Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვახტანგ ბერუაშვილი, მარანი "ვახტანგური" - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (36)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ყველაფერი დაიწყო 1996 წელს ელიავაზე ნაყიდი 200 კგ რქაწითლით და გარაჟში ე.წ. სპირტის ბოჭკაში ჩაწურული ყურძნით. შემდგომში ღვინისა და ვაზის უზომო სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა 1998 წელს გვეყიდა თბილისთან ახლოს მიწის ნაკვეთი და აგვეშენებინა მარანი. ჩვენს მარანში იწურებოდა და იწურება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყურძნის ჯიშები, გამუდმებით ვიყავით ძიებაში და ექსპერიმენტებში, რამაც საბოლოოდ მაინც მიგვიყვანა ქვევრამდე. 2011 წლიდან ჩვენს მარანში ყოველ წელს იწურება ქვევრში ყურძენი. ბიძგის მომცემი, რომ ჩვენი მარნისთვის ოფიციალური სტატუსი მიგვეცა, იყო 2015 წლის "ახალი ღვინის ფესტივალი", რომელშიც დიდი მორიდებით პირველად მივიღეთ მონაწილეობა. ხალხისა და ღვინის სპეციალისტების მიერ ჩვენი ღვინის მოწონებამ გაგვათამამა და 2017 წელს დავაარსეთ მარანი "ვახტანგური."                                                             

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

2009 წელს შევიძინეთ პატარა ვენახი სოფელ ოკამში, სადაც გაშენებულია ჩინური , თავკვერი და მცირედი პინო ნუარი. დიდი სურვილი გვაქვს და აუცილებლად შევიძენთ მიწის ნაკვეთს კახეთში, რომელიმე გამორჩეულ მიკროზონაში, სადაც გვინდა გავაშენოთ ქისი, ხიხვი, მცვივანი კახური. მანამდე ყურძენს ვყიდულობთ მევენახეებისგან, რომელთანაც წლებია გვაქვს ურთიერთობა.                                    

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

დღეისათვის ჩვენ წელიწადში ვაწარმოებთ სხვადასხვა ჯიშის 3000-მდე ბოთლ ღვინოს. გვაქვს ქისი, მწვანე კახური, ჩინური, რქაწითელი, ცოლიკოური, ჩხავერი, პინო როზე. ვცდილობთ ყოველი ჯიში შევიძინოთ იქ, სადაც  ეს ჯიში ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს.

                                                  

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

დღეისათვის ჩვენი ღვინო იყიდება ღვინის ბარ "vivino"- ში, "8000 წლის მოსავალში".                                  

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპზე ჩვენი ღვინო არ გადის უცხოურ ბაზარზე, ჩვენი მარნის უცხოელი სტუმრების მიერ სახლში წაღებული ღვინის გარდა.     

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ძალიან გვირთულდება სანდო და კვალიფიციური მუშახელის მოძიება ვენახში სამუშაოდ. რთულია ასევე მევენახეებთან რთველის თარიღზე შეთანხმება, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მალე მოიშორონ მოსავალი. ჩვენს მარანს გვქონდა პრობლემები ქვევრის ხარისხთან დაკავშირებითაც. ჯერ სათანადო გამოცდილება არ გაგვაჩნია ღვინის ბიზნესში , თუმცა ვისურვებდით რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური ცოდნა და ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი დამწყები მეღვინეებისთვის.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

–  თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის აუცილებელია განათლება, განსაკუთრებით  მომავალი თაობის. ჩემი აზრით, მეღვინეობის და მევენახეობის ისტორია სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, როგორც ქართული კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილი. მოხარული ვარ, რომ ბოლო ათწლეულში ბევრი რამ გაკეთდა ღვინის პოპულარიზაციისთვის. ბევრს აკეთებს "ღვინის კლუბი", ღვინის ეროვნული სააგენტო და რა თქმა უნდა, მცირე მარნები. ჩვენთვის როგორც ახალი მარნისთვის, მისაბაძია იმ მარნების საქმიანობა, რომლებიც სათავეში იდგნენ ქართული ღვინის, კერძოდ  ქვევრის  ღვინის პოპულარიზაციისთვის გაწეულ უდიდეს სამუშაოს. ამიტომ ვისურვებდით მეტი ყურადღება და თანადგომა გამოეჩინა სახელმწიფოს მცირე მარნების მიმართ.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

ყველა საქმეს უნდა მიუდგე სიყვარულით, მითუმეტეს ისეთ დალოცვილ საქმეს, როგორიცაა მევენახეობა-მეღვინეობა. ვურჩევდი მეტი განათლების მიღებას თუნდაც თვითგანათლებას, მეტის მოსმენას გამოცდილი მეღვინეების აზრისას. თავიდან ნუ იფიქრებენ კომერციულ მოგებაზე, ჯობია იფიქრონ ღვინის ხარისხზე.    

"ვახტანგური".

მისამართი: "თბილისითიანეთის გზატკეცილი მე-9 კილომეტრი სოფ. ლელუბანი.

ტელეფონი: +995555 12 23 34, +995 574 40 05 05. 

ელფოსტა: vberuahvili@mail.ru, vakhtanguricompany@gmail.com.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული