Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი მონაწილეები ახალი ღვინის ფესტივალი 2025-ის შესახებ

ახალი ღვინის ფესტივალი 10 მაისს, უკვე მეთექვსმეტედ ჩატარდება. ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, ფესტივალის ორგანიზატორი კი საქართველოს ღვინის კლუბია.

ახალი ღვინის ფესტივალი 2010 წლიდან იმართება და მასში მონაწილე საოჯახო მარნებისა და ღვინის კომპანიების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. არც წლევანდელი ფესტივალი იქნება გამონაკლისი, რომელშიც არაერთი ახალი მარანი პირველად მიიღებს მონაწილეობას და თავიანთ ღვინოებს, რომლებსაც, შესაძლოა, კარგად არ ვიცნობდეთ, ფართო საზოგადოებას გააცნობენ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წლევანდელ ფესტივალზე სულ 155 ღვინის კომპანია და მცირე მარანი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც სტუმრებს 2024 წლის მოსავლის ღვინოებს დაახვედრებენ.

სწორედ ახალი მარნების წარმომადგენლები გვესაუბრნენ ფესტივალთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ახალი ღვინის ფესტივალს მათთვის და როგორი მოლოდინები აქვთ.

ჭაბუკიანის მარანი: მარიამ ხანჯალიაშვილი

ახალი ღვინის ფესტივალზე ჩვენი მარანი პირველად მონაწილეობს, ფესტივალზე წარმოდგენილი ვიქნებით 2024 წლის მოსავლის ორი ღვინით: საფერავი ნახევრად მშრალი და საფერავი მშრალი. მოლოდინი გვაქვს, რომ შევხვდებით ღვინის მოყვარულ ადამიანებს, რომელთაც გავაცნობთ ჩვენს ახალ ღვინოს, დარწმუნებული ვარ, რომ კარგი გარემო იქნება. მინდა, რომ ისეთი ხალხი იყო ჩვენი სტუმარი, ვინც ნამდვილად დაინტერესებულია ახალი ღვინითა და მათი აღმოჩენით. ჩვენ გვქონია გამოცდილება სხვა ფესტივალებზე მონაწილეობის, სადაც ნაკლებად დაინტერესებული ხალხიც შეგვხვედრია და რომელთა ინტერესიც მხოლოდ ღვინის გასინჯვით შემოიფარგლებოდა. ჩვენ მცირე მარანი ვართ, 2019 წლიდან ვაწარმოებთ ღვინოს და ყოველთვის გვინდა, რომ ჩვენი ღვინო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ და ახალი ღვინოს ფესტივალს მოუთმენლად ველოდებით მეც და ჩემი მეუღლეც, რომელთან ერთადაც ფესტივალზე შეგხვდებით.

ნაცვლიშვილების მარანი: ვანო ნაცვლიშვილი

ჩემს ოჯახს, იმ მარანს, სადაც დღეს ღვინოს ვაყენებთ, ღვინის დაყენების ნახევარ საუკუნეზე გაცილებით დიდი ტრადიცია აქვს, ოჯახის ვენახიც უკვე 60-65 წელს ითვლის, მაგრამ აქამდე არასდროს მიგვიცია ამ საქმიანობისთვის ფორმალური სახე და არც საჯაროდ გაგვიტანია დასაგემოვნებლად ჩვენი ღვინო. აქედან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის - პირველად ვაცნობთ ჩვენს ღვინოს როგორც პროფესიულ, ღვინის საზოგადოებას, ასევე, მომხმარებელს - ფესტივალის სტუმრებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დიდი პატივიცაა ამ პროცესში მონაწილეობა და დიდი პასუხისმგებლობაც.

როგორც უკვე აღვნიშნე, არც ამ და არც სხვა ფესტივალში აქამდე მონაწილეობა არასოდეს მიუღია ჩვენს ღვინოს, ჩვენს მარანს. მოლოდინები ძალიან დიდი მაქვს: ერთი მხრივ, იმედი მაქვს, რომ ობიექტურ პროფესიულ მოსაზრებებსა და შეფასებებს მივიღებთ ჩვენს პროდუქციაზე, რომლის შექმნაშიც ჩემი ოჯახი დიდ დროს, რესურსს და ემოციას დებს. მეორე მხრივ, იმედი მაქვს, ბევრ უცნობ საინტერესო მეღვინესა და ღვინოს გავეცნობი, გავუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და მოსაზრებებს, რაც დაგვეხმარება ჩვენი პროდუქციის დახვეწაში და ზოგადად ქართული ღვინის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

ფესტივალზე წარმოდგენილი გვექნება ჩვენი ოჯახის სამი ღვინო - “ბადიაურის საფერავი”, “ბადიაურის რქაწითელი” და “ბადიაურის მწვანე”. სამომავლოდ, ამ სამის გარდა, სხვა ღვინოების შეთავაზებასაც ვგეგმავთ ღვინით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

მარანი მოგზაური: მარი გელაშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მარანი მოგზაურის ღვინოები გაიცნოს ფართო აუდიტორიამ, დააგემოვნოს ისინი და პირისპირ გვქონდეს კომუნიკაცია მათთან, ახალი ღვინის ფესტივალი კი ამისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ფესტივალთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი მოლოდინები გვაქვს. გსურს, რომ ჩვენი ღვინის გასინჯვა რაც შეიძლება ბევრმა ღვინის მოყვარულმა შეძლოს. ჩვენ ვაწარმოებთ 6 სახეობის ღვინოს, ფესტივალზე კი 2024 წლის მოსავლებიდან წარმოდგენილი გვექნება: საფერავი რეზერვი, რომელიც ჩვენი ძველი საფერავის ვენახების ბოლო მოსავალია; ვარდისფერი ნახევრად ტკბილი როზე; თავკვერი მშრალი. ჩვენი ვენახები სოფელ არხილოსკალოში მდებარეობს და გვსურს, ღვინის მოყვარულები ჩვენი ღვინოებით ჩვენს მარანსა და ვენახებში ვამოგზაუროთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული