Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფინიკიური მემკვიდრეობა

დღეს ლიბანსა და მისი მეღვინეობის პოტენციალზე მოგითხრობთ. ახლო აღმოსავლეთის ამ პატარა ქვეყანაში მეღვინეობა უძველესი დროიდან არსებობდა, რასაც არაერთი ისტორიული წყარო ადასტურებს. ლიბანელები ამაყობენ "ბიბლიურ" მეღვინეობასთან კავშირით, რაზეც თავად "ბიბლიაში" მოყვანილი ფაქტები მეტყველებს. მიიჩნევენ, რომ პირველი ბიბლიური მეღვინის, ნოეს საფლავი ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ ზაჰლესთან მდებარეობს. ლიბანის სამხრეთშია ქალაქი კანაც, სადაც გადმოცემის თანახმად, იესომ წყალი ღვინოდ გადააქცია.

ისტორია ისტორიად, თუმცა ასეთივე წარსულის მქონე ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ლიბანელები თანამედროვე მეღვინეობითაც იწონებენ თავს. რა აქვთ მათ საამაყო, ამ წერილიდან შეიტყობთ.

დიდი ხნის წინათ აქ, აგრეთვე თანამედროვე სირიისა და ისრაელის ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფო, ფინიკია მდებარეობდა - ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველთაგანმა გამოიგონა დამწერლობა და ჩვ.წ.აღ.-მდე ათასზე მეტი წლის წინათ ძლიერი და აყვავებული ცივილიზაცია შექმნა.  ბიბლიაში მას ქანაანის მიწად მოიხსენიებდნენ, ძველებრაულად კი ლევანონი (ან ლებანონი) ერქვა, რაც "ლავანიდან" ("თეთრი") მომდინარეობს და "სითეთრის ქვეყანას" ნიშნავს. როგორც ჩანს, ებრაელები მარადთოვლიან ქედს მიაგებდნენ პატივს, რომელიც ლიბანის მთელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ქვეყნის თანამედროვე სახელწოდებაც აქედან მოდის.

ბერძნებისა და რომაელების გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე სწორედ ფინიკიელებმა შეიტანეს ვაზი ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ რეგიონში. ისინი ერთ-ერთი პირველი მეღვინეები და საკუთარი პროდუქციით პირველი წარმატებული მოვაჭრეებიც იყვნენ (ზღვაოსნობა და ვაჭრობა ხომ ფინიკიური ცივილიზაციის საფუძველი იყო). რაც შეეხება მევენახეობას, ამ კულტურას ფინიკიაში 6 ათასი წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი.

ცნობების თანახმად, ბიბლოსის ღვინოები (თანამედროვე ქალაქი ჯუბეილი) ეგვპიტეში უძველეს პერიოდში გაჰქონდათ (28-22 საუკუნეები ჩვ.წ.აღ-მდე). ხმელთაშუაზღვისპირეთში დიდად ფასობდა სხვა ცნობილი ფინიკიური ქალაქების - ტირასა და სიდონის ღვინოც. ეს სასმელი მნიშვნელოვან როლს  ასრულებდა ფინიკიელთა რელიგიურ რიტუალებში. ზოგიერთი ვერსიით, სწორედ მათი გავლენით გაჩნდა საბერძნეთში დიონისეს კულტი.

ჩვ. წ. აღ.-მდე VI-IV საუკუნეებში ლიბანის ტერიტორია სპარსეთის მმართველობაში გადავიდა, შემდეგ - ალექსანდრე მაკედონელის, კიდევ უფრო გვიან კი რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რომაელთა პერიოდში ბაალბეკში (ბექაას ველი) ღვინისა და მეღვინეობის ღმერთის, ბახუსის სახელზე უდიდესი ტაძარი ააგეს, რომლის ნახვა დღესაც შეიძლება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლიბანი მნიშვნელოვან ღვინისმწარმოებელ რეგიონად რჩებოდა. VII საუკუნეში ქვეყანა არაბებმა დაიპყრეს და ისლამი შეიტანეს. იმის მიუხედავად, რომ ეს რელიგია არამუსულმანებს ღვინის დაყენებასა და სმას არ უკრძალავს, მეღვინეობა მომგებიან საქმიანობად აღარ ითვლებოდა.

დიდი ხნის განმავლობაში ლიბანი ეგვიპტის, მოგვიანებით, 1918 წლამდე კი  ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ამის შემდეგ, 1943 წლამდე ქვეყანა საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ აღმოჩნდა. ალჟირის და მაროკოს შემთხვევაში ამ ფაქტმა მათი მეღვინეობის ისტორიაზე მნიშვნელოვანი და არაერთგვაროვანი გავლენა მოახდინა: თავდაპირველად უძირო "ღვინის კასრებად" და ღვინომასალების ულევ საბადოდ გადაიქცნენ, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და გასაღების მთავარი ბაზრის დაკარგვის შემდეგ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ლიბანთან დაკავშირებით კი სულ სხვა ისტორია მივიღეთ.

ჯვაროსანთა პერიოდიდან ბექაას ველის ცენტრალურ ნაწილში არსებობდა ქრისტიანული ციხესიმაგრე - ksar. სწორედ აქ დარგეს 1857 წელს იეზუიტმა ბერებმა სენსოს პირველი ნერგები. მოგვიანებით ეს მამული შატო ქსარას (Chateau Ksara) სახელწოდებით გახდა ცნობილი და დღესაც ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეღვინეობის მეურნეობად რჩება, რომელიც ლიბანური ღვინის თითქმის 40%-ს აწარმოებს. 1907 წელს მოხდა ისტორიული მოვლენა, რომელმაც ადგილობრივი მეღვინეობა ახალ სიმაღლეზე აიყვანა: ერთ-ერთი ბერი, რომელიც მონასტრის ეზოში შეპარულ მელას დაედევნა, მოულოდნელად გამოქვაბულში აღმოჩნდა, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. ადგილობრივნი ღვინის შესანახად უკეთეს ადგილს ვერც კი ინატრებდნენ. მარნის მთლიანი სიგრძე 3 კილომეტრია და მასში რჩეული ღვინით სავსე 1000 ბოთლი და 1000 კასრი ინახება. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში +12-13 C-ია.

 

1868 წელს ფრანგი ინჟინერი ეჟენ-ფრანსუა ბრიუნი ბექაას ველზე აარსებს მამულს დომენ დე ტურელის სახელწოდებით (Domaine des Tourelles). სწორედ მას მიიჩნევენ ხარისხიანი ლიბანური მეღვინეობის პიონერად. მოგვიანებით ბრიუნს მიმდევრები გამოუჩნდნენ, რომელთა შორის გამოირჩეოდა გასტონ ოშარი. 1930 წელს ოშარმა ცნობილი შატო მუსარი (Chateau Musar) დააარსა, 1950-იან წლებში კი ბუსტროთა ოჯახმა პირველი ნერგები დარგო შატო კეფრაიაში (Chateau Kefraya). მათი ძირითადი ნიშა გახდა წითელი ღვინოები, რომლებიც არა მხოლოდ უნაზესი ბუკეტით, სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩეოდა.

 

თანამედროვე ლიბანური მეღვინეობის ისტორია რამდენიმე მეურნეობის ისტორიაა, რომელთაც ამ საქმის ნამდვილი ენთუზიასტები უძღვებიან. მათი პრიორიტეტი ხარისხიანი ღვინოებია. წარმოების მოცულობა შესაძლოა, ძალზე შთამბეჭდავი არ იყოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ლიბანში დღესაც არ არის ბევრი მეურნეობა - დაახლოებით 30-მდე. შატო მუსარი, შატო კეფრაია, შატო ქსარა, დომენ დე ტურელი, მასსაია, შატო ფაკრა - მთელ მსოფლიოში აღიარებული "ვარსკვლავური" სახელებია. ამ მეურნეობათა ღვინოებს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არაერთხელ მიუღია პრესტიჟული ჯილდოები და მაღალი შეფასება.

ბოლო წლებში აქ ღვინის ტურიზმიც ვითარდება: ლიბანურ მეურნეობებში სანახავი ბევრია. მაგალითად, შატო მუსარი ნამდვილი XVII საუკუნის ციხესიმაგრეა ფერწერული ვენახებით. შატო ქსარა, ყველაფერთან ერთად, ცნობილია თავისი უძველესი და შთამბეჭდავი მარნებით, რომლებიც მთების შიგნით გათხრილ მიწისქვეშა გალერეებშია განლაგებული და ა.შ. ფრანგული გავლენისა და რელგიური მიმდინარეობათა ნაირგვარობის წყალობით ლიბანში ღვინის მოხმარების გარკვეული კულტურა ჩამოყალიბდა. ამასთან, რამდენიმე ათწლეულის წინათ ლიბანი ძალზე მდიდარი ქვეყანა იყო (მას "ახლოაღმოსავლურ შვეიცარიასაც" უწოდებდნენ), მისი დედაქალაქი - ბეირუთი კი მოდური და დახვეწილი ქალაქი. ვითარება სერიოზულად შეცვალა სამოქალაქო ომმა (1975-1990წწ.), კონფლიქტებმა ისრაელთან და პოლიტიკურმა დაძაბულობამ ქვეყანაში. ეკონომიკა დღემდე განიცდის გარკვეულ რყევებს და ამით ვენახებიც ზარალდება. ასე მაგალითად, 2006 წელს შატო ქსარამ საომარ მოქმედებათა გამო მოსავლის დიდი ნაწილი დაკარგა. იმაზე კი, თუ როგორ აღმოჩნდა სამოქალაქო ომის დროს შატო მუსარის ვენახები ფრონტის ხაზზე და როგორ გამოჰქონდათ მოკრეფილი ყურძენი ტყვიების ზუზუნში, ლეგენდებს ყვებიან.  დღეს ვითარება ბევრად სტაბილურია და თუ ბოლო წლების ტენდენციას გავითვალისწინებთ, მეღვინეობის პოტენციალიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ლიბანი პატარა ქვეყანაა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს (სანაპირო ხაზის სიგრძე 225 კილომეტრია). ჩრდილო-აღმოსავლეთით სირია ესაზღვრება, სამხრეთით - ისრაელი. აქ 4 მლნ ადამიანი ცხოვრობს. Lლიბანის ტერიტორია საკმაოდ მთაგორიანია. დაბლობი მხოლოდ ორია - სანაპიროს ვიწრო ზოლი და აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბექაას ველი (სადაც ქვეყნის ყველა მსხვილი ვენახი მდებარეობს). კლიმატი ხმელთაშუაზღვისპირულია (ცხელი ზაფხული და რბილი ზამთარი) და გაცილებით ტენიანი, ვიდრე თუნდაც მეზობელ ისრაელში. ყველაზე ტენიანი ადგილები სანაპირო ზოლშია. ბექაას ველი, რომელიც მაღალი მთებითაა გარშემორტყმული, ბევრად მშრალია. ამის მიუხედავად, წყლის დეფიციტს ლიბანი არ განიცდის: ზამთარში საკმაო რაოდენობით ნალექი მოდის. გარდა ამისა, ქვეყნის ტერიტორია დაფარულია უამრავი პატარა მდინარით. მზეც უხვადაა - წელიწადში 300 დღეს ანათებს.

ბექაას ველი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთიდან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს. ის 120 კმ სიგრძისა და 15 კმ სიგანის ტერიტორიაზეა გადაჭიმული. მიუხედავად იმისა, რომ "ველი" ჰქვია, რეალურად საკმაოდ მაღალი პლატოა (1000 მ ზღვის დონიდან) და ვენახებსაც თამამად შეიძლება ეწოდოს მაღალმთიანი. ტემპერატურული რყევები დღეღამის განმავლობაში ძალზე საგრძნობია. სწორედ ეს გეოგრაფიული ასპექტი ახდენს ესოდენ კეთილისმყოფელ გავლენას ყურძნის ხარისხზე. 

"ფრანგული მემკვიდრეობა" კიდევ ერთ რამეში ვლინდება: ტრადიციულად  ღვინოს აქ ბორდოსა და რონის ველის სტილში ამზადებენ. შესაბამისად, ყველაზე გავრცელებული ჯიშებია სენსო, კაბერნე სოვინიონი, კარინიანი, მერლო, მურვედრი, გრენაში და სირა. წითელი ღვინოები ლიბანური პროდუქციის სამ მეოთხედს შეადგენს და "ვარსკვლავურ" ეტიკეტთა უმეტესობაც სწორედ მათ შორის გვხვდება. დახვეწილი წითელი ლიბანური ღვინოები (სხვადასხვა ფასთა კატეგორიაში) კარგი რეპუტაციით სარგებლობს ისეთი ქვეყნების ბაზრებზე, როგორიც აშშ და დიდი ბრიტანეთია. დიდი ხანია ისინი საფრანგეთშიც გააქვთ, თუმცა არც თეთრი ღვინის უგულებელყოფა შეიძლება. ლიბანში დროდადრო შესანიშნავი სოვინიონი და შარდონე მზადდება - ზომიერი მჟავიანობითა და ცოცხალი გემოთი. საყურადღებოა, რომ აქ მოჰყავთ ისეთი ავტოხთონური ჯიშები, როგორიც არის Obaideh და Merwah. ამასთან, პირველს ლიბანელები შარდონეს წინაპრად მიიჩნევენ..

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული