Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კატო შალვაშვილის სექტემბრის 5 რჩეული ღვინო

შემოდგომის დადგომასთან ერთად სუსხიანი დღეების რაოდენობამაც იმატა, ნელ-ნელა თბილი ტანსაცმელი გადმოვალაგე და მაცივარში ჩაციებული თეთრი, მსუბუქი ღვინო, ოთახის ტემპერატურის წითელი ღვინით ჩავანაცვლე. შემოდგომის წითელ-ყვითელ ფერებში შეღებილი ფოთლების დანახვისას და გადაჩვეული სიცივისგან მობუზულს, ყოველთვის მახსენდება, რომ არაფერი უხდება შემოდგომას ისე, როგორც წითელი ღვინო, ამიტომაც სხვა და სხვა რეგიონების ჩემს რჩეულ წითელ ყურძნიან ჯიშებსა და მათ არაჩვეულებრივ ნიმუშებზე მინდა მოგიყვეთ, თუმცა ჩემს გატაცებას ვერც სეზონების ცვლილებამ აჯობა და როგორც წინა სტატიაში, ახლაც ერთი პეტნატი გვექნება.

ალექსანდროული, ბიმბილი, 2019

ბიმბილი მცირე მარანია, რაჭის რეგიონიდან, სტაბილურობა და მაღალი ხარისხი კი ამ მეღვინეობის მთავარი მახასიათებელია, ისინი ორიენტირებულები არიან მხოლოდ რაჭულ ჯიშებზე და ამით მეტად წინ წამოწევენ რეგიონის მნიშვნელობას, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია ქართული მეღვინეობისათვის. ბიმბილმა შეძლო და გარდა თეთრი და წითელი ღვინისა, წარმატებით შექმნა რაჭული ჯიშებისაგან ვარდისფერი ღვინო, თუმცა ამჯერად წითელ ალექსანდროულზე ვისაუბროთ, რომლის გაგონებაზეც ყოველთვის იისა და ვარდის სურნელი მახსენდება და ამ ყვავილოვან არომატებს ბიმბილის მეღვინეობის ალექსანდროულში ნამდვილად იპოვით. მუქი ლალისფერი შეფერილობის მსუბუქი, თხელი, ნაზი ღვინო, საშუალო სხეულით და ხავერდოვანი ტანინებით. ვფიქრობ, რომ ზოგადად ალექსანდროული და კონკრეტულად ეს ნიმუში იმ სტილის ღვინოებს მიეკუთვნება ერთი ჭიქის დალევის შემდეგ რომ გაუცნობიერებლად მეორესა და მესამეს მოითხოვს. ჰაეროვნებითა და სინაზით სავსე ღვინოა, რომელიც ყველა ღვინის მოყვარულს დადებითად განაწყობს.

თავკვერი, ვიქტორი, 2020

ეს ის შემთხვევაა, როდესაც არც პიროვნული კეთილგანწყობა მეღვინის მიმართ, არც დიდი ხნის თანამშრომლობა და არც მეღვინის ემოციური მონოლოგის შემდეგ მისი ღვინის მიმართ მეტად ლოიალურად მიდგომა არ გვაქვს, რადგანად როდესაც ვიქტორის თავკვერი პირველად გავსინჯე, ბრმა დეგუსტაცია გახლდათ, შესაბამისად არაფერი ვიცოდი გარდა იმისა, რომ თავკვერი იყო. ზოგადად, ქართლის მეღვინეობა თავისი სინაზითა და სიცოცხლით ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის და დიდად ვგულშემატკივრობდი, თუმცა ჩემი სიმპატიები გაორმაგდა, როდესაც ვიქტორის თავკვერი დავაგემოვნე, რადგან ვიფიქრე, რომ სწორედ ეს იყო სრულყოფილი თავკვერის ნიმუში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. ინტენსიური ალუბლისფერი, საშუალო ტანინებით, კრემოვანი ტექსტურით, ჟოლოსა და მაყვალის ინტენსიური არომატით მდიდარი ღვინო, რომელიც ჭიქაში უფრო და უფრო იხსნებოდა და არომატების პალიტრა მეტად ფართო და ინტენსიური ხდებოდა. ვიფიქრე, რომ სანიმუშო ნამუშევარს მივაგენი და დიდი იმედი მქონდა, ბოთლში კიდევ უფრო რბილი და ხავერდოვანი გახდებოდა. მიზეზი იმისა თუ რატომ ავირჩიე დღეს თქვენთვის ვიქტორის თავკვერზე მომეყოლა ის არის, რომ ახლახანს ხელახლა გავსინჯე და ის რისი იმედიც მქონდა, ნამდვილად შემისრულა, ღვინომ პოტენციალი გაამართლა და დღეს ისეთი კარგია, როგორიც არასდროს ყოფილა.

სალხინოს ოჯალეში, ლაბარა, 2020

სალხინოს ოჯალეშის გაგონებისას თამასა მაღლა იწევს და დიდი მოლოდინები ჩნდება, თითქოს გაუცნობიერებლად რაღაც იდეალურს და განსაკუთრებულს ველოდები, ჯიშისა და ტერუარის პოტენციალიდან გამომდინარე სრულყოფილი ღვინის დაგემოვნების სურვილი მიჩნდება, როდესაც ლაბარას მეღვინეობა პირველად გავსინჯე, ვიცოდი, რომ ეს მათი პირველი მოსავლის წელი იყო, მეღვინეობა ახალი გახლავთ და შესაბამისად შევეცადე ოჯალეშის მიმართ ჩემი ამბიციები გვერდზე გადამედო და მეტად ლოიალური გავმხდარიყავი, რადგან ვიცოდი, რომ მათი პირველი მცდელობა იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ლოიალურობა სულაც არ მჭირდებოდა, რადგან დაგემოვნებისას არომატებისა და გემოს იდეალური სინთეზი დამხვდა, ნაზი, ხავერდოვანი, რბილი ტანინები, მწიფე წითელი ხილის, ველური მარწყვის, ჟოლოსა და მოცვის არომატების მრავალფეროვნებამ სრულიად მომხიბლა, მახსოვს პირველი ემოცია რომელიც გამიჩნდა, ვიფიქრე, რომ ისეთი ღვინო გავსინჯე, რომელიც შეუძლებელი იყო ვინმესთვის მოსაწყენი ან უინტერესო ყოფილიყო, პირველი გასინჯვიდან დრო გავიდა, თუმცა ახლაც საკუთარ აზრებში ბოლომდე დარწმუნებული ზუსტად იმავეს ვფიქრობ. 

პეტნატი, შატო ატენი, 2021

შატო ატენის მეღვინეობის შესახებ პირველი ცქრიალა ღვინოები მახსენდება, ეს მათი ნიშაა ბაზარზე. შატო ატენის დამფუძნებელი და მეღვინე სოსო ვანიშვილია, თვითნასწავლი მეღვინე. იგი ალბათ პირველი გახლავთ ვინც ატენური ცქრიალა ღვინო აღადგინა, რომელიც წლების განმავლობაში აღარ იწარმოებოდა. ძალიან გამიხარდა როდესაც გავიგე, რომ პეტნატის დაყენება გადაწყვიტეს, რაც მეტია ლოდინის დრო, მოლოდინებიც უფრო მატულობს. პირველად პეტნატი მათივე მარანში გავსინჯე და სიმართლე გითხრათ ვღელავდი, ასეთი კეთილი და სასიამოვნო მასპინძლობის შემდეგ რომ არ მომწონებოდა. არ ვიცოდი როგორ უნდა გამომეხატა ეს, თუმცა ჩემი ღელვა სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა, რადგან გასინჯულმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ჭიქაში არაჩვეულებრივი ნიმუში მესხა ქართლის ჯიშების, გორული მწვანესა და ჩინურის ბლენდით დაყენებული, რომელიც მდიდარია ციტრუსების, ლიმონის, ლაიმისა და ტროპიკული ხილის არომატებით, გემოზე სტრუქტურულად ძლიერი, კრემოვანი და ცინცხალია. შატო ატენის პეტნატის მთავარი მახასიათებელი კომპლექსურობა და პეტნატის  ხასიათის, მისი ნატურალური, დაუმუშავებელი, ველური ბუნების შენარჩუნებაა. არომატები მდგარდია და გემოში მეორდება, რაც ღვინოს ჰარმონიულს და დაბალანსებულს ხდის, პეტნატში სიმჟავე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა მისი მაღალი მაჩვენებლი ხშირად გემოს არომატებს მეორეხარისხოვანს ხდის, თუმცა გამოყენებული ჯიშებისა და სწორის ტექნოლოგიის დამსახურებით სიმჟავე იდეალურად არის ღვინოში, რამაც მეტად ცოცხალი გახადა ის.

ბრუალე, საფერავი, 2017

ბრუალეს მეღვინეობა პირველად მათი რქაწითელით გავიცანი, რომელიც, ისევე როგორც საფერავი, ხუთი წლის დავარგებული გახლდათ. ბრუალე კახეთში მდებარეობს და ისინი ძველ, კახურ ჯიშებზე აქტიურად მუშაობდნენ. რქაწითელმა იმდენად მომხიბლა, საფერავის დაგემოვნებაც მალევე მოვინდომე, ვფიქრობდი რომ იდეალური ასაკი იყო საფერავისთვის და კარგი საფერავის ახალი ნიმუშის გაცნობის შანსი მქონდა. საფერავი ხომ არასდროსაა ზედმეტი, მის უნიკალურობაზე და მის ძლიერ მახასიათებლებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, გაგაცნობთ ხუთი წლის დაძველებულ საფერავს, რომელიც იდეალურად განვითარდა ბოთლში. ბრუალეს საფერავი დაყენებულია ქვევრში, დავარგებულია მუხის კასრში, შემდეგ კი ბოთლში. სწორედ ამ გრძელი გზის გავლის შედეგად ღვინომ განივითარა სხვა და სხვა ტიპის არომატები, ღვინის დასხმის დროს თქვენ იგრძნობთ პირველად არომატებს, წითელი ხილი, მოცვი, კენკრა, ალუბალი, შავი ქლიავი, რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ღვინო გაიხსნება და ჰაერთან კონტაქტი მეტი ექნება, მუხის კასრიდან წამოსული არომატები წინა პლანზე გადმოიწევს და შოკოლადისა და თამბაქოს არომატი დომინანტური გახდება, რომელიც ნელ-ნელა დავარგების არომატებში გადავა, ღვინოს უვითარდება ტყავისა და მიწის არომატი. გემოზე ტანინები მრგვალი და დარბილებულია, რაც ნაზსა და ელეგანტურს ხდის ღვინოს.

პუბლიკაციის პარტნიორია ღვინის მაღაზია-ბარი 8000 მოსავალი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.