „დაცვის“ ქვეშ გულისხმობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღწერას, დაცვას, აღდგენასა და განვითარებას, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანასაც მოითხოვს. კონკრეტულ შემთხვევაში, ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის დასაცავად, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ექსპერტები დამატებით მუშაობენ დამცავი მექანიზმების წინადადებაზე, რომელიც შემდგომში შესაბამის ინსტანციებს გადაეგზავნება განსახილველად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.