ლევან სეფისკვერაძე
11 მაისს, მთაწმინდის პარკში გამართულმა კავკასიაში ღვინის ყველაზე დიდმა ზეიმმა - “ახალი ღვინის ფესტივალმა“ ნათლად აჩვენა ის ბოლოდროინდელი ტენდენციები, რაც ქართულ მეღვინეობაში არსებობს. ერთ სტატიაში ამ ფართო თემატიკას ცხადია ვერ ამოვწურავთ, თუმცა ვეცდებით მეტ-ნაკლებად შეგიქმნათ წარმოდგენა, დღეს საით მიდის ჩვენი მეღვინეობა, ღვინის ბაზარი და ამ ყველაფერზე რას ფიქრობენ თავად მეღვინეები.
ქართულ მეღვინეობაში ბოლოდროინდელი ტენდენციები ნათლად გამოხატავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით მოვლენებს, პრობლემებს რომელიც ამ სფეროშია. მთავარ პრობლემად დიდი ქართული კომპანიების უმეტესობის რუსეთის ღვინის ბაზარზე დამოკიდებულება და კონკრეტული საექსპორტო ღვინოების (ყველა ღვინო არ იგულისხმება) დაბალი ხარისხი რჩება. ასევე პრობლემურია ვენახების დაზღვევის საკითხიც. შარშანწინ კახეთში ყურძენზე სახელმწიფოს სუფსიდირება რომ გაუქმდა, ბევრი მევენახე იმასაც პრობლემად მიიჩნევს. თუმცა, მეღვინეობის სპეციალისტთა უმეტესობის აზრით, ეს გადაწყვეტილება პირიქით - მომავალში დადებითად წაადგება ქართულ მეღვინეობას.
მიუხედავად არსებული არაერთი პრობლემისა, ჩვენს ქვეყანაში ბოთლში ჩამოსხმული ქართული ღვინო თანდათან უფრო პოპულარული ხდება და ალბათ მალე დადგება დრო, როდესაც ე.წ. ჩამოსასხმელი ღვინის მასობრივი მოხმარებიდან ჩვენი თანამოქალაქეები კარგ, ბოთლის ღვინოზე გადავლენ. სამწუხაროდ, ფინანსური და არა მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო, ბევრი ღვინის მოყვარულს არა აქვს იმის "ფუფუნება", რომ ყველა მათთვის საინტერესო ღვინო დააგემოვნონ. ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში და სხვადასხვა ღვინის ფესტივალებზე კი ამის უნიკალური საშუალებაა.
ზურაბ უგრეხელიძე: “იმერული ღვინის სახლი: “პირველად მამაჩემის ინიციატივით ჩამოვასხი ღვინო. ჩემი დიდი ბაბუა და მისი მამაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში ამ საქმეს უძღვებოდნენ და ვფიქრობ არცთუ ცუდად გამოსდიოდათ. ფესტივალზე წარმოდგენილ ოთხი დასახელების ღვინოს ძირითადად ქვევრში ვაწარმოებთ. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს ტრადიციული წესით ვაყენებთ, წლებია ვხედავ, რომ ჩვენი ღვინით ძირითადად უცხოელები ინტერესდებიან. რაც ცოტა არ იყოს გასაკვირია. ვფიქრობ, ქართველების ბოთლის ღვინისკენ მობრუნების ტენდენცია უმნიშვნელოვანესია“.
ბოლო წლების განმავლობაში, ღვინის წარმოება ისეთმა ადამიანებმაც კი დაიწყეს, რომლებიც აქამდე ღვინით ნაკლებად ინტერესდებოდნენ. მაგალითად კახეთში, გამოჩნდნენ ახალბედა მევენახე-მეღვინეები, რომლებმაც ძველი ქართული ვაზის ჯიშების პარალელურად, შარდონეს და მუსკატის ჯიშის ყურძნისგან ღვინის წარმოებაც დაიწყეს. მუსკატის ჯიშის ვაზის სამშობლო სამხრეთ სიცილიაა, სადაც მუდმივად მცხუნვარე მზე და ბუნებრივი პირობები განსაკუთრებით მაღალშაქრიანი, ტკბილი ღვინის მიღების წინაპირობას იძლევა. როგორც ღვინის სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში, კერძოდ კი კახეთში (ქინძმარაულის მიკროზონა) მოწეულმა მუსკატმა მაინც შეინარჩუნა თავისი განსაკუთრებული სურნელი და გემო. თუმცა, ყველასათვის კარგად ნაცნობი ქართული ლეგენდარული ღვინოები და დასახელებები კვლავ მოთხოვნადია.
ნინო ბერძენიშვილი, “ოთარ ბერძენიშვილის მარანი: “წელს “ახალი ღვინის ფესტივალზე“ პირველად გამოვედით ჩვენი ოჯახის ღვინის სახელით. ადრე სხვა მარნებს ვაძლევდით ღვინოს და ისინი მათი ბრენდქვეშ ასხმდნენ. რაკი ყოველ წელს ვაწარმოებთ საკმაოდ ბევრ ღვინოს და ჩავთვალეთ, რომ სოფელი წინანდალი (სადაც ჩვენი ვენახები მდებარეობს) უნიკალური მიკროზონაა, ბუნებრივად გაგვიჩნდა ამბიცია, რაც ვფიქრობ სულაც არაა ცუდი. მამაჩემს, ოთარ ბერძებიშვილს აქვს ერთი პრინციპი. ღვინო არ უნდა შეჰყვეს ერთი წვეთი წყალიც კი! წვიმის შემდეგ ჩვენს ვენახებში რთველის მოწყობა დაუშვებელია. მიუხედავად პრობლემებისა ვფიქრობ, რომ ქართული მეღვინეობა მაინც მიდის წინ. გვახსოვს ის დროც, როდესაც ვენახებს ჩეხავდნენ. დღესდღეობით კი კახეთში მტკაველი მიწაც აღარ რჩება დამუშავების გარეშე. მაგალითად, ჩემს ოჯახს უკვე 25 ჰექტარი საკუთარი ვენახი აქვს“.
მეღვინეობით დაინტერესებულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ უკვე წლებია, რაც “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“ და საგურამოში მდებარე "ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი" უნიკალური და გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ქართული ვაზის ჯიშების გადარჩენა-შენარჩუნებაზე მუშაობენ. პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის ხელმძღვანელობით, რამდენჯერმე უნიკალური ვაზის ჯიშებიდან ღვინოებიც ჩამოისხა. ამ ღვინის რამდენიმე ნიმუშის გასინჯვა ღვინის მოყვარულებს ღვინის ფესტივალებზეც შეეძლოთ და ეს კიდევ, ერთ, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. 11 მაისსაც საზოგადოებას “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა“ არაერთი უნიკალური და იშვიათი ღვინო წარმოუდგინა.
საბჭოთა კავშირის დროს, ბევრი უნიკალური ვაზის ჯიში გაქრა და დაიკარგა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ძველი ჯიშების აღდგენა და გადარჩენა. მეღვინეობის სპეციალისტთა აზრით, ჩვენ ღვინის წარმოების მასშტაბებში ნამდვილად ვერ გავეჯიბრებით დიდ ქვეყნებს. ჯიშების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაში კი ბევრ განვითარებული მეღვინეობის მქონე ქვეყანაზე წინ ვართ. საბჭოთა კავშირის დროს, აქცენტი მხოლოდ დიდმოსავლიან ჯიშებზე: რქაწითელზე, საფერავზე და ცოლიკოურზე იყო გადატანილი და ამით ქართულმა მეღვინეობამ ძალიან ბევრი დაკარგა. ამ კუთხით დღეს სიტუაცია უმჯობესდება.
ამირან მეგრელი, საოჯახო მარანი “ჩერალი“: “ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში ადგილობრივი ორბელური ოჯალეშიდან ღვინის ვაწარმოებ უკვე მეხუთე წელიწადია. შვიდ ტონამდე მოსავალს ვიღებ და ეს ცაგერის მასშტაბებისთვის საკმაოდ დიდ მოსავლად ითვლება. თუმცა, მთავარი მოთხოვნა მაინც ნაკუთნოურის ჯიშის ყურძნისგან დაყენებულ ღვინოზეა, რომელიც ფესტივალზე მხოლოდ ჩვენ გვაქვს. უნიკალური, იშვიათი ჯიშებიდან დაყენებულ ღვინოებს ქართველებიც ითხოვენ და უცხოელებიც“.
გოჩა ლიპარტელიანი, “ბოლნისის ძველი მარანი“: “მე წარმოვადგენ ბოლნისის მუნიციპალიტეტს და კარგად ვიცი, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი მხარე საერთოდ მივიწყებული იყო მეღვინეობის კუთხით. ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა და არამხოლოდ ცნობილი ჯიშების, არამედ უკვე გადაშენებული და იშვიათი ჯიშების გაშენებაც დავიწყეთ. ჩვენს ფესტივალზე ღვინოს რომელიც უნიკალური ქვემო ქართლური ვაზის ჯიშისგან, შავი ასურეთულისგანაა დამზადებული, ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად. ეს ვფიქრობ უკვე წარმატებაა“.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვთქვით, უმნიშვნელოვანესია ქართული ვაზის ძველი ჯიშების აღდგენა და გადარჩენა. უცხოელი ღვინის სპეციალისტები და ღვინით მოვაჭრეები თვლიან, რომ კახური საფერავი – ეს არის ქართული ვაზის ჯიში, რომელიც ნამდვილად არ ჩამოუვარდება ცნობილ ფრანგულ ან იტალიურ, ესპანურ წითელყურძნიან ჯიშებს. მთავარი პრობლემა, რაც ამ ჯიშის მიმართ არსებობს - ეს არის ნაკლები ინფორმაცია, რომელიც არა მხოლოდ საფერავზე შეგვიძლია ვთქვათ, არამედ ზოგადად ქართულ ღვინოზე მსოფლიოში. მეღვინეობისა და ღვინის მარკეტინგის სპეციალისტების აზრით, ქართველ ბიზნესმენებს და ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი ფულის დახარჯვა მართებთ, რომ ქართული ღვინო მსოფლიომ უფრო კარგად გაიცნოს.
თუკი ფესტივალზე წარმოჩენილ ტენდენციებს გავყვებით, მიუხედავად იმისა, რომ კახეთში ყურძის ფასები ყოველ წელს ასეთუისე შენარჩუნებულია, საქართველოში როგორც ბოთლირებული ასევე ე.წ. ჩამოსახმელი ღვინის ფასი მუდმივად იზრდება. განსაკუთრებული მოთხოვნაა წითელ მშრალ და წითელ ნახევრდატკბილ ღვინოებზე, რომელთაც უმეტესად სლავი და აღმოსავლეთ ევროპელი ტურისტები მოიხმარენ. ქართველი მომხმარებლები კი ტრადიციულად უპირატესობას თეთრ მშრალ ღვინოებს ანიჭებენ.
“ყველა ღვინო კარგია და ყველა მეღვინეს დიდ პატივს ვცემ. თუმცა, ტრადიციულად, ჭაჭაზე დაყენებულ თეთრ მშრალ ქართულ ღვინოებს მაინც არაფერი ჯობს. ალბათ ესაა გემო, რომელიც ჩვენს გენეტიკაში ზის და ღვინოდ სწორედ ამგვარი ტიპის სასმელი წარმოგვიდგენია“ - გვითხრა ფესტივალის სტუმარმა მიშა ყაულაშვილმა.
ფესტივალზე გამოჩნდა ისიც, რომ სულ რამდენიმე ქართული ვაზის ჯიშია, რომლებიც როგორც ყურძნის, ასევე მათგან დამზადებული ღვინის ფასიც იზრდება და ეს ტენდენცია დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს ჯიშები გახლავთ ლეჩხუმური უსახელოური, გურულ-აჭარული ჩხავერი, მეგრული ოჯალეში და რაჭული მუჯურეთული და ლექსანდრიული (რომელთა შერევით ცნობილი კუპაჟური ღვინო - “ხვანჭკარა“ მზადება). როგორც ხედავთ ყველა ეს ჯიში დასავლეთ საქართველოშია და მათგან წითელი, ან ვარდისფერი ღვინოები მზადდება.
ასეთ ყურძენზე და ღვინოებზე მოთხოვნის ზრდა ღვინის ექსპორტს და ისევ და ისევ ტურიზმის ზრდას უკავშირდება, რადგან ზემოთჩამოთვლილი ღვინოების ფასები ხშირად ძვირია, ეს ჯიშებიც მეტად ეგზოტიკურია და მათით რიგითი ქართველი (თუნდაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები) მომხმარებელი განსხვავებით თეთრი მშრალი ღვინისგან - უფრო ნაკლებად ინტერესდება.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი