ჩვენი ახალი რუბრიკის “გაიცანი მეღვინის” ფარგლებში ვესაუბრეთ ბაქარ ნარსიას, რომელიც მცირე მარნის, “ლავინას” დამფუძნებელია 2015 წლიდან. მეღვინეობა თბილისში მდებარეობს, ხოლო ვენახები როგორც იმერთში, ასევე ქართლში აქვთ. შესაბამისად, ძირითადად იმერულსა და ქართლის ჯიშებზე მუშაობენ, თუმცა პირველი ვაზის ჯიში, რომლისგანაც ღვინო დააყენეს - ალადასტურია. ინტერვიუში ბაქარი მარნის ისტორიის შესახებ გვიამბობს და უფრო დეტალურად გვიყვება “ლავინას” ამბავს.
- გვიამბეთ, როგორ მოხვდით მეღვინეობაში, რა ჯიშებისგან და რომელი კატეგორიის ღვინოს აწარმოებთ?
-ღვინის სიყვარულმა მომახვედრა მეღვინეობაში , ოჯახში ღვინის კულტურა ყოველთვის გვქონდა და გარკვეულწილად ამ ფესვებმა ჩემს დღევანდელ საქმიანობაში დიდი როლი ითამაშა. ლავინას მეღვინეობაში დღეს ვმუშაობთ შემდეგ ქართულ ჯიშებთან: ალადასტური, ციცქა, თავკვერი, შავკაპიტო, ჩინური, გორული მწვანე. მეღვინეობაში მშრალ სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე დადუღებულ ღვინოებს ვაწარმოებთ.
- ყოველ მეღვინეს აქვს ის ერთი განსაკუთრებული ღვინო, რომლითაც ძალიან ამაყია. რომელი წლის მოსავალი იყო ეს თქვენთვის და რა გახადა ის გამორჩეული?
- ყოველი წელი განსაკუთრებულია, გამოვყოფდი 2021 წლის ალადასტურსა და თავკვერს რომელმაც ამერიკაში დიდი მოწონება დაიმსახურა, ამასთან 2019 წლის ვარდისფერ თავკვერს, რომელმაც პოლონეთში ვარდისფერი ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
- რა იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს მარანში მიგიღიათ? როგორ განსაზღვრა მან თქვენი ბრენდის დღევანდელი სახე?
- ყველაზე რთული ახალი ქვევრების შერჩევა და მათთან მუშაობა იყო. წლების განმავლობაში ვმუშაობდი თითოეულ ჯიშზე, მრავალი ექსპერიმენტის ჩატარება მომიხდა, რომ მეპოვა სტილი რომელიც პირველ რიგში ჩემთვის იქნებოდა მისაღები და შემდგომ მომხმარებელს შეაყვარებდა თავს.
- რა იყო ყველაზე დიდი, საინტერესო დაბრკოლება, რომელიც გადალახეთ, და რა მიზნები გაქვთ სამომავლოდ?
- ვენახის გაშენება, რომელიც გარდამტეხი მოვლენა იყო ჩემი როგორც მეღვინის გამოცდილებაში, დიდი პასუხისმგებლობაა ახალშენ ვაზთან მუშაობა და მისი ახალ გარემოსთან შეგუების პროცესის მართვა.
- როგორ აღწერდით თქვენს ღვინის სტილს? რა არის ის მთავარი ღირებულება, რასაც ყველა თქვენს ბოთლში გრძნობთ?
- ყოველი წელი განსხვავებულია და ჯიშობრივი არომატებისა და გემოების წინ წამოწვევას ემსახურება. ძირითადად თეთრ საღვინე ჟიშებს მსუბუქი, არომატული მახასიათებლები აქვთ. წითელი ჯიშებსაც აგრეთვე მსუბუქი და ხავერდოვანტანინიანი ხაზი აქვს. სვამ ღვინოს რომელიც არის არომატული, მსუბუქი, ხალისიანი და განწყობასაც ამაღლებს,
- როგორ უყურებთ ღვინის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და როგორია თქვენი ხედვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრისთვის?
- განვითარებისთვის საჭიროა მშვიდი გარემო. საჭიროა მეტი განათლების მიღება, დარგობრივი პრაქტიკა, იმისათვის, რომ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სახელი წინ და წინ მიიწევდეს საჭროა მაღალხარისხიანი, სტაბილური და საინტერესო ღვინოების წარმოება. ტრადიციული და თანამედროვე მეღვინეობის სინთეზი ვფიქრობ ქართულ მეღვინეობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
- თუ შეუზღუდავი რესურსები გექნებოდათ, რა არის პირველი, რასაც თქვენს ვენახში ან მარანში შეცვლიდით?
- ამ იდეალურ მდგომარეობაში ყოფნისას უპირველეს ყოვლისა ტექნიკურად ხელახლა აღვჭურვავდი მარანსა და ვენახს თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამასთან მარანში შევქმნიდი ლაბორატორიას სრული აღჭურვილობით.
- რა არის ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა მეღვინეობაზე, რომლის შეცვლაც გსურთ ღვინის მოყვარულებში?
- „ღვინის დაყენებას რა უნდა“ - ეს ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია რომელიც ან დასრულდება კარგი შედეგით, ან არა. ვფიქრობ, მეღვინის შრომას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
- როგორ იცვლება თქვენი მომხმარებლის პროფილი – როგორი ღვინო სურს დღევანდელ მყიდველს?
- ყველაფერი დამოკიდებულია სეზონსა და განწყობაზე, აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ქართული ღვინით, ვფიქრობ ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ღვინო ყველა სახის მომხმარებელს დააკმაყოფილებს.
- მეღვინეობა საკმად რთულია და დიდ შრომას მოითხოვს. რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას, რომ ეს საქმე განაგრძოთ?
- ყველაზე დიდი მოტივაცია ამ საქმისა და თითოეული დეტალის სიყვარულია, დიდი სიხარულით ველით რთველს, რომელიც ოჯახის მთლიანობასთან ასოცირებული დღესასწაული გახდა.
- გაქვთ თუ არა საყვარელი ქართული ან უცხოური ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ?
- ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრი ახალი კარგი ღვინო გამოჩნდა, ყველა ქართული ჯიში მომწონს და ყოველთვის ვუხამებ ხოლმე კერძებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი