ქეთი ადეიშვილი
ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნატურალური პროდუქტებით მოვაჭრე მაღაზია “პილ-პილი” დაიხურა. მაღაზია იმით გამოირჩეოდა, რომ იქ ქართული, მაღალი ხარისხის ნატურალური პროდუქტი იყიდებოდა, ჰქონდა სასიამოვნო დიზაინი და კლიენტთა მომსახურების გამორჩეული კულტურა. “პილ-პილი” ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულიც გახდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მაინც დაიხურა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გიორგი ლომსაძეს დაებადა ისეთი მაღაზიის გახსნის იდეა, სადაც გაიყიდებოდა ნატურალური ქართული პროდუქტი, რომელსაც მონატრებულია ჩვენი მოსახლეობა. გიორგიმ იდეა მეგობრებს გაუზიარა და მალე გიორგი ლაპიაშვილსა და ლევან ქობალიასთან ერთად თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გახსნა მაღაზია, რომელსაც “პილ-პილი“ დაარქვეს. როგორც თავად გიორგი ამბობს, მაღაზიისთვის ისეთი სახელწოდების შერჩევა უნდოდა, რომელიც იქნებოდა მარტივიც, ქართულიც, ინტერნაციონალურიც და ამასთან რომელიმე საკვები პროდუქტის აღმნიშვნელი. მალე შეიქმნა მაღაზიის ლოგოც, რომელის ავტორიც სანდრო მათიაშვილია. მაღაზიის მოსამარაგებლად მეგობრები სოფელ-სოფელ დადიოდნენ, უთანხმდებოდნენ გლეხებს, მათგან იძენდნენ პროდუქტს. მაღაზიაში იყიდებოდა როგორც ხილ-ბოსტნეული და რძის პროდუქტები, ასევე მურაბები, ჩირები და შინ დამზადებული სხვა საკვები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ყველი შატილიდან, სამეგრელოდან ჩამოტანილი შებოლილი სულგუნი, გიორგი ლიპარიშვილის დედის მიერ დამზადებული ტყემალი, რომელსაც “დედაჩემის ტყემალი” დაარქვეს, უგემრიელესი კიტრის მწნილი, არაჩვეულებრივი ლეღვის ჩირი და სხვა.
ახალგაზრდების ენთუზიაზმმა და იმედმა, რომ სოფელ-სოფელ ხეტიალით აუცილებლად მიაგნებდნენ მაღალი ხარისხის პროდუქტს და ააწყობდნენ საქმეს, როგორც ჩანს, ბოლომდე არ გაამართლა. თავი იჩინა პრობლემებმა, რომელთა შესახებაც დაწერეს კიდეც ფეისბუკის გვერდზე. დახურვის უპირველეს მიზეზად მაღაზიის პატრონები პროდუქტის მოწოდების პრობლემას ასახელებენ. ცნობილია, რომ ჩვენში უკვე ძნელად მოსაძიებელია ჯანსაღ ნიადაგზე და ჯანსაღ გარემოში მოყვანილი პროდუქცია. ამას ისიც განაპირობებს, რომ მაღალხარისხოვანი, მაგრამ ნაკლებმოსავლიანი ქართული პროდუქტი ვერ უწევს კონკურენციას შემოტანილ, იაფფასიან პროდუქტს. ქართული პროდუქტის გაქრობა ავტომატურად გავლენას მოახდენს ქართულ სამზარეულოზეც, ვინაიდან მომზადებული კერძის გემოს კონკრეტული პროდუქტი განაპირობებს. მაგალითისთვის, თუ იტალიურ სამზარეულოში ადგილობრივი წარმოშობის ბოსტნეული და მცენარეულობაა აუცილებელი, ხოლო ფრანგული ყველის უნიკალურობას განსაკუთრებული ნედლეული და ტექნოლოგია განსაზღვრავს, ანალოგიურად ქართულ გემოს სწორედ ქართული პროდუქტი განაპირობებს. თუ ეს ნედლეული არ იქნება, დაიკარგება ის გამორჩეული გემოც, რაც ასე გვეამაყება ქართველებს.
გიორგი ლომსაძე მწვავე პრობლემად ასახელებს გლეხებთან ურთიერთობას. კერძოდ, გლეხების საკმაოდ დიდი ნაწილი მოტყუებაზეა გადასული და ცდილობს, დაბალი ხარისხის პროდუქტი გაასაღოს. გლეხები ხშირად გადათქვამენ შეთანხმებულ ფასს და შეპირებული რაოდენობის ნაცვლად უფრო დიდი რაოდენობის პროდუქტს ახვედრებენ მყიდველს. მთლიანად შესყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში კი საერთოდ უარს ამბობენ გაყიდვაზე. ეს არც ისე წვრილმანი დეტალებია და ამგვარი დამოკიდებულება ძალიან არაკომფორტულია. დროა, გადავიდეთ ცივილურ ურთიერთობებზე, ყველანაირ საქმიან ურთიერთობას იურიდიული ფორმა მიეცეს და ამგვარად მოგვარდეს მსგავსი პრობლემები.
გიორგი ლომსაძე ერთ მეტად აქტუალურ საკითხსაც შეეხო – შესაძლოა, საქართველოში მომსახურების ხარისხი მართლაც დაბალია, მაგრამ მომხმარებელიც არ არის თავის სიმაღლეზე. “იმის გამო, რომ თბილისელი მომხმარებელი ძირითადად ცუდ სერვისს არის შეჩვეული, თანაც ამ ტიპის მაღაზიები უფრო მეტად გარეთ, გარაჟებში და ჯიხურებშია გახსნილი, რატომღაც მიაჩნიათ, რომ აუცილებლად უნდა დაამცირონ იქ მომუშავე ადამიანები. თავდაპირველად სამივე ვიდექით დახლთან და მახსოვს, შოკი მივიღეთ ზოგ მომხმარებელთან ურთიერთობით. მათი უმეტესობა ხანში შესული ადამიანები იყვნენ - არც გამარჯობა, არც ელემენტარული ზრდილობა, მოგვმართავდენ შენობით და უხეშად,” - იხსენებს გიორგი ლომსაძე. მისი აზრით, ჩვენი უდიდესი პრობლემაა სიზარმაცე - სოფლის მოსახლეობა ქალაქშია გადმობარგებული. იმის ნაცვლად, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს, ურჩევნია ქალაქში იცხოვროს და თუნდაც მზესუმზირა გაყიდოს. თუმცა მხოლოდ სოფლის მოსახლეობას ვერ გავამტყუნებთ იმაში, რომ ისინი სოფლის მეურნეობაზე უარს ამბობენ. სახელმწიფოს მხრიდან მეტი დაინტერესება, მეტი ხელშეწყობა უნდა არსებობდეს და მათი მოტივაციაც გაიზრდება.
ამ და მრავალი სხვა მიზეზის გათვალისწინებით “პილ-პილის” დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, თავად მოკიდონ ხელი სოფლის მეურნეობას და შეიძინეს კიდეც მიწის ნაკვეთები. არსებობს დროში გაწერილი გეგმა, რომელიც გარდა მაღაზიებისა, გულისხმობს რესტორნისა და კაფეს გახსნასაც. პარალელურად გაგრძელდება გლეხებთან თანამშრობლობის პროცესიც, რაც მიზნად ისახავს მათ ინფორმირებასაც ამ სფეროში. წერილს გიორგი ლომსაძის სიტყვებით დავასრულებ: ”არაფერი გამოვა, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით ქვედა რგოლში. თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ, უნდა ვიყოთ ადგილზე, იქ, სადაც იწყება პროცესი.“
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი