გიორგი ბარისაშვილი
ქართველი ხალხისათვის პური და ღვინო განუყრელი ცნებებია და ამ ორ პროდუქტს ჩვენი ერის ცხოვრებაში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ქართველმა კაცმა ოდითგანვე აღიარა ღვინის განსაკუთრებული სასარგებლო თვისებები და დიდი რაოდენობით მოიხმარდა მას, თუმცა ლოთობას თვით ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი საზოგადოებრივი აზრი სასტიკად ებრძოდა. ლოთის სახელი ისევე სამარცხვინო იყო, როგორც ქურდისა.
ხალხის რწმენით ძველი ღვინო წამალია და მისი ზომიერი მიღება ორგანიზმს ეხმარება სხვადასხვა ავადმყოფობის დაძლევაში. ძველი ღვინო უხდება სისხლნაკლულობას, სისუსტეს, უმადობას; ძველ ღვინოს ასმევდნენ მეძუძურ ქალებს და მცირე დოზებით ჩვილ ბავშვებსაც კი. შეძლებული ხალხი ახალშობილს ღვინოში განბანდა, დღესაც შემორჩენილია ეს წესი - ბავშვის გასაბანი წყლის წითელი ღვინით შეფერვა. ღვინოს ძალ-ღონის აღმდგენლად მიიჩნევდნენ და თითქმის ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში იყენებდნენ: ყანაში სამუშაოდ წასულ გლეხი, სამწყესად წასული მესაქონლე, სამუშაოდ გასული ხელოსანი მძიმე შრომას ღვინით იმსუბუქებდნენ. დიდ მარხვაში საეკლესიო პირები და მრევლიც ღვინოში ჩამბალ პურს, ე.წ. ბოღლიწოს მიირთმევდნენ. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ძველად საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებსაც კი გარკვეული დოზით აძლევდნენ ღვინოს, როგორც ჯანმრთელობისათვის აუცილებელ პროდუქტს. ენოთერაპიის, ანუ ღვინით მკურნალობის თემატიკას დიდი ადგილი უკავია ძველ ქართულ სამედიცინო შინაარსის ხელნაწერებშიც, მაგ., ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო წიგნ-კარაბადინში. საინტერესო ცნობებია XIII საუკუნის სამედიცინო კრებულში - "წიგნი სააქიმო", სადაც ხშირად გვხვდება ფრაზები: "ღვინით შეიზილოს", "ღვინოი წყალსა გაურიოს", "ორთქლი ღვინისაი", "პურსა ღვინითა დამბალსა სჭამდეს" და სხვ. ღვინით მკურნალობა სახარებაშიცაა აღწერილი. მაცხოვრის მიერ მოთხრობილ იგავში ნათქვამია, რომ კეთილმა სამარიელმა ყაჩაღების მიერ გაძარცვულ და დაჭრილ მგზავრს ჭრილობები ზეთისა და ღვინის დასხმით მოუშუშა. თუ დავფიქრდებით, ალბათ, გარკვეული პარალელის გავლებაც შეიძლება იგავში მოთხრობილ ამბავსა და დიდმარხვის მიწურულს მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდგზის ზეთისცხებას შორის, რომლის დროსაც მორწმუნე მრევლს სულიერი და ხორციელი განკურნებისათვის სწორედ ზეთსა და ღვინოს სცხებენ.
საინტერესოა ასევე ძველი აღთქმის ერთი შეგონებაც: "...ღვინო სარგებელ არს ცხოვრებისა კაცთაისა, უკეთო სუა იგი საზომისაებრ მისისა. რაი არს ცხოვრება გარეშე ღვინისა? ღვინო შექმნილ არს საშუებელად კაცთა. ღვინო კმა საყოფელად შესმული ჟამსა შინა არს სიხარული გულისა და შუებაი სულისა. სმა მრავლისა ღვინისა ლალვათა და წყევათა შინა არს სიმწარე სულისა..." (სიბრძნე ზირაქისა, 31, 27-29).
ღვინის სამკურნალო თვისებების შესახებ დღეს ბევრს საუბრობენ და სამკურნალო პრაქტიკაშიც იყენებენ. ფრანგი ექიმი გუაზე წერდა: "ჯანმრთელი ადამიანისათვის ღვინო ავადმყოფობისაგან თავის დაცვის, ხოლო ავადმყოფისათვის გამოჯანმრთელების საშუალებაა". უნდა აღინიშნოს, რომ ენოთერაპიული მკურნალობა საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა და სამკურნალოდ იყენებდნენ სხვადასხვა სახის, მაღალი ხარისხის ღვინოებს. ასეთი ღვინის მისაღებად ვენახიც განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვდა და ყურძნის დაწურვაც განსაკუთრებული წესით ხდებოდა. როდესაც ღვინის სამკურნალო თვისებებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ წესების დაცვით დაყენებულ ღვინოს და არა ფალსიფიცირებულს, რითაც სავსეა დღევანდელი ბაზარი. იმედია, შესანიშნავი ქართული ღვინოები კვლავ დაიბრუნებენ დაკარგულ ღირსებას და ენოთერაპიის სამსახურშიც ჩადგებიან. მეღვინეობის ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, რამდენიმე ტიპის ღვინო კანონით დაშვებულია სამკურნალო საშუალებად და შეტანილია ფრანგულ ფარმაკოპეაში. თეთრი სუფრის ღვინო კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვინის როლი ტუბერკულოზის, გრიპის, ფილტვებისა და სხვა დაავადებების მკურნალობისას. ჭამის წინ თეთრი ღვინის ზომიერი მიღება ხელს უწყობს თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის წვენის გადადენას, ორგანიზმიდან მავნე პროდუქტების - ფენოლებისა და ტოქსინების გამოყოფას, ამცირებს ორგანიზმში ცხიმებისა და ნახშირწყლების ხარჯვას, მასტიმულირებელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და სისხლში ზრდის ჰემოგლობინის რაოდენობას.
© «ბიომეურნე»
თქვენი კომენტარი