Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

WinExpo 2023 - შეჯამება

ელენე ცინცაძე

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა Wine Expo 2023 2-4 ივნისს გაიმართა. გამოფენაზე მისული სტუმრები ეცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიას, მათ ღვინოს, სხვა ნაწარმსა და პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა Winexpo Forum-იც, სადაც შეხვედრები გაიმართა ღვინის იმპორტიორებთან, ექსპერტებთან და მწარმოებლებთან, დისკუსიის რეჟიმში კი სხვადასხვა ქვეყნის ბაზრები განიხილეს. 

 Georgia International Wine Award, ღვინის საერთაშორისო კონკურსი, გამოფენის ფარგლებში წელს უკვე მეცამეტედ გაიმართა. 7 ქვეყნიდან ღვინის თერთმეტმა სპეციალისტმა ბრმა გასინჯვის პრინციპით WinExpo 2023-ზე წარმოდგენილი ღვინოები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა. უმაღლესი ჯილდო-ტროფი "საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა“ და „მეღვინეობა ჩელთიმ“ მოიპოვეს. ორი დღის განმავლობაში ჟიურიმ 80-მდე კომპანიის 250-ზე მეტი სხვადასხვა სტილის ღვინო გასინჯეს. გაიცა 3 ტროფის, 9 ოქროს, 67 ვერცხლისა და 80 ბრინჯაოს ჯილდო. 

ტროფის ჯილდოს მფლობელი ღვინოებია:

“მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ხიხვი, 2018

“მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, საფერავი Cuvee განსაკუთრებული რეზერვი, 2013

“ჩელთი”, ქვევრის საფერავი, 2016

 ოქროს მედლები დაიმსახურეს შემდეგმა ღვინოებმა:

Khmelo Winery, რქაწითელი, 2019.
“ლომისყარელი”, ცოლიკოური, 2021.

“მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ქისი, 2015.

“გიდა”, ხიხვი, 2021.

“მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, ხიხვი, 2018.

“მარანი”, Reserve 2012.

“მილდიანის საოჯახო მეღვინეობა”, საფერავი Cuvee განსაკუთრებული, 2013.

“ჩელთი”, ქვევრის საფერავი, 2016.

“ჩელთი”, ქვევრის საფერავი, 2015.

რაც შეეხება ჟიურის წევრებს, კონკურსის თავმჯდომარე იყო ბრიტანელი ღვინის მაგისტრი ტიმ ატკინი, რომელიც მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინის მწერალია, ამასთანავე კი ჰარპერსის, დეკანტერის და მრავალი სხვა გამოცემის ავტორი გახლავთ. უცხოელი ჟიურის წევრები იყვნენ ასევე ტეილორ პერსონსი - სომელიე, მარკეტერი, რესტორატორი. აურორ ჟოდი - ენოლოგი, საფრანგეთის მეღვინეთა ასოციაციის წევრი. ფელისიტი კარტერი - ჟურნალისტი და რედაქტორი, მრჩეველი ღვინის ექსპორტის საკითხებში. ჩან ჯუნ პარკი -სამხრეთ კორეის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მეტ ვილკინი - ღვინის მაგისტრი და ანასტასია რონკოლეტა -ღვინის ექსპერტი. სომელიე საბა ქიტიაშვილი გვიამბობს, რომ წელს განსაკუთრებით საინტერესო იმერეთისა და ქართლის მარნები იყო: “25-ზე მეტი მწარმოებლის ღვინო გავსინჯე და ვფიქრობ, მათ შორის ძალიან საინტერესო მცირე მარნების ღვინოები იყო. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით იმერულმა ჯიშებმა მიიპყრო, მათ შორის ცოლიკოურმა და ალადასტურმა. წელს გამორჩეულად “გაზრდილი”, განვითარებული ქართლი და მათი გარდამავალი კლიმატის ღვინოები იყო. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თავკვერებიც, რომლებიც ძირითადად 2022 წლის იყო წარმოდგენილი.

საბა აღნიშნავს, რომ დიდ მეღვინეობებზე, როგორც წესი, დიდი ცვლილებები ამ კუთხით არ არის, თუმცა აქაც, რაღაც განსხვავებული მაინც შეიმჩნევა: “რამდენიმე დიდ კომპანიაში ცვალებადობა არის ჯიშებთან მიმართებით, უფრო მეტად დასავლურ ჯიშებზე გაამახვილეს ყურადღება. აქტუალური იყო კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური, ალადასტური და სხვა ჯიშები. პატარ-პატარა მარნების შემთხვევაში კი რაოდენობა გაზრდილია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია, რომელიც ბევრად უფრო გაუმჯობესებულია. ვფიქრობ, ქართლი განსაკუთრებით გამოირჩევა, მეტად პროგრესული და განვითარებადია, მთლიანობაში კი, ძალიან კარგი, საინტერესო და სასიამოვნო გამოფენა გამოვიდა წელს” - საუბრობს საბა ქიტიაშვილი. 

2 ივნისს გაიმართა Wine Travel Award-ის დაჯილდოების ცერემონია, 3 ივნისს ბიზნეს ფორუმი და პანელური დისკუსია, სადაც ისაუბრეს ქართული ღვინის სახელმწიფო პროგრამებზე, რეგულაციებზე, ხარისხის კონტროლსა და ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნებზე, 4 ივნისს ქართული ღვინის კონკურსის მიმოხილვა იყო. “ბაიას ღვინო” უკვე მრავალი წელია winexpo-ს მონაწილეა, როგორც ბაია აბულაძე გვიამბობს, წლევანდელმა გამოფენამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა: “წელს ბევრი ახალი ღვინო გავსინჯე, იყვნენ ძალიან საინტერესო მწარმოებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და გასახარი ის არის, რომ მარნებმა სხვადასხვა რეგიონებიდან მრავალნაირი და უცნობი ჯიშის ღვინოები წარმოადგინეს. ბევრი ღვინის პროფესიონალთან, ექსპერტთან და მაგისტრთან გვქონდა საინტერესო დიალოგები. სტუმრებს განსაკუთრებით კი ჩვენი კრახუნა და შუშხუნა ღვინოები მოსწონდათ, პეტნატები ძალიან პოპულარული იყო” - გვიამბობს ბაია. 

ყვარლის მარანმა” პირველად წარმოადგინა წელს გამოფენაზე თავიანთი პროდუქცია: “ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანით, ვისგანაც დადებითი შეფასებები მივიღეთ ღვინოსთან დაკავშირებით, მთლიანობაში, ძალიან მოხარულები ვართ და ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით ახალი მცირე მარნებისთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგს ქვევრის საფერავი აინტერესებდა, ბევრს ჰქონდა კითხვები, მეტი ინტერესი. ბევრმა სომელიემ და მენტორმა გასინჯა ჩვენი ღვინო, მათი შეფასებები კი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია” - აღნიშნავს უჩა აბულაძე. 

15-წლიანი ისტორიის განმავლობაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა წელს ყველაზე მასშტაბურად გაიმართა, 2-4 ივნისს ExpoGeorgia-მ უმასპინძლა ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებს, საერთაშორისო მედიასა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.