მევენახობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება. ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა. შედგენილი თ. ლ. ე. ჯორჯაძისაგან. თბილისი, ექვთიმე ხელაძის სტამბა 1876
ღვინის წახდენის დროები
ბევრის გამოცდილებითა, ეგრეთვე ქიმიით და ფიზიკით, მოყვანილია ცნობაში, რომ ღვინომ იცის წახდენა ამ ქვემორე აღწერილ დროებებში, სახელდობრ: 24 დეკემბერს, 10 მარტსა, მაისში ყურძნის ყვავილობის დროსა და ერთიც მაჭრის დუღილის დროსა; ამისათვის, ამ დროებებშია, უნდა ღვინო უთოვოდ ნახოთ და გაუფრთხილდეთ, რომ არ წახდეს, და თუ იმ დროებებში ღვინო ახალი გადაღებული არ იყოს, უთოვოდ უნდა ახადოთ ქვევრსა, მოხადეთ თავზედა, სარქველი წმინდათ გაურეცხეთ და თავზედ ღვინოსა გოგირდი დაუბოლეთ და ისე დააფარეთ სარქველი, ამისათვის რომ, ღვინის სიჭანკე მომეტებულათ უფრო თავიდამ მოხდება ხოლმე, და გოგირდის ბოლი აღარ დააჭანკებს თავიდამ ღვინოსა. ამ მიზეზებისა გამო სჯობია ღვინის გადაღება პირველ დეკემბრამდისა ანუ პირველ მარტამდისა, ხოლო ესეც უნდა გქონდეთ მხედველობაში, რომ მაჭრის – დუღილისა უნდა ნახოთ ძველი ღვინო, და არა დუღილის დროსა.
ღვინის გაფრთხილების დრო რომ არ წახდეს
ღვინო უნდა შეინახოთ: ყინვისაგან ვიდრე აღდგომამდისა რომ არ დაძრეს, ზაფხულში სიცხისაგან, ელვისაგან და ქუხილისაგან, ქვევრი უნდა იჯდეს მიწაში ღრმათა და მიწა ეყაროს თავზედ ბევრი რომ ქუხილის ხმა არ ესმოდეს ან ჰაერი არ ჩასდიოდეს ქვევრსა და მარანი უნდა იყოს დაფარებული რითიმე რომ ელვამ არ დახედოს ხოლმე ქვევრსა, უკეთუ დახედა ღვინოსა, ის ღვინო წაუხდენელი არ დარჩება, ეგრეთვე თუ ქუხილის ხმა ესმა ღვინოსა, წახდება.
მიწის ნძრევაში დიდი ქვევრი ღვინით სავსე, სიმძიმისა გამო ადვილათ გასქდება ხოლმე მეტადრე განიერი ქვევრი, ამისათვისა შემდეგ მიწის ძვრისა, ქვევრები არ უნდა ნახოთ ხოლმე რომ ღვინო არ დაგეღვაროთ.
შეტყობა ღვინისა თუ მალე წასახდენია
ჩაასხი ღვინო ნახევრათა ბოთლშია და აჭანჭყარეთ კარგათა, იქამდის რომ აქაფდეს და რა ქაფი მოიგდოს ბლომათა, მაშინ დადგით, თუ ქაფი მალე არ დაეკარგა და დიდ ხანს შერჩა, ნიშანია რომ ის ღვინო მალე წასახდენია და ამასთან დიდ ხანს ნაჭაჭყარები ღვინოსა ზოგიერთსა გემოზედაც შეეტყობა, ასე რომ რაკი ჩაწმდება ბოთლში ღვინო, გემოსა და სუნს გამოიცვლის მეტადრე მეორე დღესა სიჭანკეც დაემართება.
სტაქანში რომ მაღლიდამ ბოთლით ღვინო ჩაასხა, კარგს ღვინოსა ქაფი და წინწკლები შუაზედ მოექცევა და შუა სტაქანში არ დადგება არც ქაფი და არც იმის წინწკლები.
თუ წყალგარეულია ღვინო იმის შეტყობა
ზეთი გააცხელე და დაასხი ზედ ღვინო, თუ წყალგარეული იქნება ღვინო, მაშინვე შხიპინს დაიწყებს და თუ წყალ გაურეველია, ჩუმათ დარჩება.
თქვენი კომენტარი