ფოტო: gnta.ge (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია)
2016 წლის 7-9 სექტემბერს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია პირველად საქართველოში, კახეთის რეგიონში ჩატარდება. ღონისძიება ინიციარებულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO), საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის (WTM) მიერ.
ამასთან დაკავშირებით ღვინის საინფორმაციო ცენტრი ესაუბრა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი ჩოგოვაძეს.
ბატონო გიორგი, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა განცხადება ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში ჩატარების შესახებ. რადგან კონფერენცია პირველად ტარდება, იქნებ, ჩვენს მკითხველს მოკლედ ესაუბროთ ღონისძიების კონცეფციაზე და მისი პირველი გამოშვების ძირითად თემატიკაზე?
ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა ის, რომ მომავალ წელს პირველად საქართველოში ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია გაიმართება და აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთ კონფერენციას გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანზიაცია, ზოგადად, პირველად ატარებს. ღონისძიება 2016 წლის 7-9 სექტემბერს კახეთში გაიმართება. გადაწყვეტილება ოფიციალურად ლონდონში გამართული საერთაშორისო გამოფენაზე გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გავახმოვანეთ მე და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღავნელმა - თალებ რიფაიმ.
რა გზავნილებით წარდგება კონფერენციაზე საქართველო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი პერსპექტიული ენოტურისტული რეგიონი?
ამ კონფერენციის საქართველოში ჩატარება სწორედ მაგ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს ჩვენი პოზიციონირება მთელი მსოფლიოს წინაშე, როგორც ერთ-ერთი პერსპექტიული ენოტურისტული რეგიონისა. მოგეხსენებათ რომ ჩვენს ქვეყანას ამ თვალსაზრისით მართლაც დიდი პოტენციალი აქვს, საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს მუზეუმებში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული, ათასწლეულებით დათარიღებული მრავალი ექსპონატი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ქვევრის ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას.
დაგეგმილ კონფერენციაზე კი რომელსაც 250 ზე მეტი ქვეყნის წარმოამდგენელი, მათ შორის, 20 ქვეყნის მინისტრი დაესწრება, ჩვენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას შევძლებთ, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას ღვინის ტურიზმის მიმართულებით. მოგეხსენებათ რომ მსოფლიოში არსებობენ დიდი ქვეყნები, რომელთაც ასევე უწყვეტი კავშირი აქვთ ღვინის კულტურასა და ისტორიასთან მაგალითად, საფრანგეთი, იტალია... და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია პირველ გლობალურ კონფერენციას სწორედ საქართველოში ატარებს.
ვისი ინიციატივა იყო კონფერენციის საქართველოში ჩატარება, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის, თუ ქართული მხარის? ხომ არ ხორციელდება აღნიშნული პროექტი რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?
კონფერენციის საქართველოში ჩატარება ქართული მხარის, კონკრეტულად კი ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა იყო, პირველი, რაც ჩვენ შევთავაზეთ მათ - რომ ჩატარებულიყო ზოგადად ღვინის ტურიზმის კონფერენცია, და მეორე რომ ლოკაცია ყოფილიყო საქართველო. მადლობელი ვართ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თალებ რიფაის, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და გლობალური კონფერენცია სწორედ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება.
რა გავლენა უნდა ჰქონდეს ამ ღონისძიებას საქართველოში ღვინის ინდუსტრიასა და მცირე მეღვინეობებზე, რა მოლოდინები არსებობს?
საქართველოს როგორც ენოტურისტული ქვეყნის პოპულარიზაცია, ცნობადობის გაზრდა ეს რა თქმა უნდა ქართველი მეწარმეების, მეღვინეების ინტერესებში შედის. ეს მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში მისცემს მათ საშუალებას, რომ უკეთესად მოახდინონ ქართული ღვინის რეალიზაცია საზღვრებს გარეთ და ასევე ბევრი ტურისტი მოიზიდონ საქართველოში სწორედ ღვინის კულტურის გამო. კონფერენციის ფარგლებში ბევრი საინტერესო შეხვედრაც გაიმართება მათთვის, რაც სამომავლო პერსპექტივების დასახვის საშუალებას მისცემს.
ზოგადად სხვადასხვა კულტურის და ცხოვრების სტილის გასაცნობად სამზარეულო და ღვინო მთავარი კომპონენტებია, რომელიც მოგზაურებს სხვადასხვა ქვეყნების მონახულების სტიმულს აძლევს და მოტივაციას უზრდის. ამიტომაც ეს კონფერენცია ჩვენი თხოვნით არა სტანდარტულად საკონფერენციო დარბაზში, არამედ ღვინის კულტურასთან ასოცირებულ სხვადასხვა ობიექტებზე - შატოებსა და ღვინის ქარხნებსა თუ მარნებში ჩატარდება.
საქართველოს ენოტურიზმისთვის საეტაპო მნიშვნელობის პროექტი იყო „ღვინის გზა“, რომელმაც, განსაკუთრებით, მცირე მარნების განვითარების საქმეში გადანწყვეტი როლი ითამაშა. ამ პროექტის ბენეფიციარების წარმატების მაგალითებს „მარანის“ მკითხველს მუდმივად ვაცნობთ. თუმცა მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდა, ბევრი ახალი მარანი შეიქმნა და მარშრუტიც განახლებას საჭიროებს. გაგრძელდება თუ არა „ღვინის გზა“ და ხომ არ იგეგმება პროექტის განხორციელება კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში?
,,ღვინის გზა“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ნამდვილად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი იყო, და 2016 წელსაც გავაგრძელებთ მას, რაც გულისხმობს არსებული მარკირების პროექტის განახლებას და ახალი ობიექტების დამატებას.
ენოტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ახალი ღვინის ფესტივალი, რომლის სტაბილური პარტნიორია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. რა დატვირთვა მიენიჭება კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ამგვარ ღონისძიებებს? რა პლატფორმები მოიაზრება საქართველოს ენოტურიზმის პოპულარიზაციისთვის 2016 წელს?
ღვინის ფესიტვალიც ღვინის ტურიზმის და ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება, ჩვენ ამ ღონისძიებას აქტიურად ვუჭერთ მხარს ყოველწლიურად, და ამგვარ პროექტებს რასაკვირველია დიდი მნიშვნელობა მიენიჭება 2016 წელსაც. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ რომ კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება დავგეგმოთ. ამისათვის კონსულტაციები დაწყებულია ღვინის ასოციაციებთან, მწარმოებლებთან, სხვადასხვა უწყებებთან. ასევე, ღვინის ტურიზმის თემატიკა აქტიურად იქნება გამოყენებული საეთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში, უცხოელი ჟურნალისტებისთვის მოწყობილი პრესტურების დროს.
ესაუბრა ქეთო ნინიძე
27.11.2015
თქვენი კომენტარი