Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ქართულ მეღვინეობაზე - ზურაბ მაისაშვილის ბლოგი

2021 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა ჯამურად 107 მილიონი ბოთლი შეადგინა, რომლის ღირებულება 250 მლნ აშშ დოლარი იყო. ქართული ღვინის ექსპორტის 58% რუსეთის ბაზარზე მოდიოდა, 10% - უკრაინაზე. სულ 2021 წელს ორივე ქვეყანაში 75 მილიონი ბოთლი გავიდა, რომლის ღირებულებამ 156 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ბუნებრივია, რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიაზე უდიდეს გავლენას მოახდენს. ომი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, 2022 წელი ქართული ღვინისთვის უმძიმესი იქნება.

იმისთვის, რომ უკეთ გავიაზროთ სიტუაციის სიმძიმე, მნიშვნელოვანია ისტორიული პარალელები გავითვალისწინოთ. 2006 წელს, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, ქართული ღვინის მათ ბაზარზე დამოკიდებულება 80%-ს უტოლდებოდა. შესაბამისად მაშინდელი ემბარგო მოკლევადიან პერსპექტივაში უმძიმესად აისახა, როგორც ქართველ მევენახეებზე, ისე მეღვინეებზე. თუმცა, ამ ყველაფერს დადებითი შედეგიც ჰქონდა - ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიცირება ისეთ ბაზრებზე, რომლებიც მაღალი ხარისხითა და საფასო სეგმენტის მიმართულებით გამოირჩევიან, რამაც თავის მხრივ ქართული ღვინის ხარისხიც გააუმჯობესა. ვითარება 2013 წლიდან რადიკალურად შეიცვალა, რადგან რუსული ბაზარი ისევ გაიხსნა. საბჭოთა წარსულისა და პოსტ საბჭოთა მოქალაქეების ქართული ღვინისადმი სიმპათიის გამო, ქართველმა მეღვინეებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს და რუსულ ბაზარზე შესვლა დაიწყეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოს დამატებითი მარკეტინგული დანახარჯები არ სჭირდება, შესაბამისად, კომპანიებისთვის საკმაოდ მიმზიდველი იყო ამ ბაზარზე დაბრუნება.

გრაფიკი: ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2013 წელს საქართველოდან რუსეთში 57 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 44.5% იყო. მაქსიმალური მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებამ 61.6% შეადგინა. ამის შემდეგ იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, 2014-15 წლებში, რამაც დამოკიდებულება შედარებით შეამცირა. თუმცა, მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი სტაბილურად 55-58% ფარგლებში მერყეობდა.

2022 წელს დაწყებული ომის შედეგების უკეთ დასანახად ორი საბაზისო სცენარის განხილვაა საინტერესო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე სცენარის პირობებში გათვალისწინებულია, ომის მიმდინარეობა, დაწესებული სანქციები და ორივე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

პირველი სცენარის მიხედვით, ომის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს, რის შედეგადაც ქართული ღვინის ექსპორტი უკრაინაში თითქმის განულდება, თუ 2022 წლის პირველ 2 თვეს არ ჩავთვლით. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ მათ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, ბუნებრივია, ყოველდღიური ცხოვრების რიტმი ამ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, შესაბამისად ღვინის მოხმარებაც შედარებით მაღალია, ვიდრე უკრაინაში. თუმცა, დაწესებული სანქციებისა და ეკონომიკური რეცესიის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 30%-ით შემცირდება.  ამ სცენარის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტის დანაკარგი ჯამურად 35% იქნება.

რაც შეეხება მეორე სცენარს, ამ შემთხვევაში ომის ხანგრძლივობა 1 წელია. მიუხედავად პირველ სცენართან შედარებით ხანგრძლივი პერიოდისა, ამ შემთხვევაშიც უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი მთლიანად განულდება, ხოლო იმ დაშვებით, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება, რაც მათ ეკონომიკას შეამცირებს, ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 60%-ით მოიკლებს. საბოლოო ჯამში მეორე სცენარის მიხედვით ქართული ღვინის ექსპორტი 50%-ით შემცირდება.

ცხრილი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები ქართული ღვინის ექსპორტზე

გარდა ამ რიცხობრივი შედეგებისა, მნიშვნელოვანია, რომ ღვინო, რომელიც ამ ორ ქვეყანაში გადიოდა, უმეტესად ნახევრადტკბილია, რომელთა მსოფლიოს სხვა ბაზრებზე გაყიდვა ურთულესია, დასავლეთის ბაზარი ამ ტიპის ღვინოებს არ მოიხმარს.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრ დიდ საწარმოს არსებული მარაგები დაფასოებული არ აქვთ (ბოთლებში ჩამოსხმული) და ცისტერნებში ინახავენ. შესაბამისად, რთვლის ჩატარების პრობლემაც ჩნდება, დიდია ალბათობა იმისაც, რომ მთავრობის მხრიდან 2022 წლის რთველში ინტერვენცია საკმაოდ მაღალი იქნება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქართველ მეღვინეებს ბევრად უფრო მეტი წინდახედულობა მართებთ.  ისეთი ღვინის ხარისხზე ფიქრი და ზრუნვა, რომლებიც დასავლური ბაზრებისთვის მომხიბვლელი იქნება, რაც ბევრად უფრო სარფიანი და სტაბილურია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.