-როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
-ჩვენ მეოთხე თაობა ვართ, ვინც ჩვენს ეზო-კარში მევენახეობა-მეღვინეობას მივსდევთ. პირველად 2017 წლის მოსავლიდან დაყენებული ღვინო ჩამოვასხით ბოთლებში და სწორედ მაშინ მივეცით ოჯახურ ტრადიციას ბიზნესის სახე. მანამდე არც თუ ისე მოკლე გზა გავიარეთ, თუმცა ღვინომ თავისით გაიკვალა გზა. 2009 წელს ღვინო გავგზავნეთ ბათუმში, საოჯახო ღვინოების ფესტივალზე, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ორგანიზატორობით ყოველ წელს იმართებოდა. ამ ფესტივალზე ჩვენი ღვინო პრიზიორი გახდა და ეს იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო სტიმული, რამაც გადაგვაწყვეტინა ოფიციალური სახე მიგვეცა ჩვენი მცირე საოჯახო წარმოებისთვის. დღეს ვთვლით, რომ ვაგრძელებთ ჩვენი დიდი ბაბუის, ტარასი მინაძის (1878-1978),. დაწყებულ საქმეს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საფრანგეთიდან ჩამოტანილი ყურძნის საჭყლეტი მექანიკური დანადგარის ანალოგებს აკეთებდა. ჩვენ დღესაც ვიყენებთ ტარასის დამზადებულ ამ ერთ-ერთ პირველ ყურძნის საჭყლეტ მანქანას.
-ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
-გაშენებული გვაქვს იმერული ჯიშის ყურძნები: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ძელშავი, მგალობლიშვილი. მათ გარდა საკოლექციოდ გაშენებული გვაქვს 15 ნაკლებად გავრცელებული ქართული ვაზის ჯიში.
-რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
-ჩვენ ვაწარმოებთ იმერული ჯიშის ყურძნებისგან იმერული წესით დაყენებულ შემდეგ ღვინოებს: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ძელშავი,ოცხანური საფერე. მივსდევთ ბუნებრივ მევენახეობა-მეღვინეობას, რაც, შესაბამისად, ღვინის მახასიათებლებზეც ახდება გავლენას.
-გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენი ღვინოების უმეტესი წილი უცხოეთის ბაზარზე გადის. ჩვენი პროდუქციის ექსპორტი პირველად 2018 წელს აშშ-ში განხორციელდა, სადაც დღესაც წარმატებით ვთანამშრომლობთ. ჩვენი ღვინოები ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიცაა წარმოდგენილი.
-რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
-პრობლემურია ღვინის ბოთლების მოძიება და შეძენა/ტრანსპორტირება გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ღვინის ბოთლების მწარმოებელი ქარხანა.
-თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
-ქართული ღვინის კულტურის დამკვიდრებისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ხარისხი და მეტი განათლება მთლიანად ღვინის სფეროში.
-რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
მნიშვნელოვანია თამამად და გაბედულად გამოვიყენოთ ყველა შანსი, რასაც კი სახელმწიფო ან სხვა ინვესტორები გვაძლევენ. ვიყოთ ხარისხზე ორიენტირებულნი და იმისთვის, რომ საინტერესო იყოს ჩვენი პროდუქტი მომხმარებლისთვის, სრულყოფილად უნდა გადავცეთ მათ ჩვენი ღვინის შინაარსი და სიღრმე.
მარნის მისამართი: მინაძეების მარანი- ფერსვი: იმერეთი, ბაღდათის რაიონი სოფელი ფერსათი
ტელეფონი: +995 568 558252
ელფოსტა: Phersvi8000@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: phersviwine.ge
თქვენი კომენტარი