Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამეგრელოს მოსავლის წლების მიმოხილვა - 2011-2022

გურიისა და სამეგრელოს მოსავლის წლების მიმოხილვა მომზადებულია მალხაზ ხარბედიას და ლევან სეფისკვერაძის მიერ. ეს მონაცემები წლების მანძილზე 50–მდე ქართველი მევენახის, მეღვინისა და ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მზადდებოდა. გარდა ამისა ვსარგებლობდით ოფიციალური მონაცემებითაც (გარემოს ეროვნული სააგენტოს აგრომეტეოროლოგიური ბიულეტენი და სხვ.).

2011
ეს წელი სამეგრელოში საკმაოდ რთული წელი იყო, წვიმებით, დაბალი ტემპერატურითა და ნაადრევი თოვლით, თუმცა ოჯალეშის მოსავლით მაინც კმაყოფილები იყვნენ მევენახეები. რთველი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო, თუმცა ნოემბრის ბოლოს დაკრეფილი ოჯალეშიდანაც მაღალმჟავიანი და ხალისიანი ღვინოები მიიღეს.

2012
ვეგეტაცია დაგვიანდა და წლის განმავლობაშიც გარკვეული დაბრკოლებებიც შეექმნა ვაზს, თუმცა ძალიან თბილმა და ზომიერმა შემოდგომამ კარგად დაამწიფა ყურძენი და მოსავალიც ხარისხიანი მოვიდა. წინა წელთან შედარებით, 2012 წელი უფრო უხმოსავლიანიც იყო.

2013
სამეგრელოში 2013 წელს ზამთარი ზომიერად ცივი იყო, ხოლო გაზაფხული კი ძირითადად მშრალი და თბილი, ვაზმა ყვავილობა 25 მაისს დაიწყო. სამეგრელოშიც, როგორც მთელს საქართველოში, ზაფხული უჩვეულოდ ცივი და უხვნალექიანი გამოდგა, რამაც თავისი კვალი დააჩნია ყურძნის რაოდენობას და ხარისხს, რადგან კლიმატური პირობების გამო მოსავალი საშუალოზე ნაკლები მოვიდა. მშრალმა და თბილმა შემოდგომამ ყურძნის ხარისხი საგრძნობლად გამოაკეთა, რთველი დაიწყო ნოემბრის მეორე ნახევარში. ამ დროისთვის ოჯალეშის შაქრიანობა 23% იყო.

2014
ზამთარში ყინვები იყო, რის გამოც მევენახეებმა მოსალოდნელი მოსავლის მხოლოდ მესამედი მოიწიეს. ზაფხული აქაც მშრალი და ცხელი იყო, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, ისეთი ზარალი არ მოუტანია. სექტემბერიც ცხელი და უნალექო გამოდგა. მშრალი და თბილი ამინდები გაგრძელდა ოქტომბერშიც, რის შედეგადაც სამეგრელოში რეკორდულად ადრე დაიწყო რთველი. ასეთი რამ წლების მანძილზე არ ყოფილა ამ რეგიონში. ცოლიკოურის კრეფა 20 სექტებრიდან დაიწყეს სამეგრელოში, ხოლო რაც შეეხება ოჯალეშის რთველს, ის ჩვეულზე 1 თვით ადრე, 15–20 ოქტომბრიდან დაიწყო. თვის ბოლოს რთველი ფაქტობრივად დასრულებული იყო. 

2015
ზამთარმა ფაქტობრივად უთოვლოდ ჩაიარა, ძლიერი ყინვების გარეშე. გაზაფხულიც ზომიერად ნალექიანი იყო და მკვეთრი ტემპერატურული ვარდნაც არ ყოფილა, როგორც 2014 წელს, როცა ძლიერმა ყინვებმა დააზიანა ვაზი. ზაფხული ძალიან მშრალი და მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა, ალბათ უკანასკნელ ათწლეულში ერთ–ერთი ყველაზე ცხელი ზაფხული იყო. შემოდგომა შედარებით სტაბილური გამოდგა ტემპერატურის და ნალექების მხრივაც. ცოლიკოურის რთველი სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გასტანა. ოჯალეშის კრეფა ზოგიერთმა მევენახემ ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდა.

2016
2016 წელი სამეგრელოში სუსხით და ნალექებით დაიწყო. მოყინვები ვეგეტაციის პირველ პერიოდშიც იყო, აპრილში, ზაფხულის დასაწყისში კი წვიმები დაერთო, რამაც უარყოფითად იმოქმედა მარცვლის ჩამოყალიბებაზე. აგვისტოში და სექტემბერშიც გვალვები იყო, თითქმის 40 დღე არ უწვიმია, თუმცა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი რბილი და თბილი გამოდგა. მათ, ვინც ოჯალეში ნოემბრის შუა რიცხვებში ან მეორე ნახევარში დაკრიფეს, სასურველ შედეგს მიაღწიეს.

2017
სამეგრელოში საკმაოდ ნალექიანი და ცივი ზამთარი იყო. თოვლი დეკემბერშიც მოვიდა და თებერვალშიც. საკმაოდ ნალექიანი იყო გაზაფხულის დასაწყისი, მაისშიც ძლიერი წვიმები მოდიოდა (განსაკუთრებით შუა რიცხვებში), თუმცა თვის ბოლოსთვის და ივნისისთვის ამინდები გამოსწორდა და ვაზის ყვავილობამაც ნორმალურად ჩაიარა. ივლისი კარგი იყო, თუმცა აგვისტომ თითქმის უნალექოდ ჩაიარა, ბოლო დეკადაში მოსულ წვიმას თუ არ ჩავთვლით. სექტემბერიც მშრალი და უნალექო გამოდგა, თუმცა სექტემბერ–ოქტომბრის ზღვარზე მოსულმა წვიმებმა ცოტათი შეაფერხა გვიანი ჯიშების მწიფობა. ოქტომბრის ბოლოსკენ ოჯალეში უკვე დასაკრეფი იყო ზოგიერთ რაიონში, თუმცა საუკეთესო პირობები რთველისთვის ნოემბრის შუა რიცხვების მშრალ და თბილ დღეებში შეიქმნა. ნოემბრის ბოლოს პირველი ყინვებიც იყო და ზოგმა სწორედ ამ დროს დაკრიფა თავისი ყურძენი.

2018
შედარებით უნალექო, რბილი ზამთარი იყო. გაზაფხულზე, მარტის ბოლოსკენ, მოყინა, რამაც ნაწილობრივ დააზიანა კვირტები. ყვავილობის პერიოდი ნალექიანი იყო, თუმცა ამას განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია მოსავალზე. მაისის ბოლოს სამეგრელოში საგრძნობლად დაცხა, თუმცა მთლიანობაში ზაფხულმა კარგად ჩაიარა, მიუხედავად ივნისის ნალექებისა. ზაფხულში ივლისის ბოლოს–აგვისტოში ცოლიკოური დააზიანა მზემ, ოჯალეში ნაკლებად დაზარალდა. რთველი ოქტომბრის ბოლოს დაიწყეს, როცა ოჯალეშიც შაქრიანობა 25–მდე ავიდა, თუმცა ზოგიერთებმა ნოემბრის ბოლოსაც დაკრიფეს ყურძენი. დუღილი დიდხანს გაგრძელდა.

2019
სამეგრელოში ზომიერად მცხუნვარე ზაფხული და წვიმიანი შემოდგომა ჰქონდათ. ვაზის დაავადებებს მევენახეები განსაკუთრებით არ შეუწუხებიათ. ვეგეტაციის პერიოდი აპრილის ბოლოს დაიწყო. მაის-ივნისში კი გაჩნდა ვენახის სოკოვანი დაავადებები, მაგრამ მეგრელმა მევენახეებმა ეს სწორი და დროული წამლობებით ადვილად დაძლიეს.
მარტვილში, ჩხოროწყუში და წალენჯიხაში ყურძენი ჩვეულ ვადებში და ჩვეული შაქრიანობით დამწიფდა. რთველი დაიწყეს ოქტომბრის ბოლოს ცოლიკოურით, რომელიც გამოირჩეოდა ზომიერი შაქრიანობით (20-21%) და ცოტა მომეტებული მჟავიანობით. წითელი ჯიშებიც ჩვულ დროს, ნოემბრის ბოლოს დაიკრიფა, დაიწურა და ხარისხიანად დადუღდა. შაქრიანობა 22-23% იყო. 
სამეგრელოში საკმაოდ კარგი წლის და ხარისხიანი მოსავლის მიღების მიზეზი წლის განმავლობაში ზომიერი ტემპერატურა და ნალექების შედარებით თანაბარი განაწილება უნდა ყოფილიყო, რაც დადუღების პროცესში და შემდეგ უკვე ღვინის ხარისხში დადებითად აისახა.

2020
თბილი ზამთრის შემდეგ, სამეგრელოში ვეგეტაციის პერიოდი აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო. სეტყვამ არა, მაგრამ ნესტმა და გახშირებულმა წვიმებმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა მეგრელ მევენახეებს. თუმცა, საქართველოს ამ კუთხეებში დღესდღეობით ვენახების ფართობები, სამწუხაროდ, იმდენად მცირეა, რომ ამ პრობლემებს ბევრი ადამიანი არ დაუზარალებია. მაგრამ, სამეგრელოში არის მიკროზონები, სადაც მოსავლითა და ღვინის ხარისხით ძალიან კმაყოფილი იყვნენ.
ოჯალეშიც უხვი და ხარისხოვანი მოსავალი მოვიდა, განსაკუთრებით მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს და მიმდებარე სოფლებში. აქ, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ვენახების უდიდესი ნაწილი ახალშენია და ახალბედა მევენახეები ვენახთან ერთად სწავლობენ როგორც ვაზის დაავადებებთან, ასევე კლიმატურ პრობლემებთან გამკლავებას. 
სამეგრელოში რთველი ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში დასრულდა. რთველისას ოჯალეშის შაქრიანობა 24%-ზე იყო, თეთრი ჯიშების კი საშუალოდ 22%-ზე. 2020 წლის მოსავლის ღვინის დადუღება-დაწდომის ეტაპმა სამეგრელოში მშვენივრად ჩაიარა. 

2021
სამეგრელოსთვის ეს წელი მეტ-ნაკლებად რთული იყო. ჩხოროწყუში და წალენჯიხაში საშუალოდ ცივი ზამთარი გაგრძელდა ცივი და წვიმიანი გაზაფხულით და ცხელი ზაფხულით. მოსავლის ხარისხი წალენჯიხელი და ჩხროწყუელი მევენახებისთვის მთლიანობაში არ იყო დამაკმაყოფილებელი. 
მცირე და უხარისხო მოსავალს მეგრელი მევენახეების ნაწილი წამლის უხარისხობასაც აბრალებს. ამ წელს მოსახლეობაში დარიგდა განსაკუთრებულად საეჭვო ხარისხის ქართული წარმოების ბორდოს ხსნარი, რამაც ვენახებიც ვერ დაიცვა დაავადებებისგან და ვაზსაც შეუქმნა პრობლემები ზრდა-განვითარების თვალსაზრისით.
მარტვილში უთოვლო, წვიმიანი ზამთარი და ცივი გაზაფხული იყო. მიუხედავად ამისა, მარტვილელებმა უკეთესი და უფრო მეტი მოსავალი მიიღეს.
რთველის პერიოდში, თითქმის მთელი ნოემბრის მანძილზე ალაგ-ალაგ წვიმებიც იყო, თუმცა ამას მოსავლის ხარისხზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. 2021 წლის ოჯალეშის მოსავლის შაქრიანობა დაახლოებით 23% იყო. სამეგრელოში ცოლოკოური 22% შაქრიანობაზე დაიკრიფა. 

2022
სამეგრელოში ძალიან ცივი ზამთარი არ ყოფილა, თუმცა თებერვლიდან მოყოლებული იყო ხანგრძლივი წვიმები, მუდმივად დაბალი ტემპერატურა და ამან ძალიან დააზიანა ვაზი ჯერ კიდევ ყვავილობამდე. სამეგრელოს ვენახებში ვეგეტაცია აპრილიდან დაიწყო. მერე იყო ცხელი ზაფხული, წვიმიანი შემოდგომა და საერთო ჯამში გამოვიდა ზედმეტად გრილი წელიწადი მცირე მოსავლით. რაც გადარჩა, იმ ყურძნის ხარისხი მთლიანობაში არ იყო ცუდი. 

წალენჯიხაში გაზაფხულზე სულ წვიმები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყურძენი მაინც არ გაფუჭებულა. თითქმის მთელს სამეგრელოში მაინცდამაინც რთველის პერიოდში რამდენიმე დღე ისეთი თავსხმა წვიმა იყო, ყურძენიც გააფუჭა და მევენახეებს ყურძნის დაწურვის პროცესში ხელიც შეეშალათ. რაც შეეხება მოსავლის ხარისხს - რაც გადარჩა, ის ყურძენი ხარისხიანად შეიძლება ჩაითვალოს. 
მარტვილში მოსავალი წინა წლებთან შედარებით ნაკლები იყო. ზოგან სულ გაფუჭდა, ზოგან ნახევარი დაკრიფეს, ზოგან მესამედი. შემოდგომაზე ვაზის სიმწიფემ ძალიან დააგვიანა და ადგილობრივებმა 21% შაქრიანობაზე დაკრიფეს ოჯალეში. ვინც გვიან დაკრიფა, მათ თითქმის ნახევარი მოსავალი ჩიტებმა შეუჭამეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული