Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის კულტურა ახალ საფეხურზე

საქართველოში WSET-ის ღვინის სკოლა ფუძნდება

ლევან სეფისკვერაძე

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, EPI-ს (“ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა”, რომელიც 2010 წლის ბოლოს დაიწყო და 2014 წელს სრულდება) მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგების განვითარება. პროექტის ხელმძღვანელებმა შეარჩიეს რადენიმე დარგი, რომლებიც მათი აზრით განსაკუთრებული პოტენციალის მქონეა და ქვეყნისათვის საგრძნობი ეკონომიკური შედეგი შეიძლება მოიტანოს. ეს სექტორები ასევე გახლავთ მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე და სოფლის მეურნეობის გარდა, წარმოებასაც მოიცავს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვნია, ზემოთაღნიშნულ პროექტში ჩადებული იყო ღვინის ტურიზმის მიმართულებაც, რომელიც განსაკუთრებული საექსპორტო პოტენციალის მქონე სფეროა, სადაც შეიძლება საქართველომ მიიღოს მაღალი სარგებელი, გამომდინარე იქიდან, რომ მეღვინეობა საქართველოსთვის წამყვანი დარგია და ეს დარგი ხშირ შემთხვევაში ერის იდენტობასთანაც კი ასოცირდება.

თამარ რაზმაძე, “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” (EPI) მენეჯერი საზოგადოების ინფორმაციის დარგში: ”ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის. ვმუშაობთ როგორც ღვინის კომპანიებთან, ასევე ტურისტულ კომპანიებთანაც, რომლებსაც აქვთ ღვინის ტურები და პარალელურად ვთანამშრომლობთ გიდების ასოციაციასთან. პირველადი მიზანი ისაა, რომ კიდევ უფრო კარგად იქნას უცხოელი სტუმრებისათვის მიწოდებული ქართული ღვინო და ღვინოსთან დაკავშირებული აქაური ტრადიციებიც უცხოელებმა სათანადოდ გაიგონ. მაგრამ ამ კუთხით საქართველოში არსებული რესურსები აქამდე არ იყო საკმარისი, იმიტომ, რომ არ იყო სათანადო სერვისი ტურიზმის სექტორში. არადა სხვაგვარად შეუძლებელა ტურისტების მოზიდვა. სწორედ სერვისია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილი საქართველოსათვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სერვისი ღვინის ტურიზმის თვალსაზრისითაც”.

თამარ რაზმაძეს მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ღვინო სიღრმისეულად და ძალიან ცოტა ადამიანს აქვს სათანადო განათლება, რათა ტურისტს სწორად მიაწოდოს ქართული ღვინო. ქართული ღვინის მსოფლიოში ცნობადობა სამწუხაროდ არ არის მაღალი და ამიტომ სასურველია პარალელების გავლება უცხოელებისათვის უფრო ნაცნობ ჯიშებთან და ნაცნობ ღვინოებთან, რათა მათ შეექმნათ ნათელი წარმოდგენა, თუ რა ტიპოს ღვინოსთან აქვთ საქმე. ცალკე უნდა განვიხილოთ ქვევრის ღვინო, რომელიც უნიკალურია როგორც დაყენების ტექნოლოგიით, ასევე არაორდინალური გემოთი და მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა.

როდესაც ადამიანი შედის რესტორანში, სასტუმროში ან ღვინის შატოში, მას აუცილებლად ესაჭიროება გიდი, მიმტანი ან მრჩეველი. კონკრეტულად კი ადამიანი, რომელიც მასთან უშუალო კონტაქტში შევა და მისცემს სათანადო და რაც მთავარია პრაქტიკულ რჩევას. ეს ადამიანი პირველ რიგში კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ღვინოში. ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში აქამდე სამწუხაროდ არანაირი საგანამათლებლო ტრადიცია არ არსებობდა და მსგავსი ინფორმაციები მარტივად – მამიდან-შვილზე გადადიოდა. კვალიფიციური ტერინინგი ამ სფეროში (რომელიც სერვისს გააუმჯობესებდა) დიდ ფუფუნებად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ფარგლებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ამ სფეროში მუშობა, დაუკავშირდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ღვინის სკოლის დამაარსებელს, ბრიტანელ ქალბატონს, ჯესიკა ბელს, რომლის დიდი ხელშეწყობის შემდეგად დაიწყო ღვინის ტრენინგების ჩატარება.

თამარ რაზმაძე: ”ჩვენ გვყავს პარტნიორი ბრიტანული ორგანიზაცია WSET, რომელიც არის ერთ-ერთი ცნობილი და წამყვანი ორგანიზაცია ღვინის ტრენინგების დარგში. პირველად ჩვენ შევიმუშავეთ ტრენინგი ჯესიკა ბელთან ერთად, რომელიც ღვინის სწავლების პრაქტიკაზე იყო დაფუძნებული და მასში ასევე იყო დამატებული ქართული ელემენტებიც. პარალელურად შემუშავდა სასწავლო პროგრამა, რომელიც სერტიფიცირებულია და კურსდამთავრებულის დიპლომიც საკმაოდ სოლიდურ ფუნქციონალურ დატვირთვას ატარებს ღვინის სფეროში”.

აღნიშნული პროექტის უპირველესი მიზანი იყო საქართველოში ღვინის კვალიფიციური მცოდნეების გაჩენა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სერთიფიცირებული ღვინის ექსპერტის კურსი სრულად იქნა გავლილი და დღეს საქართველოში უკვე არის სამი ადამიანი, რომლებიც ოფიციალურად შეიძლება ჩაითვალოს დიპლომირებულ ღვინის მცოდნეებად. ეს სამი ადამიანია: ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია, ენოლოგი და ღვინის ექსპერტი გიორგი სამანიშვილი და გიდების ასოციაციის წარმომადგენელი, გიორგი დარციმელია. მათ გარდა, ასევე შვიდმა ადამიანმა მიიღო მაღალი შეფასება, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, რომ ხელახლა სცადონ პროექტის მიხედვით დაწესებული მესამე საფეხურის გადალახვა.

სერთიფიცირებამდე, კურსის მსმენელებმა ჯერ პირველი და მეორე დონეები გაიარეს, თუმცა, პირველი და მეორე დონე იყო მხოლოდ საფუძვლები ღვინის სპეციალიზებულად შესწავლის კუთხით. მესამე დონე კი (რომელიც მხოლოდ ჩვენს მიერ დასახელებულმა სამმა ადამიანმა გადალახა) უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებმა არამხოლოდ საქართველოში პირველებმა მოიპოვეს მსგავსი აღიარება, არამედ მათ გაუჩნდათ შანსი, რომ გადალახონ მეოთხე და მეხუთე დონეები და მიუახლოვდნენ უმთავრესს - “ღვინის დიდოსტატის” (Master of Wine) წოდებას, რომელიც დღე მთელს მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს მინიჭებული. როგორც ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია ამბობს, ღვინის დიდოსტატობამდე ჯერ დიდი და რთული გზაა გასავლელი. ამ ეტაპზე რთულია რაიმე შორსმიმავალი ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ მალხაზ ხარბედიას აზრით, სასიხარულოა, რომ საქართველოში ღვინის შესახებ სწავლებების ხარისხი და დონე უკვე თანდათან მაღლა იწევს და არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც მალხაზ ხარბედიას, გიორგი სამანიშვილს და გიორგი დარციმელიას სხვა სერთიფიცირებული ღვინის სპეციალისტებიც ამოუდგებიან გვერდით.

 WSET-ის კურსდამთავრებულებს უკვე შეუძლიათ თვითონ გახდნენ მასწავლებლები და მიღებული ცოდნა სხვა ადამიანებსაც გაუზიარონ. მასწავლებლობის უფლება მხოლოდ კურსის მესამე დონის გავლის შემდეგ მოიპოვება. დასახელებული სამი კანდიდატი, იმისათის, რომ გახდნენ საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური და სრულფასოვანი წარმომადგენელები, სულ მალე ესტუმრებიან ინგლისს, სადაც გაივლიან სამდღიან სპეციალურ სემინარს და ამის შემდეგ WSET პატრონაჟით საქართველოში დაფუძნდება ღვინის საგანმანათლებლო ცენტრი (სკოლა), რომელიც კომერციულ სახეს მისცემს სწავლებებს. ქართველების ლონდონში გამგზავრების ხარჯებს თავიდან-ბოლომდე EPI დაფარავს და ეს კეთდება იმისათვის, რომ პროექტი შემდგომშიც გაგრძელდეს და იგი იყოს მდგრადი და უვადო.

მაკა წიკლაური, EPI-ს ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციონალური განვითარების მენეჯერი: ”ჩვენ გვყავს არამხოლოდ საინტერესო ადამიანები ღვინის სფეროში, არამედ უკვე არსებობს აკუმულირებული ცოდნა და სწავლების ოფიციალური სისტემა, რომელიც მომავალში შემდეგ თაობებს გადაეცემათ. ანუ, ეს არ არის ის პროგრამა, რომელიც ერთხელ კონკრეტულმა ადამიანმა გაიარა და შემდეგ დასრულდება. ეს გახლავთ მდგრადი პროგრამა, რომელიც ჩვენი პროექტის დასრულების შემდგომ, ღვინის კლუბის წყალობით გაგრძელდება და უფრო და უფრო მეტი კვალიფიციური ადამიანი შეემატება სექტორს. ჩვენ თუ გვინდა გავხდეთ ტურიზმის ქვეყანა, ამის ძალიან დიდ შანსს გვანიჭებს ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო.

ტურიზმი კარგა ხანია აღარ არის მხოლოდ ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. სამზარულო და ღვინო არის ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. ამიტომ, ასეთი ტიპის განათლება არის ტურიზმის განვითრების საწინდარი და ის ფაქტი, რომ ეს განათლება უკვე საქართველოში არის და ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებსაც ამ ცოდნის სხვებისათვის გადაცემა ხელეწიფებათ – უკვე ძალიან დიდი მიღწევაა”.

WSET-ის მეღვინეთა სკოლის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ შემდგომში მათი კურსის გავლის მსურველებს შესაბამისი ხარისხიც მიანიჭონ, თუმცა ხარისხის მინიჭება პარტნიორ ორგანიზაციასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. სპეციალიზებული კურსების გავლის მსურველები მეღვინეთა სკოლაში გადაიხდიან დაწესებულ საწვეროს, წელიწადში დაახლოებით 300 ინგლისურ ფუნტს და ამ გზით ნებისმიერ ღვინით დაინტერესებულ ადამიანს მიეცემა შანსი, რომ ცოდნა აიმაღლოს და შემდგომში თვითონ გახდეს ღვინის მცოდნე, რომელიც თავის ცოდნას სხვებს გადასცემს.

ამ საინტერესო პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზაცია რომელიც ღვინის სკოლის გაძღოლას მათ შემდეგ ითავებს (სავარაუდოდ ეს ორგანიზაცია შეიძლება ღვინის კლუბიც იყოს), მიეცემა ძალიან კარგი შანსი, რომ პროექტი მომგებიანი გახადოს და ფინანსურადაც ძალიან პერსპექტიულ საქმედ აქციოს.

ღვინოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა (მათ შორის მერკეტინგულადაც) ლეგენდა და ძველი ამბები, მაგრამ ღვინო პირველ რიგში ალბათ მაინც არის პროდუქტი, რომელსაც სჭირდება შეფუთვა, გაყიდვა და სხვა... ანუ, ღვინო არის პროდუქტი, რომელსაც მოგების მოტანა შეუძლია კონკრეტული ადამიანებისათვის და აქედან გამომდინარე ქვეყნისთვისაც. შესაბამისად, პერსონალური გაყიდვებისათვის საჭირო მომზადებული კადრები მარკეტინგული წარმატებების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამას დღეს უკვე ხედავს ბევრი ღვინის კომპანია, რესტორანი თუ ქსელი. ასევე მნიშვნელოვანია, თუ ვინ ყიდის ამ ღვინოს და რამდენად სანდოა მისი რჩევები ღვინოსთან დაკავშირებით. პირველმა ქართველმა სერთიფიცირებულმა ექსპერტებმა შესაძლებელია მართლაც ბევრი დადებითი ცვლილება მოუტანოს ჩვენს მეღვინეობას. ამ დარგში ცვლილებები ნამდვილად გვჭირდება!  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული