Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოსავლიანი - მცირე მარნების ანთოლოგია (126)

-მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩემმა შვილმა, გიორგი ჯავახიშვილმა, რომელიც ახლა უკვე 32 წლისაა, 16 წლის ასაკიდან დაიწყო ღვინის ქარხანაში დამხმარე მუშად მუშაობა. სკოლის დამთავრების შემდეგაც მეღვინეობა-მევენახეობის პროფესია აირჩია და სწავლა ამ მიმართულებით გააგრძელა. პარალელურად, წლების განმავლობაში სხვადასხვა მეღვინეობაში მუშაობდა მეღვინის თანაშემწის და მევენახეობის მენეჯერის პოზიციაზე. შესაბამისად, მეც ამ დროიდან დავინტერესდი მეღვინეობა-მევენახეობით. გავიგე იმ უამრავი გამოწვევისა და რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სამუშაოს შესახებ რაც ამ დარგთან იყო დაკავშირებული და 2021 წელს ოჯახმა გადავწყვიტეთ საკუთარი მარნის მოწყობა, რომლისთვისაც სოფელ კონდოლში ძველი, დაახლოებით 100 წლის მარანი და 2 ჰა გაშენებული ვენახი შევიძინეთ. შემდეგ მარნის ეზოში ჩვენი ხელით გავაშენეთ კიდევ 1 ჰა ვენახი. ასე, შეიქმნა საოჯახო მარანი „მოსავლიანი“.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- მოცემულ ეტაპზე გვაქვს 2.5 ჰა ფართობზე გაშენებული ძველ ქართული ჯიშის ყურძნის ბუდეშურის და საფერავის ჯიშის ვენახი. ასევე 0.25 ჰა მწვანე და ხიხვი. კონდოლის ტერიტორიაზე 2022 წელს გავაშენეთ 1 ჰა ფართობზე გადანაწილებული სამი ჯიში: ალექსანდრული, მუჯურეთული და დანახარული, რომლებიც უკვე 2025 წლის მოსავალს მოგვცემს.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- მოსავლიანის საფერავი ნამდვილად გამორჩეულია გემური თვისებებით, რადგან მასში ბუდეშურისა და მრგვალმარცვალა საფერავის ბუკეტი იყრის თავს. 2022 წელს ვაწარმოეთ, ქისის ზონაში, ახმეტის ტერიტორიაზე, ბაბანეურის ვენახებში მოყვანილი ქისის ღვინო, რომელიც ასევე გამორჩეულია თავისი სიმსუბუქით და საინტერესო არომატებით.

-რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

-ვენახთან, მის მოსავალთან და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ვაზი და ღვინო გიყვარს. იგი შენი ცხოვრების ნაწილი ხდება და ალბათ შეუძლებელია გამოარჩიო რა უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული სიხარული მოსავლის აღებისა და ღვინის წურვის პროცესს ერთმნიშვნელოვნად ახლავს თან.

-გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

-მოსავლიანმა პირველად ამერიკის ბაზრისთვის ჩატარებულ „walkout testing „ ში მიიღო მონაწილეობა, რაც დიდი პასუხისმგებლობა და გამოცდილება იყო. „მოსავლიანის” ღვინის ყიდვა, ჯერჯერობით მხოლოდ რამოდენიმე ლოკაციაზეა შესაძლებელი:„მალას ბაღი“ - თელავი; „ვინოოდორი“ - თელავი; Wine Shop - თბილისი, ამაღლების ქ.8 ასევე, გვაქვს უფასოდ მიწოდების სერვისი დისტანციური მომხმარებლისთვის.

-გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ჯერჯერობით, არ გადის.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

-იმისათვის, რომ თანამდროვე პირობებში ხარისხიანი ღვინო იწარმოებოდეს, სურვილთან და მონდომებასთან ერთად, პროფესიული ცოდნა აუცილებელია.

-თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, რაც ქართული ღვინის კულტურის განვითარების საწინდარიც კია.

-რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

-პირველ რიგში შესაბამისი ცოდნის მიღებას როგორც მეღვინეობა მევენახეობის დარგში, ასევე მენეჯმენტისა და ლოჯისტიკის ნაწილში.

მარნის მისამართი: თელავი, სოფელი კონდოლი

ტელეფონი: 599551799: 599101107

ელფოსტა: mosavlani@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: MOSAVLIANI 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული