Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. ზურა მირზიკაშვილი. სოციალური საწარმო „თემის“ მმართველი ჯგუფის წევრი

„ფხიზლად დააკვირდი შენს აზრებს; ისინი სიტყვებად გარდაიქმნებიან.

ფხიზლად დააკვირდი შენს სიტყვებს; ისინი მოქმედებებად გარდაიქმნებიან.

ფხიზლად დააკვირდი შენს მოქმედებებს; ისინი ჩვევებად გარდაიქმნებიან.

ფხიზლად დააკვირდი შენს ჩვევებს; ისინი შენს ხასიათად გარდაიქმნებიან.

ფხიზლად დააკვირდი შენს ხასიათს; ის შენს ბედისწერად მოგევლინება.”

ლაო-ძუ, 500 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე

 

ორშაბათი, 9 ნოემბერი

ამ კვირაში თემში მთავარ საზრუნავი საზაფხულო რესტორნის გახსნაა. რესტორანს პირობითად ვეძახით, რადგან ჯერ ვერ მოვიფიქრეთ, ზუსტად რა დავარქვათ. ეს უფრო მეტად სივრცეა, რომელიც აერთიანებს ქვევრების მარანს, ღვინის სადეგუსტაციო სივრცეს, მსუბუქ სარესტორნო მომსახურებას (ლანჩებს), პატარა მაღაზიასა და სხვადასხვა ტურისტულ აქტივობებს (თათარაობა, ხინკლის და სხვა ტრადიციული კერძების მასტერკლასი, რთველი, ა.შ.), ასევე - ოცამდე ველოსიპედი, რომელიც ახლახან შევიძინეთ და საველოსიპედო გზებიც მოვნიშნეთ გრემის მიმდებარე სოფლებში. სტუმრების უმეტესობა უკვე დაპატიჟებულია, ქეთო ნინიძეს ვურეკავ და ვეპატიჟები გახსნაზე, 10 წუთში უკან ზარს მიბრუნებს და მეუბნება, რომ  ჩამოვა თემში მხოლოდ ერთი „პირობით“ - თუ მე ამ კვირაში დღიურებს დავუწერ და გავუგზავნი. 

თემის ველოსადგომი მარნის წინ

მაშ ასე: დილა ჩვეულებრივ იწყება, სუსხიანად. წყალს ვდგამ ასადუღებლად. კომპიუტერს ვრთავ. ყავა. ელ-ფოსტა. ცივა. თბილად ვიცვამ და გავდივარ. უკვე თემელების და ამქრის ბიჭების ხმები ისმის. იღვიძებს თემი. დღე დატვირთულია, ბევრი გვაქვს მოსასწრები. ჰო, მართლა, ცოტა თემზეც უნდა მოგიყვეთ, წარმოდგენა რომ შეგექმნათ, რაზე ვწერ:

„თემი“ ჯგუფი 1989 წელს დაარსდა და 1990 წელს, როცა საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა და არამომგებიანი ორგანიზაციების არსებობა დაუშვა, „წითელი დირექტორების“ შემოწირულობით (დიდი მადლობა მათ ამისთვის დღესაც), გერმანელი ექიმის, ფონ შტაინის სახლი მისი მემკვიდრეებისგან შეისყიდა. სახლი - ყვარლისგან და თელავისგან თანაბრად დაშორებულ, სოფ. გრემში. 

ამ მამულში, 1991 წელს, გაზაფხულზე, თემის პირველი მაცხოვრებელი გაჩნდა. პიროვნებამ, რომელმაც თემი დააფუძნა, რამდენიმე თვით მარტომ იცხოვრა აქ, რათა სახლი საცხოვრებლად, თუნდაც, ოდნავ, ვარგისი გაეხადა (რადგან კომუნისტებმა, რაღა თქმა უნდა, სახლი პატრონებს წაართვეს და საავადმყოფო მოაწყეს; უფანჯრო, უსახურავო, უკარო სახლი, სავსე დამპალი ფიცრებით, გადასაყრელი ლინოლეუმით და სხვა სიბინძურით).

თემის ასწლოვანი სახლი

იმავე წლის შემოდგომაზე თემს შეემატნენ ბავშვები თბილისის ე.წ. შესაძლებლობაშუზღუდულ  ადამიანთათვის განკუთვნილი „სპეცინტერნატიდან“ და სხვა სამეურვეოები.

თემში 100-მდე „მოქალაქეა“. ხანდახან „ვბევრდებით“, როცა ფული გვყოფნის. ყვლაზე მრავალრიცხოვანი რაც ვყოფილვართ, დაახლოებით, 140 მაცხოვრებლი ვიყავით. ამონარიდი ჩვენი წესდებიდან -- თემის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი:

„საცხოვრებელი, სარეაბილიტაციო, დასასვენებელი, ეკოლოგიური პირობების კომპლექსური გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა სამეურვეოთა შემდეგი ჯგუფევისთვის: ობლები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, ფიზიკურად და გონებრივად შესაძლებლობა შეზღუდულნი, ღარიბნი, უსახლკარონი, იზოლირებულნი და მარტოხელები, გარიყულნი, მარტოხელა დედები, დევნილები, ლტოლვილები, უმუშევრები, ადამიანის უფლებების განხორციელების საშუალებას მოკლებული ახალგაზრდები და ბავშვები, მოხუცებულნი და სხვანი... მიზნებში მოიაზრება სოციალურად დაუცველ პირთა და მოსახლეობის ადამიანურ უფლებათა განხორციელების ხელშეწყობა და დაცვა; საოციალურად დაუცველთა მეურვეობის ფორმების განვითარება. 

ბავშვები საზაფხულო რესტორანის გახსნაზე

აქედან გამომდინარე, თემში ცხოვრობენ სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. რომლებიც ერთმანეთისთვის საზოგადოებას წარმოადგენენ და ადამიანები, რომელთაც, სავარაუდოდ, ბევრად მეტი ფინანსური რესურსი ექნებოდათ, მხოლოდ პირადი წარმატება რომ ჰქონოდათ მიზნად. ასევე, მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან, ძირითადად, გერმანელები, შვეიცარიელები, ბრიტანელები.

თემის გერმანელი მოხალისეები - იოჰანესი, ჰეიზელი, კატრინი, ელი, ტობიასი, ული

რუსული შემოჭრის დროს, 2008 წელს, 30 დასავლელ მოხალისემდე გვყავდა. ზოგი 1 თვით დარჩენას გეგმავდა, ზოგი - 1 წლით და მათი უმეტესობის ევაკუაცია მოგვიხდა (რადგან არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები) და ძლივს ვითანხმებდით ამაზე. ბოლოს წასვლაზე ფრანგები „დათანხმდნენ“. 

სამწუხაროდ, ქართველი მოხალისეები არ გვყავს, რატომღაც, სამოხალისეოდ გერმანიას ან ამერიკას არჩევენ ხოლმე. 

ესეც “დღე პირველი”.
 
სამშაბათი, 10 ნოემბერი 

მარანთან სამუშაოები ჩვეული ტემპით, აქტიურად მიდის. 

თემის მარანი

წესით, გახსნამდე ყველაფერს ვრჩებით. სამზარეულოში მზარეულები ბჭობენ, თუ რა დროს ჩაატარონ ყოველწლიური ფეხბურთის ჩემპიონატი: „ბებრები“ VS „ახალგაზრდები“. 

ფეხბურთი თემის მზარეულების ორგანიზებით. ბებრები VS ახალგაზრდები

მახო (თემის ამქრის ხელმძღვანელი) დადის და ბუზღუნებს, რომ ამ თვეში ერთი ხარისხიანი ონკანი ვერ იყიდა... 

დღეს ღვინის ჩამოსხმა გვაქვს. „ჰიპი“ (გერმანული ბავშვის ორგანული საკვების მწარმოებელი კომპანია) ყიდულობს ჩვენს ღვინოს. ღვინო სასაჩუქრედ უნდათ თანამშროლებისთვის და განსხვავებული ეტიკეტი შეგვიკვეთეს (თავიანთი დიზაინით). ეტიკეტები დღეს უნდა დაიბეჭდოს და ჩამოვიდეს, რის მერეც ღვინოს ჩამოვასხამთ. ვინაიდან ღვინის ჩამოსასხმელი ხაზი არ გვაქვს,  „შატო გრემში“, მეგობარ მეღვინესთან, ზურა ახალმოსულიშვილთან ვასხამთ, რომელიც, ასევე, ჩვენი კონსულტანტია და მოხალისედ გვეხმარება. 

ჩამოსხმის ინსპექტირებაზე „კავკასსერტიდან“ინპექტორი მოვიდა. ქარხნის თანამშრომლებიც უკვე აქ არიან. ზურა (ჩემი თამანშრომელი, არა-ახალმოსულიშვილი) მთელი დღე ტელეფონზე კიდია, რათა სტამბამ დაბეჭვდა არ დააგვიანოს და ჩამოსხმა არ გადაგვედოს. მთელი დღის ლოდინის შემდეგ, 4-5 საათისთვის ვარკვევთ, რომ, სამწუხაროდ, დღეს ეტიკეტი არ იქნება და ხვალ 11 საათამდე უნდა ველოდოთ. ამ დაპირების მიმართაც საკმაოდ სკეპტიკური განწყობა მრჩება. გამოცდილი ქართველი ვარ.

ჩამოსხმა გადაიდო. 

ხშირად ვფიქრობ, ფილმი „ცისფერი მთები“ ყველაზე მეტად შეესაბამება ქართულ რეალობას. ზურასთან ლაპარაკის შემდეგ გადავწყვიტეთ: ხვალ სტამბაში წავალ; თან რამდენიმე სხვა საქმესაც მოვითავებ, ეტიკეტებს ავიღებ და 11 საათისთვის უკან, კახეთში გამოვბრუნდები. იქნებ, ხვალ მაინც მოესწროს ჩამოსხმა.

ადვილი წარმოსადგენია, რომ ადამიანები, ვისი მოტივაციაც იყო სოციალურად დაუცველთათვის ოჯახურ გარემოში ცხოვრების, სწავლის, განვითარების, შრომის პირობების შექმნა, უფრო მონდომებულნი იქნებოდნენ, ორგანული / ბიო მეურნეობა ეწარმოებინათ, ვიდრე ქიმიით მოწამლული -- და სხვისი მომწამვლელი; ხოლო საკუთარი მეურნეობა თემს აუცილელად სჭირდებოდა, თვითგადარჩენისთვისაც და მიზნების განსახორციელებლადაც. ამიტომ დღესდღობით თემის საკუთრებაშია 23 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; გვაქვს თანამედროვე დასავლური სტანდარტების ავეჯის სახელოსნო და „ჩვეულებრივი“, „საბჭოთა“, ძნელად რომ გამოიყენებ, ისეთი „ბლოკის ცეხი“ და ქვის სახერხი „ცეხი“; რაღა თქმა უნდა, სულ მუდამ და საკუთარი ხელით ვაშენებთ, ვაკეთებთ „სვარკას“, გვაქვს წყლის და კანალიზაციის მექანიკური, ქიმიური, ბიოლოგიური წმენდის სესტემები... მართალია, ძალიან მაღლფარდოვნად ჟღერს, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ასეთი სისტემის საკუთარ საწარმოებში დაყენება სხვა მცირე და საშუალო ბიზნესებსაც გამოადგებათ.

ჩვენი ღვინის გარანტირებული ხარისხის მისაღწევად (და, რა თქმა უნდა, სანიტარულ-ჰიგიენური აუცილებლობებიდან გამომდინარე), თემისთვის აუცილებელი იყო სასმელი წყლის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. აღმოვაჩინეთ, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ლაბორატორიების უმეტესობაში, კოლიფორმის ბაქტერიაზე წყალი არ მოწმდება; რომ წინაღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ეკოლოგიური უბედურების ზონად გამოცხადების საკითხი დამდგარიყო. კომუნისტებმა ქმედითი გამოსავალი იპოვეს: წყალი სასმელად „ვარგისია“ -- თუ კოლიფრომის ტესტს არ ჩაუტარებ. სირთულის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი გამოსავალი თანამედროვე სტანდარტების ულტრაიისფერი ფილტრების გამოყენებაა; ღირებულება, დაახლოებით, $1000-$200-მდეა, სიმძლავრისა და სხვა შესაძლებლობების შესაბამისად.  

 

ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 

დილის 7 საათი. კვლავ სუსხიანი განთიადი. მანქანის ძრავის გასახურებლად ცხვირის სრუტუნით გამოვდივარ - გავცივდი. ზურა უკვე გამქრალია. თემში მომავალი მზარეულები მხვდებიან და მიბოდიშებენ, რომ ასე ადრე საგზლად გასატანებელი არაფერი აქვთ. 

11 საათისთვის თბილისში ჩემი საქმეები მოთავებული მაქვს. სტამბა ისევ აგვიანებს ბეჭვდას, კიდევ რაღაც საქმეები გამოვიჩინე და 2 საათისთვის სტამბაში დავბრუნდი. ვასო („ჰიპი-საქართველო”-ს ხელმძღვანელი) უკვე იქაა დილიდან. მაინცდამაინც, ოპტიმისტურად არ გამოიყურება. საათში ერთხელ ვკითხულობთ, თუ რა ეტაპზეა ეტიკეტების ბეჭვდა. ყოველ ჯერზე გვამშვიდებენ, „არ ვინერვიულოთ“ და რომ 1 საათში („მაქსიმუმ“) ყველაფერი გამზადდება. 

სტამბა მდებარეობს ძველი, მიტოვებული ქარხნების ტერიტორიაზე, მეოთხე ან მეხუთე სართულზე (ზუსტად არ ვიცი - ფანჯრები არ აქვს და კარგად ვერ იგებ, სად ხარ), უზარმაზარ შენობაში. მგონი, მხოლოდ ეს ერთი სტამბაა და ამასაც 1 სართული უკავია, სადღაც შუაში. თანამშრომლები: 1 დირექტორი, 1 დიზაინერ-მდივან-მენეჯერ-მომბოდიშებელი (რომელიც ძირითადად ადგილზეა და გიბოდიშებს დაგვიანებისთვს), 1 მბეჭდავი (რომელიც, როგორც მოგიანებით გაირკვევა, დირექტორის ძმაა) და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც საიდანღაც შემოდის (მიტოვებული ქარხნის სავარაუდოდ მე-5-ე სართულზე!), ჩაის/ყავას სვამს მდუმარედ და გადის.  ასე, თამაშ-თამაშში, მოვიდა საღამოს 7 საათი და გამოგვიცხადეს, რომ საბეჭდი მანქანა გაფუჭდა და „ცოტა ლოდინი“ მოგვიწევს. ვასოს და მე სახეზე მსუბუქმა ღიმილმა გადაგვიარა და, თხა-თხაზე ნაკლებიო, ჩვენც ყავის დასალევად წავედით. რომ დავბრუნდით, მანქანა გაკეთებული იყო. ახლა მბეჭდავს ვერ პოულობდნენ. დირექტორის დატუქსვის შემდეგ, მბეჭდავი მოვიდა და დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას შეუდგა. ვასო მბეჭდავს ეუბნება, ეს ის ფერი არ არის, რაც ჩვენ გვინდოდაო. მბეჭდავმაც იმედიანად - ნუ გეშინია, ძმაო, რომ გაშრება, ყველაფერი თავსი ადგილზე იქნება, პრობლემა არ არისო...

ვასო და მე საბეჭდ მანქანას ვეღარ ვშორდებით, მბეჭდავს ვეხმარებით, გვინდა რომ ყველაფერი მალე მორჩეს. ღამის 12 საათისთვის ვასოს გერმანიიდან დირექტორი სწერს, აინტერესებს რა ხდება. ამ დროს ვასო საბეჭდ მანქანასთან დგას, ერთი ხელით თავს ზემოთ ეტიკეტების რულონს ასწორებს რათა მანქანამ არ ჩაიხვიოს და მეორეთი წერილს ხსნის. სახეზე ღიმილმა გადაუარა, გამომხედა. 

მეკითხება: 

„ეხლა თუ მივწერ, რასაც ვაკეთებთ, როგორ ფიქრობ დაიჯერებს?” 

აი ისიც, საბეჭდი მანქანა

დილის 3 საათი ხდება ბეჭდვას რომ ვრჩებით. უკვე კარგა გაციებული და დაიმედებული, რომ დღეს მაინც ჩამოვასხამთ ღვინოს, გომბორის თოვლიანი გზას ვადგები გრემისკენ. დილის 5 საათისთვის მოვდივარ თემში და, ცხელ-ცხელი ჩაის შემდეგ მკვდარივით მეძინება.

 

ხუთშაბათი, 12 ნოემბერი  

დილის 9 საათზე ზურას ზარმა გამაღვიძა. ტელეფონში ხმა ამბობდა: პოლონელელი პარტნიორები არიან ჩამოსულები და სასტუმროდან უნდა წამოვიყვანო. „ამას მაღვიძარა ჰქვია, რა“ - ვბურდღუნებ ჩემთვის, საჩქაროდ ვიცვამ და აი, უკვე თელავისკენ მივდივარ. 

ახლა ჩემი გადარჩენა მხოლოდ იმაშია, რომ სტუმრებმა წუხელ გვიან დაიძინეს და, იმედია, დღეს ადრე ვერ ადგნენ; იმის მოყოლას ხომ არ დავუწყებ, როგორ ვითვისებდი მბეჭდავის ხელობას მთელი ღამის მანძილზე.  სასტუმროში მივდივარ. სტუმრები ჯერ კიდევ საუზმობენ და მეც ამაყად ვაბიჯებ ჰოლში. დაგვიანებას გადავრჩი.  ცოტა ხანში ზურა ისევ მირეკავს და მეუბნება: ჰო, სხვათა შორის, დამკვეთმა ეტიკეტი დაიწუნა ამბობს, ეს ის ფერი არ არის, რაც მე გამოვგზავნეო. და საიდანღაც მბეჭდავის ომახიანი ხმა მტკივნეულად ჩამესმა „ნუ გეშინია, ძმაო, რომ გაშრება, ყველაფერი თავის ადგილზე იქნება, პრობლემა არ არის...“

რას ვიზამთ, ეტიკეტი ხელახლა დასაბეჭდია.

გეგმები ოდნავ იცვლება. გადავწყვიტეთ, სტუმრები ჯერ პატარა ტურზე წავიყვანოთ მშობლიურ კახეთში, მერე - თემში, გახსნის სამზადისის სანახავად... ვოიტეკი (პოლონელი პარტნიორი ორგანიზაციიდან, ხშირად არის საქართველოში და ბევრს მოგზაურობს მსოფლიოშიც) ნაჩქარევად მიხაზავს რუკას ადგილებით, რომლებიც მეც კი არ ვიცი, სტუმრებს „მატანს“, თვითონ კი სასტუმროში რჩება სამუშაოდ. დანარჩენები პირველად არიან საქართველოში და ვსაუბრობთ, თითქმის, ყველაფერზე: ისტორია, ტურიზმი, პოლიტიკა, რუსეთი, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა; და ღვინო, რა თქმა უნდა!

ხშირად გვეკითხებიან, რა განსხვავებაა ორგანულსა და ნატურალურს შორის. განსხვავება ასეთია: თუ მწარმოებელი აცხადებს, რომ ქიმიას არ ხმარობს -- ნატურალურია; თუ მწარმოებლის ამ განცხადებას ადასტურებს დამოუკიდებელი სერტიფიკატორი (ჩვენს შემთხვევაში ეს „კავკასსერტია“, რომლის სერტიფიკატს აღიარებს ევროკავშირი) -- ორგანულია. ღვინის მწარმოებლებისგან გამიგონია, რომ სერტიფიკატი მხოლოდ ღვინის ორგანულობას ადასტურებს და არა ყურძნის; ეს არასწორია - და შეუძლებელიც იქნებოდა ქიმიურად დამუშავებული ყურძნის ღვინო ორგანული ყოფილიყო.

თემის სოფლის მეურნეობა მთლიანად (და არამხოლოდ, ღვინო) ორგანული / ბიოა: იაპონიის საელჩოს გრანტით შეძენილი; ტრაქტორი-უნივერსალი, 95 ც.ძ.-იანი „New Holland“ აქსესუარებით მუშაობს თემის ვენახებში, ბაღ-ბოსტნებში, სათბურისთვის; ამავე გრანტით აგებული 700 მ2 სათბური, სადაც მოდის სალათა, ტრადიციული მწვანილი, კიტრი, პამიდორი... მერწმუნეთ, ჩვენს პამიდორს ზამთარშიც სურნელი აქვს და არა მუყაოს გემო : ) სახაბაზო შეშაზე, სადაც შესაძლებლობაშეზღუდული ადამიანები მუშაობენ - ცომის მოზელვაზე, მცხობელებად, დამხმარეებად - ჩვენს მზარეულთან, თამუნასთან ერთად; ავეჯის საამქრო, რომელსაც მეორედ სასოფლო-სამეურნეო ნაწილში ვახსენებ, რადგან პრემიუმ-ხარისხის ღვინის ბოთლებისთვის ხის ყუთებს გვიმზადებს.

 

პარასკევი, 13 ნოემბერი

„დღე მეხუთე“ - მეღვინეობა, რომელსაც დაარსებიდანვე ვეწეოდით. კომერციული მეღვინეობა დავიწყეთ 2005 წელს ორგანული ვენახის ჩაყრის შემდეგ, ნაკვეთზე, რომელიც წლების განმავლობაში „ისვენებდა“ და, ამდენად, ქიმია არ გაჰკარებოდა. 6.7 ჰა, მხოლოდ რქაწითელი და საფერავი და, შესატყვისად, სამი სახის ღვინო: „რქაწითელი“, „საფერავი“ და „ქინძმარაული“ - მეღვინეებმა უწყით, რომ ორგანული წესით, მაცივრის და ფილტრაციის გარეშე“, ქინძმარაულის დაყენება-შენარჩუნება, თითქმის, შეუძლებელია.

ჩვენს ვენახში

უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი ნაწარმის ხარისხის გაზვიადებული შეფასების საფრთხეს ავცდენოდით. ამიტომ, მოთმინებით ველოდით, როდის დაემთხვეოდა ჩვენი მოლოდინები საექსპერტო შეფასებებს. დღესდღეობით წარმატებული გაყიდვები გვაქვს დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში - მაგ., ნორვეგიაში $ 62 ღირს და ბესტსელერია ქართულ ღვინოებს შორის; 2013 წელს ჩვენმა ღვინომ ვერცხლის მედალი აიღო „ვაინექსპო-ჯორჯიაზე“, 2014-სა და 2015-ში - ოქრო.

იაპონურმა ჟურნალმა „Wine What?!” (ოქტომბერი, 2014) თემის ღვინოები ასე შეაფასა: „თემის ღვინო ყველაზე ლამაზი გემოსია ყველა ღვინოში, რომელსაც შევხვედრივართ. ჩემდა სამარცხვინოდ, ამ ღვინის მწარმოებელთა თვალწინ ვიტირე… თემის ვენახი სახელგანთქმულ Grand Cru-ში, ქინძმარაულის ზონაშია განლაგებული... თქმა აღარ უნდა, როგორია ქინძმარაულის Grand Cru-ში, ორგანულ მეურნეობაში… წარმოებული ღვინო”.  
ცხადია, ღვინის ხარისხიანობას ვერ მივაღწევდით მეგობარი მეღვინეების დახმარების გარეშე. ზურა ახალმოსულიშვილი, გოგო დაქიშვილი, ვანო შიუკაშვილი, ქეთი ალადაშვილი... ადამიანები, რომლებიც უანგაროდ გვეხმარებიან ღვინის დაყენებაში.

ვანო და ზურა თემში, სამუშაო პროცესში

დღეს ვანოს ვურეკავ, ვრწმუნდები, რომ ხვალ გახსნაზე იქნება. მინდა, ხვალ სტუმრებთან ღვინის წარდგენა გააკეთოს. საჯაროდ სიტყვით გამოსვლაზე არ გიჟდება. ხათრს ვერ მიტეხავს და დაღრეჯილი სახით მთანხმდება. თან „მაშნატაჟებს“: ვიცი, „დედაკაცი“ ამერიკაში გყავს გაგზავნილი და თავისუფლად ხარ ახლა; რაღაცას ვწერ, დახმარება მჭირდება და სანამ ჩამოვა, უნდა დამეხმარო, მერე, შეიძლება, აღარ გამოგიშვასო : ) ვანო ღვინის ენთუზიასტია (არა, პროფესიონალი მეღვინეცაა საკუთესო, დასავლური განათლებით) და, გარდა იმისა, რომ „კორპორაცია ქინძმარაულის“ მთავარი მეღვინეა, აქტიურად, უსასყიდლოდ, ეხმარება ბევრ საოჯახო ღვინის მწარმოებელს ღვინსი ხარისხის გაუმჯობესებაში.

რაზედაც ძალიან გული გვწყდება - რა თქმა უნდა, ქვევრის მეღვინეობაც ვერ ასცდება სხვა ბიზნესების არასასიამოვნო ხერხების გამოყენებას. მაგრამ, რამდენიმე წლის დაკვირვების მერე, დარწმუნებული ვართ, რომ კონკურენცია ზედმეტად დაუნდობელია ამ ბიზნესში და ეს ზედმეტად მკაცრი კონკურენცია ყველა მონაწილეს აზარალებს, იმათაც კი, რომლებიც ამჟამად მიიჩნევენ, რომ კონკურენტების მარგინალიზება მათთვის სარფიანია. ქვევრის ღვინის მწარმოებლები არც ისე ბევრნი ვართ (იმედია, ჯერჯერობით) და ერთმანეთისთვის ხელშეწყობა ბევრად მეტ სარგებელს მოგვიტანს ვიდრე - ერთმანეთისთვის სახელის გატეხვის მცდელობა. იმედია, ჩვენს პოზიციას უფრო და უფრო მეტი მწარმოებელი გაიზიარებს ახლო მომავალში.

საღამოს ვმღერით. თემში სიმღერა ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილია . ყოველ საღამოს, ვისაც სურვილი გვაქვს, ვიკრიბებით და ვმღერით, 6 „ცხელი“ თვისა („ამერიკული“, ანუ ამერიკის მთავრობის ფულით აშენებული, სახლის პანდუსზე), 6 „ცივი“ თვის (იმავე სახლის მეორე სართულზე) მანძილზე... ჰოლში. ჩემდა გასაკვირად, თემის, თითქმის, ყველა უცხოელი მოხალისე ქართულად ჯერ სიმღერას იწყებს და მერე - ლაპარაკს. სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. სიმღერას ახლა ვიწყებ, ამღერებამდე ალბათ კიდე ბევრი მიკლია...

კარგად მახსოვს, 5 წლის წინ პირველად თემში მოსულს, რა დამემართა, როცა პირველსავე საღამოს სიმღერას მოვუსმინე. მაშინ გადავწყვიტე, რომ, ადრე თუ გვიან, მეც მათთან ერთად ვიმღერებდი. აქ სიმღერას რაიმე განსაკუთრებული წესები არ აქვს, არც განსაკუთრებული ნიჭი გჭირდება. მღერის ყველა, მღერიან ისე,როგორც შეუძლიათ, არც არავის ეჯიბრებიან, არც რაიმე ღონისძიებისთვის ემზადებიან. ნამღერი ჩემთვის განსაკუთრებით ლამაზი, მშვიდი და მისტიური გამოდის. აქ ჩემზე გამოცდილი „მომღერლები“ მეუბნებიან, მხოლოდ ვცადო სიმღერის დროს სხვას ხელი არ შევუშალო, მეც ვიღიღინო და ნელა-ნელა ყველაფერი გამოვა.

საღამოს სიმღერები თემში

ხვალ გახსნა გვაქვს. ცოტა ვნერვიულობ - რამდენი ადამიანი მოვა, როგორი ამინდი იქნება, ყველაფერი თუ თავის დროზე გაკეთდება, პარტნიორებს/დონორებს თუ მოეწონებათ?! მე როგორ ვიქნები, ხმა მექნება თუ არა?! ამ ფიქრებში გართულს მეძინება და...

 

შაბათი, 14 ნოემბერი 

... და უკვე შემდეგი დღე - თემის „რესტორნის“ გახსნა. უკანასკნელი წლებია, ბევრი შევმატეთ თემის მარანს. ვისი ფული აღარ დაგვეხმარა ამაში!: “IWAG”-ის (ქალბატონების ორგანიზაციაა, დიპკორპუსის წევრები, საერთაშორისო დონორი-ორგანიზაციების ტოპ-მენეჯმენტი და/ან მათი მეუღლეები, ქართველი წარჩინებული ქალბატონები); დიდი შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბარნსის სახელობის ყოველწლიური ღონისძიება „Burns Suppper“; ოქსფორდისა და ჰარვარდის სტუდენტების, კანადელი, შვეიცარიელი და პოლონელი მეგობრების და სხვა. ამჟამად 50 ტონამდე ღვინოს იტევს, თითოეული ქვევრის ტევადობა 500-3000 ლიტრამდეა. ბოლოსდაბოლოს, მივაღწიეთ იმას, რომ ღვინის საზაფხულო რესტორანი-ტერასა დავასრულეთ და დღეს გახსნა გვაქვს.

საზაფხულო რესტორანი

დეგუსტაცია რესტორნის გახსნაზე

სტუმრები მოდიან. მე - გაციებული. ხმა, თითქმის, აღარ მაქვს. გერმანელი მოხალისეები მთელი დღეა, ჩემი ხმის გამო დამცინიან. მომქანცველი სამუშაო კვირის შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, კარგი გასართობი იპოვეს. მართლა ბევრი კი იმუშავეს, როგორც ყოველთვის. სავალდებულო სამუშაო საათების და სამუშაო გრაფიკის გარეშე, მზად არიან ნებისმიერ დროს ნებისმიერი საქმის შესასრულებლად. თუ ჩემნაირი გასართობიც იპოვეს, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს : ) პირს რომ ვაღებ, ხმებს ვუშვებ! - ბავშვებს ეშინიათ და გარბიან. სტუმრებთან ლაპარაკს, ვცდილობ, თავი ავარიდო (ვის ეხალისება, ხროტინა, ცხვირაწითლებულ, თვალებამღვრეულ, ერთმანეთისთვის შეუსაბამო, რამდენიმე ფენა თბილ ტანსაცმელში გახვეულ, თავზე ქუდჩამოფხატულ წოწოლასთან ლაპარაკი). არ გამომდის და რაც შემიძლია, ვქაქანებ, მოხალისეებისა და თემის სხვა მოქალაქეების გართობის საგანი ვხდები, რაღაც გონებამახვილური საფრთხობელასმაგვარი. 

სამუშაო პროცესში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად

თითქოს, სტუმრები კარგ დროს ატარებენ. ზოგი ჩურჩხელას ავლებს, ზოგი ხინკალს ახვევს, ზოგიც ღვინოს სინჯავს (ვანომ დაკისრებულ მოვალეობას სრულყოფილად გაართვა თავი).

და აი, პირველი ველოსიპედებიც „გაქირავდა“! დღის მეორე ნახევარში პოლონეთის საელჩოს თანამშრომლები მთხოვენ, ერთ-ერთ საველოსიპედო გზის ინსპექტირებაზე წავიყვანო და სიამოვნებით მიმყავს. შთაბეჭდილებებით დატვირთულნი ვბრუნდებით. არქიტექტორი ცოლ-ქმარი შემოდგომისთვის ცნობილი პოლონელი მხატვრის ჩამოყვანის გეგმას გვითანხმებენ, თემის წყალსაწნევის ფერდობზე ინსტალაციის მოსაწყობად; თბილისელი მეგობრები და მხარდამჭერები გვახარებენ, რომ სასიკვდილოდ გადადებული ნიკუშა ნატროშვილი გადარჩა და ამერიკაში „ბოლო“, „პატარა“ ოპერაციაღა დარჩა გასაკეთებელი. და, რა ვიცი, კიდევ, რა გასახარი ამბები მოდის გახსნაზე ჩამოსული მეგობრებისგან. დღემ კარგად ჩაიარა. მგონი, უკმაყოფილო არავინ წასულა.

და თემის მუშათა კლასი მოხალისეებთან ერთად ვახშამს ვიწყებთ. ერთმანეთს შეხედულებებს ვუზიარებთ. ეს ოხერი, არაფერმა მიშველა, მაინც დაცინვის მთავარ სამიზნედ ვრჩები. მოიცათ, გახდებით თქვენც ავად...

 

კვირა, 15 ნოემბერი 

„დღე მეშვიდე“ – „დასვენება“. 

პოლონელი პარტნიორები ისევ თემში არიან. დავასრულეთ რა პროექტი, უკვე სამომავლო გეგმებს განვიხილავთ. პირადად მე, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ბოლო 2 წლის განმალობაში ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ. ცოტა ხანში მათაც ვაცილებთ - იმ პირობით, რომ მომავალ ზაფხულს ოჯახებით დასასვენებლად გვესტუმრებიან.

რაც შეეხება, დასვენებას, ამას, ჯობს, ფოტოებით გამოვხატავ - რათა ვცადო, წარმოგადგენინოთ, როგორია დასვენების დღე თემში… და, შეიძლება, ისიც რომ წარმოგადგენინოთ, რატომ ავირჩიე თემში ცხოვრება და რატომ დავანებე თავი რესტორან-სასტუმროების მენეჯერობას... 

თუმცა ამას ჩემზე კარგად ჩემი მეუღლე იტყოდა, რომელიც გავიცანი, თითქმის, 6 წლის წინ, როცა თემში მოხალისეობდა, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი, შემდეგ კიდევ ერთი წელი მოგვიწია თემიდან ლონდონში სასწავლებლად გადასახლება, სადაც ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრატურა დაამთავრა და ახლა, როცა იძულებული იყო, თემისთვის თავი დაენებებინა და 2 კვირით ამერიკაში წასულიყო (რადგან ამერიკელია და გადაუდებელი საქმე ჰქონდა), ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება თემში. დიდი ხანი აღარ დარჩა, მალე ბრუნდება... დღიურის ფორმა გამოვიყენე და პირადულიც გავაპარე, იმედია მაპატიებთ : )

© ზურა მირზიკაშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

P.S. ქეთო ნინიძე, მე ჩემი პირობა შევასრულე, ახლა ჯერი შენზეა : )

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

საქველმოქმედო კავშირ თემის facebook გვერდი იხილეთ აქ.



სიამოვნებით წავიკითხე ჩანაწერები... გამახსენდა ჩემი სტუმრობა თემში,როცა ზურას მიპატიჟება სიხარულით მივიღე და თბილისიდან გრემისკენ გავწიე. ეს იყო ხანმოკლე სტუმრობა, მაგრამ ძალიან თბილი, ღიმილით სავსე, იმ ღიმილით რომელსაც იქ მყოფი უსაყვარლესი ადამიანები მჩუქნიდნენ. გამახსენდა ეზო, ვენახი, ბოსტანი, თემის ასწლოვანი სახლი... ვკითხულობდი ამ დღიურს და ვიყავი ისევ თემში, სადაც ყველაფერი გამსჭვალულია დიდი სითბითი და სიყვარულით. თემის ყველა წევრს გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემას! ზურა, მინდა იცოდე - მე მეამაყება, რომ გიცნობ... მეამაყება, რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ! დიდი სიყვარულით, დარინა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.