Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აღვადგინოთ ქართული ვაზისა და ღვინის მუზეუმი

აღვადგინოთ ქართული ვაზისა და ღვინის
ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სამეცნიერო მუზეუმი


საქართველოს სოფლის მეურნეობა და კერძოდ, მევენახეობა და მეღვინეობა დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ეს იმდენად ცხადია, რომ შემოკამათების სურვილიც კი არავის გაუჩნდება. იმათ, ვისაც საწინააღმდეგო აზრი გაუჩნდება, შევახსენებთ, რომ ჩვენ ვწერთ ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაზე და არა მის სახესხვაობაზე. რაც იყო გუშინ, დღეს აღარ გვაქვს. უკანასკნელი ათწლეულების მოვლენებმა თანდათანობით წაუშალა ტრადიციული იერსახე ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას და არა გვგონია, რომ ჩვენ დღეს საერთაშორისო არენაზე გასვლის ღირსნი ვიყოთ, ანდა გაგვაჩნდეს ამის თავი. მაშ, რას ეყრდნობოდა მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაცია O.I.V., როცა საერთაშორისო კონგრესის ჩატარების ადგილად საქართველოს ირჩევდა? კონგრესის ჩატარება თბილისში 2010 წლის ივნისშია გადაწყვეტილი. ეს გადაწყვეტილება მაშინ იქნა მიღებული, როცა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს საკუთარი სახლიდან აძევებდენ და ეზო-კარს ართმევდნენ, აპირებდნენ ვაზისა და ღვინის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სამეცნიერო მუზეუმის გაუქმებას.
ჩვენი სათქმელი უფრო დამაჯერებელი და ნათელსაჩენი გახდება, თუკი გავიხსენებთ თითქმის ნახევარი საუკუნის წინ თბილისში ჩატარებულ ვაზისა და ღვინის X საერთაშორისო კონგრესს, მის შედეგებს და ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას საპირწონედ წავუყენებთ.
მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის - O.I.V გადაწყვეტილებით 1962 წელს X მსოფლიო კონგრესის ჩატარების ადგილად შერჩეულ იქნა თბილისი. მსოფლიოს მევენახეთა და მეღვინეთა ამ დიდ ფორუმს კარგად მომზადებული შეხვდა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება, ვინაიდან კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და მაღალი კულტურის ღირსეულად წარმოჩენის აუცილებლობა. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე, ვაშლიჯვარში, აგებულ იქნა ღვინის ექსპერიმენტული მარანი კოლექციითურთ და ვაზისა და ღვინის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სამეცნიერო მუზეუმი; ქართული ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი კუთხეები. მუზეუმში იყო 5 დარბაზი. პირველ ორ დარბაზში წარმოდგენილი იყო ისტორიული ნაწილი, ხოლო 3 დარბაზში მეხილეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის დარგში მეცნიერული მიღწევები, თანამედროვე მდგომარეობისა და განვითარების ამსახველი მასალები.
უდავოა ის, რომ მართებული იყო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ინსტიტუტი, ღვინის მარანი და ვაზისა და ღვინის მუზეუმი ერთ მთლიან კომპლექსად წარმოედგინათ, ამდენად, ინსტიტუტში მოსული სტუმრები შეძლებდნენ გასცნობოდნენ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას და დაეჭაშნიკებინათ ქართული ღვინო.
1962 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სასახლეზე ქართულ და უცხო ენებზე გაკრულმა ტრანსპარანტებმა ამცნეს ქვეყანას კონგრესის დაწყება. კონფერენციის გახსნისას მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ბარონმა პიერ ლერუამ ხაზი გაუსვა იმ მოსაზრებებს, რომელთაც განაპირობეს X საერთაშორისო კონგრესის ჩატარება საქართველოში. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა რომელმაც შემოინახა მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციები, ღირსია დიდი პატივისცემისა.
ერთობ მრავლისმეტყველია ბარონ პიერ ლერუას ეს სიტყვები. მაშასადამე, პატივისცემისა და დაფასების ღირსი მაშინ ხარ, როცა თავად სცემ პატივს საკუთარ ტრადიციებს, ინახავ მას და უფრთხილდები. დღეს, როცა ჩვენ აგრე დაუდევრად ვექცევით ჩვენს ძირძველ ტრადიციებს, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების საკითხი თვითდინებაზე მიგვიშვია არამც და არამც არ ვიქნებით პატივისცემის და ყურადღების ღირსი დანარჩენი მსოფლიოსთვის.
როგორ გაუმართლა მოლოდინი საქართველომ X კონგრესის ორგანიზატორებსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ ცნობილ მევენახეებსა და მეღვინეებს, რამდენად ადეკვატური იყო ქართული სინამდვილე ბარონ ლერუასეული შეფასებისა?
კონგრესის საკონფერენციო მუშაობის დამთავრების შემდეგ სტუმრები ეწვივნენ საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, სადაც გაეცნენ მევენახეობის აგროტექნიკისა და სელექციის განყოფილებების მუშაობას, ღვინის დამზადება-დავარგების პროცესში ქართველი მეცნიერების მიერ აღმოჩენილ სიახლეებს, ინსტიტუტის დათვალიერების შემდეგ გამოჩენილმა იტალიელმა პროფესორმა ბატონმა დოლმასომ დიდი აღფრთოვანება გამოხატა და მას უმაღლესი კლასის ინსტიტუტი უწოდა. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მაღალი საერთაშორისო პრესტიჟი იმითაც იყო განპირობებული, რომ მას ჰქონდა ექსპერიმენტული ბაზების ფართო ქსელი, რაც განაპირობებდა ღრმა კვლევების წარმართვას მეხილეობისა და მევენახეობის აგროტექნიკისა და სელექციის, ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის მცენარეთა დაცვის, მცენარეთა ფიზიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, მეღვინეობის დარგებში. კონგრესის მონაწილეებმა იმოგზაურეს კახეთში, დაათვალიერეს ჩვენი ბაღ-ვენახები და ღვინის ქარხნები, ყველა მონაწილე აღნიშნავდა მევენახეობის მაღალ კულტურას. ღვინის დაყენება-დავარგების სრულყოფილ ტექნოლოგიას და ჩვენი ღვინოების მაღალ ღირსებას. საერთაშორისო მევენახეობისა და მეღვინეობის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტმა ბატონმა პიერ ფარიდამ განაცხადა, რომ ‘ჩვენ ვნახეთ ბევრი რამ ჩვენთვის მისაბაძი. ქართველ მეღვინეებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი მიღწევებით.~ სტუმრებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ქართული სუფრის წითელი სამარკო და ორდინარული ღვინოების მაღალი ღირსებები, სპეციალისტებმა განსაკუთრებით მაღალი შეფასება მისცეს კახური მწვანისაგან დაყენებულ სუფრის ნაზ ღვინოებს და განაცხადეს, რომ მათ ვერ წარმოედგინათ თუ ადგილობრივი ჯიშის ყურძნისაგან შეიძლებოდა დამზადებულიყო საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ასეთი მაღალი კლასის ღვინოები.
უცხოელმა მეცნიერებმა ვერ დამალეს თავიანთი აღფრთოვანება ჩვენი კონიაკის წარმოების დათვალიერება-დეგუსტაციის შემდეგ.
კონგრესის დამაგვირგვინებელი აკორდი იყო თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში მოწყობილი ცქრიალა სუფრის ღვინოების დეგუსტაცია. ჯერ თვით ქარხანამ მოახდინა სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება და ჩვენი ღვინოების იმ მრავალფეროვნებამ, რომლითაც ამაყობს ჩვენი ქვეყნის მეღვინეობა.
ბარონმა პიერ ლერუამ შეაჯამა კონგრესის მუშაობა და ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას უსურვა მაღლა ეჭიროთ და ამრავლონ ჩვენი უძველესი დარგების მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციები.
თბილისის X მსოფლიო კონგრესს სათანადო გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს მევენახე-მეღვინეთა წრეებში, მაღალი რეპუტაციის დადასტურაბად უნდა მივიჩნიოთ სამიოდე წლის შემდეგ, 1965 წელს ღვინისა და კონიაკის საერთაშორისო კონკურსის გამართვა თბილისში.
აი, რა შთაბეჭდილებებით მოდის დღეს მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში. 48 წელი აცილებს 2010 წლის თბილისის კონგრესს 1962 წლის X კონგრესისაგან. როგორ გაამართლა საქართველომ ბარონ პიერ ლერუას კეთილი სურვილები? დავიცავით და გავამართლეთ ჩვენი უძველესი ტრადიციები უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე? სამწუხაროდ, ჩვენ პასუხიც არ მოგვეძებნება ამ ერთგვარად რიტორიკულად ქცეულ კითხვაზე!
მევენახეთა და მეღვინეთა X მსოფლიო კონგრესის ჩატარებიდან 48 წლის გასვლის შემდეგ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ გადაწყვიტა მორიგი მსოფლიო კონგრესის ჩატარება კვლავ თბილისში 2010 წლის ივნისში. დღეს საქართველო აღიარებულია კულტურული მევენახეობა-მეღვინეობის აკვნად, ამდენად საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არჩევანის კვლავ თბილისზე გაკეთება მეტად პრესტიჟული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. მსოფლიო კონგრესის ჩატარებამდე წელიწადზე ოდნავ მეტი დარჩა. როგორ ემზადება საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, არის კი მზაობა კონგრესის ღირსეულად, სათანადო დონეზე ჩასატარებლად? ადეკვატურია თუ არა დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისის ხელისუფლების ქმედებებისა? არამცთუ ადეკვატური, არამედ კარდინალურად საპირისპიროა! თუკი კომუნისტურმა ხელისუფლებამ დააარსა ვაზისა და ღვინის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სამეცნიერო მუზეუმი, გააძლიერა ინსტიტუტის სამეცნიერო-ექსპერიმენტული ბაზები, დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩამოართვა ინსტიტუტს უძრავი ქონება, გააუქმა მუზეუმი, ჩამოართვა და გაყიდა ვაშლიჯვრის ექსპერიმენტული ბაზა, ვაზის ქართული გენოფონდის ამსახველი კოლექცია, გაყიდა თელავის საცდელი სადგური, ეს უძველესი დაწესებულება. ამ ბაზების განადგურება ინსტიტუტისთვის სასიცოცხლო არტერიების გადაჭრის ტოლფასია. დაწყებულია მეცნიერების დევალვირების პროცესი მეცნიერების დამცრობა და დაკნინება ლამის სახელმწიფო პოლიტიკად იქცეს.
მკითხველს შესაძლოა ჩამუქებულ ფერებში მოეჩვენოს ყოველივე ზემოთქმული და ერთგვარად შემოგვწყრეს კიდეც მაგრამ დაგვერწმუნეთ, რომ რეალური მდგომარეობა უფრო მეტად სავალალოა, ვიდრე ზემოთ მოტანილი ჩამონათვალიდან შეიძლება დაინახოს მკითხველმა. მკითხველს, შესაძლოა ამგვარი კითხვაც გაუჩნდეს: ეგების სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მუზეუმის შენობის წაღება სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო განპირობებული? ამგვარი კითხვის დამსმელს უყოყმანოდ ვუპასუხებთ: განა არსებობს მეტად მნიშვნელოვანი საბაბი ან მიზეზი რა მოტივაციით უნდა გაამართლოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მუზეუმის გაუქმება და ორსართულიანი, მცირე ზომის ნაგებობის მიტაცება რა სახელმწიფოებრივი ინტერესით უნდა იყოს გამოწვეული ამგვარი ქმედება? მუზეუმი ეროვნული საგანძურის შემნახველია, მით უფრო, როცა ვაზისა და ღვინის მუზეუმი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლოვანი ისტორიის ამსახველი იყო. სახელმწიფოებრიობისა რა მოგახსენოთ და მუზეუმის იავარქმნა და აღგვა პირისაგან მიწისა ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ქმედებაა. კარგად უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე ათეული წელი იმისათვის, რომ აღვადგინოთ ის, რაც დავანგრიეთ ჩვენი უთაურობით თუ სხვათა ნებით.
კიდევ ერთხელ ისმის კითხვა: როგორ ვხვდებით 2010 წლის ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს? ეს კითხვა რიტორიკულად ნუ მოეჩვენება ვინმეს, ქართველმა საზოგადოებამ არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რამდენად მზად ვართ კონგრესის ღირსეულად ჩასატარებლად? მზადაა ჩვენი ხელისუფლება კონგრესის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის? ვფიქრობთ, რომ არა! რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? კერძოდ ის, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ დაანგრია და არაფერი აუშენებია. ისტორიისადმი, მეცნიერებისადმი უდიერი დამოკიდებულებით აწმყო მოსწყვიტა წარსულს და ამით დღევანდელობა უშინაარსო და უსახო რეალობად აქცია. ამგვარ რეალობას კი აღმშენებლობა და განვითარება არ მოსდევს, მომავლის ჰორიზონტი კი სქელი ბურუსითაა მოცული.
ვგრძნობთ მკითხველთა ინტერესს და ჩვენც ვსვამთ კითხვას: მაინც რაში გამოიყენა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყოფილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სამეცნიერო მუზეუმის მიტაცებული შენობა? არაფერში, დღეს ყოფილი მუზეუმის შენობა მაგიდების, კარადებისა და სკამების საწყობადაა გამოყენებული, უფრო მძაფრად თუ ვიტყვით, აქ შეყრილია ყველაფერი, რაც კი ამ მომენტისთვის არ ესაჭიროებათ. გაგიკვირდათ? ეს გასაკვირი კი არა, აღმაშფოთებელია, ყოვლად დაუშვებელია!
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კეთილის ნების შემთხვევაში, შეუძლია დააყენოს საკითხი მუზეუმის შენობის კვლავ ინსტიტუტის გამგებლობაში გადაცემის თაობაზე და ყოველი ღონე იხმაროს, როგორც სამართლებრივ-ორგანიზაციული, ისე ფინანსური, ვაზისა და ღვინის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სამეცნიერო მუზეუმის აღსადგენად. საამისო მზაობა თუ იქნა სამინისტროს მხრიდან, საკითხი უმოკლეს დროში მოგვარდება და ეს იქნება 2010 წლის მსოფლიო კონგრესისათვის რეალური მზადებისაკენ გადადგმული პირველი და სერიოზული ნაბიჯი.
აღვადგინოთ ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სამეცნიერო მუზეუმი! ჩამოვირეცხოთ დიდი სირცხვილი წარსულისა და მომავლის წინაშე!
თეიმურაზ ღლონტი
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი
 
თემა:


gamarjobat, batono temur, minda pirvel rigshi didi madloba gadagixadot da gamovexmauro tkvens texts, tkvens da chvnes gulistkivils. chven ukve mravaljer davrwmundit rom es xelisufleba nel nela cdilobs tavze dagvangrios dgemde wvalebit shekmnil-motanili kultura. chven yvelam ertad unda vibrdzolot momavlis gadasarchenad, ar gvakvs upleba da sxva gze! mitumetes ro chveni xelisuplebaa, upro metad unda vagebinot pasuxi, vidre mters! gtxovt ertad xma avimaglot, sircxvilia, msoflio gvagiarebs da es ugirsi xelisupleba gvangrevs!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.