მაია ბიძინაშვილი
სათემო კავშირი ნუკრიანი
ახალი ღვინის ფესტივალში ნუკრიანის სახელოსნოები უკვე მესამედ ვიღებთ მონაწილეობას. ამ ფესტივალის მთავარი ღირსება, ჩემი აზრით, არის მის შინაარსში: ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ღვინო. ეს დღე არის ახლობებთან შეხვედრის, სითბოს და სიყვარულის ურთიერთგაზიარების დღე. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 2014 წლის (თუ არ მეშლება) ღვინო-ქუმბათის ვენახებიდან. და რაც მთავარია ორგანიზატორების მხრიდან ყველა მონაწილისსადმი გამოჩენილი ყურადღება, რაც არც ერთ ფესტვალზე არ შეგვხვედრია.
აჩიკო ნაცვლიშვილი
მარანი კეროვანი
ბოლო წლებია ახალი ღვინის ფესტივალი უდაოდ გადაიქცა საერთო სახალხო დღედ. ინტერესი, რომელიც ამ ფესტივალის მიმართ არის ცხადყოფს, რომ ჩვენში კვლავ ძლიერად არის გამჯდარი ჩვენი მემკვიდრეობის ერთ–ერთი მთავარი ღერძი მევენახეობა–მეღვინეობა და ღვინის ქვევრში დაყენება. ის რეგიონული და ჯიშური მრავალფეროვნება რომელიც არის წამოდგენილი ფესტივალზე, იძლევა საშუალებას გაეცნო ბევრ იშვიათ და საინტერესო ღვინოს, შეხვდე მეღვინეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, პიროვნებებს ვინც ქმნის და თავის ხასიათს წარმოაჩენს ღვინოში. პატივია იყო ბევრი გამოცდილი მეღვინის გვერდით და მოისმინო მათი რჩევები. ერთია, როდესაც შენ მოგწონს შენი დაყენებული ღვინო, მაგრამ აუცილებელია ის შეაფასოს ფართო საზოგადოებამ, ფესტივალის მეგობრული გარემო ამისთვის საუკეთესო ადგილია. ჩემთვის ეს უკვე მესამე ფესტივალია და ყოველწლიური უშუალო შეხვედრა ღვინის მოყვარულებთან, მათი აზრებისა და ხედვების გაცნობა მაძლევს უფრო მეტ სტიმულს და ენერგიას ბუნებრივი, ნატურალური ღვინის დაყენებაში.
გიორგი კეკელიძე
პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი
ვფიქრობ, ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ღია ღონისძიებაა, რაც კი საერთოდ წლის განმავლობაში ქვეყანაში ტარდება. ფესტივალს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და მრავალი კუთხითაც გამოირჩევა – ეს არის ერთგვარი შეხსენებაც და განახლებაც, ეთნოგრაფიაც და კულტურაც, ტრადიციაც და ნოვაციაც, სიამოვნებაც და ბიზნესიც. მოკლედ ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ლაღი, სახალხო – ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ეს ტრადიცია შეუფერხებლად უნდა გაგრძლედეს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო.
თქვენი კომენტარი