Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩვენი დღე - ლევან სეფისკვერაძის ბლოგი

თუკი ღვინო და სიცოცხლე გიყვარს, სულ სხვანაირი განწყობით გეღვიძება, როდესაც იცი, რომ დღეს „ახალი ღვინის ფესტივალია“. ეს არ ჰგავს იმ დილას, როდესაც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სადმე უნდა გახვიდე და როგორც დღეს იციან ხოლმე თქმა, „კარგი უიქენდი გაატარო“. ეს უფრო ჰგავს მონატრებულ, დიდი ხნის უნახავ შეყვარებულთან შეხვედრას, რომელიც პაემნისთვის და მიჯნურობისთვის საუკეთესო დროს, მაისის მეორე კვირის შაბათს ირჩევს და თითქოს მთელი დაუსრულებელი წელი სწორედ ამ ერთი დღის იმედითა და რწმენით იცხოვრე. და აი, ეს დღეც დადგა!

შემიძლია სანაძლეო დაგიდოთ, რომ უეჭველად ამოვიცნობ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მჯდარ ადამიანთაგან რომელი მიდის „ახალი ღვინის ფესტივალზე“. აუცილებელი არაა მაინცდამაინც საუბრობდნენ წინა ფესტივალის შთაბეჭდილებებზე, ღვინოზე და იმაზე, წლევანდელი ფესტივალისგან განსაკუთრებით რას მოელიან. მთაწმინდის პარკში ამსვლელი ადამიანები სხვანაირ სიხარულს და სილაღეს ასხივებენ და შეუძლებელია ისინი საქმეზე ან წირვაზე გულდარდიანად მიმავალ ხალხში აგერიოს. ესეც არ იყოს, ფესტივალის ხშირი და მუდმივი სტუმრები ერთმანეთს უკვე სახეზე ვცნობთ და იმდენი სრულიად უცნობი ადამიანი მესალმება ხოლმე დიდი მოკითხვებითა და გულში ჩაკვრებით, თითქოს სხვა დროს ერთმანეთის გარეშე ჭიქას არ ვწევდეთ.

თუ ფესტივალის ხშირი სტუმარი ხართ და იმ კატეგორიას არ განეკუთვნებით, რომლებიც მთაწმინდის პარკში გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალზე“ ავტომანქანებით ადიან და მერე ნერვიულობენ, აქ რამდენი კარგი ღვინოა და საჭესთან რამ დაგვაჯინაო, ტრანსპორტიდან გადმოსვლისთანავე (ძალიან ადრეც რომ მიხვიდეთ) შეუძლებელია არ შეგხვდეთ უკვე გვარიანად შემთვრალი ნაცნობი, რომელიც მის მიერ მოწონებული ღვინის დახლთან მიგიყვანთ და მეღვინეს ეტყვის: „ერთი ამასაც გაასინჯე, მე რაც მომეწონაო“.

ფესტივალი ვისაც გვემშობლიურება, ყველა დამეთანხმება, რომ თავიდანვე „მკაცრად მიყოლა“ და ყველა ღვინის ჭაშნიკი არ ღირს. ბრძოლასავითაა - ჯერ უნდა დაზვერო, შეისწავლო სიტუაცია, ხალხს შეხვდე, მიესალმო, ჩაეხუტო, გადახედო-გადმოხედო, აქეთური-იქეთური და როდესაც „ბრძოლის ველი“ შესწავლილი გექნება, მოიმარჯვო ჭიქა და „იმერეთის ფლანგს დაარტყა!“. კარგად მოგეხსენებათ, რომ იმერელ მეღვინეებს როგორც წესი მსუბუქი თეთრი ღვინოები აქვთ და „მოთელვა“, გემოების გახსნა და ლაზათიანი სიტყვა-პასუხი სწორედ იმერეთიდან იწყება.

„რავარი არი?“ - გკითხავს ობჩელი კაი კაცი და მოგაჩერდება ისე, რომ ძალიან ცუდი ვინმე უნდა იყო მის ცოლიკოურში შრომის, მონდომების და პატიოსნების გარდა სხვა რამე დაინახო. გვერდიდან ზესტაფონელი ერთი ხელით თავის ციცქას გისხამს და ამავდროულად მისი ცოლი პურის ნატეხზე დადებულ ყველს გაწვდის - „ჯერ დილაა და ხემსჩოუსვლელად ღვინის სმა ვის გოუგიაო“. „რაც ეგრე მისვამს, იმდენი გახარება მე“ - იძახის შენს უკან მდგომი უცნობი ჭიქამომარჯვებული კაცი, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის დაუსხამენ.

ქართლელი მეღვინეები ნაბახუსევზე ბრძანდებიან. წინა საღამოს ერთად ჩამოსულან თბილისში, ერთ-ერთი მეღვინის შვილთან დარჩენილან, გვარიანად დაულევიათ და ახლა ერთმანეთს აბრალებენ. „ვინც ბოლო ჭიქა დამისხა იმის ასე და ისეო“. ნაცნობ გორელ მეღვინეს თეთრი, ქათქათა ნაჭერი გადაუფარებია პატარა კალათაზე, რომლიდანაც ჩურჩხელების წვერები მოჩანს. მისი გორული მწვანე მღვრიეა, მაღალმჟავიანი. ჩინური უბრალო და მსუბუქი, ისეთივე, როგორ ეს კაცი. უბრალო კაცია და ღვინის შეფასებაც უბრალო აკმაყოფილებს - „კარგია არა?“. - „მააშ!“.

ხალხი მოდის და მოდის. შენც მოდიხარ ხასიათზე და ისე გულღიად ესალმები ტვინის მბურღავ ნაცნობს, თითქოს მომდევნო ძვირფასი ერთი საათი მას არ უნდა დაუთმო. რამდენიმეგან მწვადი იწვება და მისი სუნი გაღიზიანებს, მაგრამ იცი, რომ სამწვადედ გალაღება ჯერ ადრეა. წინ კიდევ მთავარი ამბები გელოდება.

ფესტივალზე აჭარელი, გურული და მეგრელი მეღვინეები სხვებთან შედარებით ცოტანი არიან, მაგრამ რომ არიან და მათი რიცხვი წლიდან-წლამდე რომ იზრდება, ეს სწორედ ამ ფესტივალის დამსახურებაა. მახსოვს, როდესაც „ახალი ღვინის ფესტივალს“ ეყრებოდა საფუძველი, აჭარელი ან მეგრელი მეღვინის ფესტივალზე მოწვევაზე მხოლოდ თუ ვიოცნებებდით. ეს კი არა და, თავიდან კახელებიც კი ცოტანი გვყავდა. წელს კი ჩხავერებთან და ოჯალეშებთან ისეთი რიგი იდგა, თვითონ ნაცნობმა მეღვინეებმა გამომიტანეს მათი ღვინოები, დამისხეს და ცნობილი მეგრულ-გურული მონადირული თვალმოჭუტვით მომაჩერდნენ, რას გვეტყვი აწი-ო. მათი ღვინოებიც კარგი იყო. ძალიან კარგი!

როდესაც ფესტივალის ტრადიციად ქცეულ სიმბოლურ პატარა ქვევრს (ქოცოს) ხდიან და ხალხი იგებს ქვევრში რომელი ღვინო ესხა, იმ მეღვინის დახლს უმალ ზღვა ხალხი აწყდება. წელს ეს პატივი ახალგაზრდა რაჭველ მეღვინეს, ზუკა მაისაშვილს ხვდა წილად. მერე ბევრი აღიარებდა, რომ წელს პირველად დალიეს მშრალად დაყენებული რაჭული წითელი ღვინო. აქამდე ხომ მიიჩნეოდა, რომ რაჭული წითელი ღვინო მაინცდამაინც ნახევრადტკბილი უნდა იყოს.

რაჭველები და ლეჩხუმელები, ისევე როგორც გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულად, ღვინის ფესტივალებზეც არ შორდებიან ერთმანეთს და როგორც წესი, ერთად დგანან. მათთან არ ჭრის თხოვნა და განმარტებები, რომ ცოტა დაგისხან, რადგან კიდევ ბევრი ღვინის გასინჯვას აპირებ და „ცოდო ხარ“. რაჭველი და ლეჩხუმელი (თუ გიცნობს, მით უმეტეს) მუდამ ბევრ ღვინოს გისხამს და კარგი ბიჭი ხარ და ბოლომდე ნუ დალევ! „ეს ღვინო დასალევადაა მოტანილი“ - ამბობს ერთი და ეთანხმება ყველა. ეთანხმებიან და თავადაც ისხამენ დიდ ჭიქებში. ხომ არ გგონიათ, თავად არ დალევენ?!

ადრე ჩემმა მეგობარმა, იმერელმა მეღვინემ რამაზ ნიკოლაძემ გამახსენა ცნობილი ლეჩხუმური სიმღერა „ლაჭეპიტა ოფიტარა“ (რამაზი დედით ლეჩხუმელია და იცის ეს ამბები), სადაც პირდაპირი მუქარა ისმის მათდამი, ვინც ღვინოს ვერ ან არ სვამს. „ღვინით სავსე ყანწში ჩაგსვამ, გადაგყლაპავ უსუნთქია“ - ასე ემუქრება ერთი კაცი მეორეს და შენ რა გინდა რომ ქნა?

მათი ღვინოები - უსახელოური, „ხვანჭკარა“, „ტვიში“, ორბელური ოჯალეში, თეთრა და სხვა... ფესტივალის სტუმრებში ყოველთვის განსაკუთრებულად პოპულარულია ხოლმე. პოპულარულები გახდნენ ეს მეღვინეებიც, რომლებსაც ბევრი სტუმარი უკვე სახელებით მოიხსენიებს და გეკითხებიან: „მირანდა რომაა ლეჩხუმელი ქალი, იმის ღვინო საითკენაა?“ ან „დათოს უსახელოური მოგვასწავლეს და დათო რომელია?“.

„ახალი ღვინის ფესტივალზე“ მეღვინეებიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კახელია. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. კახელები დინჯი ხალხია, თუმცა ყველაზე მეტად მაშინ ბრაზდებიან, როდესაც ვინმე რქაწითელს აბაიბურებს და ნაკლებ საინტერესო ღვინოდ თვლის. მახსოვს პანდემიამდე ბოლო ფესტივალზე (2019 წელს) ჩემი ნაცნობი გურჯაანელი მეღვინე როგორ გაბრაზდა, როდესაც ერთ-ერთმა სტუმარმა დაიწუწუნა: „რა არის, ამ რქაწითლის მეტი კახელებს არაფერი გაქვთო?!“. „უკეთესს თუ რამეს დამალევინებ, წაგიყვან და ქვევრებს გავტეხამო“ - ასე უთხრა მეღვინემ.

წელსაც ფესტივალის ნამდვილი ჰიტი ჯიში კახური რქაწითელი იყო. დიდ კომპანიებს თუ საოჯახო მარნებს, მთელი კახეთიდან და ქვემო ქართლიდან,  რქაწითლისგან დაყენებული რა გინდა რა სტილისა და შინაარსის რქაწითელი ჰქონდათ. ქვევრის, კასრში დაყენებული, უჟანგავ ჭურჭელში დადუღებული, უჭაჭო თუ სრულ ჭაჭაზე დავარგებული, კუპაჟში თუ სეპაჟში, მშრალი თუ ნახევრად მშრალი... ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ე.წ. „პეტ-ნატების“ დაყენება და კახელებმა რქაწითლისგან ამგვარი ტიპის ცქრიალა ღვინოების დამზადებაც კი დაიწყეს. გურჯაანისა და თელავის კვალად ლაგოდეხი და სიღნაღი, ყვარელი და ახმეტა გააქტიურდა. კახეთში იმდენი ახალი მარანი შეიქმნა და იმდენი ახალი ვენახი გაშენდა, კაცმა რომ მოინდომოს რქაწითლისა და საფერავის ფესტივალების ცალ-ცალკე ჩატარებაც კი მოხერხდება.

მაგრამ, ცხადია, კახური ჯიშური მრავალფეროვნებაც იყო. ქალი და კაცი ეძალებოდა ბოლო წლებში ძალიან პოპულარულ ქისსა და ხიხვს, მწვანესა და მცვივანს, ჟღიასა და ახმეტურ წითელს. და, რა თქმა უნდა, საფერავს! ბუდეშურისებრსაც და ჩვეულებრივსაც - ნაღდს, ფესტივალის სულ ბოლოს დასალევს.

მე თუ მკითხავთ, საფერავის დამყენებელი და ამ ჯიშს მოყვარული ხალხი საფერავივით დინჯი და წელმძიმეა. ფესტივალის სტუმრები, რომლებსაც თან ბავშვები ახლდათ, ჭიქაში ენის ჩასაყოფად და სალაღობოდ, სასინჯად თავადაც საფერავს სვამდნენ და ორიოდ ყლუპს ბავშვებსაც უმარჯვებდნენ. ჩვენში დამკვიდრებული ტრადიციით, საფერავია სწორედ ის ჯიში, რომლის დალევა უფროსებსაც რგებთ და არც ბავშვებს სწყინთ, თუკი, რა თქმა უნდა, ზომიერად და პირის კოხტად საწკლაპუნებლად მოვიხმართ.

როდესაც წითელი მშრალებიც დაჭაშნიკდა და ზოგიერთმა ორიოდ სირჩა ჭაჭაც მიარტყა, ხალხის დიდი ნაწილი ფესტივალის „მეორე ეტაპზე“ გადავიდა. შეიძინეს უკვე მოწონებული ღვინოები და მთაწმინდის პარკში სხვადასხვა კუთხე-კუნჭულს მიაშურეს. იყო ერთი ნაცნობთა გადაპატიჟება და „ეს ღვინო გამისინჯეო“ - ძახილი. სხვები თუ ფუჟერებით, პლასტმასის ჭიქებითა და ფიალებით სვამდნენ, „ღვინის კლუბის“ მეგობარი, ძველი თბილისის მკვლევარი ლუარსაბ ტოგონიძე ვერცხლის აზარფეშებს ატრიალებდა ხმლებივით და სხვებსაც ღვინოებს ამ ძველი სასმისით ასმევდა. ბევრმა აზარფეშით ღვინო პირველად სწორედ იმ დღეს დალია.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ სწორედ ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. ლაღი, ხმაურიანი, ბევრს ტუმრიანი, ბევრ ღვინიანი და რაც მთავარია, პანდემიის (იმედია საბოლოოდ) გადავლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ყველას როგორ მოგვნატრებია ერთმანეთი. ერთადერთი, რაც 14 მაისის სრულ იდილიასა და ჰარმონიას არღვევდა, ის უბედურებაა, რაც ახლა ჩვენს მეგობარ უკრაინაში ხდება. ფესტივალზე ნაცნობთან საუბრის დაწყებიდან ორიოდ წუთში ყველასთვის სწორედ უკრაინა იყო მთავარი განსახილველი და საფიქრალი. ქართული ღვინით ამ ქვეყნის გადარჩენისას და გამარჯვებისას იძახდნენ მეღვინეებიცა და ფესტივალის სტუმრებიც. „ღვინის კლუბის“ ინიციატივით მეღვინეებმა თანხის მოგროვებაც კი დაიწყეს, რათა ამ ფორმით მაინც დავუდგეთ გვერდით უკრაინასა და რუსული აგრესიის მსხვერპლ უკრაინელ ხალხს.

ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ქართული ღვინო, საქართველო, უკრაინა და ზოგადად სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!

დიდება სიმართლეს!

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ლევან ეს მოთხრობა ესე უნდა იწყებოდეს არა? "თუკი ღვინო და სიცოცხლე გიყვარს, მაშინ სულ სხვანაირი განწყობით გეღვიძება. მაგრამ როდესაც ხვდები, რომ გაიღვიძე ავჭალაში, ეს სხვანაირი განწყობა მაშინვე გტოვებს"...


და შენ სად დაგვეკარგე 14-ში? :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.