Eurasianet ამერიკული ინტერნეტ გამოცემაა, რომელიც ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ აზიის, კავკასიის, რუსეთის რეგიონებთან დაკავშირებულ სიახლეებსა და მოვლენების ანალიზს აშუქებს. იანვრის თვეში გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ თუ რა კეთდება ქართული ღვინის ინდუსტრიაში რუსული ეკონომიკური წნეხის თავიდან ასაცილებლად.
15 წლის წინ რუსული ემბარგოსგან დაზარალებულმა ქართული ღვინის ინდუსტრიამ თავიდან დაიწყო განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის ექსპორტმა 2021 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, აქედან 55% რუსულ ბაზარზე გაიყიდა, რაც კრემლს აძლევს პოტენციურ ბერკეტს, კვლავ გამოიყენოს ღვინო ეკონომიკურ იარაღად.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2021 წელს ღვინის ექსპორტის მოცულობა 13.8%-ით გაიზარდა, 100 მილიონზე მეტი ბოთლი საზღვარგარეთ 420-ზე მეტმა ქართულმა წარმოებამ გაიტანა. ექსპორტის შემოსავალმა 239 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 5.6%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. მწარმოებლებისთვის სასიხარულოა, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში. ასევე, გააქტიურდნენ სხვა ბაზრებიც, მათ შორის კანადა, ჩეხეთი და შვედეთი.
ამის მიუხედავად, მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად მაინც რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. იმ ქვეყნების პირველ ხუთეულში, სადაც ყველაზე მეტი ბოთლი გაიყიდა, რუსეთის ხვედრითი წილი ორჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენი ოთხის (უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელორუსი) ერთად.
ამგვარი განაწილება საქართველოსთვის სასურველი არაა. ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს 2021 წლის სექტემბერში დამტკიცებულ გეგმას, რათა დაეხმაროს მწარმოებლებს არსებული ბაზრების დასავლეთსა და აზიაში გაფართოებაში. ასევე, ახალი ბაზრების ათვისებაში. მნიშვნელოვანია ექსპორტიორების მარკეტინგული უნარების განვითარება, კამპანიების თანადაფინანსებით, რომლების მიზანი ექსპორტის მასშტაბის ზრდაა, პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ფარგლებს გარეთ.
„კერძო სექტორის ლოჯისტიკური, გეოგრაფიული თუ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მათთვის უფრო ადვილია დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე მუშაობა. ეს გასაგებიცაა, თუმცა, ვფიქრობ, დადგა დრო, [ღვინის შიდა მწარმოებლებმა] დასავლეთის ბაზარზე ამ მიმართულებით მეტად გარისკონ“, - განუცხადა Eurasianet-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.
„საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება ეკონომიკური ზეწოლისგან გათავისუფლების გონივრული საშუალებაა“, ამბობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი თამთა შვანგირაძე, - „რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია დახუროს ბაზარი.“
რუსეთმა ქართულ ღვინოზე აკრძალვა პირველად 2006 წელს დააწესა. ემბარგო იმ სტრატეგიის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაა.
2006 წლის ემბარგოს შემდგომი გამოცდილება მევენახეებსა და მიმწოდებლებს ძლიერ სტიმულს აძლევს, შეამცირონ რუსეთის ექსპორტის წილი. ემბარგომდე რუსეთს ექსპორტის დაახლოებით 75% ეკავა, რამაც 2004 წელს $48 მილიონი შეადგინა. 2007 წელს რუსეთის ბაზრის წილი ნულს გაუტოლდა. „თბილღვინოს“ გაყიდვების მენეჯერი მიხეილ კობალაძე იხსენებს, რომ ემბარგომ ინდუსტრია კოლაფსის პირას მიიყვანა. „რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესება, დიდი დარტყმა იყო. „თბილღვინოს“ გაყიდვების დაახლოებით ნახევარი მაშინ რუსეთზე მოდიოდა და კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაში აღმოჩნდა.“
თუმცა, ემბარგოს სარგებელიც მოჰყვა - მან მწარმოებლები აიძულა ღვინის ხარისხი სწრაფად გაეუმჯობესებინათ და მეტი ყურადღება მარკეტინგული განვითარებისთვის დაეთმოთ.
ქეთი ჯურხაძე, ღვინის ექსპერტი, ამბობს, რომ ემბარგომ ინდუსტრიის გარდაქმნას ხელი შეუწყო, ასევე, მცირე მარნების რაოდენობის ზრდასაც. მისი თქმით, ღვინის ხარისხის მკაცრი კონტროლი 2006 წლის შემდეგ დაიწყო. „ქართველებს უყვართ იმის მტკიცება, რომ რაღაცის კეთება შეუძლიათ და ემბარგომ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია. გაუმჯობესებულმა ხარისხმა ხელი შეუწყო გაყიდვებს მაშინდელ ახალ ბაზარზე: აშშ-ში, დასავლეთ ევროპასა და ჩინეთში.
ზოგიერთმა მწარმოებელმა ახალ გარემოზე ადაპტირება შედარებით მარტივად მოახერხა. „თბილღვინომ ექსპორტის გადაწყობა მოახერხა და ემბარგომდე ექსპორტის დონეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში დაუბრუნა“. - თქვა კობალაძემ.
ექსპორტის მოცულობა ემბარგომდე დონეს მხოლოდ 2013 წელს დაუბრუნდა, იმავე წელს, როდესაც რუსეთმა მოხსნა შეზღუდვები. ამის შემდეგ მწარმოებლების ნაწილმა ისევ რუსეთის ბაზარზე დაიწყო მუშაობა, ზრდაც ამის ხარჯზე იყო. 2013 წელს, 128 მილიონი აშშ დოლარის ღვინის ექსპორტის 44% რუსულმა ბაზარმა შეადგინა. რუსეთის წილი მას შემდეგ მზარდია, 2021 წელს 55%-მდე.
ჯურხაძემ განაცხადა, რომ ტენდენცია დარგის განვითარებას შეაფერხებს. რუსეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის უმეტესი ნაწილი მასობრივი წარმოების, ნაკლებად კომპლექსური და დაბალფასიანია. რუსეთის ბაზარზე მორგება ბევრ მწარმოებელს ხელს უშლის, მიაღწიოს ზრდას უფრო მომგებიან ბაზრებზე, სადაც მოთხოვნადია მაღალი ხარისხის პროდუქცია, თქვა ჯურხაძემ.
„რუსეთში ექსპორტის დროს ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი ღვინო, როგორიც იქაურ ბაზარს სურს და არა იმ ხასიათისა და თვისებების, რაც ქართულ ღვინოს აქვს. რუსეთში დაბალი ხარისხის ღვინის ექსპორტს მომხმარებელი განაპირობებს. ისინი კომპანიებისგან დაბალფასიან ღვინოს ითხოვენ, რადგან ეს იქაური ბაზრის მოთხოვნაა“.
კობალაძის განცხადებით, „თბილღვინო“უმაღლესი ხარისხის ღვინოების განვითარებაზეა ორიენტირებული, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პოტენციური სადამსჯელო ზომების მუდმივი რისკის გათვალისწინებით, დასძინა მან, ფირმა ცდილობს, რომ რუსული წილი მთლიანი ექსპორტის მეხუთედს არ აჭარბებდეს.
ზურაბ ჩხაიძემ, „KTW ჯგუფის“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ღვინოს ტრადიციული მეთოდით აწარმოებს, თქვა, რომ ჩინეთის გარდა აზიურ ბაზარს აქვს ქართული ღვინის ექსპორტის პოტენციალი, განსაკუთრებით სამხრეთ კორეას, იაპონიას, ჰონგ-კონგსა და ვიეტნამს.
„ჩვენ ახლა უფრო მეტ ქვეყანაში გვაქვს ღვინის ექსპორტი, ვიდრე 2006 წელს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ქართველმა მწარმოებლებმა მეტად უნდა ეცადონ რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირონ“, - ამბობს ეკონომიკის პროფესორი შვანგირაძე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი