Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა “ღვინის გზამკვლევი” (17) 11.01.2013

 
რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელეს 2012 წლის დასასრულს, 31 დეკემბერს “თბილისი მერიოტში” გამართულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მას ღვინის კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის განცხადებით,ძირითადი ტექნიკური ეტაპების გავლის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი რუსეთ -საქართველოს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის დონეზე უნდა გადაიდგას, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო რეალურს გახდის. ცენტრის ხელმძღვანელმა იმაზეც ისაუბრა, რომ თუკი ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება, ამით სარგებელს რუსული ბაზარიც მიიღებს, რადგან ქართული პროდუქცია ამ ბაზრისთვის ახალი არ არის და მისი რეკლამირება დამატებით პროცედურებს და ხარჯებს აღარ საჭიროებს.
2006 წლამდე, ვიდრე რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დააწესებდა, ქართული ღვინის ექსპორტის 75%-ს, სწორედ რუსეთის ბაზარი იკავებდა. აკრძალვების დაწესების შემდეგ, 2005 წლიდან 2007 წლამდე კი ქართული ღვინის ექსპორტით მიღებული მოგება 80 მილიონი დოლარიდან 29 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 
დღესდღეობით კი, ქართული ღვინო მსოფლიოს 50 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. 
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ცნობადობა მატულობს. 2012 წელს ამ ქვეყანაში პირველად შევიდა ქართული ღვინო, სულ ცოტა ხნის წინ კი სეულში ქართული ღვინის საღამოც გაიმართა, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და მას დიპლომატიური კორპუსის გარდა, კორეის რესპუბლიკის სომელიეთა ასოციაციის, ასევე სასტუმროებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებიც დაესწრნენ. ღონისძიებაზე რამდენიმე ქართული ღვინო გაისინჯა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ განსააკუთრებულად გამოჰყო კომპანია “შატო მუხრანისა” და “ქინძმარაულის მარნის” ღვინოები, კერძოდ კი მათ მიერ წარმოებული საფერავი. საელჩოში გამართული ღონისძიება ქვეყნის წამყვან მედიასაშუალებებშიც გაშუქდა, რასაც საქართველოს ელჩი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
ქართული ღვინის სახლის ორგანიზებით, ვაშინგტონში დღეს ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, დეგუსტაციაზე შატო მუხრანის, თელიანი ველის, ბაგრატიონის და რამდენიმე სხვა ქართული კომპანიის ღვინოებს დააგემოვნებენ. წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული, ისე ევროპული ღვინოები. ქართული ღვინოებიდან აღსანიშნავია - საფერავი, ცოლიკოური, ალექსანდროული, ქისი, მწვანე და ა.შ. დეგუსტაციაზე მისული სტუმრებს, ღვინოსთან ერთად, ხაჭაპურით და ქართული ყველითაც გაუმასპინძლდებიან. დეგუსტაციაზე დასწრებას დაინტერესებული ადამიანები უფასოდ შეძლებენ.
 
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> 
 
ერთ–ერთმა უმსხვილესმა ინტერნეტ–პორტალმა – „ვაინკომპასმა“ ტვიტერის საკუთარ გვერდზე მორიგ დისკუსიას უმასპინძლა. საუბარი ამჯერად ქართულ ღვინოს შეეხოა. მასში მონაწილეობა „ქართული ღვინის სახლმა“ და წამყვანმა ამერიკულმა ღვინის მარნების წარმომადგენლებმა მიიღეს. განხილვის ძირითადი თემები იყო –  ქვევრი, როგორც ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი, ასევე  საფერავისა და რქაწითელის საღვინე ჯიშები და ფალსიფიცირებული ღვინოები. დისკუსია ტვიტერის გვერდზე დილის 9 საათიდან დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 
 
კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამერიკულ გამოცემაში გაჟღერდა ქართული ღვინის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენები. „ვაინ ბიზნესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა სააგენტოს რესტრუქტრურიზაციისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. სტრატეგიაზე საუბრისას, დავითაშვილმა ხაზი გაუსვა სოციალურ მედიისა და პიარ–კამპანიის გააქტიურებას, რომელიც მისივე თქმით, ქართული ღვინის კომპანიებს, შედარებით ფართომასშტაბიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში დაეხმარება. ექსპორტზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა რუსეთის ბაზარზე დაბრუნების გეგმას სტრატეგიული გადაწყვეტილება უწოდა. მან ასევე ისაუბრა ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის ეფექტურად წარმოჩენაზეც.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 
 
2013 წელს, კეთილშობილ, იგივე დახვეწილ ღვინოებზე (fine wine) ფასი 14%–ით მაღალი იქნება. ამ დასკვნას „ღვინის საინვესტიციო ფონდი“ ავრცელებს, რომელმაც საინვესტიციო გარემოს კვლევა ჩაატარა. კვლევის ავტორები ღვინის კომპანიის წარმომადგენლებს რეკომენდაციებსაც აძლევენ და აღნიშნავენ, რომ კომპანიებისთვის 2013 წელი ღვინის ბაზარზე შესვლისთვის ყველაზე მოსახერხებელი და მომგებიანი პერიოდი იქნება. ფონდის ინვესტიციების მართვის მენეჯერი კრის სმიტი მიიჩნევს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და მზარდი ინტერნეტ–გაყიდვების გამო, ღვინის ბაზარზე ფასი მკვეთრად დაეცა, ფასის ზრდის პერსპექტივა 2013 წელს უფრო ნათელია. „2009 წლიდან მოყოლებული ეს იქნება საუკეთესო წელი ბაზარზე შესასვლელად“ – ამბობს კრის სმიტი და იმასაც აღნიშნავს, რომ ოქროს მსგავსად, ღვინო ნივთიერ აქტივებს  განეკუთვნება, რომელიც ინარჩუნებს იმუნიტეტს ინფლაციისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებეული ქმედებების წინააღმდეგაც.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 
 
ბოლო 40 წლის მანძილზე მოსავლის რეკორდული შემცირების ფონზე, ფრანგულ ღვინოზე ფასი სულ უფრო მატულობს. შედეგად, თეთრი ღვინის ფასმა 34%–ით, წითელი ღვინოებისამ კი 18%–ით მოიმატა. 2012 წელს ყურძნის საერთო მოსავალი 20%–ით შემცირდა, რის მიზეზადაც არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს ასახელებენ.
 
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> 
 
და ბოლოს, ისევ „ქართული ღვინის გზამკვლევის“ შესახებ. მოგეხსენებათ დეკემბრის ბოლოს გამოვიდა ეს წიგნი, „ქართული ღვინის გზამკვლევი–2013". გეტყვით, რომ ახალი გამოცემის შეძენა კვალვინდებურად შეგეძლებათ წიგნის სახლში (ბახტრიონზე), ასევე „ღვინო ანდერგრაუნდში“ ( ტაბიძის ქუჩაზე) და წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ ყველა ფილიალში. უახლოეს მომავალში „ღვინის გზამკვლევი“  წიგნისა და ღვინის ყველა მსხვილ მაღაზიაში, ასევე რეგიონებში, სასტუმრობში, გალერეებსა და მუზეუმებში გამოჩნდება. წიგნის გამომცემლები წიგნის განთავსებას უმსხვილეს ინტერენტ–სავაჭრო ქსელში „ამაზონზეც“ გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ წიგნი ორენოვანია და მისი წაკითხვა ინგლისურენოვან მკითხველსაც შეუძლია. საქართველოში მისი ფასი 10 ლარი იქნება. „ქართული ღვინის გზამკვლევის“ პრეზენტაცია, 28 დეკემბერს „წიგნის სახლში“ შედგა. წლევანდელი გზამკვლევი 2013 წელს ღვინის სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების მიმოხილვის, ასევე ქართული ღვინოების დახასიათებისა და კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის გარდა, ღვინის რუკასაც გთავაზობთ. მასზე, საქართველოში ღვინის ყველა ცნობილი რეგიონი, ადგილწარმოშობის დასახელება, ენოტურისტული მარშრუტი  და სხვა ობიექტებია დატანილი.
 
© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული