Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ფესტივალი “ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე” - შეჯამება

ელენე ცინცაძე

22 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში ღვინის ფესტივალი “ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე” გაიმართა. ფესტივალი "ღვინის დღეები საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა და მისი მხარდამჭერი "ღვინის ეროვნული სააგენტო" იყო. ფესტივალის პარტნიორი იყო ასევე მთაწმინს პარკი. საინფორმაციო უზრუნველყოფა - vinoge.com.

მთლიანობაში ფესტივალზე 30 მცირე მარანი იყო წარმოდგენილი, რომლებმაც სტუმრებს სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინო შესთავაზეს. მთაწმინდის პარკში თავიანთი ღვინო წარმოადგინეს იმ მეღვინეებმაც, რომლებიც ღვინის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. როგორც მარანი “მარიენფელდიდან” აღნიშნავენ, ფესტივალიც განსაკუთრებით ღირებული სწორედ ახალი მეღვინეებისთვისაა: “ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ფესტივალზე გამოსვლა, რადგან ჩვენი ღვინოების პირველი პრეზენტაციაა. ექსპორტის შემდეგ საქართველოს ბაზარზე პირველად გვინდა დავიმკვიდროთ თავი და ჩვენი საოჯახო მარანი გავაცნოთ ღვინის მოყვარულებს. რა თქმა უნდა, ყველა პატარა მარნისთვის ასეთი ღონისძიებები უფრო და უფრო წამოსწევს წინ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საკითხს”. 


ფესტივალზე შეხვდებოდით ბევრ მეღვინესა და ღვინის ექსპერტს. მიუხედავად იმისა, რომ “ახალი ღვინის ფესტივალთან” შედარებით 22 ოქტომბერს გაცილებით ნაკლები მარანი იყო წარმოდგენილი, ფესტივალის ხასიათიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, მაინც ძალიან ბევრი სტუმარი ამოვიდა. მარანი “ნამდვილი ღვინო” აღნიშნავს, რომ ახალბედა ღვინის მწარმოებლებისთვის ეს დღე ძალზე მნიშვნელოვანია: “ჩვენი მცირე, საოჯახო მარნისთვის ეს მეორე ფესტივალია. წარმოდგენილი გვაქვს ქვევრის
ბიო რქაწითელი. დღევანდელი დღე კი, დარწმუნებული ვარ, რაღაც წვლილს აუცილებლად შეიტანს ჩვენს განვითარებაში და დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ღვინის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს”.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღვინის შეძენასთან ერთად სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ მეღვინესთან ესაუბრა, უფრო მეტი გაეგო კონკრეტულ ღვინოზე. ღვინოების მრავალფეროვნება კი საშუალებას იძლეოდა დამწყებ ღვინის მოყვარულსაც კი აღმოეჩინა თავისი რჩეული ღვინო. ლიკა თოდუა, “ტალერის ტერასების” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მეგრული ვაზის ჯიშებით და ღვინოებით საკმაოდ ბევრი ინტერესდება ამ ბოლო დროს: “2018 წლიდან ექსკლუზიურად ვაწარმოებთ მეგრულ ვაზის ჯიშებს, როგორიცაა ჩეხარდანი, მაჭყვადინა, ეგუძგური. ამ ეტაპზე გამოტანილი გვაქვს მხოლოდ ოჯალეში, ეგუძგური ახლა დუღილის პერიოდშია და მომავალში “შემოგვიერთდება”, ოჯალეში კი შარშანდელია, ჯერ არ დაკრეფილა. ძალიან კარგია ასეთი ტიპის ღვინის ფესტივალები, რადგან სწორედ მათი წყალობით ჩვენი ღვინის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო, ცნობადობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა”.


ფესტივალზე ღვინის მოყვარულებს ღვინოსთან ერთად სხვადასხვა კერძების დაგემოვნებაც შეეძლოთ. შემოდგომის სითბომ, მზემ და მუსიკამ გარემოც უფრო სასიამოვნოდ აქცია ყველა იქ მყოფი ადამიანისთვის. როგორც ვახუშტი მენაბდე, “მენაბდის მარნის” მეღვინე საუბრობს, გურული მეღვინეებისთვის ეს ფესტივალი არაჩვეულებრივი დროა: “ძალიან გვიხარია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ამ ფესტივალზე, მით უმეტეს, რომ ჩვენთვის, გურული მეღვინეებისთვის ეს ძალიან კარგი პერიოდია. ჩვენი წამყვანი ჯიშის, ჩხავერის რთველი ჯერ არ დაწყებულა, მეორე მხრივ კი შარშანდელი ღვინო უკვე მზადაა გასასინჯად, ამიტომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის. ტემპერატურაც კარგია იმისთვის, რომ ღვინო შესაბამის გრადუსზე იყოს თავისი გემოვნური თვისებების წარმოსაჩენად. ველით სტუმრებს და მზად ვართ მათ ჩვენი ღვინით სიამოვნებით გავუმასპინძლდეთ”

ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ღვინოების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და ადგილების აღმოჩენა და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. ფესტივალზე ღვინის მწარმოებლების გარდა იყვნენ ღვინის მწერლებიც, სომელიეებიცა და იმპორტიორებიც, თუმცა ამ დღეს განსაკუთრებით მაინც მეღვინეები ელოდებოდნენ:  “ჩვენ რამდენიმე ღვინო გვაქვს წარმოდგენილი: საფერავი, რქაწითელი, ქისი და კახური მწვანე. გარდა იმისა, რომ ზოგადად ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობის გასაზრდელად და პოპულარიზაციისთვის, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დღეს უამრავი ადამიანი დააჭაშნიკებს ჩვენს ღვინოს, მეტი გაგვიცნობს და ჩვენც უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლას შევძლებთ.”- აღნიშნავს “ღვინერი”.


ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ მრავალფეროვნება და სხვადასხვა ტიპის ღვინოები სხვადასხვა რეგიონიდან უფრო მეტი შედარების საშუალებას იძლეოდა. დამწყები ღვინის მოყვარულისთვისაც კი მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებები, რათა უფრო მეტი გაიგონ, აღმოაჩინონ, შეისწვლონ. სწორედ ამიტომაცაა, რომ თანდათან უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის და ინტერესდება ღვინით. 22 ოქტომბერი კი ახალ-ახალი გემოების აღმოსაჩენად შესანიშნავი დღე იყო. როგორც ჩანს, მხოლოდ სტუმრებს კი არა, ზოგიერთ მარანსაც კი აქვს თავიანთი რჩეული ღვინო, რომელსაც განსაკუთრებულად სთავაზობენ სტუმრებს: “ჩვენი მარანი 5 წელია მხოლოდ რაც ბაზარზეა გამოსული. დღევანდელი ფესტივალი დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი წარმატების საწინდარიც კია. დღეს სტუმრებს საფერავს, ხიხვს, რქაწითელსა და თავკვერს გავასინჯებთ, თუმცა რქაწითელი, თუ შეიძლება ითქვას, ჩვენი “სავიზიტო ბარათია” - აღნიშნავს მარნის “ქიზიყური ტრადიციულის” მეღვინე.


მთლიანობაში, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, შემოდგომის ფესტივალი მზიანი ამინდითა და ახალ-ახალი ღვინოებით ყველა იქ მყოფს აუცილებლად დაამახსოვრდებოდა. ღვინო და ღვინის ფესტივალი კი ალბათ სწორედ ისაა, რაც ნამდვილად აერთიანებს ყველას, მეღვინესა თუ იქ შემთხვევით მოხვედრილ ადამიანს, ექსპერტსა და დამწყებ ღვინის მოყვარულსაც, რომელიც შაბათ დღეს უფრო მეტს გაიგებდა ღვინის შესახებ, პირის გემოსაც უფრო გაიწაფავდა და ინფორმაციასაც მეტს მიიღებდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.