Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"დასავლეთის დიდ ქალაქებში რესტორნებთან პარტნიორობა შეიძლება იდეალური იყოს მცირე მწარმოებლებისთვის" - ინტერვიუ ჯუზეპე ფუსკოსთან

საქართველოს სექტემბრის მიწურულს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ესტუმრნენ. სტუმრებს შორის Colangelo & Partners-ის, მარკეტინგული პარტნიორის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც ქართული ღვინის აშშ-ში იმპორტსა და პოპულარიზაციას ეწევიან. ჩვენს ინტერვიუში ჯუზეპე ფუსკოს, ღვინის ექსპერტისა და ბაიერის შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს გაეცნობით ქართული ღვინის წარმატებისა და განვითარების შესახებ მსოფლიო ღვინის ბაზარზე. 

-  მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ, როგორ დაიწყო თქვენი მოგზაურობა ღვინის სამყაროში?

- მე ბოლონიაში, იტალიაში დავიბადე, თუმცა ნიუ ჯერსიში გავიზარდე, სადაც ამჟამადაც ვცხოვრობ და ვმუშაობ. ღვინის ინდუსტრიაში უკვე სამ წელიწადზე მეტია ვარ, მას შემდეგ, რაც ჩემი მუსიკალური კარიერა დავასრულე. ღვინის შესახებ 10 წელია რაც უფრო და უფრო მეტს ვსწავლობდი დამოუკიდებლად, შემდეგ WSET მე-3 დონის სერთიფიკატი ავიღე, ახლახანს კი Wines of Georgia-ს ქართული ღვინის კურსი გავიარე. ჩემი ამჟამინდელი სამუშაო სრულად ღვინოს ეხება, ვარ ღვინის "ბაიერი" Gary's Wine-ში. როგორც ღვინის ბარიერი, ვმუშაობ იაპონური საკეს კატეგორიებზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოშიც.

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში სტუმრობა?

- საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, თუმცა მოგზაურობა და ახალ-ახალი ადგილების აღმოჩენა ძალიან მიყვარს, ასევე სხვა კულტურების შესწავლა და მათ შესახებ მეტის გაგება. როცა ამის შესაძლებლობა მომეცა, მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რაც ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იყო ჩემთვის.

- რომელი ქართული ღვინოები დააჭაშნიკეთ და მათგან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონათ?

- ჩვენ 40 მწარმოებლის 200-ზე მეტი ღვინო გავსინჯეთ, მათ შორის მსუბუქი ცქრიალა და სხეულიანი, გვიანი მოსავლის ღვინოები. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და სახასიათო ქვევრის ღვინოებია. ორივე, ქარვისფერი და წითელი ღვინოების კატეგორიაც ნამდვილად უნიკალურია, რომელთაც სხვაგან ვერ გასინჯავ. 

- თუ იყო რომელიმე განსაკუთრებული მეღვინეობა ან ღვინის რეგიონი, რომელიც გამორჩეულია თქვენთვის?

- დაჭაშნიკებული ღვინოების უმეტესობა კახური იყო. ასე თქმა რთულია, რომელი რეგიონი რომელს სჯობს, უფრო მეტად მეღვინეობებს გამოვარჩევდი, Twins Wine House-ს, Schuchmann-სა და Vinotera-ს განსაკუთრებული ღვინოები ჰქონდათ. ჩემი ყურადღება მიიქცია "მეღვინეობა ხარებამაც", სადაც ნამდვილად ძალიან ხარისხიანი და არომატული ღვინოები დავაჭაშნიკეთ.

- რა საერთო მახასიათებლებს გამოარჩევდით ღვინოებს ან ტერუარებს შორის, მაგალითად?

- რა თქმა უნდა, საერთო მახასიათებლები აქვთ ღვინოებს, რომლებიც ერთი და იმავე ვზის ჯიშებისგან არის დამზადებული და მათაც, რომლებიც ერთი რეგიონიდან მოდის. ქისი, მაგალითად, გამოირჩევა ხილისა და ყვავილოვანი არომატებით, საფერავი კი შავი ხილის, ქლიავისა და მოცხარის არომატებით. ქვევრის ქარვისფერ ღვინოს ჩაის, ხილისა და ჩირების არომატები აქვს, ქვევრის წითლები კი თიხის მინერალურობას გამოხატავს. ძალიან მკაფიო განსხვავებაა, მაგალითად, რაჭა-იმერეთსა და კახეთს შორის. დასავლეთის ღვინოები უფრო მეტად მაღალმჟავიანია, მეტად მსუბუქი, ხალისიანი, კახური ღვინოები კი უფრო სხეულიანია. 

- თქვენი, როგორც ღვინის მცოდნის გადმოსახედიდან, რა დაბრკოლებები და შესაძლებლობები აქვს ქართულ ღვინოს, დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიოს ღვინის ბაზარზე?

- ბაზარი ესპანური, ფრანგული და იტალიური იაფფასიანი ღვინოებით არის სავსე. ქართულ კლასიკურ ღვინოებს გარკვეული გზა სჭირდებათ, რათა მსოფლიო ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრონ. მინდა ქართული ღვინის ორ ძირითად შესაძლებლობაზე ვისაუბრო. პირველი ის არის, რომ მეღვინეებმა მათ უნიკალური ხასიათი და სტილისტური თავისებურება უნდა შეუნარჩუნონ, რომლებიც ქრთულ ღვინოს დანარჩენი მსოფლიოსგან გამოარჩევს. ეს ქარვისფერ და წითელ ქვევრის ღვინოს გულისხმობს, რა თქმა უნდა, მათ შორის ნახევრადტკბილ ადგილწარმოშობის ღვინოებსაც, მაგალითად, ქინძმარაულსა და ხვანჭკარას. მეორე კი, რასაც ხაზგასმით აღვნიშნავ არის ის, რომ საზღვარგარეთ ქართული ღვინო ქართულ კერძებთან უფრო უკეთ უნდა დაკავშირდეს. ქართული სამზარეულო ისეთივე გამორჩეული და განსაკუთრებულია, როგორიც ღვინო. დასავლეთის დიდ ქალაქებში რესტორნებთან პარტნიორობა შეიძლება იდეალური იყოს ახალი ან მცირე მწარმოებლებისთვს.

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა, რა უნდა გააკეთონ მეღვინეებმა ამისთვის?

- ყველაზე დიდი დაბრკოლება ენობრივი ბარიერია. ქართული სიტყვები წარმოსათქმელად რთულია და თანაც ძალიან უცხოა ყველასთვის. ვფიქრობ, მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა მარტივი ეტიკეტი უნდა მოუფიქრონ ღვინოებს, თანაც ისეთი სახელით, რომელიც ძალიან უცხო არ იქნება უცხოელი მომხმარებლებისთვის. ზოგი მწარმოებელი და აიმპორიტიორი ამარტივებს ეტიკეტებს და მხოლოდ ინგლისურ სიტყვებს იყენებს ქართულ ასოებთან ერთად ("თელიანი ველი" ნამდვილად იმსახურებს მოწონებას ამ საკითხთან დაკავშირებით). აშშ-ში ჩვენს ერთ-ერთ შტატს Georgia ჰქვია, რაც მომხმარებლებისთვის,რომლებმაც საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი იციან, დამაბნეველია ხოლმე. ბევრი გაუგებრობაა ქარვისფერი ღვინის შესახებაც, რომლებსაც ხშირად, როგორც ვარდისფერ ღვინოებს, ისე ეპყრობიან. მიირთმევენ საკმაოდ ცივს ნებისმიერი ხემსის ან საკვების გარეშე. ბევრი დამეთანხმება, რომ ეს სწორი მიდგომა არ არის. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ღვინის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, რათა მათაც შეძლონ ამ პროდუქტით დიდი სიამოვნების მიღება.

- არის თუ არა რაიმე კონკრეტული ტენდენციები ან იმპორტ-ექსპორტის კატეგორიები , რომლებიც თქვენ შეამჩნიეთ?

- როგორც ჩანს, იმპორტიორები ახლა აქცენტს ძირითად ბაზრებზე აკეთებენ, რომლებსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. რაც უფრო მეტი იმპორტიორი იქნება, მით უფრო მეტ ქვეყანაში, მეტ ქალაქსა და მეტ ღვინის ბარში იქნება ქართული ღვინო. 

- როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ქართულ ღვინოებზე მოთხოვნას აშშ-ს ბაზარზე? რა ღვინოებზეა მოთხოვნა?

- ჩემი გადმოსახედიდან, ქართულ ღვინოებს ეძებენ რუსები, უკრაინელები და სხვა უცხოელები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ. ეს კი იმიტომ, რომ ქართული ღვინოები უფრო ცნობილია მათ ქვეყნებში, ვიდრე აქ. როგორც ჩანდ, ამ მომხმარელებს ნახევრად ტკბილი ღვინოები მოსწონთ. თუმცა ქართულ ღვინოზე მოთხოვნას ნამდვილად ზრდის ქარვისფერი ღვინოები, რომლებიც ტენდენციურია. 

- რა მარკეტინგული მიმართულება უნდა გამოიყოს იმისთვის, რომ უფრო ფართო აუდიტორიას მისწვდეს ქართული ღვინო?

- Wines of Georgia-ს ნამდვილად ძალიან დიდი გავლენა აქვს ღვინის პროფესიონალებსა და ექსპერტებზე. დეგუსტაციები, ასეთი მოგზაურობები, რესტორნებთან პარტნიორობა და ონლაინ სერთიფიკატები ნამდვილად ეხმარება ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდას. Silk Road-ის ეტიკეტი ძალიან ლამაზი და უბრალოა - ნამდვილად შეიმჩნევა ღვინის მაღაზიის ან ბარის თაროზე. მომწონს Teliani Valley-ის ჭკვიანური ეტიკეტიც, სადაც ქართულ ასოებსაც შეამჩნევ ინგლისურ წარწერასთან ერთად. ქვევრის გამოსახვა, განსხვავებული ბოთლი, რომლებიც გამოარჩევს ქართულ ქვევრის ღვინოებს სხვა ღვინოებისგან, ნამდვილად კარგ იდეად მესახება. ვხედავ, რომ ჩვენი გუნდი მარკეტინგული მიმართულებით აქცენტს სოციალურ მედიაზე აკეთებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაზე. მე დიდად მარკეტინგული მიამართულებით არ ვმუშაობ, თუმცა, როგორც ვხედავ, კარგი იდეაა ონლაინ მაღაზიების განვითარებაც, რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომია ღვინის მოყვარულთათვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული