„საქართველო არის ვაზისა და ღვინის სამშობლო“ – მარტინ რედმონდი, ამერიკელი ღვინის მწერალი და მცოდნე, რომელიც ძირიადად იკვლევს და წერს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის უნიკალური ღვინოების შესახებ, დღევანდელ სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქართული ღვინის უნიკალურ ტრადიციებზე, მიკროკლიმატებსა და ადგილობრივ ჯიშებზე.
რედმონდის პირველი შეხება ქართულ ღვინოსთან 2023 წლის მსოფლიო ქვევრის დღეზე მოხდა პორტუგალიაში, ალენტეჟოს რეგიონში. როგორც თავად წერს: „ქვევრში დადუღებული ღვინის კომპლექსურობამ და ისტორიულმა მნიშვნელობამ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“. ეს გამოცდილება მისი დიდი ინტერესის საფუძველი გახდა.
მკვლევარი საქართველოს განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს კახეთზე, როგორც საფერავის ძირითად რეგიონზე, და რაჭა-ლეჩხუმზე, სადაც ალექსანდროული და ძელშავი ხარობს.
„საფერავი საქართველოს ყველაზე ცნობილი წითელი ვაზის ჯიშია, რომელიც გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით და ძლიერი ტანინებით. ის არის იმ ღვინის მოყვარულთათვის, ვინც ძლიერ, საინტერესო, კომპლექსურ და დახვეწილ გემოს ეძებს“, – წერს რედმონდი. საფერავის ღვინოებს ავტორი მალბეკსა და სირას ადარებს სიღრმისა და სიმდიდრის გამო.
წერს ასევე ალექსანდროულსა და ძელშავზე: „ალექსანდროული რაჭის გრილ და ნოტიო კლიმატში იზრდება, რაც მას განსაკუთრებულ არომატებსა და მსუბუქ ტანინებს აძლევს. ძელშავი კი ღვინოს მჟავიანობისა და სიხალისეს აძლევს, ეს ორი ჯიში ერთად ძალიან კარგ ბალანსს ქმნის და ამ ელეგანტურობით, სიხალასითა და გემური თვისებებით კარგ პინო ნუარსაც წააგავს,“ – წერს რედმონდი.
რედმონდი სამ ქართულ ღვინოს ასახელებს, რომლებიც მისთვის ქართული მეღვინეობის უნიკალურობის მაგალითია:
1. 2022 Villa Chven Aleksandrouli-Dzelshavi
“75%-იანი ალექსანდროული და 25%-იანი ძელშავის ბლენდი გამოირჩევა მსუბუქი სხეულით, სასიამოვნო მჟავიანობით და მარწყვის, მოცვისა და წიწაკის არომატებით. ეს არის დახვეწილი ღვინო, რომელიც წითელი მსუბუქი ღვინოების მოყვარულთათვის იდეალურია. ღვინოს აქვს ბროწეულის მსუბუქი ნოეტებიც და ძალიან სასიამოვნო დაბოლოება. განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც პინო ნუარი ან Cru Beaujolais მოსწონთ “, – წერს ავტორი.
2.2021 Wine Alphabet Saperavi
“საფერავი, თავისი მდიდარი შავი მოცხარისა და ქლიავის არომატებით, წონასწორობისა და სიმდიდრის შესანიშნავი მაგალითია. საფერავში თითქოს მალბეკის სიმძლავრე და შირაზის არომატულობა თანაბრადაა გამოხატული. ღვინოში იგრძნობთ შოკოლადის ნოტებსა და ვანილის ოდნავ არომატს, აქვს საკმაოდ კარგი დაბოლოება.“
3. 2018 Chelti Estate Winery Saperavi
ეს საფერავი გამოირჩევა საშუალო სხეულით, კენკრისა და ხმელი მწვანილის არომატებით: “მასში იგრძნობთ მოცვს, მაყვალს, შავ ალუბალს. არის მსუბუქი, თუმცა სასიამოვნო დაბოლოებით გამორჩეული და დაბალანსებული ღვინო, ძალიან მოუხდა დაძველება.”– წერს ავტორი.
რედმონდი ქართულ ღვინოს არა მხოლოდ როგორც ისტორიულ მემკვიდრეობას განიხილავს, არამედ მისი თანამედროვე პოტენციალსაც ხაზს უსვამს. „ქართული ღვინო აერთიანებს ძველ ტრადიციას და ახალ შესაძლებლობებს,“ – აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, საქართველოს მრავალფეროვანი ტერუარი და ვაზის ჯიშები მსოფლიო მეღვინეობის განუყოფელი ნაწილია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი