Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ენდრიუ ჯეფორდი: მონტეფალკოს რეგიონი და მისი ღვინის საიდუმლო

ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის თებერვლის ნომერში ენდრიუ ჯეფორდის ავტორობით დაიბეჭდა სტატია მონტეფალკოს რეგიონისა და მისი ღვინოების შესახებ.

ჯეფორდი მკითხველს მეტაფიზიკური მოგზაურობის ნაწილად აქცევს და მონტეფალკოს ღვინის სამყაროს აცნობს.  ეს არის რეგიონი, რომელიც ხშირად ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება, თუმცა წლების მანძილზე თავისი ინდივიდუალობისა და სიღრმის გამოხატვას მაინც ახერხებდა.

სტატია იწყება ავტორის ძველი მოგონებით — 1990 წელს, Banco d’Assaggio dei Vini d’Italia-ის კონკურსზე  ენდრიუ ჯეფორდმა პირველად დააგემოვნა Sagrantino di Montefalco.  ეს ღვინო მისთვის  უცხო, შთამბეჭდავი და ცოტა საშიშიც აღმოჩნდა — უაღრესად ტანინიანი, ღრმა და თავშეუკავებელი.  თუმცა, ამ ღვინოში იყო რაღაც, მკაფიოდ განსხვავებული, რაც მასში აღფრთოვანებას იწვევდა.

სამ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჯეფორდი უბრუნდება ამ რეგიონს და აღმოაჩენს, რომ მონტეფალკო უკვე აღარ არის მხოლოდ მძლავრი ტანინების მქონე ღვინის სამშობლო. ამ რეგიონის ღვინო ახლა წარმოადგენს დახვეწილობისა და სიღრმის სინთეზს.

მოგზაურობა ამჯერად უკვე სხვანაირი იყო: მონტეფალკო, შუა საუკუნეების ულამაზესი ქალაქი უმბრიაში, დღეს წარმოადგენს პატარა, მაგრამ ღვინის წარმოებით ერთ-ერთ დომინანტურ რეგიონს, სადაც უკვე 85 ღვინის მწარმოებელია. რაც ყველაზე მეტად აკვირვებს ჯეფორდს, არის ის, თუ რამდენად უკეთესად ისწავლეს ადგილობრივებმა სანგრანტინოს რთული ხასიათის მართვა და მისი არომატული სიღრმის გამოხატვა.

ის გვაცნობს ინოვატორ მეღვინეს, ჯამპაოლო ტაბარინის, რომელიც ქმნის ე.წ. „ტაბარინის მეთოდს“ — მუხის სრულად გამორიცხვას და უჟანგავი ფოლადის გამოყენებას, ასევე ლექზე ხანგრძლივ დავარგებას. ამ ყველაფერის შედეგად ვიღებთ ელეგანტურ და ჰაეროვან სანგრანტინოს, რომელიც ამავე დროს ინარჩუნებს თავისი ჯიშის ძალასა და იდენტობას.

ვალენტინო ვალენტინი, Bocale-ს მეღვინე, კიდევ ერთ მიდგომას გვთავაზობს — ხანგრძლივი მაცერაცია, მაგრამ ზუსტი დროის შერჩევით, რათა ტანინები შედარებით რბილი იყოს.  შედეგად, მის მიერ დაყენებული ღვინოები სანგრანტინოს უფრო დელიკატურ და ფაქიზ სახეს აჩვენებს.

ანტონელის ისტორიული ღვინის მეურნეობა კი იყენებს მუხის დიდ კასრებსა და ბეტონის ჭურჭელს დავარგებისთვის, რაც ღვინოს სითბოსა და ბალანსს ანიჭებს. ჯეფორდი აღნიშნავს, რომ მათი სანგრანტინო ღირსეული და თანაბარწონიანი ღვინოა — შავი ხილისა და ხმელი ბალახეულობის არომატებით, მკაფიო სტრუქტურით.

სტატიის განმავლობაში ჯეფორდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Montefalco-ს ღვინის არეალი აღარ არის მხოლოდ სანგრანტინოს სიმძიმით განპირობებული. აქ დღეს გვხვდება მრავალფეროვანი სტილისტიკა — კლიმატური, ტექნოლოგიური და კულტურული მიდგომების შერწყმა. ისეთი მეღვინეები, როგორებიც არიან Goretti, Lunelli და La Veneranda, სანგრანტინოს თანამედროვე სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ადრე უხეში და "დაუმორჩილებელი" ღვინო, დღეს უკვე მრავალფეროვანი, დახვეწილი და ინტელექტუალური ხდება.

ენდრიუ ჯეფორდი სტატიის დასასრულს რიტორიკულ შეკითხვას სვამს: საიდუმლოებით მოცულმა მონტეფალკომ ისე ხომ არ ჩაგიარათ, რომ ვერც კი შენიშნეთ? და მოუწოდებს ღვინის მოყვარულებს, ხელახლა აღმოაჩინონ რეგიონი, რომლის ღვინოები დღეს იმაზე ბევრად დახვეწილია, ვიდრე ეს წლების წინ იყო.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.