ინდოელი ღვინის ექსპერტი, მწერალი და მსაჯი სუბჰაშ არორა წელს მეორედ ესტუმრა საქართველოს და ამჯერადაც თავის ვებგვერდზე, რომელსაც ათასობით ადამიანი ადევნებს თვალყურს, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. მთლიანობაში არორამ, როგორც ღვინის მცოდნემ, 72 საერთაშორისო ღვინის შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა.
პირველად არორა საქართველოში 2014 წელს ჩამოვიდა, როდესაც ქართულ ღვინოს საზღვრებს გარეთ მხოლოდ ერთეული ადამიანები თუ იცნობდნენ. წელს კი ისევ გადაწყვიტა ხელმეორედ მოენახულებინა ქვეყანა: “ის, რაც ნამდვილად არ შეცვლილა, პოლიტიკური სიტუაციაა. პირველად როცა ჩამოვედი, მაშინაც რუსეთის მხრიდან მძიმე სურათი იყო, ახლა კი, ომის შემდეგ, ეს აღქმა კიდევ უფრო გაღვივებულია. გარდა ამისა, საქართველო სწრაფად ხდება ინდოელებისთვის ერთ-ერთი საინტერესო, სამოგზაურო ქვეყანა.” - წერს ავტორი.
ღვინოზე საუბრისას თავდაპირველად ქართული ღვინის კულტურას, ქვევრის ტექნოლოგიასა და მის საინტერესო მახასიათებლებს ახსენებს: “თუ რაიმე განსხვავებულის გასინჯვა გსურთ, ღვინის, რომელსაც საკუთარი ხასიათი აქვს, მაშინ ქვევრის ღვინო უნდა მიირთვათ. მას შემდეგ, რაც მას იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, მასში ღვინის დავარგება კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტა” - ვკითხულობთ საიტზე.
ავტორი “მეღვინეობა ხარებასაც” ესტუმრა, სადაც კიდევ უფრო დაწვრილებით მოისმინა ქართული ღვინის დაყანების მეთოდებისა და იმის შესახებ, თუ რით არის განსხვავებული და გამორჩეული ის. სტატიას კი საქართველოს რეგიონების მიმოხლვით ასრულებს. მას Indian wine academy-ში გაეცნობით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი