Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პეტნატები ცქრიალა ღვინის ფესტივალზე

დეკემბრის ბოლოსკენ, როცა შობა-ახალი წელი მოახლოვდება და ჩვენი განწყობაც, როგორც წესი, უფრო გახალისდება ხოლმე, ცქრიალა ღვინო ამ ჩვენს გახალისებულ გუნებას ცოტას წაეხმარება და საბოლოოდ ახალ წელსაც საკმაოდ ამაღლებულ გუნებაზე შეგახვედრებს ადამიანს. მით უფრო კი მაშინ, როცა სუფრაზე ნაირ-ნაირი პეტნატებია.  

შაბათს, 24 დეკემბერს, სხვა ცქრიალა ღვინოებთან ერთად უამრავ საინტერესო პეტნატს აღმოაჩენთ. თუ შამპანური მეთოდით ცქრიალას მიღებისას ღვინო ორ დუღილს გადის, პეტნატი პირველივე ფერმენტაციას ბოთლში განიცდის. შედეგად კი მიღებული CO2 ღვინოში პატარა ბუშტუკებს წარმოქნის. იმის გამო, რომ პეტნატის პირველადი ფერმენტაცია ბოთლში ხდება, ალკოჰოლის შემცველობა არც ისე მაღალია. არ უნდა გაგიკვირდეთ არც ნალექიანი ან შებურული პეტნატები, რადგან ისინი, როგორც წესი, გაუფილტრავია. ზოგან სიტკბოსაც წააწყდებით, ეს იმიტომ, რომ დუღილი ყოველთვის არ სრულდება ბოთლში. 

მარანი “კოლაგისიდან” პეტ-ნატების დაყენების ისტორია გვიამბეს. როგორც ჩანს, მათ თავდაპირველად პეტნატის ქვევრში დაყენება სცადეს: “რამდენიმე წელია, რაც ევროპაში იქაურ პეტნატებთან მქონდა შეხება. ყოველთვის ძალიან მოგვწონდა მისი განსხვავებული სტილი, არც შამაპნურია, არც პროსეკო. თანაც, წლებია უკვე, რაც ნატურალურ ღვინოს “მივეჩვიეთ”, რის შემდეგაც უკან ვეღარ ბრუნდები, იმიტომ, რომ ჩვენი აზრით ხარისხითაა გამორჩეული და უკონკურენტოა. ამიტომაც პეტნატი იდეურადაც უფრო მისაღები იყო ჩვენთვის. შემდეგ უკვე, რაც საქართველოში დავბრუნდით, ორი წლის წინ, გადავწყვიტე, რომ დიდი ბაბუის 135 წლის წინანდელი მარანი თავიდან ამემუშავებუნა. მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რომ პეტ-ნატების სულ რამდენიმე მწარმოებელი იყო ბაზარზე, ჩვენც გადავწყვიტეთ წარმოება. შარშან ქვევრში დავაყენეთ და, ბუნებრივია, ძალიან განსხვავებული გემო მივიღეთ, თუმცა საკმაოდ მძიმე გამოვიდა დასალევად. მიუხედავად იმისა, რომ მე მომწონდა მისი გემოვნური მახასიათებლები, პეტნატს სხვა სტილი აქვს, უფრო მსუბუქი, ხალისიანი, ამიტომაც წელს უჟანგავ ფოლადში დავაყენეთ რქაწითელისა და საფერავის საკმაოდ საინტერესო პეტნატები. 2022-ში 1000 ბოთლამდე გვქონდა წარმოება. ეს პირველი ცქრიალა ღვინის ფესტივალია, რის შემდეგაც, ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს პეტნატების შესახებ.

როგორც “ნაგუთნებიდან” აღნიშნავენ, ამ კატეგორიის ღვინოზე ინტერესი საკმაოდ დიდია. ისინი უკვე მესამე წელია, რაც ცოლიკაურის, კრახუნასა და ალადასტურის პეტნატს აწარმოებენ: “ის, რის გამოც საბოლოოდ პეტნატების დაყენება გადავწყვიტეთ იყო დიდი დაინტერესება ამ ტიპის ცქრიალა ღვინოებზე საზოგადოების მხრიდან. პეტნატების მწარმოებლებისთვის კი ეს ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაინტერესება აუცილებლად კიდევ უფრო გაიზრდება და ამის საფუძველზე, მწარმოებლების რაოდენობაც გაფართოვდება”. 

მარანი “კაპნო” კი ცქრიალა ღვინოებზე გვესაუბრა, როგორც მეღვინე აღნიშნავს, ამ კატეგორიის ღვინოების წარმოება ცოტა უფრო რთულია, ამიტომაც კონკრეტულად ცქრიალა ღვინის ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია:“ცქრიალა ღვინო საკმაოდ შრომატევადია. ვინც ტრადიციული მეთოდით ვწურავთ, ბოთლში ორი წელი მაინც ვაყოვნებთ. ცქრიალა ღვინისთვის პოპულარიზაცია კი წარმოების სირთულეებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია. რაც უფრო დახვეწილი და კარგად დამუშავებულია ღვინო, და მით უმეტეს, თუ მიღებული აქვს კარგი არომატები, აქ კი ძირითადად საფუარის დაშლისას განვითარებულ არომატებს ვგულისხმობ, მით უფრო მეტი შრომაა მასში ჩადებული. მიუხედავად იმისა, რომ ცქრიალა ღვინოების წარმოება ჩვენ საბჭოთა კავშირის დროსაც გვქონდა, ამ პერიოდში თითქოს ნელნელა მაინც უკანა პლანზე გადავიდა. მერე, მოგვიანებით ისევ გაფართოვდა, მეღვინეებმაც უფრო ხშირად დაიწყეს დაწურვა, წამოვიდა ახალი კატეგორიებიც, მაგალითად, პეტნატები, ნატურალური ცქრიალა ღვინის სტილი, რაც ძალიან გასახარი ამბავია.

“რეროში” კი, როგორც გვიამბეს, ჯიშების სპეციფიკამაც განაპირობა პეტნატების დაყენება: “ზესტაფონის რაიონში, ჩვენთან, ვაზიც ისეთი ხარობს, რომ ცქრიალა ღვინოებს ძალიან უხდება, პეტნატებს კი, ჩემი აზრით, განსაკუთრებით. ციცქა, ციცქა-ცოლიკოური, კრახუნა და ოცხანური საფერე. წელს პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ძალიან გამიხარდა, რომ გაამართლა. ჯერ უჟანგავში დაყოვნებით, შემდეგ კი სრულად ბოთლში დაასრულა ფერმენტაცია. შემდეგ გავუკეთეთ რემუაჟი, ამ პროცესით ხდება ბოთლის კედლებიდან ლექის მოცილება. შემდეგ კი დეგორჟაჟი (ბოთლებიდან საცობის ამოძრობა). საბოლოოდ კი საკმაოდ შუშხუნა, ძალიან ხალისიანი ღვინო მივიღეთ. თანაც ისე დაემთხვა, რომ ფესტივალის შესახებაც მაშინ გავიგეთ და მონაწილეობა გადავწყვიტეთ. შაბათს სტუმრებს ციცქას, კრახუნას და ოცხანური საფერეს პეტნატებით გავუმასპინძლდებით”

ფესტივალის იდეაზე “ღვინის კლუბის” პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედიაც საუბრობს:

ჩვენთვის, „ღვინის კლუბისთვის“ ეს ფესტივალი განსაკუთრებით ძვირფასია. ისეთი განცდაა, თითქოს 2010 წელი დაბრუნდა, ჩვენი საფესტივალო დებიუტის წელი, როცა პირველად გავმართეთ „ახალი ღვინის ფესტივალი“, ახალი ადამიანებით და ახალი მიდგომებით. თანაც „ცქრიალა ღვინის ფესტივალზე“, შეიძლება ითქვას, ორმაგი დებიუტი გვაქვს. არამხოლოდ ფესტივალია სადებიუტო, არამედ მარნების უმრავლესობაც თავიანთ სადებიუტო ცქრიალა ღვინოებს წარმოადგენენ. ეს ძალიან გვახარებს.

როგორ დაიბადა ცქრიალა ღვინის ფესტივალის იდეა?

ფიქრი სულ არსებობდა ასეთი ღონისძიების შესახებ, თუმცა იდეა ცხადად გასულ წელს ჩამოყალიბდა. ჩემმა მეგობარმა გიორგი ბარისაშვილმა დამირეკა ერთხელ და მითხრა, ცქრიალა ღვინოების ფესტივალზე ხომ არ გვეფიქრაო. რა თქმა უნდა იდეის ხორცშესხმაზე ფიქრი მალე რეალურ ქმედებად იქცა. ჯერ თვალი გადავავლეთ იმ მარნებს, რომლებიც დიდი გატაცებით აყენებდნენ ცქრიალა ღვინოებს ან აპირებდნენ ასეთი ღვინის დაყენებას (პირველ რიგში პეტნატები, ნატურალური ცქრიალა ღვინოები იგულისხმება), შემდეგ საზოგადოების მოთხოვნაც გავითვალისწინეთ და დიდხანს არც მიფიქრია, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შევეხმიანე ამ თემაზე. სააგენტომ იდეა აიტაცა და ცქრიალა ღვინოების პირველი ფესტივალის კონტურებიც გამოჩნდა. მალე თარიღიც დავთქვით და აი, მოვიდა კიდეც ეს დღე, 24 დეკემბერი.

ზემოთ პეტნატები ვახსენე. ცხადია უმრავლესობა ასეთი ღვინო იქნება ფესტივალზე, თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენო სხვა დანარჩენი სტილის ღვინო, ყველაზე არისტოკრატული, ვინტაჟური ცქრიალებით დაწყებული (შამპანური მეთოდით დაყენებული), უაღრესად დემოკრატიული შუშხუნებით დამთავრებული (როგორიც მაგალითად „ჟუჟუნა ღვინოა“).

რა მოლოდინები გაქვთ საფესტივალოდ?

ბოლო წლების მანძილზე ცქრიალა ღვინის პოპულარობამ პიკს მიაღწია მსოფლიოსა და საქართველოში და იმედი მაქვს ეს პოპულარობა კიდევ უფრო მყარ საფუძველს შეიძენს. თანაც, დარწმუნებული ვარ, გზის დასაწყისში ბევრს ექნება შეკითხვა, გაურკვევლობა, შეცდომებიც კი იქნება, ამიტომ ასეთი ფორუმი პირველ რიგში ხარისხისა და მარკეტინგული სიზუსტისთვის იქნება კარგი. კარგმა ცქრიალამ უკვე იპოვა თავისი თაყვანისმცემელი, ახლა კი დროა მეტი ცოდნითა და ერთგულებით დავტკბეთ ბუშტუკების მშვენიერებითა და ცქრიალის ნაზი ჩურჩულით.

გელით 24 დეკემბერს! აღნიშნე ახალი წელი მხოლოდ საუკეთესო ცქრიალა ღვინით! 

© ღვინის კლუბი/vinoge.co

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული