Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარსელ გიგალი (marcel Guigal), პაპისტი-მეღვინე

 
 
მალხაზ ხარბედია
 
მარსელ გიგალმა რონის მხარის ღვინოს გაუთქვა სახელი, მას ხშირად 20-ე საუკუნის საუკეთესო მეღვინესაც უწოდებენ და ოზ კლარკის, ჰიუ ჯონსონის, ჯენსის რობინსონისა თუ რობერტ პარკერის ენციკლოპედია-ატლასებში, რონელ მწარმოებელთაგან პირველად სწორედ მის გვარს შეხვდებით. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ რონაში (და არამხოლოდ) მას ვერავინ შეედრება. 60-იან წლებში გიგალი რევოლუციონერი იყო, 1960 წელს იგი პირველი აღმოჩნდა, ვინც ახალ მუხაში დაიწყო ღვინის დაძველება და ამით აპელასიონების დაუწერელი კანონი დაარღვია. ამის გამო მის ღვინოებს აპელასიონის უფლებასაც ართმევდნენ და იმას კი არ უკვირდებოდნენ, რომ მთავარი ღვინოა და არა მუხა. იმ დროიდან მოყოლებული მხოლოდ ფრანგულ მუხას იყენებს (არადა ლუდოვიკ 14-ს დროში ღვინოს კავკასიურ მუხაში აძველებდნენ, რადგან მაშინ საფრანგეთში ძალიან ცოტა იყო მუხა).
გიგალი თამამად საუბრობს პრობლემებზე და ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე მეღვინეობის უმთავრესი პრობლემა ჭარბწარმოებაა, ანუ თუკი გინდა მართლა უმაღლესი ხარისხის ღვინო აწარმოო, მცირემოსავლიან ვაზები უნდა გქონდეს (გიგალი წელიწადში 30-მდე დასახელების 5-6 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს). მეორე პრობლემა ფასისა და ხარისხის შეუსაბამობაა (ეს შენიშვნა განსაკუთრებით ქართველი მეღვინეებისთვის უნდა იყოს საყურადღებო), რის მაგალითადაც გიგალს კოტ-დუ-რონისა და ბორდოს ღვინოების მაგალითი მოჰყავს. საქმე ისაა, რომ ინგლისში გაწონასწორებულობის გამო რონული ღვინო უფრო კარგად იყიდება, ვიდრე იმავე ღირებულებითი სეგმენტის შატოები.
მიუხედავად იმისა, რომ გიგალი INAO-ს (Institute Nationale d’Apellations d’Origine) წევრია, იგი მაინც ხშირად აკრიტიკებს ხოლმე აპელასიონების სისტემას, რადგან საფრანგეთში უკვე 467 აპელასიონი არსებობს და სიტუაცია აღარ ექვემდებარება კონტროლს. ამის გამო გიგალმა AOCE-ს (AOC d’Exellence) შექმნის იდეა შემოიტანა, რაც, მისი აზრით, საერთო კრიტერიუმად უნდა იქცეს: ბორდოში არის 1855 წლის კლასიფიკაციები, ბურგუნდიაშიც არის Grand Cru ა Premier Cru, Ìაგრამ მის მშობლიურ რონაში (ბევრ სხვა რეგიონშიც) ასეთი კლასიფიკაციები არ არსებობს და ამიტომ სურს რაიმე ზოგადი იერარქიის შემოღება.
კატეგორიული წინააღმდეგია ეტიკეტზე ჯიშის მითითებისა (ახალი სამყაროს ზოგიერთი ქვეყნის მიბაძვით, ევროპაშიც დაიწყეს ჯიშის მიხედვით სახელდება) და იქვე INAO-ს ფილოსოფიასაც აზუსტებს. ჩვენ ვყიდით არა ჯიშს, არამედ ტერუარს, ანუ ადგილწარმოშობის Ãასახელებას.
ყველაზე დიდი გამარჯვება და აღიარება მრავალწლიანი შრომის შემდეგ, 2002 წელს მოვიდა, როცა მისი Châteauneuf-du-Pape 1999 Wine Spectator-მა წლის საუკეთესო ღვინოდ აღიარა. ამას იგი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად აღიქვამს და დღემდე ზღაპარივით იხსენებს სპეციალურად ამ გამარჯვებისადმი მიძღვნილი მისი ღვინოების დიდ დეგუსტაციას. მაშინ მთელმა მსოფლიომ აღმოაჩინა რონის მხარე და ამას ბევრმა რონული აღორძინებაც კი შეარქვა (ყველაფერი 80-იანებში დაიწყო, როცა რობერტ პარკერმა ჟურნალში The Wine Advocate სტატია გამოაქვეყნა რონის შესახებ). გიგალის დამსახურებაა, რომ კაბერნეს, პინო ნუარის, მერლოსა და შარდონეს დიქტატი ძალზე მრავალფეროვანმა შატონეფმა შეარყია. Châteauneuf-du-Pape-ს წარმოებაში 13 ჯიშია ნებადართული, მათ შორის 8 წითელია. რა თქმა უნდა, ცამეტივეს იშვიათად იყენებენ, მაგრამ იმ სამი ძირითადი ჯიშიდან, რომელიც შატონეფის საფუძველს წარმოადგენს (გრენაში, სირა და მურვედრი) არც ერთი არაა კლასიკური.
Châteauneuf-du-Pape-სა და რამდენიმე სხვა აგდილწარმოშობის დასახელების შემხედვარემ, მარსელ გიგალმა ფასეულობათა თავისებური სისტემა შეიმუშავა და ე.წ. აპელასიონი ლოკომოტივები და აპელასიონი ვაგონების იდეა ჩამოაყალიბა, სადაც, შატონეფის ან კონდრიოსნაირ ღვინოებს ვაგონებივით მისდევენ ნაკლებად ელიტარული დასახელებები. გიგალის რონულ ღვინოებში ყველაზე კარგადაა შეხამებული ფასი და ხარისხი, თუმცა მის მიერ წარმოებული Condrieu ხშირად გაცილებით უფრო ძვირად იყიდება ხოლმე აუქციონებზე, ვიდრე ბორდოს რომელიმე ლეგენდარული შატო. 2005 წლიდან იგი Hermitage Ex Voto-საც უშვებს, განსაკუთრებული ხარისხის ღვინოს, რომლის ფასიც საშუალოდ 160-დან 500 დოლარამდე მერყეობს.
იგი არასდროს აძლევს თავს მოდუნების საშუალებას, ცდილობს ყველაფერი თავად გააკონტროლოს, ბავშვობის მეგობრებისგანაც კი არ იყიდის ყურძენს, თუკი იგი შესაბამისი ხარისხის არაა. სერიოზულად ზრუნავს იმაზე, თუ სად ვრცელდება მისი ღვინო და კატეგორიულად აქვს აკრძალული სუპერმარკეტებში მათი შეტანა, რადგან მიიჩნევს, რომ იქ ძირითადად იაფფასინი, დაბალი ხარისხის ღვინო იყიდება. თეთრ ჯიშებში ყველაზე მეტად ვიონიე და მარსანი უყვარს, წითლებში, სირა და რომ ჰკითხო, რაციონალურად არც აგიხსნით რატომ, უბრალოდ უყვარს და მორჩა. მისი ვაჟი, ფილიპი (მან ლეგენდარულ Cheval-Blanc-ში გაიარა სტაჟირება) ბოლო დროს ძალიან აქტიურად ჩაერთო მამის საქმეში, მას ინტერნეტი, ურთიერთობა და თანამედროვე ტექნოლოგიები აბარია, მარსელი კი ვენახებზე, ვინიფიკაციაზე, დეგუსტაციასა და გაყიდვებზე ზრუნავს. იმედია ამ მზრუნველი ხელით დაწურული ღვინო მალე საქართველომდეც ჩამოაღწევს.
 
© vinoge.com

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული