Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრედერიკ მალერ ბესი

პირობითობის ფასი ხარისხის პოლუსზე

ბორდოელ ნეგოციანტ მალერ-ბესთაგან (Mahler-Besse) პირველმა, ფრედერიკმა, ღვინის სიყვარულის გამო ნიდერლანდებში თავისი მშობლების ტექსტილის ბიზნესზე უარი თქვა. მანვე ჩაუყარა საფუძველი სახელგანთქმული ბორდოს ღვინოების იშვიათ ვინტაჟთა კოლექციას, რომელიც დღემდე რჩება მალერ-ბესების კოზირად სხვა სანეგოციანტო სახლებთან მიმართებაში; გახდა Chateau Palmer-ის თანამფლობელი და შეიძინა Chateau Cheval Noir.

ფრედერიკის ვაჟმა, ჰენრიმ, მამის ბიზნესი გააფართოვა, 1945 წელს კი ნიდერლანდების საპატიო კონსულის წოდება მიიღო, რომელიც მემკვიდრეობით ერგო მის შვილს, ფრანკ მალერ-ბესს. ამ უკანასკნელმა მალერ-ბესთა სანეგოციანტო სახლს ბორდოს არაერთი მამული შეჰმატა. დღესდღეობით იგი Mahler-Besse  B.V. ჰოლდინგის დირექტორი, ბორდოსა და ჟირონდის ნეგოციანტთა სინდიკატის პრეზიდენტი, საფრანგეთის ღვინისა და ალკოჰოლის ექსპორტის ფედერაციის წევრი, ბორდოს ღვინის აკადემიის აკადემიკოსია და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამინდს მსოფლიო ბაზარზე ბორდოს ღვინოებთან მიმართებაში.

     - რა ასაკში გააცნობიერეთ, რომ თქვენი მომავალი ღვინოსთან იქნებოდა დაკავშირებული?

     - ღვინით ჯერ კიდევ ბაბუაჩემი, ფრედერიკ მალერი იყო დაინტერესებული. იგი ჰოლანდიელი გახლდათ, არნჰერმიდან. ბებიას, მარგარიტა ბესის ოჯახი ბორდოში წარმოებული ღვინითა და რომით ვაჭრობდა. მამას ბაბუის ქონება მემკვიდრეობით ერგო, მე კი ღვინომ ადრეული ბავშვობიდან გამიტაცა. პირველი დეგუსტაცია შვიდი წლისამ "ჩავატარე". სხვათა შორის, ღვინოს ბავშვობიდან გვაჩვევდნენ – ყოველ დღე გვასმევდნენ წყალგარეულს. ერთხელ მამამ 1929 წლის Grand Cru მაჩუქა და მითხრა: გასინჯე, რა უფრო მოგეწონება, Grand Cru თუ ის ღვინო, რომელსაც ყოველდღე გასმევო? მე გავსინჯე და ვუთხარი, რომ ჩვენი, წყალგარეული მერჩია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ისეთი სასმელის გაგებას, როგორიც ბორდოს Grand Cru-ა, გარკვეული კულტურა სჭირდება. ცოდნა ნელ-ნელა, თანდათანობით მიიღწევა და ისეთივე რთული პროცესია, როგორც მუსიკის ან ლიტერატურის შესწავლა და აღქმა.

     - ბორდოს ყველა ოჯახში ასე აჩვევენ ბავშვებს ღვინის სიყვარულს?

     - დიახ. ნამდვილ ბორდოულ დინასტიებში მემკვიდრეებს ადრეული ასაკიდან არკვევენ ღვინის საიდუმლოებებში. 5-6 წლის ბავშვებს ყოველდღე ასმევენ წყალგარეულ ღვინოს. 

- თქვენს შვილებს აუცილებლად მოსთხოვთ თქვენი საქმიანობის გაგრძელებას?

- საბედნიეროდ, საქმე მოთხოვნამდე არ მისულა. ჩემი უფროსი ვაჟი, ფრედერიკი უკვე მუშაობს ფირმაში და პასუხისმგებლია ბიზნესზე პარიზში. მეორე ვაჟი კი ჩვენს კომპანიას ნიუ იორკში წარმოადგენს.

- თქვენმა ოჯახმა ჰოლანდიური ძირები შეინარჩუნა?

- მე ერთდროულად ჰოლანდიელიც ვარ და ფრანგიც: მყავს ნათესავები ჰოლანდიაში, რომლებთან ურთიერთობაც არ გამიწყვეტია. ამას გარდა, ბორდოში ჰოლანდიის კონსულიც გახლავართ, ანუ საფრანგეთში ამ ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესებს წარმოვადგენ. ჰოლანდიელ წინაპართაგან ჩემს ოჯახს საგვარეულო გერბი გადმოეცა, თუმცა, მის სიმბოლიკაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ჩვენთვის ის ერთგვარი თილისმაა, იმიტომ რომ მისი დევიზია - "ამ ნიშნით გაიმარჯვებ."

- იმაში, რომ თქვენი სამივე ვაჟის სახელი ასო "ფ"-ზე იწყება, რაიმე სიმბოლიკაა?

- არა. უბრალოდ, ბაბუას ერქვა ანტონ ფრედერიკ ალიმარი. ეს სახელი ძალიან მომწონდა და უფროს ვაჟს დავარქვი. მეორე შვილის სახელზე მე და ჩემი მეუღლე კარგა ხანს ვკამათობდით, ერთ მშვენიერ დღეს კი "ფერდინანდო"-ზე შევჩერდით.  როდესაც გოგონა დაიბადა, "ფან"-ის "ტრადიცია" აღარ დავარღვიეთ და ფლორენტინა დავარქვით. ცოლი მაფრთხილებდა, როდესაც ბავშვები გაიზრდებიან და წერილებს მიიღებენ, პრობლემები შეიქმნება, რადგან მათზე იქნება წარწერა: "ბ-ნ მალერ-ბესს"-ო. მე კი ვუმტკიცებდი, პრობლემები არ იქნება, რადგან წერილებს მე გავხსნი. იმიტომ, რომ მე მეოთხე "ფ" ვარ.

- რაში მდგომარეობს ბორდოელ ნეგოციანტთა ბიზნესის თავისებურება?

- სანეგოციანტო სახლების როლი ბორდოში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო: მათ უნდა შეერჩიათ საუკეთესო ღვინოები, შეემუშავებინათ ამათუიმ პროდუქციის დისტრიბუციის ძირითადი მიმართულებები და ეს პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლამდე მიეტანათ.

ბაბუაჩემის სიცოცხლეში საკმაოდ ბევრ ღვინოს ვყიდდით რუსეთში, ინდოეთსა და კანადაშიც კი. დღეს ბორდოში ათამდე მამულს ვფლობთ. ღვინოს ესპანეთშიც ვამზადებთ, თუმცა, ჩვენი ძირითადი მოწოდება მაინც ნეგოციანტობაა. გარკვეული თვალსაზრისით, მეღვინეობის განვითარებაზე გავლენას ყოველთვის ვახდენდით. ამას გარდა, ვიყავით ღვინის კოლექციონერები, ვაწებებდით იარლიყებს, ვახარისხებდით ბოთლებს ყუთებში და ვუგზავნიდით ადრესატებს. ამ ყველაფერთან ერთად, ნეგოციანტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, მომხმარებელი ღვინის კულტურაში გააცნობიეროს.

- ფრანგული კანონმდებლობით, რა არის აუცილებელი, რათა ბორდოში ნეგოციანტი გახდე?

- პირველ რიგში, ენერგიულობა. თუ ეს თვისება გაქვს, ყვლაფერი იოლად გვარდება. რასაკვირველია, არსებობს გარკვეული წესები: საჭიროა ნებართვა (რომელსაც ყოველთვის იძლევიან), გარანტია საწყობებისთვის და კიდევ ბევრი სხვა საბუთი. იოლი არ არის, მაგრამ არც გადაულახავი პრობლემაა: ვისაც ნამდვილად სურს ნეგოციანტობა, ხდება კიდეც.

- როგორც ნეგოციანტი, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ ბორდოს ღვინოთა შერჩევისას: თქვენი სახლის ისტორიული კავშირებით შატოსთან, მამულის იმიჯით, მარკეტინგული კვლევებით თუ პარკერით?

- როდესაც იმ მამულის ღვინოებს ვარჩევთ, რომელიც უშუალოდ ჩვენ არ გვეკუთვნის, ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს და მის შესაბამისობას ფასთან. ამას ჩვენივე დეგუსტატორები განსაზღვრავენ. გვყავს მუდმივი სადეგუსტაციო კომისია, რომელშიც Mahler-Bess-ის სახლის ხუთი თანამშრომელი შედის, კრიტიკოსთა აზრებს კი საერთოდ არ ვითვალისწინებთ. საკუთარი თავის კრიტიკოსები თავადვე ვართ.

     თუ ღვინოს ისეთი ასამბლაჟისთვის ვყიდულობთ, როგორიცაა ჩვენი Le Vieux Moulin - Bordeaux AOC- ის კლასის, ან Cheval Noir, რომელიც Saint Emilion AOC-ს მიეკუთვნება, ე.წ. "ქვოტირებით" ვხელმძღვანელობთ - კასრ ღვინოზე არსებული ფასებით. Grand Cru-ს შემთხვევაში კი სასმელის ყიდვის სქემა ასეთია: ვახდენთ დეგუსტაციას და თუ ღვინის ხარისხი საკმაოდ მაღალია, შატოში ვაგზავნით წერილს, სადაც მითითებულია სხვა Grand Cru-თა იმავე ხარისხის ღვინოების ღირებულება. თუ მისაღებ ფასს შემოგვთავაზებენ, ვყიდულობთ.

- თქვენს დეგუსტატორთა შეფასებები ჟურნალების რეიტინგებისა და ცნობილ კრიტიკოსთა აზრებისგან ხშირად განსხვავდება?

- ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება, რადგან, გემოვნებაზე, მოგეხსენებათ, არ დავობენ. ზოგს ნატიფი, დახვეწილი ღვინოები მოსწონს, ზოგს - "ტექნიკურად სრულყოფილი." თავისი კლიენტები ჰყავს როგორც მძიმე და სხეულიან, ასევე ხილის ტონებიან ღვინოებსაც. ამ სტილთაგან თითოეულს თავისი კრიტიკოსი "ემსახურება", რომლებიც მათ წინ წაწევას ცდილობენ. ჩვენ ვუსმენთ, რას ამბობენ ისინი ამათუიმ ღვინის შეფასების ან აღწერისას, მაგრამ საკუთარი მოსაზრება ყოველთვის გაგვაჩნია.

- ეს მოსაზრება თქვენი სახლის მიერ შემუშავებულ სუბიექტურ კრიტერიუმებს ეფუძნება თუ ობიექტური შეფასების რაიმე სისტემით ხელმძღვანელობთ?

- გემოვნებასთან დაკავშირებით ძნელია იყო ობიექტური, ეს ძალზე პირადული და სუბიექტური რამაა. ამის მიუხედავად, ღვინის დეგუსტირებისას გარკვეული პარამეტრებით ვხელმძღვანელობთ, როგორიცაა: ხილიანობა, ტანინები, ბუკეტის კომპლექსურობა, ბალანსი, სიამოვნება, რომელსაც ღვინო განიჭებთ. ყველა ელემენტის გათვალისწინებით და თქვენი სახლის გამოცდილებაზე დაყრდნობით საკმაოდ ზუსტად შეიძლება განსაზღვროთ, რამდენად კარგია ესათუის ღვინო და როგორ განვითარდება ის გარკვეული დროის შემდეგ.

     - ყოფილა შემთხვევა, როდესაც შიდა დეგუსტაციაზე en premium ღვინოთა შეფასებისას შემცდარხართ და შემდეგ გასაღების პრობლემა შეგქმნიათ?

- მსგავსი არაფერი მახსოვს. არასოდეს შევმცდარვართ იმ ღვინოებში, რომელიც გვიყიდია. ზოგიერთ ღვინოს შედარებით დიდხანს ვაჩერებთ, ზოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაყიდო, თუმცა, რაც შეეხება უმაღლესი ხარისხის სასმელს, ყოველთვის ათიანში ვარტყამთ. მიზეზი ისაა, რომ თუ არ მოგვეწონა, როგორი ცნობილი შატოდანაც უნდა იყოს, სასმელს არ ვყიდულობთ. ადრე თავს ვიკავებდით ისეთ ღვინოებზე, რომელთა საჭირო ხარისხამდე მიყვანას დრო სჭირდებოდა, ვამჯობინებდით, მოგვეცადა. ახლა კი ასეთ "პოტენციურ" სასმელზე აქტიურად ვმუშაობთ. მათი შეძენა სარისკო არაა, რადგან "დაგეგმვისას" 100%-იან გარანტიას ვიძლევით. მეორეს მხრივ, თუ ღვინო წლების მატებასთან ერთად უარესდება, მის შესყიდვას დაუყოვნებლივ ვწყვეტთ.

- როგორი ურთიერთობაა ნეგოციანტებსა და ცნობილ შატოთა ღვინის მწარმოებლებს შორის?

- ძალიან თბილი და მეგობრული.

- შატოს მეპატრონეებთან "მეგობრული" ურთიერთობის შენარჩუნებას ბიზნეს-ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობთ?

- კარგი ურთიერთობა კარგად შესრულებულ საქმეებს ეფუძნება. ჩვენი საქმიანობის მიზანიც ეს არის. ისეთი ავტორიტეტი გვაქვს, შეუძლებელია რომელიმე შატოში ეწყინოთ, რომ მათი ღვინო არ ვიყიდეთ, ან პირიქით, თავისი პროდუქცია არ მოგვყიდონ. არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც ურთიერთობების გამო საქმე გაგვიფუჭდა.

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ 1855 წლის კლასიფიკაცია გადახედვას საჭიროებს. და რომ ძალიან ბევრი მამული მინიჭებულ კლასს არ იმსახურებს. რას ფიქრობთ ამაზე?

- ეს საკითხი დიდად არ მაღელვებს. ბოლო დროს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ბორდოს სახელგანთქმულ ღვინოთა საკუთარ კლასიფიკაციას გვთავაზობენ. სიმართლე გითხრათ, მივესალმები სენტ-ემილიონის სისტემას, რომლის თანახმადაც კლასიფიკაცია ყოველ 10 წელწადში უნდა გადაიხედოს. მიზეზი მარტივია: თუ მწარმოებელმა იცის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საკუთარი საქმიანობის შედეგი სხვათა სამსჯავროზე უნდა გამოიტანოს, ძალაუნებურად ემზადება და ხარისხს არ აგდებს. თუმცა, ვერც მედოკის კლასიფიკაციის "სიძველეში" ვხედავ პრობლემას. ის არსებობს, როგორც არქეტიპი, ტრადიცია, თუმცა, გათვითცნობიერებული მყიდველი მას დიდ ყურადღებას არ აქცევს. ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებელს ინფორმაციას კრიტიკოსი, დისტიბუტორი და ნეგოციანტი აწვდის, ჩვენ კი კლასიფიკაციის გარეშეც ვიცით, რა არის კარგი.

- რას ნიშნავს სანეგოციანტო სახლისთვის საკუთარი მამულების შეძენა: ეს მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გაფართოებაა თუ ტაქტიკური სვლა Grand Cru-თა გაყიდვის გასაუმჯობესებლად?

- საკუთარ მამულებს იმისთვის ვყიდულობთ, რომ ბორდოს ტერიტორიაზე ერთგვარი "ბრწყინვალე ხარისხის პოლუსები" შევქმნათ. ამ გზით ყველას ვუჩვენებთ, რამდენად კარგად ვმუშაობთ ღვინოსთან მიმართებაში და რომ შეგვიძლია ტერუარიდან ყველაფერი საუკეთესო ამოვიღოთ, იქნება ეს მედოკსა თუ სენტ-ემილიონში.

     - ზოგიერთ მამულს მმართველობის უფლებით იღებთ. რა განსხვავებაა მამულის ფლობასა და "მმართველობას" შორის?

- საკუთრებაზე უფლების გადაცემა სხვადასხვაგვარად შეიძლება გაფორმდეს: მთელი მამულის ყიდვა ან არენდით აღება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი, რაც შეეხება ღვინის წარმოებასა და გაყიდვას, ჩვენს ხელშია. არენდის მომცემს არ შეუძლია რაიმე ზეგავლენა ღვინის ხარისხსა და მის დისტრიბუციაზე.

- რით ხელმძღვანელობთ ახალი მამულის შეძენისას?

- პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევთ ტერუარს და ვენახების მდგომარეობას. თუმცა, ამ უკანასკნელის გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება, თანაც, განსაზღვრულ ვადებში.

- რის ყიდვას აპირებთ უახლოეს მომავალში, თუ საიდუმლო არ არის?

- საიდუმლო არ არის, თუმცა, ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ახალი მამულის შეძენა გვინდა, მაგრამ ჯერჯერობით შესაფერისი ვარიანტი ვერ ვნახეთ. ერთი ვიცი, რომ აუცილებლად მედოკში, სენტ-ემილიონში ან გრავში უნდა მდებარეობდეს, გააჩნია, სად გაგვიღიმებს ბედი.

- რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის: ბორდოს Grand Cru-ს თუ საკუთარი ვენახების ღვინოთა გაყიდვა?

- ორივე. თუმცა, საკუთარ ღვინოთა გაყიდვით, შესაძლოა, ცოტა მეტი სიამოვნება მიიღო. ჩვენ მაღალი ხარისხის ღვინოებს ვაწარმოებთ. ზოგიერთი გაცილებით უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ამას კონკრეტული აპელასიონი ითვალისწინებს. მაგალითად, Le Vieux Moulin - სტანდარტული ნორმალური ხარისხისაა: მოტკბო და კეთილშობილი ღვინო. აი, Arte კი გაცილებით მეტია, ვიდრე Bordeaux AOC.

 - Alter Ego Chateau Palmer-ის მეორე ღვინოა თუ შუალედურია ძირითად ღვინოსა და მეორადს შორის?

- Alter Ego 1988 წელს შევქმენით. მანამდე არსებობდა Reserve du General, რომელიც ნამდვილად იყო Chateau Palmer-ის დეკლასირებული ღვინო. Alter Ego სხვა ღვინოა, არა დეკლასირებული, არამედ Chateau Palmer-ისგან განსხვავებულად წარმოებული და დაყენებული. საუკეთესო ღვინო დიდხანს უნდა ძველდებოდეს, Alter Ego-ს გამოყენება კი უფრო ადრე შეიძლება. მაგალითად, 1999 წლის Alter Ego ახლა უკვე ძალიან კარგია და მისი დალევა თავისუფლად შეიძლება, რასაც არ გირჩევდით იმავე მოსავლის Chateau Palmer-ის შემთხვევაში.

- ბორდოს სახელგანთქმულ მამულთა მფლობელები გაურბიან საკუთარ ღვინოთა შედარებით დეგუსტაციას სხვა რეგიონის ღვინოებთან. რატომ?

- იმიტომ, რომ მედლებზე არ ვნადირობთ. ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომელი ღვინო მოსწონს და საკმარისად ჭკვიანია, რათა საკუთარი გამოცდილების საფუძველზე თავადვე მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენი მიზანი ჯილდოების დაგროვება კი არა, ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭებაა. მეორეს მხრივ, რეგულარულად ვაწყობთ დეგუსტაციებს მომხმარებლისა და ჟურნალისტებისთვის და არაფერი გვაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ვიღაცამ ჩვენი სასმელი შეაფასოს და რეიტინგებში შეიყვანოს.

- გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ყველაზე ძვირადღირებული ბორდოს ღვინოების, Petrus, Lafite, Mouton-ისა და სხვათა ფასები?

- საერთოდ, სიძვირე პირობითი ცნებაა. მაგალითად, ძვირია თუ არა მაღალი ხარისხის აბრეშუმისგან დამზადებული Hermes-ის ჰალსტუხი სხვებთან მიმართებაში? ვფიქრობ, ფასები ბორდოს საუკეთესო ღვინოებზე მაინც მისაღებია. ისინი ზოგჯერ იზრდება, ზოგჯერ მცირდება: ბაზარი და მოთხოვნილება ამას კარგად აბალანსებს. სხვათა შორის, დღესდღეობით ბორდოს ღვინოები მსოფლიოში ყველაზე ძვირი არ არის (და არც ადრე იყო) - ზოგიერთი იტალიური, ესპანური და კალიფორნიული ღვინო გაცილებით მეტი ღირს. ბორდოს ღვინოთა მთავარი ღირსებაა, რომ ისინი, შესაძლოა, ათწლეულობით ძველდებოდეს: ამით მათი ხარისხი უმჯობესდება და ღირებულებაც ემატება. ასეთი სასმელი იშვიათი პროდუქტია, ამიტომ ძვირად ვერ მივიჩნევ. ძვირი იქნებოდა, ყოველდღე რომ სვამდეთ, მაგრამ თუ Grand Cru-ს ღვინოებს ფუფუნების საგნად განვიხილავთ, ფასი სრულიად ხელმისაწვდომია.

- თქვენს სახლს ღვინის აუქციონებში თუ მიუღია მონაწილეობა?

    - თითოჯერ ვმონაწილეობდით Cristie’s და Sotheby’s აუქციონებზე, ბოლო ვაჭრობა კი 2002 წლის ოქტომბერში, ნიუ იორკში, ახალდარსებულ Zachy’s აუქციონზე გვქონდა, სუფთა მეგობრული ინტერესებით ვმოქმედებდით: Zachy’s Sotheby’s-გან დამოუკიდებლად თავის პირველ აუქციონს ატარებდა და მათთვის საკმაოდ გავისარჯეთ. მოვუმზადეთ ლოტი, რომელიც ბორდოს ღვინოთა 50 სხვადასხვა ვინტაჟისგან შედგებოდა, 1929 წლის ჩათვლით.

    - ბორდოს ღვინის აკადემიაში რას საქმიანობთ?

    - ამ აკადემიის აკადემიკოსად 3 წლის წინ ამირჩიეს. ვცდილობთ ბორდოს ღვინოთა კულტურა მთელს მსოფლიოში განვავითაროთ: აკადემიის თითოეული წევრი ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამოსვლებში, მოგზაურობისას "კორპორატიულ" ინტერესს იცავს: ვცდილობთ ყველას ავუხსნათ, რომ ღვინო არაა მხოლოდ სასმელი, ეს არის აღზრდა, კულტურა, ადამიანებს შორის ურთიერთობა - მოკლედ, მთელ რიგ ცნებათა და საკითხთა კომპლექსი.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.