Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლალუა - მცირე მარნების ანთოლოგია (114)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩვენი მეღვინეობა, „ლალუა“ (ჩვენი გვარის შემოკლებაა, ლალაუაშვილები ვართ), 2018 წელს დაარსდა, ვართ ქართლიდან, ხაშურში გვაქვს მარანი და მცირე რაოდენობით ხაშურთან ახლოს სოფელ ბეკამში ვენახები. 2018 წელს როცა ვიწყებდით შედარებით მცირე რაოდენობა გაგვაჩნდა ვენახების და სავენახე ადგილების, თუმცა წლების გასვლის შემდეგ გავზარდეთ ვენახები და უფრო მეტად ვკონცენტრირდით ქართლის ჯიშებზე. ასევეა სავენახე ადგილებიც სადაც მომავალში ვგეგმავთ ვენახების გაშენებას.

შთაგონება, რომ მეღვინეები გავმხდარიყავით, რაიმე კონკრეტულ ისტორიას არ უკავშირდება, ღვინის ინტერესი სულ გვქონდა ოჯახიდან გამომდინარე და გვსურდა ეს ჰობი, საქმედ გვექცია. სწორედ აქ გადაიდგა მცირე მაგრამ დიდი ნაბიჯი როდესაც 2018 წელს, მე და ჩემი ძმა (ტყუპები) რთულ საქმეს შევეჭიდეთ, ეს წლების შემდეგ უფრო კარგად გამოჩნდა. თავიდან ენთუზიაზმი ნამდვილად აჭარბებდა ცოდნასა და გამოცდილებას. ვიცოდით, რომ წლების განმავლობაში თავად საქმე მოგვცემდა ერთსაც და მეორესაც, თუმცა კარგად ვიცოდით ისიც, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ მეღვინეობაზე ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში. 

ჩვენ გვსურდა ისეთი ღვინის წარმოება, რომელშიც ასახული იქნებოდა ჩვენი, როგორც მეღვინის ხასიათები, ცოდნა და ენთუზიაზმი, ამიტომაა ჩვენი სლოგანი „იმედია ისევე ისიამოვნებთ, როგორც ჩვენ“.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- ჩვენს ვენახებზე გაშენებული გვაქვს ქართლის ჯიშები, როგორებიცაა გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო და თავკვერი. მაგრამ ასევე ვყიდულობთ სხვადასხვა ჯიშებს იმერეთიდან და აჭარიდან, კრახუნას და ოცახნურ საფერეს, ასევე ჩხავერს შესაბამისად. მომავალში ყურადღების გამახვილებას ყველა იმ ჯიშზე ვაპირებთ რომელზეც სტილი ჩამოვიყალიბეთ. მაგრამ უფრო მეტად რა თქმა უნდა ქართლის ჯიშებზე ვაპირებთ მეტი ყურადღების დათმობას.

რიტუალი მუშაობის დროს ასე ვთქვათ არ გვაქვს თუმცა რიტუალად ჩავთვლიდი იმ შეგრძნებას რომელიც ვენახში და მარანში მუშაობის დროს გვაქვს. თითქოს დრო ჩერდება და შენი გონება მთლიანად მომართულია იმ დეტალებზე რომელთა ერთობლიობა იძლევა ჩვენ ღვინოში ხასიათსა და ხარისხს.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ვაწარმოებთ ჩვენი ვენახის გორულ მწვანეს და შეძენილ კრახუნას, ოცნახურ საფერეს და ჩხავერს, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ღვინის სამივე ფერთა პალიტრას შლის ჩვენი მეღვინეობა.

ჩვენი ღვინო იმითაა გამორჩეული რომ ვაწარმოებთ ქართლის ისეთ ჯიშებს რომლებიც მცირე რაოდენობით გვხვდება საქართველოს ბაზარზე. ასევე ის ტექნოლოგია რომელსაც ვიყენებთ, კლასიკური ტექნოლოგია და ჩვენი მიდგომები, აქცევს მათ მარტივ და საინტერესო ღვინოებად.

სწორედ ამიტომ ჩვენი ღვინოები მოსწონთ როგორც ღვინოში ენთუზიასტებს ისე დილეტანტებს რომლებიც ახლები არიან ღვინოში. ეს ის ადამიანები არიან რომლებიც ეძებენ ახალ გემოებსა და არომატებს, აქედან გამომდინარე მათი ყურადღება მიმართულია მცირე მეღვინეობებზე, როგორიც ჩვენ ვართ და ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი გამოგვდის. 

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ მთლიან პროცესს, ვენახიდან ჭიქამდე, რაც საპასუხისმგებლო პროცესია, ყველა ეტაპზე საჭიროა თანაბრად ყურადღება და ჩართულობა. რთულია გამოარჩიო რომელი პროცესი უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებს, თუმცა ვენახის სხვლა ის მომენტია, როდესაც კიდევ ერთი ახალ შესაძლებლობას გვეძლევა, დავიწყოთ საინტერესო პროცესი რომელიც ბოლოში ღვინის დაყენებით დამთავრდება. მთლიანი ამ პროცესის განმავლობაში ვიცით რომ ბევრი გამოწვევებია, სწორედ ამაზე თავის გართმევით და სხვადასხვა საქმის კეთება ყველა ეტაპზე გვანიჭებს სიამოვნებას, ეს ნამდვილად არ გვეზარება, რადგან გვიყვარს ჩვენი საქმე მთელი თავისი მრავალფეროვნებით. 

ამ პროცესში შეუძლებელია დაღლა არ იგრძნო, იქნება ეს ფიზიკური თუ გონებრივი, მიუხედავად ამისა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები რასაც ღვინის კეთების პროცესი გვანიჭებს, საჭიროა თვალი გაუსწორო და შენი თავი არაფერში დაზოგო, თუ კი გსურს შედეგი საუკეთესო იყოს. 

ჩვენთვის საინტერესო პროცესია და არა ბოლოში მხოლოდ შედეგზე აღფრთოვანება. თუ ვიტყვით, რომ მხოლოდ შედეგი იწვევს ჩვენში აღფრთოვანებას, მაშინ პროცესში სიამოვნების ელემენტები იკარგება. ჩვენი სლოგანი „ვიმედოვნებთ ისევე ისიამოვნეთ როგორც ჩვენ“, სწორედ ამას გულისხმობს.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- რთულია დაიწყო, მაგრამ თუ დაიწყებ შემდეგ საქმე აღარ გაჩერებს. იმ მომენტში როდესაც ღვინის გაყიდვა დავიწყეთ არავინ არ გვიცნობდა, ხალხმა არაფერი არ იცოდა ჩვენს შესახებ, ეს ბუნებრივიც იყო. საჭიროა ცნობადობა გაზარდო, თავი ბევრს მოაწონო, ბევრს გაასინჯო, რომ შენს მაგივრად ღვინომ ილაპარაკოს. ამაში თავიდან ფესტივალები დაგვეხმარა, შემდეგ კი ბევრი ღვინის მაღაზიასთან თანამშრომლობით ვახერხებდით გაყიდვას. საქართველოში ქართული ღვინის ბაზარს პრობლემები აქვს, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ არის რამდენიმე გამორჩეული ღვინის მაღაზია, რომელიც გვერდში გვიდგას და გვეხმარება მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესში. 8000 მოსავალი ერთ ერთი მათგანია რომელიც ჩვენგან აღნიშვნას იმსახურებს. 

ჩვენი მეღვინეობა გაყიდვების ნაწილში პერსპექტიულია, იმისთვის რომ ეს უკეთესი იყოს ამისთვის ცალკე დრო და რესურსია კიდევ საჭირო. რომლის არ ქონა სხვა პირადი მიზნების ბრალია, ჯერ ჯერობით სავსებით დამაკმაყოფილებელ სიტუაციაში ვიმყოფებით, თუმცა ის დრო და რესურსი რომელიც ჯერ სხვა საქმეებზე ნაწილდება ისევ ჩვენი მეღვინეობის წარმატებას ემსახურება. ვფიქრობთ რომ პრიორიტეტი და წარმატება ამ საქმის განათლებით იწყება და ჯერ ამ ეტაპზე ვართ.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- დიახ, გადის, გერმანიის ბაზარზე 8000 ის ღვინის მაღაზიაში. სამომავლოდ ვიმედოვნებთ რომ უცხოეთის ბაზარზე უფრო უკეთ გამოვჩნდებით, რადგან ჯერ მცირე წარმოება გვაქვს, ვთვლით რომ ამ ეტაპზე მხოლოდ გერმანია და ერთი ღვინის მაღაზია სავსებით დამაკმაყოფილებელია.

- გაიხსენეთ უცხოურ ბაზარზე ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება. რომელი ქვეყნის ბაზარზე გაყიდულა/იყიდება თქვენი პროდუქცია?

- დიდი ხანი არაა რაც ეს გამოცდილება გვაქვს და არც დიდი არაა ეს გამოცდილება, ამიტომ საწყისი ეტაპისთვის, როგორც ვთქვი ძალიან მიხარია გერმანიაში ჩვენი ღვინის გასვლა სამომავლოდ ვიცი, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

სირთულეები და დაბრკოლებები მუდმივი ნაწილია მეღვინეობის, რადგან ეს სტატიკური პროცესი არაა ღვინო და ყველა წელი თვითონ გკარნახობს ბევრ რამეს. საჭიროა მომზადებული დახვდე მსგავს გამოწვევებს, რადგან შეძლო მიიღო სწორი გადაწყვეტილებები. მით უმეტეს როდესაც ახალი ხარ ამ სფეროში და ყველაფერს კეთების პროცესში სწავლობ, ბევრი მომენტი მახსენდება ისეთ როდესაც შეცდომებზე გვისწავლია, ეს საჭირო მომენტებია და მადლობელი ვარ რომ ეს ყველაფერი იყო ამ პროცესში.

ღვინის სფეროში ჩემი აზრით უნდა გაიზარდოს მომხმარებელი, რომელზე პასუხისმგებლობაც მეღვინეებს გვეკისრება და არამარტო მეღვინეები ყველა ის ადამიანი ვისაც ღვინო მომხმარებლამდე მიაქვს, ვგულისხმობ ღვინის მაღაზიებს, აქ ნამდვილად პრობლემები გვაქვს. ჩემი აზრით ყველა პრობლემა მხოლოდ ერთი იარაღით, ცოდნით გადაიჭრება. მცირე მარნებს ბევრი რამის დეფიციტი აქვთ ამას თან ემატება მთელი რიგი რეგულაციები რომელიც ბაზარზე შესვლას ართულებს რაც კლავს კონკურენციას, რაც ღვინის კეთების პროცესს სასიამოვნოს ნაკლებად ხდის, მჯერა რომ მაღალ ხარისხს მხოლოდ თავისუფლება იძლევა და არა კანონმდებლობა

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი ცოდნას და გამოცდილებას. მეღვინეობაში გამოცდილება საქართველოში ახლა გროვდება. ღვინის ხარისხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული ამ ყველაფრის ცოდნა და საქმიანობაში მენეჯმენტი აუცილებელია, ეს მინიმუმია ყველა მარნისთვის თუ სურს მისი ღვინო ხარისხიანად განვიხილოთ. კიდევ ვიტყვი, მეღვინეობაში ყველაფერი მეღვინეზე და მევენახეზე არაა დამოკიდებული თუმცა საჭირო გამოცდილებითა და ცოდნით საუკეთესო ვერსიის მიღებაა შესაძლებელი.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- როგორც ვთქვი დიდი გამოცდილება ქართულ მეღვინეობას არ აქვს და ახლა იკიდებს ფეხს ბევრი რამ. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემი აზრით არის ქართულმა მეღვინეობამ თავისი მრავალფეროვნებით ფეხი აუწყოს მსოფლიოს და არ ჩამორჩეს მას. ასევე სწრაფად შეეძლოს გამოწვევებიდან გამომდინარე სიახლეების მიღება და ადაპტაცია.

საჭიროა მეღვინეობას როგორც კონსერვატიულ დარგს უნარი გააჩნდეს მიიღოს სიახლეები და გამოწვევები ეს ქართული ღვინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სხვადასხვა რეგიონების პოპულარიზაცია, მაგალითად ჩვენი მხარის ქართლის ღვინო ნაკლებად პოპულარულია ამას განვითარება სჭირდება. ქართლის ჯიშებს დიდი პოტენციალი აქვთ, რომელიც თავის თავს დაიმკვიდრებს თავისი სტილის განსხვავებულობით მსოფლიო ბაზარზე. ამას დრო ინვესტიცია და განათლება სჭირდება.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ვურჩევდი, იარონ ღვინის ფესტივალებზე, გასინჯონ ბევრი ღვინო, იყვნენ გამბედავები, რადგან ამ სფეროს სიახლეები ძალიან უხდება და ნუ შეეშინდებათ, იმუშაონ საკუთარი ცოდნის გაღრმავებაზე, ისწავლონ პრაქტიკიდან და შეცდომებიდან, შეცდომები უნდა გაძლიერებდეს და არა გასუსტებდეს. მეღვინეობაში ბევრი რამ რომანტიზებულია, საჭიროა თვალი სწორად გაუსწორონ რეალობას. ეს საქმე მარტივი არაა ბევრჯერ შეიძლება გაფიქრებინოს რომ საკუთარი თავი ვერ იპოვე ამ პროფესიაში. მიუხედავად ყველაფრისა ეს საქმეც ერთ-ერთი პროფესიაა და ბიზნესია, რომლის აღიარება აუცილებელია, რომ მომავალში მიზნები რეალობად იქცეს.

მარნის მისამართი: შიდა ქართლი, ქალაქი ხაშური, სოფელი ბეკამი.

ტელეფონი: 514111511, 514111515

ელფოსტა: laluawine@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:
https://www.facebook.com/Laluawine
https://www.instagram.com/Laluawine

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.