Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ობჩურას სამი დეგუსტაცია

გიორგი ბერიკელაშვილი


ჰაა-ჰაა, ორი კვირა იქნება გასული, რაც მეგობარმა თაბახზე ამობეჭდილი ღვინის ეტიკეტი მაჩვენა და დააყოლა – ნახე, საუკეთესო ცოლიკოური გამოვიდა ბაზარზე და გასინჯე, ჟანრის ეტალონია ნამდვილადო. საუბარია იმერელი მევენახე გლეხის, ღვალაძის მიერ დაყენებულ ცოლიკოურზე. ღვინო  ტრადიციული ქართული მეთოდითაა დაყენებული სოფელ ობჩაში მოყვანილი ყურძნიდან.
პარასკევ საღამოს, სამსახურიდან ვინოთეკაში გავაირე და ახალშემოდებული ობჩური ცოლიკოური თაროდანვე მოვხსენი. სახლში მაცივარს 9°C-მდე ავუწიე, შევდე ჩემი ობიექტი დილამდე გასაგრილებლად და მას მერე ფიქრები მჭამდა: ნეტა როგორი იქნება? ნიკოლაძეების მარნისნაირი იქნება? თუ უფრო ნაკლებმჟავიანი? ამაღამ რომ სურდო დამემართოს, ხვალ რა ჩემს ფეხებს გავიგებ? ჯერ გავსინჯო და მერე ვივარჯიშო, თუ – პირიქით?
დილის აუზიდან დაბრუნებულმა, გამოვაძრე ბოთლი მაცივარს, ავხადე ბოთლიშვილობა და გავქანდი აივანზე, იქ ყველაზე სუფთა ჰაერი და კარგი სინათლეა. პატარა სკამზე დავჯექი, ამობრუნებულ სათლზე ღვინის ბოთლი და ფუჟერი დავდე, დავასხი, ფურცელი მოვიმარჯვე და დავიწყე წერა:
”ოქროსფერია და თან მზისფერი სხივიც დაკრავს, აქამდე არ მინახავს მზისფერი სხივი იმერულ ღვინოში.  ქვევრში კარგად დაწმენდილა, კამკამაა და უკეთ აჩენს ფერის ინტენსივობას.
პირველად სუნში ნუშისა და ატმის(?) ტონი მეცა, შენჯღრევის შემდეგ კი ყველაფერი გაღრმავდა და გაიშალა, მინდვრის ყვავილები + ბალახები დაემატა, ძალიან ნაზი და საკაიფო სურნელი აქვს.
გემოში საშუალო სიმჟავე და იგივე არომატები ძალიან კარგადაა დაბალანსებული, იმერული ღვინის კვალობაზე საოცრად რბილია, სასიამოვნო დაბოლოებით. უნდა აღვნიშნო, რომ ვგიჟდები ასეთ სუფთა გემოებზე! როდესაც ღვინოს არ ეტყობა ზედმეტი ჩარევის კვალი, არ გაბინძურებს, არ გტვირთავს”
გავედი სამზარეულოში და ობჩურას მეწყვილეებს დავუწყე ძებნა, ავიღე სულგუნი, ფოკას ყველი ”ალბიო”, გარგარი, ჭერამი, ატამი. გავედი აივანზე და სათლის ისედაც პატარა ძირზე ჩემი თეფში ჩავჭუჭყნ.
რატომღაც ვფიქრობდი, რომ ატამი მოუხდებოდა, თუმცა მწიფე ხილის სიტკბომ ისედაც მშრალი ღვინო კიდევ უფრო დააშრო და აამწარა, სასწრაფოდ გადავედი ყველებზე. სულგუნი ცოტა ცხვირმოუხოცავი აღმოჩნდა, მაგრამ ფოკას ალბიო დახვეწილობითა და ელეგანტურობით შესანიშნავად დააჯდა ღვინის დაბოლოებას და ახალი, უფრო სასიამოვნო გემო წარმოშვა. ჭიქაში მესამე დამატებაზევე ”თვალებში გამოვიხედე” და მივხვდი, რომ მშვენიერი აივანი მაქვს, რომ ძალიან მიყვარს პლატოს მწვანე ხედი და მივხვდი, რომ მზე სასიამოვნოდ ანათებს. გამიხარდა კიდეც, როცა აღმოვაჩინე, რომ აივნის კარი დედაჩემს შიგნიდან ჩაუკეტავს და სანამ თვითონ შემთხვევით არ შემოვა საძინებელში, ხმას ვერ მივაწვდენ.
ჩემდა გასაკვირად, საუზმეზე, მწვანე სუპს ძალიან მოუხდა ჩემი ”ობიექტი”. მაწვნით შეკმაზვამ სუპი სასიამოვნოდ აამჟავა და ღვინის ხანგრძლივ დაბოლოებას კიდევ უფრო ალამაზებდა. აქ კიდევ ერთხელ დავეთანხმე აივანზე აღმოჩენილ ჭეშმარიტებებს და გავიფიქრე, ნუთუ დედაჩემის გარდა კიდევ ვინმეს შეუძლია ასეთი კერძის გაკეთება…
მეორე დეგუსტაცია კოჯორში გაიმართა, ყინულებით ჩაციებულ ობჩურას დიდი პლასტმასის ჭიქებით ვსინჯავდით. თან ჩემს შეყვარებულს ვუსმენდი, ჩემზე უკეთ შეუძლია სურნელების ამოცნობა და ამიტომ ყოველთვის მაინტერესებს მისი აზრი. სიახლემაც არ დააყოვნა: ნესვის სუნი აქვსო. გამიკვირდა, მაგრამ რომ ჩავყავი ცხვირი ჭიქაში – მართლაც ვიგრძენი. მაინც ეჭვი შემეპარა, ჭიქის ბრალი ხომ არ არის მეთქი და გონებაში ჩავინიშნე, მეორე დილით კიდევ ერთხელ უნდა გამესინჯა. სუფთა ტყის ჰაერს, სიგრილეს, ობჩურასა და ფოკას ალბიოს თონის ახალი პური შევმატეთ და ძველ ჭეშმარიტებებს ახლები დავუმატეთ.
ახლა ის მეორე დილაა, კიდევ ერთხელ რომ უნდა გამესინჯა. ნესვი მართლაც მწიფს ნუშის ძირში და კმაყოფილმა გადმოვინაცვლე კომპიუტერთან, ახლა მოვწრუპე ბოლო ყლუპი და სადაცაა პოსტიც მიილევა.
ნამდვილად ღირს ამ ღვინოში 24.5 ლარის გადახდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ყველაფერი ერთმა ბოთლმა იკისრა.


© komisia.wordpress.com



მომწონს თამამი ეპითეტები - საკაიფო სურნელი, ცხვირმოუხოცავი სულგუნი და ა. შ.


წერის ახალი სტილი შემოვიდა ღვინის კლუბში, ახალგაზრდული, თამამი და ამავე დროს საინტერესოდ შესრულებული. გილოცავ გიორგი პირველ სტატიას, წარმატებები :)


ღვალაძის ღვინო ჩვენც ჩამოვასხით და 7,80 ვყიდით "ქართული ღვინის ცენტრში". ეს 24 რატო ღირს ხომ არ იცით?


ბატონო ელიზბარ, ჯერ ერთი ეს ღვინო ვინც ჩამოასხა თავისი მაღაზია არ აქვს და მაღაზიებში აბარებს რის შემდე რა თქმა უნდა მაღაზია პროცენტს ამატებს. მერე მეორე თქვენს მიერ ჩამოსხმული ღვინო არის 2010 წლის მოსავალი რომელიც ცოტა არ იყოს დაავადებულია და მეტად არც უნდა გაიყიდოს. მემგონი თავადაც რომ გასინჯოთ და შეადაროთ ყველაფერს მიხვდებით.


იქნებ გვითხრათ რითია დაავადებული? ფასნამატი ჩვენს მაღაზიაში 30%-ია.ღვალაძე თავის ღვინოს 4 ლარად ყიდის 1 ლიტრს. მაგ დაავადებას სიხარბე ჰქვია.


გლეხებისგან მოწყობილის ყურძნის ჩაბარება და შემდეგ ამ ყურძნისგან მიღებული ღვინის წარაფად გასაღებასაც მოვუძებნოთ იქნებ შესაბამისი სახელი.


შერემეტიევ, ეგ უკვე ღორობაა :) მართლა ეგრე იბარებს? თუ ასეა, ეგ თალაკვაძე ყოფილა ვინც ყოფილა. მე კომბინატში მაქვს ვენახები, არ ჩაიბარებს წარაფის ფასში? წელს კაი მოსავალი ჩანს, თუ უნდა წინანდალიც დააყენოს. მანავისთვისაც გამოადგება :)


ბატონო ელიზბარ, მე გავსინჯე კერა ვაინის ცოლიკოური და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფასი არც თუ ისე სახარბიელოა, მაგრამ ჩემი აზრით ამ სეგმენტში რაც ღვინოებია ბაზარზე თამამად დაუდგება გვერდით. ეხლა მთავარი საკითხი. თქვენ ამბობთ რომ ეგ ღვინო გაქვთ 7,80 ლარში. ორშაბათს მოვალ თქვენთან და 50 ბოთლ ცოლიკოურს ავიღებ, რაღა თქმა უნდა თუ დაავადებული არ იქნება, ოღონდ ორშაბათს მჭირდება პატარა მეგობრულ ვახშამზე. ველი თქვენს პასუხს.


ერთბაშად იმდენი ადამიანი გავანაწყენე, როგორც ჩანს, ღვალაძის ღვინის ჩამოსხმა საქართველოს მეღვინეობის ძირითად მიმართულებად იქცა.ბედნიერი ვარ, რომ ერთი მევენახე გლეხის დახმარება მაინც შევძელი.


ბატონო ელიზბარ მე თქვენთვის შეურაწყოფა არ მიმიყენებია და არ გეკადრებათ ამხელა კაცს ეგეთი საუბარი. წარმოებასა და ვაჭრობაში საკმაოდ გამოცდილი ბრძანდებით და ისიც გეცოდიებათ ფასები როგორ ყალიბდება ბაზარზე. ასე რომ სიხარბე აქ არაფერ შუაშია. მემგონი თქვენ სხვა რაღაც გაწუხებთ და პირდაპირ შეგიძლიან თქვათ ყოველგვარი შეურაწყოფეფის გარეშე. რაც შეეხება მევენახე გლეხების დახმარებას მეც მიხარია რომ ეს შეძელით და დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტის დახმარებას შეძლებთ.


ღვალაძეების ღვინოს ჯერ კიდევ მარტში, აპრილის პირველ რიცხვებში მიაკვლიეს ღვინის კლუბმა და ტურიზმის გეოინფორმაციულმა ცენტრმა, ერთობლივი პროექტის განხორციელებისას. დაახლოებით იმავე პერიოდში შედგა ღვინის კერის (ღვინის კერა ღვინის კლუბის ინიციატივით შექმნილი პროექტია, რომელიც საუკეთესო ოჯახური მარნების შერჩევას და მათი პროდუქციის პოპულარიზებას ისახავს მიზნად) და ღვალაძეების სიტყვიერი შეთანხმება მისი ღვინოების ჩამოსხმის და შედარებით ფართო საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ. ღვინის კლუბმა პირველი შეხვედრისთანავე მოიწვია ღვალაძეების მარანი ახალი ღვინის ფესტივალზე (ისევე როგორც ბევრი სხვა მარანი, რომელსაც წლის განმავლობაში რეგიონებში ხვდებიან ხოლმე კლუბის წევრები). ღვალაძეების ღვინომ ადვილად გაიარა ღვინის კლუბის შესარჩევი ტური და მოხვდა ფესტივალზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სწორედ აქ გასინჯა ღვალაძის ღვინო პირველად ელიზბარ თალაკვაძემ, შეიძინა ადგილზე ჩამოტანილი 10 ლიტრი ღვინო, ჩამოასხა რამდენიმე ბოთლი და გაყიდა. თუკი ამ 10 ლიტრის გაყიდვა მევენახე–გლეხების დახმარებად მიაჩნია ბატონ ელიზბარს, მაშინ ღვინის კლუბის და ღვინის კერას დამსახურებასაც ნუ აუვლის გვერდს და ცოტა კორექტულად შეაფასოს თავისი კოლეგების ძალიან მძიმე შრომა, რომლებიც ადგილზე, სოფ. ობჩაში ჩავიდნენ ჩამოსასხმელად, რათა ღვინო მგზავრობისას არ შელახულიყო (მოგეხსენებათ, დიდი ჭურჭლით გადატანა და ხანგრძლივი მგზავრობა ღვინოს ვნებს), ჩაიტანეს ჩამომსხმელი და სხვა ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც ხარისხიანი ღვინის ჩამოსხმისთვისაა საჭირო, შეიძინეს ღვინო, ადგილზე ჩამოასხეს ასეულობით (და არა 10 ან 15) ბოთლი და მოგვიანებით თბილისში, ადგილობრივი ღვინის მოყვარულებს წარუდგინეს იგი. ცხადია ზოგიერთმა მაღაზიამ 60% თავისი ფასნამატიც დაადო ღვინოს, რის შემდეგადაც ერთი ბოთლი 24.50 ლარი გახდა. სარდაფიდან ღვინო კვლავინდებურად 15.00 ლარად იყიდება. ასერომ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ჩვენთვის ცოტათი გაუგებარია ბატონი ელიზბარის პრეტენზიები.


რა პრეტენზიები? თქვენ, თუნდაც 60% ფასნამატს სიხარბედ არ თვლით?ძალიან კარგი საქმე გაგიკეთებიათ, მაგრამ ბატონ ზურაბს მეტად გაახარებდით თუ მის ღვინოს, სრულიად უსაფუძვლოდ, "დაავადებულად" არ მონათლავდით. ჩვენ ამ ღვინოს, რამდენიც გვეყიდება იმდენს ვასხამთ. ჯერ, როგორც სწორად აღნიშნეთ, ძალიან ცოტას. ისევე, როგორც კიდევ სხვა, ათამდე მევენახე გლეხის ღვინოს. ისევე როგორც საკუთარ "წარაფს", რომელიც მხოლოდ წარაფში დაკრეფილი ყურძნიდან იწურება.აქედან გამომდინარე ჯერ "სხვა ინტერესი" არ გვაქვს.მომავალშიც, როცა მოთხოვნა გაიზრდება და ფასი აიწევს, ვეცდებით, რომ ეს პირველ რიგში ზურაბ ღვალაძის კეთილდღეობაზე აისახოს.


ბატონო ელიზბარ, თქვენ ვგონებ არითმეტიკაში მოიკოჭლებთ! 60% ფასნამატს საიდან ანგარიშობთ საკვირველია. თქვენგან განსხვავებით ამ ღვინის ჩამოსასხმელად კერა ვაინმა გაიღო ტრანსპორტირების, სამივლინებო, ჩამოსასხმელი დანადგარებისა და სხვა ხარჯები, რომელიც თავისთავად ცხადია პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახა. ასევე ვფიქრობ მოიკოჭლებთ მარკეტინგული მართვის საკითხებშიც და ვერ აცნობიერებთ, რომ კონკურენტს ხარბი არ უნდა უწოდო, თუმცა მე ნაკლებად აღვიქვავ კონკურენტად ადამიანს, რომელიც მევენახეს 10 ან 20 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭლით ავტობუსით აგზავნინებს ღვინოს, მერე მას ჩამოასხავს და ქედმაღლობით მოგვმართავს თავის "ღვაწლზე", თუ როგორ დაეხმარა მევენახე ღვალაძეს.


უსაფუძვლო აქ არაფერი ყოფილა. 2010 წლის ღვინო ნამდვილად განსხვავდება 2011 წლის ღვინისგან. და იმაში გასაკვირი არაფერია რომ ასე მცირე რაოდენობით ამხელა მანძილზე ტრანსპორტირების შემდეგ რაღაც დაავადებები განვითარდეს. მე არ დაგიწყებთ ამის სწავლებას ჩემზე გაცილებით მეტი იცით და გესმით, რომ ეს ეგრეა და ღვინო ასეთ პირობებში ილახება. რაც შეეხება ფასს ეტყობა კერა ვაინის კომენტარი კარგად არ წაგიკითხავთ, რომ ღვინო სარდაფიდან 15 ლარად იიდება. არის ადგილზე ობჩაში ჩამოსხმული არა 10 ბოთლი არამედ ასეულობით რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. პს ის უკვე გასაგებია რომ კორეკტულად საუბარი არ შეგიძლიათ.


პარაზიტია ეს კაცი. რამდენიმე თვეა ვაკვირდები მის პოსტებს და ნამდვილი პარაზიტია, წურბელა. ვფიცავ ზვიგენის ყბას :)


ძალიან არ მინდოდა ამ არაჯანსაღ პოლემიკაში ჩართვა და არც ვაპირებ. თუმცა, დავეთანხმები "ხოტეურს" და აღვნიშნავ, რომ კონკურენტის ლანძღვა ბიზნესეთიკას ეწინააღეგება. ასევე, ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ "მარშუტკით" გამოგზავნილი 10-ლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლიდან 10 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა მევენახე გლეხებზე ზრუნვაა, ხოლო "კერა ვაინის" მიერ ასობით ბოთლის ჩამოსხმა - "სიხარბე". ვფიქრობ, კორექტულობა და ეთიკის დაცვა ყველაზე საჭირო რამაა, რაც ახლა ამ "დისკუსიის" მონაწილეებს სჭირდებათ, რადგან გაცხადებული მიზანი ორივეს ერთი აქვს - მევენახეების დახმარება და ქართულ მეღვინეობაში საკუთარი წვლილის შეტანა. ასეთი დაპირისპირებით კი დიდ საქმეებს დიდი ჩრდილი მიადგება.


მართალია ალეკო, ნამდვილად არაჯანსაღი ფორმები მიიღო ამ პოლემიკამ, მითუმეტეს საპოლემიკო აბსოლუტურად არაფერი იყო, თავიდანვე :) ბოღმის სანთხევად და შურიანების სათარეშოდ არ დამიდია ეს სახალისო დახასიათება. 



მეგობრებო ნერვებს ნუ აყვებით. არითმეტიკაში არ მოვიკოჭლებ.60% ფასნამატი მე არ მიანგარიშია, კერა ვაინის კომენტარში წერია-"ცხადია ზოგიერთმა მაღაზიამ 60% თავისი ფასნამატიც დაადო ღვინოს, რის შემდეგადაც ერთი ბოთლი 24.50 ლარი გახდა".გეთანხმებით, "რომ კონკურენტის ლანძღვა ბიზნესეთიკას ეწინააღეგება" და მოთმინებით ველი განმარტებას, რითია დაავადებული ჩვენს მერ ჩამოსხმული ღვალაძის ღვინო.


სახელი ნამდვილად არ ვიცი ბატონო ელიზბარ, მაგრამ ღვინოს აშკარად მთლად ჯანსაღი გემო არ აქვს და ამას ადვილად მიხვდებით თუ გასინჯავთ და შეადარებთ 2011 წლის ღვინიოს.


ვერაფერსაც ვერ მიხვდება. ეგ რომ ასე ადვილი იყოს... :)


ბატონო ელიზბარ, თქვენს მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი ღვინო რომ დაავადებულია, ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თქვენ კონკურენტები სიხარბეში დაადანაშაულეთ. თუ პოსტების თანმიმდევრობას კარგად გადახედავთ, ჩანს, რომ ბიზნესეთიკა პირველმა თქვენ დაარღვიეთ.


 კარგით რა ხალხო, რა საჭიროა ამ უსაგნო კამათის ხელახლა გაღვივება.



კარგით რა ხალხო, რა საჭიროა ამ კამათის ასე უსაგნოდ შეწყვეტა.


კაი გამარჯობა ყველას ;) გიორგის კრეატიულობაში და გამოცდილებაში (უკვე ამ ყმაწვილკაცობაში დაგროვილში თან) )) ეჭვი არც მეპარებოდა არასდროს, მაგრამ ამ პოსტმა მაინც ძალიან გამახარა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ სწორი ხედვა და მიდგომა აქვს ღვინოსთან დაკავშირებით...კიდევ უფრო მეტი კარგი აღმოსაჩენი გქონოდეს და აღმომჩენებიც გამრავლებულიყვნენ ვისურვებდი, განსაკუთრებით ჩვენს თაობაში...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული