Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მექვევრეთა ოჯახი ყვარლიდან

გიორგი ბარისაშვილი 
 
უნიკალური ფოტოსურათი, რომლის შესახებაც ჩვენ გვინდა მოგითხროთ, 1914 წელსაა გადაღებული ახლანდელ ახალსოფელში (ყვარლის მუნიციპალიტეტი). ძველი ფოტოებით, რომლებიც საქართველოს მევენახეობა-მეღვნეობის ისტორიას ასახავენ, რამდენიმე წელია დავინტერესდი, მაგრამ უკანასკნელად მოპოვებული ფოტომასალა ნამდვილად უნიკალური შინაარსისა აღმოჩნდა. მასზე გამოსახულია მექვევრეების მთელი ოჯახი, თანაც ქვევრის კეთების პროცესში. ეს ფოტოსურათი მასზე აღბეჭდილი პირების შთამომავლის – შენგელ კურტანიძის საოჯახო არქივში აღმოვაჩინე.
 
წინამდებარე ფოტო გაზეთ „მარნის“ საშუალებით პირველად ქვეყნდება და, ალბათ, მკითხველი თავად დარწმუნდება მის უნუკალურობაში. ახლო მომავალში ამავე ფოტოსურათიდან იგეგმება დიდი ზომის ბანერის დამზადება, რომელიც გამოყენებულ იქნება ქართული ღვინისა, თუ ხალხური რეწვის შიდა და უცხოეთის გამოფენებზე. რაც შეეხება თავად ფოტოსურათის შინაარსს, მასზე აღბეჭდილია კურტანიძეების ოჯახი. კონკრეტულად კი ისაკ კურტანიძისა, რომელსაც ახლობლები ისაკოს ეძახდნენ. ისაკო ფოტოზე მარჯვნიდან მეორე დგას (აცვია ტრადიციული ქართველი გლეხკაცი ხელოსნის საგარეო ტანისამოსი). მისი სახელი, მისსავე ზურგსუკან, დაახლოებით 3000 ლიტრის მოცულობის ქვევრზე მიუწერიათ ნახშირით. მარჯვნივ დგას ვანო კურტანიძე, მის შემდეგ, როგორც აღინიშნა დგას ისაკო კურტანიძე, ხოლო მის გვერდით კი დიასახლისი ანა, რომელსაც ხელში ატატებული ჰყავს ბავშვი - ანტონ კურტანიძე, მარჯვნიდან მეოთხე კი გიორგი კურტანიძეა. თავად ფოტოს თარიღზე, კეთების პროცესში მყოფ ქვევრზე თეთრად მიწერილი წელი მეტყველებს. რომ არა ეს მინაწერი, ჩვენთვის უცნობი იქნებოდა სურათის გადაღების ზუსტი თარიღი... 
 
  ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კეთების პროცესში მყოფ თარიღიან ქვევრს, რმელიც სამფეხა მაგიდაზეა შემოდგმული, ქუსლი არა აქვს. თუმცა, მოყოლებული არქაული დროიდან, ჩვენში უქუსლო ქვევრებიც მზადდებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამგვარი მაგიდა მექვევრის ერთგვარი დანადგარია, რომელსაც შუაში აქვს სპეციალური ნახვრეტი (თვალი), რათა ქვევრის შენებისას მექვევრემ მშენებარე ჭურჭელი ამგვარ მაგიდაზე შემოდგას, ხოლო ქვევრის ქუსლი კი ხსენებულ ღიობში მოექცეს. ამგვარად მშენებარე ქვევრი დაცულია წაქცევისაგან, რადგან იგი სტაბილურადაა გამაგრებული მექვევრის მაგიდაზე. ამრიგად ქვევრის კეთება მეთუნის მორგვზე იწყება, გრძელდება სპეციალურ, შემაღლებულ მაგიდაზე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები და სრულდება მიწაზე. 
 
  ორ ქოცოზე, რომელთა კეთებაც მექვევრეს ეს ესაა დაუწყია, დაფარებული აქვს მცენარის დიდი ზომის ფოთლები. ამისათვის იყენებდნენ ბუერას (Petasites) ფოთლებს, რომელსაც ქართლ-კახეთში „ბორხვენასაც“ ეძახიან. ეს კი იმისათვის კეთდებოდა, რომ თუ ქვევრისა თუ ქოცოს მშენებლობა რიგი მიზეზების გამო დროებით წყდებოდა, მუშაობის გაგრძელების დროს, ქვევრის ის ადგილი, სადაც შეწყვეტილი იყო მისი შენების პროცესი, ზედმეტად არ გამომშრალიყო და მას ახლად დაშენებული თიხა ადვილად მიეღო. 
 
  კურტანიძეების გვარი ყვარელში იმერეთიდანაა ჩასახლებული, სადაც ისინი დღემდე ერთ უბანში ცხოვრობენ. ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა „კურტანიძეების უბნად“ მოიხსენიებს. ამ გვარის წარმომადგენლები ახალსოფელში მეთუნეობას დღემდე მისდევენ, თუმცა, ისინი ძირითადად თონეებს ამზადებენ, მაგრამ ახლო წარსულში ზოგიერთი მათგანი ქვევრებსაც ამზადებდა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქვევრზე და ქვევრის ღვინოზე შექმნილმა არასერიოზულმა და ხშირად გულგრილმა დამოკიდებულებამ მოსახლეობის, მეღვინეებისა და რაც ყველაზე დასანანია – ხელისუფლების მხრიდან ახალსოფელში შინამრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიც მექვევრეობაა, თითქმის მთლიანად ჩაკლა. თუმცა ძალზე იშვიათად, მაგრამ აქ დღემდეა შესაძლებელი დამზადდეს ქოცო და ქვევრი. ის, რომ ახალსოფელში ყველა ზომის ქვევრი მზადდებოდა, წინამდებარე სურათიდანაც ნათლად მოჩანს, სადაც ერთდროულად ვხედავთ მექვევრეების მიერ ახლად დამზადებულ, თუ დამზადების პროცესში მყოფ ქოცოებს, რომელთა მოცულობა დაახლოებით 70 - დან 120 ლიტრამდე მერყეობს. და ასევე დიდი მოცულობის ქვევრს, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაახლოებით 3000 ლიტრის მოცულობისაა. 
 
ფოტოსურათის მფლობელი ოჯახის გადმოცემით, სურათზე მარცხნივ აღბეჭდილი ორი მამაკაცი, რომელთაც ხელში უკავიათ ქვევრის დამზადებისათვის გამოსაყენებელი იარაღები, დაქირავებული მუშები არიან, მათი ვინაობა უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი ამავე სოფლის მკვიდრნი უნდა ყოფილიყვნენ. 
 
ზოგადად ქვევრის კეთება, დაწყებული საქვევრე თიხის მოძიებით, მოზიდვით, დახარისხებით, მოზელვის პროცესით, ქვევრის აშენებით, გამოშრობითა და გამოწვით, მეტად რთული პროცესია და მოითხოვს  გამოცდილი ოსტატის ხელს. ამ საქმეს გარკვეული რისკიც ახლავს გამოშრობისა და გამოწვის პროცესში...
 
ამ მეტად რთული პროცესის შესახებ ერთობ საინტერესო ცნობებია მოცემული წიგნში – „მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის“. აკად. ი. ჯავახიშვილის საერთო რედაქციით, 5 ტომად. ტომი II, ნაწილი I, მეჭურჭლეობა. თბილისი, 1979. აი ერთ-ერთი კახელი მექვევრის მონათხობი: „ქვევრის მიწა წაბლისფერიც არის, მოწითალოც. მიწას მოსთხრიან წერაქვით, მოზიდავენ ურმით ან სხვა რითამე. ტახტებზე დავყრით... საბეგველით დაჰბეგვენ, თუ რბილია, ხელით დაფშხვნიან; კენჭებს ხელით არჩევენ. ორი წილი მიწა იქნება, ერთი წილი ალაზნის ლამი, აურევენ ერთმანეთში ნიჩბით, გადაჰქნიან-გადმოჰქნიან. მემრე წყალს მოვაწკაპწკაპებთ. ნიჩბით აურევენ, გააბამენ, გაჰქნიან. ლაფივით რომ გახდება, ისევ ნიჩბით დაჰკეპენ. მემრე გაჰშლიან ტახტზე, მემრე დახმალავენ ხმალით. მემრე გაჰქუსლავენ ფეხით, მემრე დასჭრიან და გადმოაბრუნებენ, ისევ დაჰქუსლავენ, ისევ დაჰხმალავენ. სამი ხმალა რომ გაუთავდება, დაიქუსლება და აიღება... ერთ დაზელას ორი კაი ბიჭი შუადღემდე უნდა... ქვევრი ძირს ჩარხზე ჭრიან. ჩარხი დაბალია, პატარა ჩარხს ხელით აბრუნებენ, მარჯვენა ხელით და თან მარჯვენა ხელითვე ჭრიან. მარცხენა ხელით გარედან ამუშავებენ. ხელში თხელი ფიჭვის ფიცარი უჭირავთ და იმით ათანასწორებენ კედელს. ამ ფიცარს გონგს ეძახიან... ქვევრი სულ მთელი გარედამ კეთდება. დიდ ქვევრს გარეშამო ხარაჩო უკეთდება... ქვევრი ძირისკენ უფრო სქელია. დიდ ქვევრს ძირში ორი გოჯი ექნება სისქე, რომ ხმება, იკლებს. ყელში გოჯი ექნება, მუცელიც ეგრევე იქნება, ცოტაღა ნაკლები, პირი – ორი გოჯი. თვალითა და ხელით ატყობს მექვევრე ქვევრის სისწორეს... ქვევრს დაბლა შეყენებული აქვს ბიძგები - ჯერ ქვები, მემრე კრამიტები. ქვევრი გრილში უნდა კეთდებოდეს; ნიავი არსაიდან უნდა უბერავდეს. ჩემი ოსტატი მეტყოდა ხოლმე, რომ „ბუმბული უნდა დაჰკიდო ბინაში, იმას უნდა შეჰხედო, თუ ერთი ბეწო გატოკდა, უნდა იცოდე, რომ იქიდან ერთ ქვევრსაც ვერ გამაიტან მთელსაო“. ბინა გრილი უნდა იყოს, ქვიტკირისა ან ლაფით გალესილი წნური, ჩალით დახურული, კრამიტით არ შეიძლება. თუ კრამიტია, ჭერი ფიცრის უნდა ჰქონდეს... ქვევრი რომ გაშრება, ბინიდან ქურაში გადააქვთ... ქურაში ქვევრი როცა დაიწვება, მოლურჯო ფერი დაჰკრამს ქვევრსაც და ცეცხლსაც. ქვევრის პირს ხალები უჩნდება, ამაზე ეტყობა დაწვა... 
 
აპრილიდან გიორგობისთვემდე 10 ქურას დასწვამს კაცი. ერთი ქურიდან 25 საპანის ქვევრი ამოვა. საპანე თუმანი ღირდა (საპანეში 32 ჩაფი ჩადის). ქვევრი 5 – 8 საპანიანიც კეთდება.“
 
როგორც მონათხრობიდან დავრწმუნდით, ქვევრის კეთება მეტად რთული პროცესია და მოითხოვს პროფესიონალის ხელს, რაც, როგორც ჩანს, მექვევრე კურტანიძეთა გვარს ნამდვილად არ აკლდა იმ ხანად. 
 
 წინამდებარე ფოტოსურათი, რომელიც, როგორც აღინიშნა, უნიკალური ხასიათისაა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მექვევრეობას საქართველოში ძალზე ხანგრძლივი და რაც მეტად მნიშვნელოვანია – უწყვეტი ტრადიცია ახლავს, რაც შინამრეწველობის ამ დარგის უნიკალურობაზე მეტყველებს. ეს დარგი მამიდან შვილზე და შვილიშვილზე გადადიოდა და ისე მოაღწია დღევანდელ დღემდე, რასაც ძალზე კარგად გადმოსცემს ჩვენს მიერ მოძიებული და გაზეთ „მარნის“ მიერ გამოქვეყვებული ეს ისტორიული ფოტოსურათი.
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.