Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი

გიორგი ბერიძისა და თემურ ღლონტის წიგნიდან, „ქართველი მეღვინეები“, 1974.
 
დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი დაიბადა 1848 წლის 28 ოქტომბერს, ქ. თბილისში, შეძლებული სოვდაგრის ოჯახში.
1866 წელს, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, დავით სარაჯიშვილი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგს მიემგზავრება, სადაც ირიცხება უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, მაგრამ მალე მიდის გერმანიაში, სადაც იგი ერთი წელი სწავლობს მიუნჰენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი სწავლას აგრძელებს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელსაც 1871 წელს ამთავრებს და ღებულობს ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს.
მაგრამ დავით სარაჯიშვილი ამით არ კმაყოფილდება და 1872-78 წლებში ჰოჰენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობს სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას.
1878 წელს დავით სარაჯიშვილი მიემგზავრება საფრანგეთს მევენახეობისა და მეღვინეობის პრაქტიკული და თეორიული საფუძვლების შესასწავლად.
გერმანიასა და საფრაგნეთში ყოფნისას დავით სარაჯიშვილი სოფლის მეურნეობის საფუძვლების შესწავლასთან ერთად გატაცებით ეუფლებოდა ბუნებისმეტყველებასა და პოლიტიკურ ეკონომიას.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დავით სარაჯიშვილი 1880 წელს დაქორწინდა ეკატერინე ივანეს ასულ ფორაქიშვილზე, რომელიც მისი ერთგული მეუღლე და მეგობარი იყო.
საფრანგეთში ყოფნისას დავით სარაჯიშვილი დიდად დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. კონიაკის ტექნოლოგიის თეორიული და პრაქტიკული საკითხების ღრმად ცოდნამ დავით სარაჯიშვილს საფუძველი მისცა გაბედულად გადაედგა ნაბიჯი საქართველოში კონიაკის წარმოების შექმნის გზაზე.
სამშობლოში დაბრუნებისთანავე დავით სარაჯიშვილმა ხელი მოჰკიდა სპირტისა და არაყის წარმოების ჩამოყალიბებას, რითაც მოამზადა პირობები კონიაკის წარმოების დაწყებისათვის.
მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან რუსეთის იმპერიაში იყო კონიაკის წარმოების ჩამოყალიბების ცდები, მაგრამ ეს ცდები პრიმიტიული იყო და მას წარმატება არ მოჰყოლია. მაგალითად, ყიზლარში ამზადებდნენ არაყს "კიზლიარკა”-ს, რომელსაც თვით ფრანგულ კონიაკს ადარებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ სასმელზე მოთხოვნილება დაეცა და წარმოებაც გაუქმდა.
1882 წელს ტემპელჰოფში გაიხსნა კონიაკის ქარხანა. ამ პერიოდში თერგის ოლქში მზადდება კონიაკი "სამოთხის ცრემლები”, მაგრამ 1884 წელს აქციზურ სისტემის დაწყებასთან დაკავშირებით, მათი გამოშვება შეწყდა.
1887 წლიდან ერევანში კონიაკის დამზადებას ხელი მიჰყო ტაიროვმა. ამავე დროს კონიაკის დამზადების ცალკეული ცდები ტარდებოდა ვორონცოვის, რაევსკის, რომანოვის მამულებში, საქარტველოში კახეთის საუფლისწულო მამულში.
მაგრამ ყველა ზემოჩამოთვლილი ცდა უშედეგოდ რჩებოდა პრიმიტიულობისა და ტექნიკური ჩამორჩენილობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის სამრეწველო ბაზარზე ბატონობდა უცხოური, ძირითადად ფრანგული კონიაკი, ამიტომ ადგილობრივი პროდუქცია ვერ უძლებდა საქვეყნოდ ცნობილი კონიაკების კონკურეცნიას და მათი წარმოებაც უქმდებოდა.
1888 წლის შემოდგომაზე თბილისის სარექტიფიკაციო ქარხნის ბაზაზე დაიწყო მუშაობა დ. ს. სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანამ (დ. სარაჯიშვილი კონიაკს ამზადებდა 1884 წლიდან, რაც უმთავრესად ცდის ხასიათს ატარებდა). პირველი პროდუქცია გამოშვებული იქნა იმავე წელს 96310-ის რაოდენობით. სპირტის საშუალო სიმაგრე იყო 65 მოც. %.
კონიაკის წარმოების პიონერად რუსეთში ითვლება დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი. აქციონური სამმართველოს უფროსი დეპარტამენტისადმი მიმართულ ანგარიშში წერდა: "В 1888 году Сараджев в Тифлисе устроил первый коньячный завод в России, чем дал толчок к открытию других подобных же заводов в Закавказье... одноко таковые заводы до примера данного Сараджевым не возникали» (Закавказье, 1911, 2, в память Д. .З Сараджишвили).
დაახლოებით ამავე პერიოდში გაიხსნა კონიაკის ქარხნები: სოლომონოვისა და ხუბლაროვისა – 1891 წლს, პარუმოვისა, არუნოვისა და ფორერისა – 1892 წელს, გუმელის, ჯევანშირისა და განჯუნცევისა, ელიზავეტპოლის გუბერნიაში – 1895 წელს, პეზალოვისა (1892 წ.) და აფრიკოვისა (1894 წ.) – ერევნის გუბერნიაში, პრინც მიურატის ქუთაისის გუბერნიაში – 1891 წელს, მირზახანოვისა – ბაქოს გუბერნიაში – 1895 წელს.
1888 წლიდან დ. ზ. სარაჯიშვილის ქარხანაში მუშაობდა შვეიცარული სპირტსახდელი აპარატი.
დ. ზ. სარაჯიშვილის ხელმძღვანელობით 1889 წელს ყიზლარში ამუშავდა კონიაკის სპირტსახდელი ქარხანა, სადაც ყოველწლიურად 100-150 ათასი გრადუსი კონიაკის სპირტი იხდებოდა.
შემდეგ მწყობრში ჩადგა მოლდავეთისა და აზერბაიჯანის კონიაკის სპირტსახდელი ქარხნები.
ჩამოთვლილი ადგილებიდან მიღებული სპირტები მოჰქონდათ თბილისის ცენტრალურ საწყობში, სადაც დამწიფებდა-დაძველების შემდეგ ამზადებდნენ კონიაკს.
სამარკო კონიაკის დასამზადებლად, სპირტები ძირითადად შემოჰქონდათ საფრანგეთიდან და პროდუქცია გამოდიოდა კავკასიის ნატურალური კონიაკების სახელწოდებით (В. Д. Цицишвили, Коньячная промышленность Грузии, матер. Всесоюзн. н/т конференции по коньяч. производству, 1961, Эреван.).
უკვე 1895 წლიდან დ. ზ. სარაჯიშვილის 1, 2, 3, 4-ვარსკვლავიანი კონიაკები "რუსული ნატურალური კონიაკის” სახელწოდებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსკოვში, პეტერბურგში და რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებში. სარაჯიშვილის კონიაკი უცხოურზე იაფი ღირდა.
1898 წელს დ. ზ. სარაჯიშვილი თხოვნით მიმართავს დეპარტამენტს – დართონ ნება, რათა რუსეთის იმპერიის ბაზარზე გაიტანოს 50-მდე დასახელების ალკოჰოლური სასმელი: კონიაკი, არაყი, რომი და სხვა. დ. ზ. სარაჯიშვილს ნება დაერთო, ხოლო სოლომონოვსა და ხუბლაროვს აეკრძალათ თავიანთი პროდუქციის ბაზარზე გატანა დაბალი ხარისხის გამო.
დ. სარაჯიშვილის ფირმისათვის ღვინომასალები შემოჰქონდათ სხვადასხვა რაიონიდან, თბილისში კი მას საკონიაკე სპირტად ხდიდნენ, მაგრამ შორი რაიონებიდან თბილისში ჩამოტანა ღვინომასალებისა არ იყო მომგებიანი, ამიტომ 1895 წელს კონიაკის ქარხანა გადაეცა კონიაკის ცენტრალურ საწყობს თბილისში, სხვადასხვა რაიონში კი მუშაობა დაიწყეს ახალმა ქარხნებმა: ერევანში (1894წ), ყარაღაჩში (ბესარაბია 1895წ.), ბარგუშეთსა და გოქჩაში (ბაქოს გუბერნია, 1901 წ.), ტარუმოვკაში (თერგის ოლქი, 1908წ.), ელიზავეტპოლში (1915წ.) ფრანკეს ყოფილ ქარხანაში.
ზემოაღნიშნული ქარხნები, საკუთარი პროდუქციის გარდა, სპეციალური პირების და აგენტების საშუალებით იძენდნენ როგორც ღვინომასალებს, ისე ხარისხოვან საკონიაკე სპირტს კერძო მწარმოებლებისაგან.
დ. სარაჯიშვილის ქარხნები აღჭურვილი იყო იმ დროის საუკეთესო აპარატურით. ყოველწლიურად უმჯობესდებოდა წარმოების ტექნიკა. ზემოაღნიშნული ქარხნებიდან სპირტი კასრებით ჩამოჰქონდათ თბილისში და ინახებოდა ცენტრალურ საწყობში, სადაც მათი ტექნოლოგიური დამუშავებდა და დაძველება ხდებოდა.
თუკი 1891 წელს საჯარიშვილის ფირმის მიერ გამოშვებული იყო 107000 ბოთლი კონიაკი, 1900 წლისთვის პროდუქციამ 218200 ბოთლს მიაღწია. ეს ციფრები მეტყველებენ სარაჯიშვილის კონიაკის წარმოების მზარდ ტემპებზე.
დ. ზ. სარაჯიშვილის ფირმა უშვებდა არა მარტო კონიაკს,  არამედ სხვა ტიპის სპირტიან სასმელებსაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონიაკის ქარხნის გარდა 1888 წელს დ. სარაჯიშვილის ინიციატივით თბილისში მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა.
1904 წლის მონაცემებით, დ. ზ. სარაჯიშვილის ქარხნების საერთო პროდუქცია შეადგენდა 38.218.000 ბოთლს. პროდუქციის ცალკეულ სახეობათა რაოდენობა შემდეგ სურათს იძლევა:
საკონიაკე სპირტის გამოხდა - 980.000 ბოთლი.
პურეულის სპირტის გამოხდა – 852.000
პურეულის სპირტის რექტიფიკაცია – 10.380.000
ღვინის სპირტის რექტიფიკაცია - 3. 470.000
კონიაკის ჩამოსხმა - 980.000
დანაკარგები - 530.000
დ. სარაჯიშვილის ფირმის პროდუქცია საზღვარგარეთ იგზავნებოდა. პარიზში, ლონდონში, ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, თავრიზში, კონსტანტინოპოლსა და ევროპის და აზიის სხვა ქალაქებში მაღალ შეფასებას აძლევდნენ სარაჯიშვილის ფირმის არა მარტო კონიაკებს, არამედ არაყსა და ლიქიროებს.
სარაჯიშვილის ფირმის პროდუქცია საზღვარგარეთ გაჰქონდათ რუსეთის ცნობილ მეწარმეებს - დეპრეს, სმირნოვს, ვოლბურკსა და სხვ.
დ. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფიკაციო, ერთი არაყის, ერთი ლიქიორის, 7 კონიაკის ქარხნებს, მრავალრიცხოვან საწყობებს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ვარშავაში, ბაქოში, რიგაში, ვლადიკავკაზში, ოდესაში, ფეოდოსიაში, პეტროვსკში, ჩარჯოუსა და რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებში.
დ. სარაჯიშვილის ალკოჰოლურმა სასმელებმა დაიმსახურეს 11 მედალი (6 ოქროსი, 4 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოსი) და ერთი დიპლომი (ოქროს მედალზე). ეს ჯილდოები კონიაკებსა და ლიქიორებს მიღებული ჰქონდათ ამიერკავკასიის, სრულიად რუსეთისა და მსოფლიო გამოფენებზე თბილისში, ნიჟნი ნოვგოროდში, ოდესაში, კიევში, პარიზში, პეტერბურგსა და ჩიკაგოში.
1902 წელს სპირტიანი სასმელების წარმოების განვითარებაში დიდი დამსახურებისათვის დ. ზ. სარაჯიშვილს მიენიჭა "კომერციის მრჩევლის” წოდება. 1913 წელს დ. ზ. სარაჯიშვილის ფირმას მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება  "Поставшик двора Эго Императорского Величества».
რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და სამოქალაქო ომის დაწყებასთან ერთად, სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან შეწყდა. სარაჯიშვილის ფირმა გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
დაახლოებით 1920 წელს ფირმა ("დ. ზ. სარაჯევი”) დროებით დაიხურა და მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, განაახლა მუშაობა.
სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა, რომელიც ითვლება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო საწარმოდ.
დ. ზ. სარაჯიშვილის დიდი დამსახურება ის არის, რომ იგი კონიაკისა და სპირტიანი სასმელების წარმოების წამოწყებაში ხედავდა არა მარტო ეკონომიურ მოგებასა და ამტერიალური დოვლათის დაგროვების წყაროს, არამედ კონიაკის წარმოების დაწყება მას დიდ საშვილიშვილო და საქვეყნო საქმედ მიაჩნდა.
დ. ზ. სარაჯიშვილი ერთ-ერთ უმდიდრეს პიროვნებად ითვლებოდა მთელს კავკასიაში, მაგრამ მას მხოლოდ სიმდიდრის შეძენა არ ხიბლავდა, სიმდიდრე მხოლოდ პირადი ინტერესებისათვის არ მოუხვეჭია. დავითის ცხოვრებას ამშვენებდა სამშობლოს დიდი სიყვარული. იგი უძეო იყო, ამ დიდბუნებოვან ადამიან ამის გამო თურმე ხშირად უთქვამს: "რას მიქვია უშვილობა, განა ყველა ბავშვი მომავლის იმედად აღსაზრდელი, ქვეყნის საკეთილოდ განსაწრთვნელი ჩემი შვილები არ არიანო”.
დავით სარაჯიშვილი დიდი გულისყურითა და მფარველობით ექცეოდა ყველა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც სწავლის სიყვარული და მიდრეკილება ჰქონდა.
დავით სარაჯიშვილის ბინაზე ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული ხასიათის შეკრებები. მასთან თავს იყრიდნენ ქართველი პოეტები და მწერლები, ასევე უცხოელი მოღვაწეებიც.
დ. სარაჯიშვილის სალონში შეხვდებოდით დიდ ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილს, იონა მეუნარგიას, ნიკო ცხვედაძეს, არტურ ლაისტს. შეკკრებილნი კითხულობდნენ საკუთარ ნაწარმოებებს, იმართებოდა სჯა-ბაასი სხვადასხვა ეროვნულ საკითხზე,
1882 წელს ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას ილიას წაუკითხავს პოემა "განდეგილი”, აქვე პირველად იქნა წაკითხული "ოთარაანთ ქვრივი”.
შეკრებილთა მთავარ საზრუნავ და საკამათო საკითხს წარმოადგენდა ქართველი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საკითხი. პირველად დ. სარაჯიშვილის ბინაზე გადაწყევტილა, რომ დაეარსებინათ სტიპენდიები საზღვარგარეთ მივლინებული ქართველი ახალგაზრდებისათვის.
1889 წელს დ. სარაჯიშვილის მთავარ კანტორასთან დაარსებულ იქნა კომიტეტი ნიკო ცხვედაძის თავმოჯდომარეობით. კომიტეტი მარტო სტიპენდიებისათვის გასცემდა 30.000 მანეთს, გარდა ამისა, კომიტეტი დახმარებას უწევდა სკოლებს, ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გამოცემას.
დ. სარაჯიშვილის სტიპენდიანტები იყვლენ: მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, ვანო სარაჯიშვილი, მოსე თოიძე, დიმიტრი არაყიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.
ცნობილი მხატვარი მოსე თოიძე დავით სარაჯიშვილს ასე იგონებდა: "დავით ზაქარიას ძე უყურადღებოდ არავის სტოვებდა, მისი მგრძნობიარე გული ყველასათვის ჰფეთქდა, მარამ ხელოვნების მუშაკთა მეგობარი ჩვენში პირველი ის იყო.
მხოლოდ იმას შეეძლო, როგორც ნივთიერი, ისე ზნეობრივი დახმარება. ვისაც დავით ზაქარიას ძე ეხმარებოდა, არა ჰგრძნობდა მოვალეობას, მძიმე უღელს კერძო პირისადმი. მას ვუყურებდით, როგორც სამშობლოს წარმომადგენელს, მშობელს ("სახალხო გაზეთი”, 1911წ .)”.
დავით სარაჯიშვილი დიდ ქართველ მოღვაწეებთან ერთად ღირსეულად ეწეოდა საზოგადოებრივი ცხოვრების მძიმე, მაგრამ საპატიო ჭაპანს. დ. სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის”, "სამუსიკო სასწავლებლის”, ლადო აღნიაშვილისა და იოსებ რატილის გუნდების, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, ქართველთა შორის წერა-კითხივს გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.
დავით სარაჯიშვილის შემწეობითა და  დახმარებით 900-იან წლებში კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა და სხვა მუსიკოსებმა მოაწყეს ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული და მივიწყებული ძველი ქართული მელოდიებისა და სიმღერების აღმოსაჩენად და შესაკრებად. აღნიშნული ექსპედიციების შედეგად ჩაწერილი იქნა მრავალი ხალხური სიმღერა.
დავით სარაჯიშვილმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის 3 ივნისს, დონის როსტოვში ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი. ანდერძის თანახმად ქონება (სამი მილიონი მანეთი) შემედეგნაირად ნაწილდებოდა:
1. 500 ათასი მანეთი - წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
2. 150 ათასი მანეთი - ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.
3. 200 ათასი მანეთი - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.
4. 25 ათასი მანეთი - ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.
5. 50 ათასი მანეთი - თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.
6. 30 ათასი მანეთი - ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);
7. 25 ათასი მანეთი - საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.
8. 100 ათასი მანეთი - თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.
9. 10 ათასი მანეთი - სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.
10. 171 ათასი მანეთი - სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;
11. 5 ათასი მანეთი - ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;
12. 20 ათასი მანეთი - ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას - ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.
13. 50 ათასი მანეთი - ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.
14. 10 ათასი მანეთი - მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.
15. 10 ათასი მანეთი - დიდუბის ტაძარს.
16. 5 ათასი მანეთი – რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.
17.  200 ათასი მანეთი – ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.
1911 წელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი გარდაიცვალა. მის სიკვდილს გლოვობდა მთელი ქართველი საზოგადოება. დავითის ცხედართან გამოსათხოვებელი სიტყვა წარმსოთქვა დიდმა აკაკიმ. "მთელ საქართველოში კიდით-კიდემდე ზარის ხმად გაისმა დათიკოს სიკვდილი... საუკუნოდ იყოს სახსენებელი შენი, ძმაო დათიკო, ჩვენ რომ ვერ დაგივიწყებთ, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ არ დაგივიწყებს შენ ჩვენი ჩამომავლობაც და ყოველ ეროვნულ საქმის დროს, შენც, როგორც თანამოზიარე, ოცნებით გვერდით ეყოლები წარმოდგენილი...”
ქართველი ხალხის სიყვარული დავით სარაჯიშვილმა დაიმახურა არა ჩინ-მედლებითა და ჩინოვნიკური მოღვაწეობით, არამედ იმით, რომ მას, როგორც თქვა იაკობ გოგებაშვილმა: " ... ყმაწვილკაცობიდან გულში ღრმად ჩაენერგა სამსახური თავისის ქვეყნისა, მისი სიკეთე, მისი შვება და ლხენა, მისი ჭირვარამის შემცირება და მოსპობა”.
 
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
 


თუ გვინდა ჩვენ გეოგრაფიულ დასახელებებს სხვებმა სცენ პატივი, ”კონიაკი” არ უნდა გამოვიყენოთ.


+1 წინა კომენტარს. თვითონ ჩამომსხმელები რო აწერენ ”კონიაკს” ეგ არის კატასტროფა.


გეთანხმებით, ეგ ძალიან დიდი პრობლემაა, მაგაზე სერიოზული სამუშაოა საჭირო. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არც ისე ადვილი ჩანს "შამპანურისა" და "კონიაკის" ამოშლა ცნობიერებიდან და "ცქრიალათი" და "ქართული ბრენდით" მისი ჩანაცვლება.



ისევე უნდა ამოვშალოთ, როგორც ”ამხანაგი” ამოვშალეთ.


ეგ ადვილი იყო ძალიან, ერთი სული ჰქონდა ყველას, როდის ამოშლიდნენ ამ სიტყვას :) თუმცა დარწმუნებული ვარ, რაღაც დროისა და დიდი ძალისხმევის შედეგად შეიძლება ამის მიღწევა.



გეთანხმებით კონიაკი არ უნდა დავარქვათ! მე 3–4 წელია ანალოგიური სასმელის დამზადებას ვტესტავ,პრინციპში რაღაც შედეგი თითქოს არის, დიდი სურვილი მაქვს საკუთარი ბრენდი შევქმნა , სამუშაო რთულია ,მაგრამ საინტერესო .პარალელურად სახელზეც ვფიქრობ,მაქვს უკვე ერთი გამოკვეთილი სახელი, ოღოდ ჯერ ამაზე ადრეა!


წარმატებებს გისურვებთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული