ლევან სეფისკვერაძე
სულ რამდენიმე წელია, რაც ორიგინალური კონცეფცია „კომლის“ დამფუძნებელი ლიკა მეგრელაძე ოჯახთან ერთად თბილისიდან გურიაში დაბრუნდა. ლიკა წარმოშობით გურულია, თუმცა ოზურგეთში ძირითადად ზაფხულობით ჩადიოდა ხოლმე და სოფლად ცხოვრებაზე არც კი უფიქრია. თუმცა, დადგა დრო, როდესაც ლიკა ქმართან, ქალიშვილთან, ამერიკელ სიძესთან და შვილიშვილებთან ერთად გურიაში დამკვიდრდა და ცოტა ხნის წინ, „საქართველოს ღვინის კლუბის“ მიერ განხორციელებული პროექტის - „ღვინის სოფლის“ ერთ-ერთი ბენეფიციარიც გახდა. როგორც იცით, აღნიშნული პროექტი „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოსა და გურიაში ხორციელდება. პროექტის პარტნიორია „მენაბდის მარანი“ - გურიაში, ასევე ღვინის მაღაზია-ბარების ქსელი „8000 მოსავალი“.
ლიკა მეგრელაძე, კონცეფცია „კომლის“ დამფუძნებელი: „თბილისში 35-წლიანი ცხოვრების შემდეგ საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკან, ფესვებთან, ანუ გურიაში დავბრუნებულიყავით. გურიაში დაბრუნებაში ჩემი მეუღლე რთულად, მაგრამ მაინც დავითანხმე. მასაც მევენახე-მეღვინე ბაბუა ჰყავდა და დაინტერესებული იყო ამ საქმით. ამ გზას რომ დაადგები, სამყარო თვითონ გიკეთებს შეხვედრებს და სიურპრიზებს. ჩემი ამერიკელი სიძის (რომელიც საქართველოდან უცხოეთში ქართული ღვინის ექსპორტიორია) თხოვნით, მევენახეობითაც დავინტერესდით. სიძე დაინტერესდა, რატომ აღარ გვქონდა ვენახი, როცა ადრე ჩვენს ოჯახს ვენახები ყოველთვის გააჩნდა. ბოლო 35 წლის მანძილზე მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენს ოჯახში ნამდვილად დავიწყებული იყო.
- რას მოიცავს თქვენი კონცეფცია „კომლი“ და რატომ მაინცდამაინც „კომლი?“
- 2018 წელს დავსხედით, ვიმსჯელეთ და მივხვდით, რომ გვინდოდა ჯერ კონცეპტუალურად ჩამოვყალიბებულიყავით თუ ვინ ვიყავით, რა გვინდოდა და შემდეგ დაგვერქმია შესაბამისი სახელი. არ დაგიმალავთ, რომ ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და საბოლოოდ სახელი „კომლი“ როგორც იტყვიან თავისთავად მოვიდა. როგორც იცით, კომლი ნიშნავს სოფლად მცხოვრებ ოჯახს და ეტიმოლოგიურად ეს წარმოდგება სიტყვიდან „კვამლი“.ტერმინი დღემდე ადმინისტრაციულად გამოიყენება და განისაზღვრება კონკრეტული სოფელი კონკრეტული მაცხოვრებლით.
მნიშვნელოვანია, რომ სააგარაკე სახლი კომლი არ არის, იმიტომ, რომ სააგარაკე სახლიდან მუდმივად არ ამოდის კვამლი. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან თუ ზამთარ-ზაფხულ სახლიდან კვამლი ამოდის, ე.ი. ის არის ცოცხალი ადგილი და იქ ხალხი მუდმივად ცხოვრობს. ასეთი ადგილისგან არის მოლოდინი, რომ იქ დაგვხვდება სითბო, გემრიელი საკვები, კარგი ღვინო, ჩაი და სხვა... აი ამ ყველაფერს ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს და ვფიქრობ უკმაყოფილო არავინაა.
- ვინ ან რა იყო თქვენი მიმართულების მიმცემი და ასე ვთქვათ „შთაგონების წყარო?“
- მიმართულების მიმცემად პირველები იყვნენ ჩვენი სტუმრები, რომლებსაც აინტერესებდათ გურული ღვინო და ჩაი. ამიტომ ჩაიც გავაშენეთ, ვაზი კი გურული ტრადიციით ხეზე ავუშვით. ჩვენი ვენახი გიდელებით იკრიფება და სწორედ ეს არის გურიისთვის საინტერესო და აქტუალური. ეს მნიშვნელოვანია კულტურულადაც და სანახაობრივადაც.
- შეიძლება, ვთქვათ რომ თქვენი კონცეფცია ამჟამად განვითარება-ჩამოყალიბების პროცესშია?
- გვეხმარებიან საუკეთესო მევენახე-მეღვინეები, პირველ რიგში კი ბატონი ანდრო ვაშალომიძე. მისი დახმარებით ჩვენს პატარა კოლექციაში უკვე გვაქვს გურული ვაზის 8 სხვადასხვა ჯიში. ამ ძირებს ჯერ ვაკვირდებით და ვსწავლობთ, ასე ვთქვათ, დაკვირვების ქვეშ არიან და ამის მიხედვით გადავწყვეტთ რომელზე გავაკეთოთ შემდეგში აქცენტი. მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით დიდ ცოდნას გვაძლევს „ღვინის სოფლის“ ლექცია-სემინარები, რისი დაწყებაც ჩვენთვის დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო.
დავინტერესდი პერმაკულტურით. ამის შესწავლაში ბატონი გია რაზმაძე გვეხმარება, რომელიც ჩამოდის ჩვენთან და კონსულტაციებს გვიწევს რომელი ხეები დავრგოთ და რას არ მივანიჭოთ უპირატესობა. ვცდილობთ აღვადგინოთ გურული ტრადიციული კერძები და გვინდა სტუმრებს მთლიანად გურული მენიუ შევთავაზოთ, რაც ყველას მოსწონს და აინტერესებს.
- მკითხველს ასეთი რამ ყოველთვის აინტერესებს და თქვენს ეზოში აღმოჩენილ ქვევრებზეც გვითხარით...
- ვენახების გაშენების დაწყების დროს გუთანმა პირველი ხნულები გაავლო თუ არა, ჩვენს ეზოში აღმოვაჩინეთ ძველი ქვევრების ნაშთები და ამან ჩვენი ისეთი სიხარული და ჟრიამული გამოიწვია, რომ მეზობლებმა იფიქრეს, ოქროს ზოდები ხომ არ იპოვნესო. ეს ჩვენთვის იყო ნიშანი იმისა, რომ მევენახეობა სერიოზულად უნდა დაგვეწყო და ეს საქმე გაგვეცოცხლებინა.
ეზოში ნაპოვნი ქვევრების ნატეხები სასწრაფოდ წავიღეთ თბილისში და სპეციალისტებს ვაჩვენეთ. ღრმა კვლევა ნამდვილად არ ჩატარებულა, მაგრამ არქეოლოგებმა მითხრეს, რომ ქვევრები მინიმუმ მე-17 საუკუნის იყო. თან სულ სხვადასხვა ტიპის ქვევრები აღმოჩნდა.
- თქვენს ოჯახში და თქვენს მხარეში არსებულ მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციაზეც გვიამბეთ...
- ჩემი დიდი ბაბუა, ფილიპე მეგრელაძე იყო სოფელ მთისპირიდან, რომელიც გურიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტერუარად ითვლება. მთისპირს ჩვენთან ოქროს ქედსაც კი ეძახიან იმის გამო, რომ განსაკუთრებული ვენახი ხარობდა. მამაჩემიც ამ საქმისადმი თავისებური მიდგომებით გამოირჩეოდა. თუკი მამა ყურძენს შეიძენდა, ის აუცილებლად საუკეთესო უნდა ყოფილიყო და ღვინოსაც განსაკუთრებულად უვლიდა.
ეს კარმიდამო, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ადრე ჩიტაიშვილებს ეკუთვნოდა, რომლებიც ასევე ცნობილნი იყვნენ მევენახეობა-მეღვინეობით. გაგებული მაქვს, რომ შემოქმედის მონასტრის გარშემო სულ ჩიტაიშვილები სახლობდნენ. ისინი იყვნენ საეკლესიო გლეხები, რომლებიც ბეგარას სწორედ შემოქმედის მონასტერს უხდიდნენ. ჩიტაიშვილების სიძეს, რაჟდენ საგრაძეს მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებში გურული ღვინო ბათუმის პორტიდან გაჰქონდა, ნოვოროსიისკში ღვინოს საკუთარ საცავში ასაწყობებდა და იქიდან მიჰქონდა უკვე ევროპაში. მოკლედ რომ გითხრათ, ძირეულად მოვიკვლიე ჩვენი მხარის მევენახეობა-მეღვინეობის ამბები და ამ ყველაფერმა დამატებითი სტიმული მოგვცა ჩვენც აღგვედგინა ვენახები და დაგვეწურა გურული ღვინო“.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.
©ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი